აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკას ესტუმრა. ვაკო ავალიანმა კლინიკაში 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ადგილზე მოინახულა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქართველი ჯარისკაცების მკურნალ ექიმებსაც შეხვდა და პირადად მიიღო ინფორმაცია მათი რეაბილიტაციის კურსის შესახებ.
„თავდაცვის სამინისტროსათვის პრიორიტეტულია ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია. ეს პროექტი უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმაც, რომლებმაც მიიღეს მძიმე ჭრილობები ავღანეთში თუ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ექნებათ საშუალება გააგრძელონ მსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რათა გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა სხვა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ“- აღნიშნა ვაკო ავალიანმა.
პიტერ ჰარშის კლინიკაში დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ პროთეზებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით უცვლიან. ამჟამად ისინი ახალი პროთეზების მორგებისა და შეგუებისთვის შესაბამის ვარჯიშებს გადიან და ახალი კიდურების მოხმარების წესებს ეუფლებიან. უახლესი თაობის ელექტრო პროთეზი სამხედროებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში ქართველი სამხედრო ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა ზედამხედველობს.
სან დიეგოს საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი თითოეული სამხედროსთვის ინდივიდუალურია. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით ხდება. პროთეზირების კურსი პირველ ეტაპზე 6-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. ისინი საქართველოში უკვე დაბრუნდნენ. პროთეზირების კურსს ეტაპობრივად ყველა ის სამხედრო მოსამსახურე გაივლის, ვისაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაშავების შედეგად კიდურების ამპუტაცია დაჭირდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.