აშშ-ში ვიზიტს ირაკლი ალასანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში სტუმრობით დაიწყებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადგილზე პირადად გაეცნობა 2008 წლის აგვისტოს ომსა და ნატოს ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესს.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამართავს შეხვედრებს აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრებს დაეთმობა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ვაშინგტონში აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ კუთხით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას. კონფერენციაში სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.
დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა ბრუკინგსის ინსტიტუტში თემაზე „საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში“.
ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის კონფერენციის „საქართველოს ევროპული არჩევანი“ ფარგლებში, გამართულ დისკუსიაში - „საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფება“ მიიღებს მონაწილეობას.
თავდაცვის მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს აშშ-ის გავლენიანი არასამთავრობო სექტორისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.
შეხვედრები იგეგმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.