ფლირტი პუტინთან

ფლირტი პუტინთან

ევროკავშირის 28 ქვეყნის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ მოილაპარაკეს, რომელიც დამატებით 15 მაღალჩინოსანს შეეხება - მათი ევროპული ანგარიშები გაიყინება და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროკავშირის რეაქციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დეესკალაციის მხრივ არასაკმარისი ძალისხმევისთვის. აღნიშნული სანქციები უკვე შეეხო რუსეთისა და უკრაინის 55 მოქალაქეს.

„სანქციების ე.წ. „მესამე ეტაპი“, რომელიც რუსეთის იზოლირებას ითვალისწინებს საფინანსო ბაზრებისგან და მის ეკონომიკაზე სერიოზულად იმოქმედებს, ეკონომიკური შედეგების გამო ჯერ არ ამოქმედდება“, - წერს გამოცემა ევროპულ სააგენტოებზე დაყრდნობით.

რაც შეეხება უკრაინას, ხელისუფლება ანტიტერორისტული ოპერაციის შემდგომ ეტაპს იწყებს, რომლის მიზანიც ტერორისტების დაბლოკვაა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სეპარატისტებს პუნქტები საბავშვო ბაღებში და საავადმყოფოებში აქვთ განთავსებული. პარალელურად, რუსეთი უკრაინის საზღვართან ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს. აპირებს თუ არა რუსეთი უკანდახევას „გამკაცრებული“ ევროპული სანქციების შედეგად და სადამდე შეიძლება მივიდეს დაძაბულობა, ამის შესახებ ექსპერტი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, ანტიტერორისტული ოპერაციებით რამდენად ხელშესახები შედეგი შეიძლება მიიღოს კიევმა?

- ოფიციალურ კიევს თუ მართლა უნდა, რომ სახელმწიფო შექმნას, თავის სხეულზე ვერ მოითმენს ისეთ იარებს, როგორიც არის სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა, სადაც 20 დიდი ქალაქიდან ნახევარი დაკავებული აქვთ რუსებს. შემოსულია რუსული სპეცრაზმი, რომელიც პროვოკაციებს აწყობს. თანაც უკვე უკრაინის ხელისუფლების აქტივშია ჟენევის შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი.

ბუნებრივია, თუ უნდა, რომ ავტორიტეტი ჰქონდეს უკრაინელ ხალხში ხელისუფლებას, უნდა იმოქმედოს. უკვე მერამდენედ გამოაცხადა ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება, მაგრამ თითქმის უშედეგოდ - მას შემდეგ რაც პირველად, დაახლოებით ორი კვირის წინ გამოცხადდა ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ, გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა დაკავებული შენობების რაოდენობა. საქმე იქამდე მიდის, რომ შესაძლოა, 25 მაისის არჩევნები ამ რეგიონში საერთოდ არ ჩატარდეს.

რაც შეეხება რუსეთს, უკრაინის საზღვართან წვრთნების დაწყება ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ კიევის განცხადებაზე პასუხია?

- რუსეთი მოქმედებს ერთი თარგითა და ხელწერით, როდესაც საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა 2008 წელს, მაშინაც ჩვენს საზღვრებთან უპრეცედენტოდ დიდი წვრთნები მოაწყო. მაშინ ჩვენმა ხელისუფლებამ ამას ყურადღება არ მიაქცია და რაც მივიღეთ მაშინ, ყველასათვის ცნობილია. მთავარი ის არის, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია. პუტინი შეხედავს ამას ამ დღეებში და ამის მიხედვით იმოქმედებს. როგორც შტაინმაიერმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა - ჩვენ ზომებს მივიღებთ, მაგრამ სანქციების საკითხი არ განიხილება - თუ ასე გააგრძელეს, პუტინისთვის ეს არის პირდაპირ მიპატიჟება, მეტი არაფერი.

თუ რამე შეაჩერებს პუტინს, ეს არის მკვეთრი სანქციები და პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის შიში. სხვა არაფერი პუტინს არ შეაჩერებს.

დასავლეთის სამხედრო ჩარევა თავიდანვე გამორიცხული იყო, ვერც ამერიკა მიაწოდებს იარაღს უკრაინას - ესეც თავიდანვე გამორიცხული იყო. დარჩა მხოლოდ ერთი, სანქციების მესამე ეტაპი, რითიც იმუქრება ობამა, მაგრამ გერმანია პირდაპირ აცხადებს, რომ სანქციებს არ განიხილავენ და ჯერ უბრალოდ დიპლომატიური მეთოდებით შეეცდებიან ბრძოლას.

თუ დასავლეთი, ევროპა, პირველ რიგში, პრინციპებისათვის იბრძვის, მაშინ ამ პრინციპებისათვის მსხვერპლიც უნდა გაიღოს. მაგრამ არც გერმანიას, არც საფრანგეთს, არც იტალიას (ინგლისი თითქოს თანახმაა), არ სურთ მსხვერპლის გაღება. მაგათთვის მთავარია საკუთარი მოსახლეობა ჰყავდეს კმაყოფილი და ეკონომიკურად უზრუნველყოფილი.

თუ მართლა ევროპული საზოგადოებაა და ყველანი დემოკრატები არიან, მაშინ იქაური მოსახლეობაც გაგებით უნდა ეკიდებოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან საქმე ეხება დემოკრატიული ფასეულობების გადარჩენას. ეს ის ღირებულებებია, რომლის დასაცავად უკვე რამდენი წელია, ევროპა გაშლილი დროშებით მოძრაობს, თუმცა რა მიმართულებით, თვითონაც ვერ მიხვდნენ მგონი, ჯერჯერობით.

გამოდის ისე, რომ დემოკრატია უნდათ, მაგრამ ამ დემოკრატიისთვის ცოტა რომ გაიჭირვონ, ეს არ უნდათ. პუტინისთვის ეს იქნება სიგნალი და ჯარებს აუცილებლად შეიყვანს უკრაინაში.

ბოლო დღეებში ევროპის გამოხმაურებას თუ გადავხედავთ, ვნახეთ, რომ სია გაიზარდა. ევროკავშირი მხარს უჭერს ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებას, გარდა ამისა, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის წვრთნები დაძაბულობის ესკალაციას ქმნის. არის სხვა განცხადებებიც. როგორ ფიქრობთ რამდენად საკმარისია მსგავსი განცხადებები, როდესაც უკრაინა, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობის წინაშე იმყოფება?

- თუ ასეთ განცხადებებს სერიოზული სანქციები არ მოჰყვა, არაფერს არ ნიშნავს და შესაძლოა, სულ რამდენიმე დღეში რუსეთმა ჯარიც შეიყვანოს უკრაინაში. მეტი რა უნდა ქნან ევროპელებმა, რომ დაგვარწმუნონ, რომ მათ იმედზე ყოფნა არ შეიძლება.

შტაინმაიერი ჩამოდის და გვეუბნება რომ აი, ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერთ ხელს, შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხობს, რომ არ იცის რა იქნება 5-10 წლის შემდეგ და გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი. გამოდის, რომ ევროკავშირს პერსპექტიული გეგმა არ აქვს?! არ იცის რა მოხდება?! - როგორ არ იცის, მაგრამ რაც 5-10 წლის შემდეგ იქნება, იქ ჩვენს ადგილს ვერ ხედავს გერმანია.

რატომღაც ვერ მივეჩვიეთ სწორი დასკვნების გამოტანას. მხოლოდ ეიფორიულ ბაქიბუქიას მივეჩვიეთ და ბუზის სპილოდ წარმოჩენას. თავისთავად, თუ შემდგომი ნაბიჯის გაგრძელების გარანტია არ გვაქვს, თავისთავად, ასოცირების ხელშეკრულება არაფერს ნიშნავს. ნატოს გენეტალური მდივანი იმას მაინც გვეტყოდა, რომ შემდგომი ნაბიჯები ჩვენზე იქნება დამოკიდებული, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესეც კი არ გვითხრა. არ მინდა ძალიან მკაცრი ვიყო, მაგრამ ეს ყველაფერი აბუჩად აგდებას ჰგავს და უპასუხისმგებლო განცხადებაა - არსებობს ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების, სტრატეგიული განვითარების გეგმა, მინიმუმ 2030 წლამდე და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

უკრაინას რომ დავუბრუნდეთ, გაეროში რუსეთის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, ქარტიის 51- მუხლის ამოქმედებას უკრაინაში, რომელიც საკუთარი მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს და რომელიც თავის დროზე აამოქმედეს საქართველოში, ეს ნიშნავს ღიად ომის გამოცხადებას?

- ყოველ შემთხვევაში, რეალური მუქარაა. ამას განახორციელებს თუ არა პუტინი სხვა საკითხია, მაგრამ მუქარა ნამდვილად არის. პუტინის შემდგომი ნაბიჯები მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთზე. ისევე როგორც 2008 წლის აგვისტომდე, მთელი ერთი თვის მანძილზე კოკოითი ბომბავდა ქართულ სოფლებს, ეუთოს დამკვირვებლები ანგარიშებს წერდნენ და ბრიუსელში „ყურს არავინ იბერტყავდა“, თუ ასეთი რეაგირება მოჰყვა პუტინი ჯარსაც შეიყვანს, მაგრამ მიერთებით არ მიიერთებს არც დონბასს, არც ყუბანს - დანიშნავს თავის ხელისუფლებას, შემდეგ ეს სტრატეგია გავრცელდება კიევზეც და მმართველი იქნება რუსი. პუტინი იანუკოვიჩს არ დააბრუნებს, მაგრამ მონახავს ვინმეს, პრორუსულად განწყობილს.

ახლა გამოჩნდება დასავლეთი რისი მაქნისია. ობამა უფრო საბრძოლო განწყობილებით არის, მაგრამ უზომოდ მშვიდობისმოყვარე პოზიცია უკავია გერმანიასა და საფრანგეთს.

აქ საკითხი უკვე ასე დგას, როდესაც იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის, რომელსაც მსოფლიოს სთავაზობენ და რომლისთვისაც ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი ავიტანოთ და ყველა საშინაო დავალება შევასრულოთ, ეს ღირებულებები უღირთ რამედ თუ არა? პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, დასავლეთისათვის რამეს წარმოადგენს ეს პრინციპები თუ მხოლოდ პრინციპებია სტრატეგიის გარეშე? - ეს კი რასაც ნიშნავს, მსოფლიომ ნახა გასული საუკუნის 30-იან წლებში - ჰიტლერს ფეხქვეშ გაეგო მთელი ევროპა, ვიდრე ჰიტლერმა ყველა ზომას არ გადააჭარბა.

ბოლო პერიოდში საუბარია მაისში სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებაზე, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ყირიმისთვის მიბაძვას არ გეგმავენ. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ პროვოკაციები არ წყდება და უკვე თითქმის ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?

- საუბარია რუსეთთან მიერთებაზე. აფხაზები არა, მაგრამ ოსები „თავს იკლავენ“ მიერთებისთვის. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პუტინი ტაიმაუტს აიღებს. ჯერ ყირიმი და უკრაინა უნდა მოინელოს. აფხაზეთსა და ოსეთზე დიდი საფრთხე დნესტრისპირეთია, სადაც რუსეთის არმია დგას და ამ რამდენიმე დრის წინ დნესტრისპირეთის პარლამენტმა შეერთების თხოვნით მიმართა რუსეთს.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩაატარებენ თუ არა მას. ასეთი რეფერენდუმი არაერთხელ ჩაუტარებიათ. აქ ეს არ არის მთავარი, რუსეთი მართალია, მორალის, პრინციპის, საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებს, მაგრამ ძალზე გაეზარდა „ნახლებნიკები“, კმაყოფაზე მყოფი ქვეყნები - ჩრდილოეთ კავკასიის 7 რესპუბლიკა, ყველა დოტაციუირი, ამას დაემატა 2-მილიონიანი ყირიმი ისე, რომ საკუთარი თავის შენახვის პერსპექტივაც კი არ აქვს. თუ ოსეთს შეიერთებს, ისიც კმაყოფაზე უნდა აიყვანოს. რუსული ბიუჯეტის ფულს ყველგან იპარავენ, მაგრამ ოსეთში უზომოდ დიდი მადა აქვთ, რუს ოლიგარქებზე არანაკლები. ამიტომ არ ველოდები, რომ რუსეთმა მიიერთოს ოსეთი, უბრალოდ, ამდენი ხალხის შენახვა არ უნდა და თვითონ რუსეთს უჭირს ფული.