„რისკის მაღალ ფაზაში შესვლა არ დასტურდება“

„რისკის მაღალ ფაზაში შესვლა არ დასტურდება“

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. გიორგი მარგველაშვილი რჩევებს, უკვე, თადარიგის-პოლკოვნიკის, ალექსი ბარბაქაძისგან მიიღებს. ახალი მრჩეველი ამჟამად ფაშიზმზე გამარჯების 69 წლისთავთან დაკავშირებული ცერემონიების სინქრონიზაციით არის დაკავებული. ალექსი ბარბაქაძე ამბობს, რომ მრჩევლების მოვალეობაა უმაღლესი მხედართმთავარის ინფორმირებულობა შესაძლო საფრთხეებისა და სცენარების შესახებ.

For.ge. ალექსი ბარბაქაძეს ესაუბრა.

ბატონო ალექსი, თქვენ როგორც სამხედრო პირი, ალბათ თქვენი მიმართულება გექნებათ, ისევე როგორც სხვა მრჩევლებს. რა მიმართულებას უხელმძღვანელებთ?

ალექსი ბარბაქაძე: ჩემი საქმიანობა ჯერ მხოლოდ ანალიზით, დასკვნებით და შეფასებით შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, ეს იქნება თავდაცვისუნარიანობის, კონფლიქტოლოგიისა და უშიშროების საკითხები. საკითხები, რაშიც შემიძლია კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთო ანალიზი, დასკვნა და შეფასება. ჩვენი მოვალეობაა უმაღლესი მხედართმთავარის ინფორმირებულობა შესაძლო საფრთხეებისა და სცენარების შესახებ.

თქვენ ბრძანეთ, რომ ინფორმირებული უნდა იყოს მხედართმთავარი შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით. რა საფრეები არსებობს დღეს ქვეყნის წინაშე? მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ეტაპზე რუსეთისგან არანაირი საფრთხე არ არსებობსო...

- ქვეყნის წინაშე ყოველთვის არის რაღაც გამოწვევები და საფრთხეების ალბათობაც არსებობს, მაგრამ ამას რომ განგაშის საფუძველი მიეცეს, ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი არ არის. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, ეს არაა დამოკიდებული იმაზე დაძაბულია თუ არა საქართველოს გარშემო ვითარება. ჩვენ მუდმივი ანალიზის, შეფასების და მოდელირების რეჟიმში ვართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუშაობის თემატიკა არის სუფთა ანალიტიკური.

როგორ ფიქრობთ, ის პროცესები, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, როგორც შეიძლება საქართველოზე აისახოს?

- უკრაინაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება მთელს შავი ზღვის რეგიონზე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენც გვეხება. მეტ-ნაკლები ალბათობით არსებობს სცენარები, რომლითაც შეიძლება რუსეთი სხვადასხვანაირად მოექცეს მის მეზობლად მყოფ ქვეყნებს, მათი სამხედრო პოტენციალის სიძლიერიდან გამომდინარე. უკრაიანაში მიმდინარე მოვლენები არის მთელი მსოფლიოს შეშფოთებისა და თავისტკივილის საგანი.

ჩვენზე არა მარტო უკრაინის საკითხები, არამედ სირიის, ირანის, მთიანი ყარაბახის პრობლემებიც ჰპოვებს ასახვას. თუმცა, განსაკუთრებული საფრთხე ჯერჯერობით არაა, ვგულისხმობ ოფიციალურ მონაცემებს, რომ შეიარაღებული ძალების დიდი კონტიგენტის გადაადგილება ხდებოდეს ჩვენს გარშემო, ან მათი რაოდენობის ზრდა. ჯერჯერობით, არანაირი მონაცემებით მსგავი რამ არ ფიქსირდება. თუმცა, იმ არსებული კონტიგენტი, რა რაოდენობითაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წლიდან იმყოფება, სავსებით საკმარისია მძიმე სცენარისათვის. ამ საფრთხესთან ერთად ჩვენ 2008 წლიდან ვცხოვრობთ, მაგრამ რისკის მაღალ ფაზაში შესვლა არ დასტურდება.

დღეს პოზიტივია, როცა მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ შეშფოთებისა და განცხადების დონეზე რუსეთის ექსპანსიის პრობლემა არ გადაიჭრება. დასავლეთში უფრო სერიოზულად ფიქრობენ სანქციებზე და რუსეთის რევანშისტული ნაბიჯების შეჩერებაზე, რაც უკვე იმედის მომცემია ჩვენი კუთხითაც. ეს ყველაფერი დააფიქრებს მოწინააღმდეგე მხარეს და რუსეთი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც უკრაინის კონფლიქტს უფრო ცხელ ფაზაში გადაიყავნს.

სექტემბერში უელსის სამიტზე ქვეყანა მაპის მოლოდინშია. კეთდება განცხადებები, რომ სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდება რუსეთი საქართველოს მიმართულებით. რა პროცესებს ელოდებით?

- პარაფირების საკითხთან დაკავშირებით რას მოიმოქმედებს რუსეთი, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია უკრაიანაში მიმდინარე პროცესების განვითარებაზე. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობას შფოთის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. მთავარია პარაფირების ხელშეკრულების გზაზე მაქსიმალურად შენარჩუნებილი იყოს შიდა სტაბილურობა, ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე არ მოხდეს შეფერხება, რამაც შეიძლება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუშალოს ხელი.

რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლები უნდა იყვნენ კონფლიქტისპირა რეგიონებში ჩვენი პარტნიორებიდან და მეტი სიფრთხილე გვმართებს ეროვნულ უცმირესობებსა და დანარჩენ კონფენსიებსთან მიმართებით. განსაკუთრებით სიფრთხილე გვმართებს არჩევნების პერიოდში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ბუნებრივად, პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს.