ჰაერში გამოკიდებული კვარტეტი

ჰაერში გამოკიდებული კვარტეტი

თვითმართველობის არჩევნების შემდეგ სამთავრობო „კარუსელი“ დატრიალდება. მინისტრის პორტფელს შესაძლოა, ოთხი მინისტრი დაემშვიდობოს. როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, პოსტების დატოვება სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს მოუწევთ.

თავად პრემიერ-მინისტრი მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ გახშირებულ საუბრებს „სპეკულაციას“ უწოდებს და ჭორების „აგორებაში“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს, მაგრამ საპარლამენტო კულუარებში ირაკლი ღარიბაშვილსა და მინისტრებს შორის არსებულ უკმაყოფილებაზე აპელირებენ.

წყაროც ცნობით, პრემიერი განსაკუთრებით ზემოთ აღნიშნული მინისტრების მუშაობით არის უკმაყოფილო. რამდენიმე დღის წინ კი, ღარიბაშვილის კრიტიკა ხადურს სამინისტროს მიერ მენიუს გამოქვეყნების გამოც დაუმსახურებია.

„პრემიერი ხადურის მუშაობით უკმაყოფილოა. ღარიბაშვილი განსაკუთრებით მენიუს გამოქვეყნებამ გააღიზიანა და ხადურს ჰკითხა - ფინანსთა სამინისტროს ჰყავს თუ არა პრეს-სამსახური და თუ ჰყავს, მენიუ როგორ გამოაქვეყნეს?“, - განუცხადა for.ge-ს ერთ-ერთმა დეპუტატმა.

ირაკლი ღარიბაშვილს თეა წულუკიანთან თუ რა პრეტენზიები აქვს, ამას პარლამენტში არ აკონკრეტებენ, მაგრამ ამბობენ, რომ პრემიერს იუსტიციის მინისტრი „გულზე არ ეხატება“, ისევე როგორც მის წინამორბედს ბიძინა ივანიშვილს.

საკანონმდებლო ორგანოში პოსტიდან თამარ სანიკიძის გათავისუფლებაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ განათლების მინისტრის შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტიდან მისი გაშვების ერთ-ერთი მოტივი გიორგი მარგველაშვილია, რომელმაც საკუთარ „მემკვიდრედ“ სანიკიძე დატოვა.

რაც შეეხება გურამ ოდიშარიას, მინისტრი შვებულებიდან უკვე დაბრუნდა და საქმიანობასაც შეუდგა, მაგრამ მას პრემიერმა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სპეკულაციების დასრულება და პრობლემის სასწრაფოდ გადაწყვეტა მოსთხოვა.

გურამ ოდიშარიას მსგავსად, მისი კოლეგები პრობლემებს მოაგვარებენ, თუ, მინისტრის სავარძლებს დატოვებენ, ეს ცნობილი 15 ივნისის არჩევნების შემდეგ გახდება, მაგრამ თავად მინისტრები მოსალოდნელი „კარუსელის“ შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა, არ არის და ის ვიღაცის მიერ შემოგდებული თემაა. თამარ სანიკიძის თქმით, როდესაც, პრემიერს მათი გაფრთხილება უნდა, მათ არ ერიდება და აფრთხილებს. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი მიიჩნევს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების არანაირი საჭიროება არ არის, რადგან მინისტრები ეფექტურად მუშაობენ.

მინისტრებისგან განსხვავებით, ქართველი კანონმდებლები სამთავრობო ცვლილებებს მიესალმებიან და ამბობენ, რომ კადრების განახლების მომხრენი არიან.

როგორც for.ge-ს უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მინისტრები სავარძლებს დიდი ხნის მანძილზე არ უნდა იკავებდნენ.

მისი თქმით, პრემიერი მინისტრების მინუსებს თავად უფრო დეტალურად ხედავს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

„ეს ინფორმაციები საიდან მოდის, არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, მინისტრთა კაბინეტის განახლების მომხრე ვარ. ერთი და იმავე ადამიანი ერთსა და იმავე მინისტრის სავარძელში არ უნდა იყოს, რადგან მათ სტერეოტიპები უყალიბდებათ. ეს მთავრობის ამ შემადგენლობას არ ეხება, რადგან ახლები არიან. წულუკიანზე როგორ შეიძლება რამე ვთქვა, ის მოვალეობას კარგად ასრულებს და ჩანაცვლებას არ საჭიროებს, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, რომ მინისტრებთან პრეტენზიები არ მქონდეს. პრეტენზია ყველა სამინისტროსთან მაქვს და ამის თაობაზე მათ პირადად ვესაუბრები“, - აღნიშნავს საგანელიძე, რომლის მსგავსად სამთავრობო კარუსელის შესახებ არაფერი სმენია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერმა უნდა მიიღოს.

„ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემს სფეროს თავდაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს, რომლებიც კარგად მუშაობენ, მნიშვნელოვან და ღირებულ რეფორებს ატარებენ. შენიშვნის გარეშე, ზოგადად, არცერთი უწყება არ რჩება, მაგრამ მთავრობაში ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს, თვითკმაყოფილები არ ვართ და მეტი რომ მეტი გვინდა, ეს ბუნებრივია“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა.

სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრის საქმიანობას დადებითად აფასებს.

ვიქტორ დოლიძის მოსაზრებით, წულუკიანის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანა შეცვალა.

„წულუკიანის მუშაობის ნაყოფიერებაზე საუბარი ზედმეტია. კარუსელის აუციელბლობას ვერ ვხედავ. შეიძლება ვიღაც მეტ-ნაკლებად მოგწონდეს, მაგრამ რომელიმე მინისტრთან განსაკუთრებული პრობლემა არ მაქვს. რომ მქონდეს, ამის თქმის პრობლემა არ მაქვს“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ.

თვითმართველობის არჩევნებამდე სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი.

კანონმდებელის თქმით, მინისტრების მიერ გაწეული სამუშაოები პრემიერმა როგორც მენეჯერმა უნდა შეაფასოს.

„არჩევნებამდე რაიმე სახის გადაადგილება დიდი უგნურება იქნება. ხოლო, არჩევნების შემდეგ ვის ემუქრება საფრთხე, ამის თაობაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ის მომწონს, რომ ამ ადამიანებს მუშაობის საშუალებას აძლევენ და სააკაშვილივით 104 მინისტრი თუ მეტი არ შეუცვლიათ. ჩვენი ხელისუფლება მინისტრებს აწიანურებს, წინა მთავრობა კი მათ სასწავლებლად უშვებდა“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.