„ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!“- ამ ლოზუნგით და ორკესტრის მიერ შესრულებული მუსიკით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები სპორტის სასახლეში 17:00 საათისთვის შეიკრიბნენ. პარტიულ ღონისძიებას დაესწრნენ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. საარჩევნო კამპანიის გახსნის პრეზენტაციაზე სტუმრის სატატუსით იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
საარჩევნო კამპანიის გახსნის ცერემონია დაახლოებით 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო და თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. პირველი გამომსვლელი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე იყო, ბოლო - თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.
სპორტის სასახელში შეკრებილებს საკმაოდ ვრცელი სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, ხელისუფლების ქვედა დონეებზეც ახალი ტიპის, ევროპულად მოაზროვნე ლიდერები იყვნენ წარმოდგენილნი. ღარიბაშვილმა თვითმმართველობის საკითხებზე საუბრისას ყურადღება იმ უფლებაზეც გაამახვილა, რომლის თანახმადაც მოსახლეობას შეეძლება უნდობლობა გამოუცხადოს მის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ მმართველს და ამ გზით მოახერხოს მისი კონტროლი.
პრემიერ-მინისტრი უფრო გლობალურ საკითხებსაც შეეხო და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრება ყველას ეჩქარება, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი და ნაჩქარევად გაკეთებული საქმე, შესაძლოა, ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შესაძლებელი იყო. ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს შორის კი ისეთი საკითხები დაასახელა, როგორიცაა: სასამართლოს გათავისუფლება, პოლიციის დეპოლიტიზაცია, მედიასაშუალებების თავისუფლად მუშაობა, კერძო საკუთრებისა და პირადი ცხოვრების დაცვაზე ზრუნვა.
პრემიერ-მინისტრმა საკუთარი სიტყვის დასასრულს საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნების“ მერობის კანიდატებიც დაასახელა და თითოეული მათგანის უპირატესობებზე მოკლედ ისაუბრა.
დედაქალაქის მერობის კანდიდატად კარგა ხნის წინ დასახელებული დავით ნარმანიას გარდა, ღარიბაშვილმა ტრიბუნასთან მერობის 11 კანდიდატი იხმო.
კოალიციის სახელით ქუთაისის მერობისთვის შოთა მურღულია იბრძოლებს, ბათუმისთვის - გიორგი ერმაკოვი; თელავში - პლატონ კალმახელიძე, ამბროლაურში - რატი ნამგალაძე, რუსთავში „ქართული ოცნება“ დავით ჯიქიას უცხადებს ნდობას, ახალციხეში - გიორგი კოპაძეს, მცხეთაში - ავთანდილ ნემსიწვერიძეს. ზუგდიდში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი ირაკლი გოგოხია იქნება, ფოთში - ირაკლი კაკულია, გორში - ზურაბ ჯირკველაშვილი, ხოლო, ოზურგეთში - ბეგლარ სიორიძე.
პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატებს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ თანაპარტიელები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნების“ მიერ დასახელებული 12-ივე კანდიდატი წარმატებული იქნება.
„მერობის ყველა დასახელებულ კანდიდატს გამარჯვების 100%-იანი შანსი აქვს ორი მარტივი მიზეზის გამო: ისინი პიროვნულად არიან ღირსეული და წარმატებული ადამიანები და არიან „ქართული ოცნების“ წარმოდგენილები, ამ პოლიტიკურ ძალას კი დღეს უცილობლად ყველაზე მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი აქვს,“- განაცხადა დავით საგანელიძემ.
კოალიციის რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ კი იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც არჩეული მერის მოსაგვარებელი იქნება.
„ქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა გამწვანების საკითხი. ასევე პრიორიტეტი იქნება ქალაქში ტექნიკური წყლის შეყვანა, ქალაქისთვის ასევე მნიშვნელოვანია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, დასაქმება“, - განმარტა დავით ჯიქიამ, რომელიც დღეს რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელია. იგი მოქმედი თანამდებობის დატოვებას და აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას უახლოეს დღეებში აპირებს.
პრობლემური საკითხები საარჩევნო პროგრამაში პრიორიტეტულობის კუთხით აქვს დალაგებული თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას. იგი მერად არჩევის შემთხვევაში დედაქალაქში დღეს არსებული პრობლემური საკითხების 4 წელში მოგვარების პირობას დებს.
„ძალიან საინტერესო საარჩევნო პროგრამა მაქვს, რომლის მიხედვითაც, ყველა ძირითადი პრობლემა, რაც დედაქალაქში არსებობს და რაც თბილისის მერიის უფლებამოსილებას განეკუთვნება, ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოგვარდეს. საუბარია ადამიანებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, გარემოს დაცვის მიმართულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების დაფინანსების მართვის თვალსაზრისით, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. ბევრი მიმართულებაა პროგრამაში მოცემული და ძალიან საინტერსო ხედვებია“, - აცხადებს ნარმანია, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატად ჯერ კიდევ გასულ წელს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლამდე დაასახელა.
საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დედაქალაქში „ოცნების“ მერობის კანდიდატი ორშაბათს საზოგადოებრივი მხარდაჭერის დარბაზთან გამართავს, შემდეგ კი პროგრამის დეტალებს ამომრჩევლებს საარჩევნო შეხვედრებზე გააცნობს. ნარმანია ვარაუდობს, რომ ამომრჩეველი მის საარჩევნო პროგრამას მოიწონებს და 15 ივნისს იმდენად ძლიერი მხარდაჭრა ექნება, რომ არჩევნების მეორე ტური საჭირო არ გახდება.
ნარმანიას თანაგუნდელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მორიგ გამარჯვებას ელის და ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო სიებზე, რომლებიც, მისი თქმით, ახალი სახეებითაც არის დაკომპლექტებული.
„15 ივნისი იქნება ის შემაკავშირებელი რგოლი, რომელიც გაასამებს ამ გამარჯვებას და ამით მოგვცემს შესაძლებლობას, დავასრულოთ ყველა ვალდებულების შესრულება. უახლოეს დღეებში დასახელდება პროპორციული სია - სიის პირველი ათეულები, როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. ღირსეული ადამიანები იქნებიან წარმოდგენილები. აქცენტს ვაკეთებთ ახალ სახეებზე და გვინდა, ამ არჩევნებზე ცნობად სახეებთან ერთად ახალი სახეებიც იყვნენ წარმოდგენილები“, - აცხადებს ბესელია.
პოლიტიკოსების გარდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნას საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ მსახიობები - გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე. ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანა განვითარებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, დავით ნარმანია კი, მისი აზრით, დედაქალაქს სათანადოდ უხელმძღვანელებს.
„ჩემი აზრით, დავით ნარმანია კარგი მერი იქნება. ჩემს აზრს არავის ვახვევ, მაგრამ რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. თუ ჩემმა ფიქრებმა გაამართლა ცხოვრება სულ წინ წავა. ეს კიდევ ერთი შანსი მოგვეცა, უკეთესობისკენ წავიდეთ. მამაზეციერს ვთხოვ, არ მეშლებოდეს და მართალი ვიყო“, - განუცხადა for.ge-ს გივი ბერიკაშვილმა.
კახი კავსაძემ კი ჩვენთან საუბარში ყურადღება დავით ნარმანიას ბიოგრაფიაზე გაამახვილა.
„ამ შეხვედრაზეც იმიტომ მოვედი, რომ მხარი დავუჭირო თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას. მე მომწონს მისი მინისტრობა, ძალიან ენერგიული კაცია, განათლებული და ადამიანურია, სუფთა და გამჭვირვალე ბიოგრაფია აქვს. სწორედ, ასეთი კაცი უნდა იყოს ქალაქის მერი. ვფიქრობ მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ხალხის განწყობას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ასეა“, - აღნიშნა კახი კავსაძემ.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნა საქართველოს ჰიმნით დასრულდა, რომელიც მომღერალმა ნატო მეტონიძემ შეასრულა. სპორტის სასახლეში გამართული პოლიტიკური ღონისძიების სულ ბოლო აკორდი კი ვერცხლისფერი და ლურჯი კანფეტების წვიმა იყო.