„მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში? ალბათ, წიგნებს დაწერს თვითონ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, კლავდნენ ქუჩებში, როგორ ართმევდნენ ბიზნესებს და ა.შ.“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას.
როგორც ბიბლიოთეკის გახსნისას ითქვა, ბიბლიოთეკა ორიენტირებულია ლიტერატურაზე, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებს, არქიტექტურასა და ურბანისტიკას, ასევე მევენახეობა-მეღვინეობას ეხება.
მიხეილ სააკაშვილი ბიბლიოთეკის გახნას სკაიპის საშუალებით აკვირდებოდა. მან კომენტარი გააკეთა მის პროკურატურაში დაბარებაზე და აღნიშნა, რომ დაკითხვაზე მის დაბარებას ამერიკელებისა და ევროპელების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა. მისი თქმით, სწორედ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის გამო შეცვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე არ გამოცხადდებოდა, მასზე ძებნა დაიწყებოდა.
„გახსოვთ, თქვეს ახლავე დავაკავებთ, თუ დაკითხვაზე არ გამოცხადდებაო, მაგრამ ორ დღეში ყველაფერი უკან წაიღეს. თქვენ გგონიათ უცებ სინდისმა შეაწუხათ და თვალები გაუნათდათ?! - არა. ამერიკის ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ ელჩი მივიდა წერილით და უთხრეს, თქვენ, მე მგონი, ვერაფერი გაიგეთ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებული და ეს ამ მთავრობას დაუჯდება ძვირადო.
მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებსო - მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და ექნება პრობლემაო. ამასთან, ევროკავშირმა მოამზადა განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულება სულაც არ იქნება ავტომატური, თუკი ეს საქმე გაგრძელდებაო. ასე რომ, ასეთი გაწევ-გამოწევა იყო. რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები და ევროპელები?! - მათ ზედმიწევნით კარგად იციან, რომ არაფერი კავშირი მე კორუფციასთან ან სხვა სახის დანაშაულთან არ მქონია“, - განაცხადა მიხიელ სააკაშვილმა.
ყოფილ პრეზიდენტს იდეას უწუნებს უმარავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი. როგორც დეპუტატი აცხადებს, მიხიელ სააკაშვილი და წიგნი ეს არის შეუთავსებელი ცნება. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს და წიგნს არასოდეს არ ჰქონიათ შეხება.
For.ge. ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით, ევროპელებმა საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრეს, რომ პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებს, მის ანგარიშებს დავაყადაღებთო. მიხეილ სააკაშვილი არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომლის გამოც შესაძლოა ყოფილი პრემიერის ანგარიშები დაეყადაღებინათ?
ლევან ბერძენიშვილი: ბატონმა სააკაშვილმა რაც ილაპარაკა თავიდან ბოლომდე არის სისულელე იმიტომ, რომ ბატონი სააკაშვილი ბატონ ივანიშვილს არსად არ დაუბარებია. ბატონი სააკაშვილი, როგორც მოწმე, დაიბარა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. რამდენადაც ვიცი, საქართველოს პროკურატურას ანგარიშები არ აქვს უცხოეთში და ვერავინ ვერ გაუყინავს. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ცნობა, რომ ვინმე აპირებს, ვინმეს ანგარიშების გაყინვას სააკაშვილის გამო. როცა ანგარიშების გაყინვაზე მიდის საქმე, არის სანქციები, რომელიც ხდება საჯარო განხილვის საგანი და ამას ღიად აცხადებენ.
მიხეილ სააკაშვილი კი არ ამბობს ამას, ჩუმად, თვალის ჩაპაჭუნებით, არამედ, ამას ამბობს ის ქვეყანა, რომელიც აწესებს სანქციებს. რა შუაში იყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები მიხეილ სააკაშვილთან? თვითონაც არ იცის რას ლაპარაკობს. უბრალოდ, მიხიელ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო, ტვინი საერთოდ ჩაეკეტა.
ეს არის უსამარცხვინოესი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ვერ ბედავს საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლას და მოწმის სახით ჩვენების მიცემას. ადამინმა ისეთი ქვეყანა უნდა ააშენო, სადაც პრეზიდენტობის მერე ჩაგესვლებოდეს. საფუძველი არ აქვს არ ჩამოვიდეს, გარდა ერთისა, ეზიზღება ქვეყანა, რომელმაც ის არ აირჩია.
სააკაშვილის ამბობს, რომ დღეს არის ორი ქვეყანა, სადაც მას ჩასვლის პრობლემა აქვს - რუსეთის ფედერაცია და საქართველო. თუმცა, აქვე განმარტავს, რომ „შავ სიაში“ მისი ყოფნა იმაზე მალე დამთავრდება, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენიაო...
- ყოფილ პრეზიდენტს კი არა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახლში ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაბრუნდეს. ჩამოვიდეს, არც არაფერი არ მოხდება. ეტყობა შიშს დიდი თავალები აქვს. მისი დაჭერა არაა განძრახული. უბრალოდ, იყო ლაპარაკი, რომ მას შეკითხვებზე უნდა გაეცა პასუხი. როცა თქვა, რომ არ ჩამოვალო, შესთავაზეს სკაიპის საშუალებით გაეცა პასუხი, მაგრამ არც სკაიპით არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა. კი ბატონო, იყოს სადაც არის, მაგრამ საკუთარ ქვეყანას ცილს ნუ სწამებს, რომ თითქოსდა საქართველო და რუსეთი ებრძვის სააკაშვილს. არაა ეს მართალი, შეუძლია ჩამოვიდეს როცა გაუხარდება. ბიბლიოთეკას ხომ ხსნის, ბიბლიოთეკის გახსნაზე ჩამოვიდეს, მაგრამ კაცი ბიბლიოთეკაში საერთოდ არაა ნამყოფი.
თუმცა, ჩვენ ვნახეთ ამერიკის ქუჩებში ფეხით მოსიარულე სააკაშვილი, როგორ ყიდულობდა ამ ბიბლიოთეკისთვის წიგნებს და როგორ გადაადგილდებოდა მეტროს საშუალებით...
- ამით ის ქმნის იმიჯს, რომ თითქოს ჩვენს განათლებაზე ზრუნავს. ჩვენ რომ გავნათლდებით მერე ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ ავირჩევთ. სრულად ნათელია, რომ განათლება დაგვიწუნა. მიხიელ სააკაშვილი და წიგნი ეს არის შეუთავსებელი ცნება. ეს იგივეა, რაც დაახლოებით ცხელი თოვლი, წარმოუდგენელი რამ არის. მიხეილ სააკაშვილს და წიგნს არასოდეს არ ჰქონიათ არავითარი შეხება.
მიხეილ სააკაშვილი და ბიბლიოთეკა, ეს არის იუმორისტული იდეა. ნოდარ დუმბაძის მერე ასე გემრიელად არ მიცინია. მიხეილ სააკაშვილს რასთანაც გინდათ დავაკავშირებ, მაგრამ წიგნი და ფეხბურთი ამ კაცისგან შორს არის. ეს ორი რამ არასოდეს უყვარდა. თუმცა კარგია, გახსნას ბიბლიოთეკა, ოღონდ ამ ბიბლიოთეკას ან თვითონ ჩაუდგეს სათავეში, ან ჩამოვიდეს განხსნაზე მაინც. ეს არაა პირველი შემთხვევა. აშშ-ი ბიბლიოთეკა ისეთმა ხალხმა გახსნა წიგნი ხელში რომ არ სჭერიათ, მაგრამ გასაკვირი არაფერი არაა.
მან ილია ჭავჭავაძეც გაიხსენა და თქვა, რომ ილია ჭავჭავაძის ეპოქისგან განსხვავებით მასთან ბრძოლა რთულია, რადგან ქვეყანაში უკვე ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა არსებობს...
- ეს არის ყოფილი პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებები, ბოდვის ტიპის საუბრები. ილია ჭავჭავაძესთან ახლა მიხეილ სააკაშვილს რა ესაქმება ვერ გეტყვით. არც იცის ვინაა და რა არის. სააკაშვილი კიდევ ბევრ სისულელეს იტყვის. აბსოლუტურად არ ვაქცევ ყურადღებას რას ბრძანებს სააკაშვილი და მითუმეტეს ილია ჭავჭავაძეზე, რადგან წარმოდგენა არ აქვს ვინაა ილია ჭავჭავაძე, რა როლი შესრულა, როდის რა ჰქნა. არც არასოდეს არ აინტერესებდა და არც ახლა არ აინტერესებს.
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც სახელმწიფი უყვარდა სოკრატეს, სიკვდილი რომ მიუსაჯეს და გაქცევა შესთავაზეს, არ გაიქცა. მიხეილ სააკაშვილს კი საქართველო ასე უყვარს. ამ კაცის განცხადებაზე სერიოზული საუბარი არასერიოზულია. სააკაშვილი არის უმიშვნელო ფიგურა. პარლამენტის ნებისმიერი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უფრო მნიშვნელოვანია. სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც არ ჩამოდის თავის ქვეყანაში.
არ ჩამოდის თუ ვერ ჩამოდის?
- ნუ, სადაც ამხელა ბიბლიოთეკა აუშენა ბიძამისმა, რამეფრად ერთ ბილეთსაც უყიდის.
ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მას ეშინია გამოძიების კითხვების. ვგულისხმობ პროკურატურას და გამოძიებას, სადაც ფიგურირებს სააკაშვილი...
- სააკაშვილი და შიში? კაცი ამბობს, რომ უშიშარია. არ ჩამოდის იმიტომ, რომ უნდა დასაჯოს საქართველო იმიტომ, რომ არ აირჩია მისი „ნაციონალური მოძრაობა“ და ნაწყენია საქართველოზე, დაახლოებით ისე, როგორც ჰიტლერი იყო ნაწყენი გერმანიაზე ომის ბოლოს.
ქვეყნის დასჯა რაში გამოხატება? მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ძალიან ხშირად საუბრობენ უკრაინული სცენარის განმეორებაზე...
- პატარა ბავშვები არიან და თამაშობენ. სააკაშვილს სცენარის კი არა, სახლობანას თამაშის უნარი აქვს მარტო. იმ კაცს, რომლესაც საქართველოში რაღაცის გამო ჩამოსვლა არ შეუძლია, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, უმინშვნელო ფიგურაა. რა სცენარი უნდა ჩაატაროს იმ კაცმა, რომელსაც იმის ვაჟკაცობა არ აქვს, პროკურატურაში მოწმის სახით გამოცხადდეს?! სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დრო წავიდა.
სააკაშვილი თავდაცვის მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება, რომ გენერალურმა შტაბმა დაასრულა აგვისტოს ომის გამომწვევი შედეგების, მისი პოლიტიკურ და სამხედრო შეცდომებზე მუშაობა. სააკაშვილი ამბობს, რომ ალასანია რუსულ მითებს იმეორებს...
- ირაკლი ალასანიას არ უთქვამს, რომ ომი დაიწყო საქართველომ. არც ჩვენ არ ვამბობთ ამას. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ჰქონდა საშუალება აერიდებინა ეს კატასტოფა. გარდა ამისა, იმ კომისიამ დაადგინა შეცდომები, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობამ დაუშვა. ახლა ვინმემ არ მითხრას, რომ შეცდომები არ იყო დაშვებულიო, ძალიან მეწყინება. მილიონი შეცდომა იყო დაშვებული. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე. არაფერ შუაში არა აქ რუსეთი და რუსეთის პროპაგანდა. როდესაც ლაპარაკია 2008 წელზე, მიხეილ სააკაშვილს ყოვეთვის უნდა ახსოვდეს, რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც დაუშვა ფართომასშტაბიანი ბრძოლა, დაკარგა ახალი ტერიტორები. ამით ის ვერ იამაყებს და ვერ იტრაბახებს.
არავინ არ ეუბნება, რომ მან დაიწყო ომი, მაგრამ მან თავი ვერ გაართვა ამოცანებს, არასწორად მოქმედებდნენ და ამის გამოძიების უფლება გვაქვს და გამოვიძიებთ კიდეც. არ მგონია, რომ გამოძიების დაწყების უფლება ვკითხოთ იმას, ვისზეც გვაქვს ეჭვი, რომ არასწორად მოქმედებდა.
შეისწვალა თავდაცვის სამინისტრომ დაშვებული შეცდომები, რა არის ამაში ცუდი? მან რატომ არ შეისწავლა? მხედართმთავარი რომ იყო, არ უნდა შეესწავლა რა შეცდომები იყო დაშვებული? თუ ის არ იყო შეცდომა განათებულ მოედანზე რომ დაუსვა რეზერვისტები რუსებს, იქნებ დაბომბოთო, არ იყო ეს შეცდომა? უნდა დაეხოცათ ჩვენი ბავშვები?
საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა, ვის შეეშალა. ყურაშვილმა, რომ თქვა ჩვენ სახელმწიფო წესრიგი უნდა აღვადგინოთო, თუ ეს არ იყო სააკაშვილის ბრძანება, ე.ი. იმას შეეშალა, თუ შეეშალა მაშინ უნდა ვთქვათ რატომ შეეშალა.
თქვენ როგორ გგონიათ, რატომ დარჩა ეს საქმე გამოუძიებელი აქამდე? მიხეილ სააკაშვილს აღიზიანებს ყველა ის საკითხი, რომელიც მის შეცდომებზე ლაპარაკობს, მას უნდა, რომ იყოს უშეცდომო, მაგრამ არ ყოფილა ის უშეცდომო. მიხელ სააკაშვილს რომ უნდა ისე არ მოეწყო ცხოვრება.
უამრავი შეცდომა და დანაშაული დაუშვა სააკაშვილის წინამორბედმა, მაგრამ დაამთავრა მოღვაწეობა და ზის თავის საქართველოში, არსად არ გაქცეულა, არც ერთ გამოძიებას არ დამალვია. სააკაშვილი ვერც კი ხვდება, რომ სამარცხვინოდ იქცევა და თავს ჭრის არა მარტო თავის პარტიას, არამედ თავის ქვეყანასაც. სირცხვილია, რომ საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავდა. ვაღიარებ, რომ იგი სერიოზული გაქანების დიდი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ყოფილ პოლიტიკოსად სააკაშვილი არ ვარგა. ეს გამოიწვია იმან, რომ წინგებს უნდოდა ბავშობაში წაკითხვა. სულ პრეზიდენტი ვერ იქნები. ხანდახან ადამიანიც უნდა იყო, რომელიც რაღაცით არის დაინტერესებული. მას კი, ინტერესი, გარდა იმისა, რომ იყოს ყურადღების ცენტრში, სხვა არ აქვს.
შეცდომების პარალელურად, რამდენად სწორია ალასანიას შეფასება, რომ რაღაცეების პატიება მოგვიწევს „ნაციონალური მოძრაობისთვის“?
- მე მომხრე ვარ, რომ ყველაფერი გამოვიძიოთ და დამნაშავეები გამოვავლინოთ. ამის მერე შეიძლება ლაპარაკი პატიებაზე. წინასწარ ვაპატიოთ, არ გამოვიძიოთ ვინ რა გააკეთა, ეს არაა სწორი და ეს არც ბატონ ირაკლის უგულისხმია. გამოძიებული უნდა იქნას ყველაფერი. ძნელია ამ საქმეების გამოძიება, ბევრი დოკუმენტი გაანადგურეს. ჩვენი თვალით ვნახეთ როგორ წვავდნენ და ანადგურებდნენ დოკუმენტებს, მაგრამ უნდა იქნას გამოძიებული და დადგინდეს ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი. მე მომხრე არ ვარ სასტიკი განაჩენების.
ქართველ ხალხს თუ მოუნდება პატიება, აპატიოს, მაგრამ ეს ჩემი და ბატონი ირაკლის გადასაწყვეტი არაა. თუ ხალხი იტყვის, ვაპატიოთო, ეპატიება. მე მომხრე ვარ, რომ ორიენტირებული არ ვიყოთ შურისძიებაზე, ცოტა მომავლზე ვიფიქროთ და ქვეყანა ავაშენოთ. სააკაშვილი პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება, იმიტომ, რომ მას არ აქვს ის კლასი, რომ წაქცეული ააყენოს. ამისთვის საჭიროა, ბავშობაში წიგნების კითხვა. ის იყო პოლიტიკაში, იყო ძლიერი პოლიტიკოსი, მაგრამ ამჟამად არის ნული და მისი გაცოცხლება არ მოხდება.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას კიდევ ერთ განცხადებას, ის ამბობს, რომ ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს, თუ უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას ადეკვატურად ვერ აღიქვამს. ბატონო, ლევან ვის გულისხმობდა თავდაცვის მინისტრი, ვინ არიან უმრავლესობაში ის დეპუტატები, რომლებიც ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას ადეკვატურად ვერ აღიქვამენ?
- ჩვენ ვართ კოალიცია. ამ კოალიციას აქვს ფუძემდებლური დოკუმენტი. ამ ფუძემდებლურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ. ყველა პარტიას ხელი აქვს ამაზე მოწერილი. თუ რომელიმე პარტია გულში სადმე მღერის, რომ ხელი ტყუილად მოაწერა და სინამდვილეში არ უნდა არც ნატოში და არც ევროკავშირში, ამის შესახებ ის გააკეთებს განცხადებას და გავა კოალიციიდან. ჯერჯერობით, ასეთი რამ არ მომხდარა. ვის გულისხმობს ბატონი ირაკლი არ ვიცი, მაგრამ როდესაც ევროპული საკითხი დგას პარლამენტში, ვიღებთ უმრავლესობას.
იყო ერთი ორი შემთხვევა, როდესაც ერთი-ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, მაგრამ ამას ყოველთვის ეძებნება დიდი ახსნა. ამას განვიხილავ როგორც გაფრთხილებას ბატონი ირაკლისგან, მაგრამ რეალურად, ჯერჯერობით, ეს საფრთხე არ ჩანს. საქართველო განწირულია იმისათვის, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს სწრაფად. უკვე გადის ის წუთები, რომელიც გვაახლოვებს 20 ივნისის მდგომარეობას, როდესაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას.