მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტი გახსნა. გელაშვილის თანაპარტიელი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ დეპუტატზე განხორციელებული თავდასხმის საქმეს გაგრძელება ექნება.
მისი თქმით, მას არ ჰგონია, რომ ვალერი გელაშვილის ცემა იმ ადამიანების თავში მომწიფდა, ვინც გამოძიებამ დაასახელა.
ოპონენტებისგან განსხვავებით, თუ რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვალერი გელაშვილის საქმეზე, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძეს ესაუბრა:
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალი დაუმძიმდათ. როგორ აფასებთ, პროკურატურის მიერ საქმის გახსნას?
- ძალიან კარგია, რომ დეპუტატის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება, გამოძიებამ ერთი დაამტკიცოს და სასამართლომ სხვა რამ თქვას. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. მაინტერესებს, ანალოგიურ ფაქტზე, ნუგზარ წიკლაურის გატაცების მცდელობაზე, გამოძიება რატომ არ დასრულდა? როგორც ჩანს, პროკურატურისთვის შერჩევითი მიდგომებია მნიშვნელოვანი. ფაქტია, რომ თუ მმართველი გუნდის რომელიმე წევრთან არის პრობლემა, საქმეს იძიებენ, ოპოზიცია კი ყურადღების მიღმა რჩება.
ნუგზარ წიკლაურის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს...
- პროკურატურა ამბობს, რომ საქმეს გამოვიძიებთო, მაგრამ დღემდე არანაირი წინსვლა არ არის. ყოველ შემთხვევაში, საქმის თაობზე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ ვიცით.
ბატონო გიორგი, წიკლაურს თავს დაახლოებით ერთი თვის წინ დაესხნენ და თქვენ უკვე პრეტენზიებს გამოთქვამთ. ხელისუფლებაში იყავით, როდესაც 2005 წელს, გელაშვილმა თავდასხმის შედეგად ქალა-ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ცხვირის და შუბლის არეში ნახეთქი ჭრილობა, ასევე ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ, რატომ არ გამოიძია დეპუტატის ცემის ფაქტი?
- ეს მაშინდელ პროკურატურას უნდა ჰკითხოთ! მაშინ, ევროინტერგაციის მინისტრი ვიყავი. გელაშვილის საქმე პროკურატურას უნდა გამოეძია და თუ არ გამოიძია, ცუდია. გელაშვილის საქმეზე ახლა რაღაც შედეგებია, მაგრამ ამ საქმეს პროკურატურა მანამდეც იძიებდა, უბრალოდ, მაშინ შედეგები არ იყო. ყურადღებას ვამახვილებ არა იმაზე, რომ გელაშვილის საქმე რატომ გამოიძიეს-თქო, არამედ იმაზე ანალოგიურ საქმეს რატომ აიგნორებენ-თქო?! საქმეებზე დაზიანების ხარისიხის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ. საფუძვლიანად ერთი საქმეც უნდა იქნეს გამოძებული და მეორეც. ვინც არის დამნაშავე, სასამართლოს წინაშე წარსდგება.
გელაშვილის საქმე თაროზე იმის გამო ხომ არ შემოდეს, რომ „რესპუბლიკელი“ საკუთარ თავდასხმაში ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებდა?
- პოლიტიკოსების განცხადებები ერთია, ჩვენ კი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ფაქტებით უნდა ვიმსჯელოთ და იმით, თუ რას დაადგენს სასამართლო. დაბრალებაზე ადვილი არაფერია. გელაშვილის მსგავსად, ანალოგიური პოლიტიკური განცხადებები შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთოს და ჩვენი თანაგუნდელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ორგანიზებაში ბრალი ივანიშვილ-ღარიბაშვილს დავდოთ. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ხშირად ისეთი განცხადებები გვსმენია, რომელიც ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილია.
თქვენმა თანაგუნდელებმა ნუგზარ წიკალურზე თავდასხმაში პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულეს.თქვენც მათ მსგავსად ფიქრობთ?
- მეც ასე ვფიქრობ და ეს ბუნებრივია. ნუგზარ წიკლაურს თავს ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაესხნენ. თავდასხმის მიზანი მატერიალური გამორჩენა არ ყოფილა. ადამიანს თავს დაესხნენ, მისი გატაცების მცდელობა იყო და გამოძიებას სათანადო ინფორმაციები არ აქვს?! წინა წლებთან შედარებით, საგამოძიებო უწყებები ტექნიკურად კარგად არიან აღჭურვილნი, მაგრამ მათი შესაძლელობებიდან გამომდინარე, არანაირი წინსვლა არ არის და ასეთ ვითარებაში, ადამიანმა რა უნდა იფიქროს?! ეს ყველაფერი ეჭვებს განსაკუთრებით იმ ფონზე აჩენს, როცა ქვეყნის ფაქტიური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განადგურდეს, იგივეს ლაპარაკობს იუსტიციის მინისტრი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ოპოზიციას საერთოდ არ ცნობს.
თუმცა, თავდაცის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „მოთმინება და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რაღაცეების პატიება მოგვიწევს“. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დევნაზე აპელირებთ, მაგრამ თქვენს პოლიტიკურ „გადარჩენაზე“ არაერთი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც...
- იმ ადმიანების პოზიციას გეუბნებით, რომლებიც ქვეყანას მართავენ. თავდაცვის მინისტრი კი სახელმწიფოს მეთაური არ არის. ქვეყნის მმართველი ივანიშვილია, მისი ხელქვეითი კი ღარიბაშვილი, რომელსაც სიტყვის მეორე გამეორებაც არ სჭირდება.
გელაშვილის საქმეს რომ დავანებოთ თავი, თქვენი ხელისუფლების პირობებში, კობა დავითაშვილი და ზურა აბაშიძეც სცემეს. მათი საქმეები, რატომ არ გამოიძიეთ?
- ესეც გამოძიების პრობლემა იყო. სამწუხაროდ, ჩვენს დროს, ყველა საქმე არ იქნა გამოძებული, ისევე როგორც ამ ხელისუფლების პირობებში. პროკურატურას ხარვეზები ჩვენს დროსაც ჰქონდა და ეს ხარვეზები, ახლა კიდევ უფრო გამყარდა. თუ ადრე იყო რაიმე ცუდი, ის კი არ გამოსწორდა, პირიქით გაღვივდა და უფრო პრობლემური გახდა. არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენს დროს, პროკურატურაში, შს სამინისტროსა და ზოგადად, ქვეყანაში პრობლემები არ იყო, მაგრამ დეპუტატზე თავდასხმის ფაქტი ყველა ცივილიზებულ ქევყანაში უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილნი.
ნუგზარ წიკლაურის საქმე ისევე უნდა იქნეს გამოძიებული, როგორც გელაშვილ-დავითაშვილ-აბაშიძის საქმები უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოების ნაწილი წიკლაურს ოდიოზურ ფიგურად მიიჩნევს, გამორიცხავთ, რომ მასზე თავდასხმა პირადი ანგარიშსწორებით ყოფილიყო მოტივირებული?
- ოდიზოურ ფიგურაში, რას გულიხსმობთ? ეს ვინ თქვა წიკლაურზე?
ეს საზოგადოების ნაწილის შეფასებაა...
- ვინ გამოკითხეთ?
საკმარისია ჩვენს საიტზე წიკლაურის ინტერვიუ დაიდოს, რომ მსგავსს კომენტარებს თქვენც ნახავთ...
- რა ჯგუფებზე საუბრობთ, არ ვიცი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ფართე ფენები აღშფოთდნენ, წიკლაურთან მივიდნენ და მისი მოტაცება მოინდომეს? თუ გვინდა, რომ თავი გამოვიშტეროთ, კი ბატონო. რეგიონებში ჩვენს თანაგუნდელებს პარტიული ჯგუფები - „ტიტუშკები“ ხვდებიან და ძალადობას ახორციელებენ. ხელისუფლებას ერთი მხრივ, ე.წ. პოლიტპატიმრები ჰყავს, მეორეს მხრივ პარტიული აქტივისტები, რომლებსაც საჭიროებისამებრ იყენებს. ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი აგრესია იზრდება. მათ ხალხი მწარედ მოატყუეს, რადგან მოსახლეობას რაც დაპირდნენ, იმის მეათედიც არ გაუკეთეს. იმას არ ვამბობ, ქვეყანა უცებ რატომ არ აშენდა-თქო. ხელისუფლების ქმედებებზე ხალხის პასუხი უფრო ბევრად მკაცრი იქნება.
ამას არჩევნები აჩვენებს, რომელიც 15 ივნისს გაიმართება...
- ილუზია არ მაქვს, რომ ხელისუფლებას ორჯერ გავასწრებთ და სასწაული შედეგით გავიმარჯვებთ, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიმართ უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება, ჩვენი რეიტინგი კი მატულობს.
თუმცა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექვსი პროცენტი აქვს...
- ირაკლი ღარიბაშვილი რომ იტყუება ცხადია, მაგრამ ასე უტიფრად რატომ იტყუება, არ ვიცი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგებზე ნერვიულობენ. როგორც ჩანს, ეს ინფანტილური და არასერიოზული ადამიანი თავის ნერვიულობას ასეთი ფორმით გამოხატავს. რომელი ნაციონალისგან მოისმინეთ, რომ მთავრობა დაიშლება და ა.შ.? ივანიშვილის ქვეშ ერთი მინისტრი იქნება თუ მეორე, არ გვაინტერესებს. თემებს წამოწევენ და მერე ნერვიულობენ. იმის გამო ნერვიულობენ, რომ მათი რეიტინგი მცირდება და ჩვენი იზრდება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას დრამატულად არ უნდა შეხედონ.