თორნიკე შარაშენიძე: „...ასე გადაეცით მაია ფანჯიკიძეს“

თორნიკე შარაშენიძე: „...ასე გადაეცით მაია ფანჯიკიძეს“

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ლორან ფაბიუსს უმასპინძლა. ცნობილია, რომ მხარეებმა ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება; ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე. ევროპელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას იქ შესვლა დღესვე შეუძლია; 

„პირველად მოხდა, როცა ევროპარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აქვს ევროპული პერსპექტივა და რომ ევროკავშირის კონსტიტუციის 49-ე მუხლი გამოყენებადია საქართველოსთვისაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შესვლა დღესვე შეგვიძლია. ასე ევროკავშირში არც ერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა. პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები წლების განმავლობაში იცდიდნენ და მუშაობდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ზოგ მათგანს 10 წელზე მეტი დასჭირდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა ლორან ფაბიუსთან და შტაინმაიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ამ თემაზე ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.

რას ნიშნავს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში, ეს გამოწვეულია ასოცირების ხელსკრულების ხელმოწერით თუ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ევროპისთვის საქართველო უფრო აქტუალური გახადა?

- უკრაინის მოვლენებმა, რა თქმა უნდა, დააჩქარა, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი ვიზიტი მაინც შედგებოდა ასოცირების ხელშეკრულების გამო. ბუნებრივია, ბევრი საკითხია გასარკვევი - როგორ უყურებს საქართველოს მთავრობა ამ ხელშეკრულებას, რა მოლოდინები აქვს და ა.შ. ეს ყველაფერი ირკვევა არა ბრიუსელში, ევროპის ბიურიკრატიასთან, არამედ ევროპის დიდი სახელმწიფოების დედაქალაქებში, როგორიც არის საფრანგეთი და გერმანია. ამიტომაც, ეს ვიზიტი ალბათ სწორედ ამას ემსახურებოდა.

როგორც ცნობილია, 13 მაისს საქართველოში ჩამოდის საგრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, 2 ივნისს კი, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიწვევით საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში მიემგზავრება.  რა დატვირთვა აქვს ბოლო დროს გახშირებულ მაღალი დონის ვიზიტებს?

- აქ უფრო მოსალოდნელია საუბრები შეეხოს ასოცირების ხელშკრულებაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გეოპოლიტიკა და ჩვენი უსაფრთხოების საკითხები უკრაინის მოვლენების ფონზე. მგონია, რომ უფრო ამ თემებზე ისაუბრებენ, რადგან გეოპოლიტიკურად ბევრად უფრო აქტუალურია.

ვიცით, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დააჩქარა უკრაინის მოვლენებმა - მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ უკრაინა ხელს არ აწერდა ასოცირების ხელშეკრულებას. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოსთან ამ შეთანხმების ინიცირება და თარიღის გადმოტანა. ითქვა, რომ საქართველო ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს ივნისში. რომ არა უკრაინის მოვლენები, ეს პროცესი არ დაჩქარდებოდა - ანუ უკრაინის მოვლენები და ასოცირების ხელშეკრულება ჩვენთვის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ძირითადი მესიჯებიდან, რაც საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოვისმინეთ?

- იმას, რომ ევროკავშირს სჭირდება რაღაც წარმატების მაგალითი, რაც საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაა. თუმცა ჯერჯერობით ფიქრიც არ უნდათ, როდის მიიღებენ საქართველოს ევროკავშირში. რეალურად კი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე.

საქართველოს განვითარების პროცესი თუ არ მიიღებს უფრო სერიოზულ სახეს და თუ გავიყინებით ისე, როგორ უკვე რამდენიმე წელიწადია და წინ ვერ მივდივართ, რეალური შედეგი არ დადგება. საუბარია ეკონომიკაზე, განათლების სისტემაზე, მთელ რიგ საკითხებზე, რომელშიც საქართველო პრაქტიკულად, გაყინულია და პროგრესს ვერ ვხედავთ.

თუ ეს ყველაფერი ასე დარჩა, საქართველო ევროკავშირში ვერ შევა, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს ამისა ბრიუსელს; იმიტომ, რომ საქართველო ამისათვის მზად არ იქნება არანაირად - მხოლოდ ჩენზეა დამოკიდებული, მათი ბრალი არ არის.

რაც შეეხება ნატოს, იყო მინიშნება, რომ ჯერჯერობით იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წვლილი ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში, ძალზე დადებითად ფასდება..

- მაპ-ს რომ ვერ მივიღებდით, ამის ილუზია არასოდეს მქონია, რადგან გერმანიის პოზიცია არ იცვლება, ხოლო მისი პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან დიდი სახელმწიფოა და მას ასე იოლად ვერ გადაათქმევინებენ.

ასე რომ, ჩვენი ძირითადი გარანტი უსაფრთხოებისა არის ამერიკელი სამხედროების ყოფნა რეგიონში, თუნდაც შავ ზღვაზე. მეტი გარანტი უსაფრთხოების არ გვექნება და ამაზე უნდა ვიმუშავოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი აქტიურობა ავღანეთში ხელს უწყობს იმას, რომ ამერიკამ ჩვენ უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციოს - ამით მაინც არის კარგი.

რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტი გარკვეული პროგრესი იქნება, მაგრამ საქართველო რამდენად არის მზად იმისათვის, რომ ამ ათასგვერდიან დოკუმენტში  გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს? ეს გარკვეულ პრობლემებთან ხომ არ იქნება დაკავშირებული?

- დოკუმენტში გათვალისწინებული პუნქტების ტექნიკურად დაკმაყოფილება შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს იმისი რესურსი, რომ ეს პირობები შეასრულოს და აიტანოს უმტკივნეულოდ. ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა განვითარდება. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ და ისევ გაჩერებულია.

ეკონომიკა ავიღოთ, მაგალითად - საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და ისევ სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ვართ დამოკიდებული, საკმარის პროდუქციასაც კი ვერ ვაწარმოებთ.

განათლება, როგორც ვიცით, კატასტროფულ დონეზეა იმიტომ, რომ ხალხს სჯერა იმ ზღაპრების და მითების, რომელსაც უყვება „შავ-ბნელი“ და „ყვითელი პრესა“, პროფესიონალიზმის მხრივ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის სურათს, რომ ქვეყანა არის ძალიან განუვითარებელი.

ასოცირების ხელშეკრულების პუნქტები ტექნიკურად კი შეიძლება დავაკმაყოფილოთ, მოვერგოთ რაღაცეებს, მაგრამ პრაქტიკულად, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო და ეს არის ყველაზე ცუდი.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ რეალურად განვითარებული ქვეყანა მივიღოთ და არა მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირებული პროგრესი?

- რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს. ოდესღაც სააკაშვილის მთავრობამ დაიწყო, მაგრამ შეწყვიტა 2007 წლიდან მოყოლებული და მთელი ეს პერიოდი ვხედავთ, რომ ერთსა და იმავე გზას ვტკეპნით. 2-3 რეფორმა იყო წარმატებული, პოლიციის და საჯარო რეესტრის და ამის გარდა არაფერი არ წასულა წინ.

როდესაც საუბარია ეკონომიკის განვითარებაზე, რომელიც დანარჩენი სფეროების განვითარების ფუნდამენტად უნდა იქცეს, არსებობს მუდმივი მოლოდინი, რომ რეგიონში რაღაც შეიძლება მოხდეს, არის რუსეთის აგრესიის შიში, ამიტომაც ინვესტიციები არ შემოდის. თქვენი შეფასებით რამდენად ობიექტური მიზეზია, იმისათვის რომ ქვეყანა ვერ ვითარდება?  

- აგრესიის საფრთხე ყოველთვის იყო და არის ბოლო რამდენიმე წელია, ამან რაღაც დონეზე შეიძლება შეუშალოს ხელი საგარეო ინვესტიციების მოზიდვას, რადგან  არასტაბილურობის განცდას ქმნის, მაგრამ ეს ხელს არ უშლის რეფორმების გატარებას.ასე რომ, ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი პრობლემა არ არის.

საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლებში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ასოცირების ხელშკრულების ხელმოწერა არ ითვალისწინებს რუსეთთან ეკონომიკურ კავშირების გაწყვეტას და მას ხელს არ შეუშლის. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, თავად რუსეთი მოინდომებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდეს?

- ეს დამოკიდებულია მხოლოდ რუსეთზე. მას შეუძლია, ერთ მშვენიერ დღეს თავისი ბაზარი დაკეტოს, როგორც არაერთხელ გაუკეთებია. ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ კარგია, თუ საქართველოსგან ღვინოს და სხვა პროდუქციას მიიღებს; მაგრამ თუ მოისურვა, როდის დაკეტავს ამ ბაზარს ეს არც ჩვენ ვიცით და არც ევროკავშირმა. ეს მხოლოდ ერთ კაცზეა დამოკიდებული რუსეთში, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო დროს, არავის არაფერს ეკითხება და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს.

ბუნებრივია, ფორმალურად და იურიდიულად, ასოცირების შეთანხმება ამას ხელს არ უშლის, მაგრამ თუ ჩათვლის რუსეთი, რომ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, საჭიროა ბაზარი დაიხუროს, ამას კვლავ გააკეთებს და მიზეზსაც ძალზე იოლად მოიფიქრებს.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ხელს არ შეუშლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, თუმცა უკრაინის მოვლენები სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით დაიწყო. რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ მესიჯს, რომელიც საქართველოს მიმართ გავრცელდა?

- არ მგონია, რუსეთს დიდად სიამოვნებდეს, ამ ხელშეკრულებას რომ ვაწერთ ხელს, მაგრამ ამ ეტაპზე ის უძლურია ხელი შეუშალოს - ამას ძალიან კარგად ხვდება.

ჯერ ერთი, რუსეთი დაკავებულია უკრაინით და ჩვენთვის არ სცალია. მეორე - იქ ხვდებიან, რომ ჩვენი მთავრობა არ დაიხევს უკან და გარდაუვალი იქნება, მოაწეროს ხელი ამ შეთანხმებას.

კიდევ ერთი მიზეზი, სად ჩვენი და სად უკრაინის ბაზარი და მისი დამოკიდებულება რუსეთთან. ჩვენ, განსხვავებით უკრაინისგან, რუსეთისთვის მაინცდამაინც საინტერესო ბაზარი არ ვართ.

გარდა ამისა, რუსები უკრაინელებს აღიქვამენ, როგორც „პატარა რუსებს“, სლავებს და მიაჩნიათ, რომ თუ „პატარა რუსები“ შევლენ ევროკავშირში, ეს იქნება სიგნალი რუსებისთვის, რომ ისინი არიან ევროპელები - რუსეთს დღეს ეს არ უნდა. მას უნდა, იყოს ცალკე, ევროპისგან გამოყოფილი.

თუ უკრაინელი ევროპელია, ის შედის ევროკავშირსა და ნატოში, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ არ არის ევროპა რუსეთი? - სწორედ ამის ეშინია დღეს პუტინის რუსეთს, რომ უკრაინა შეიძლება, მაგალითად იქცეს მთელი რუსეთისთვის - ამის გამოც იყო ძალზე მწვავე რეაქცია უკრაინაზე.

საქართველო, ცხადია, ამ დატვირთვის მატარებელი არ არის?

- ნაკლებად საინტერესო ვართ, ჩვენი ეკონომიკით; იმით, რომ ჩვენ სლავები არ ვართ და არ გვთვლიან რუსებად. ჩვენგან განსხვავებით, უკრაინას გააჩნია განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც რუსეთს სჭირდება და უკრაინის დაკარგვა მისთვის ძალზე ცუდია.

თუ რუსეთისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ვართ, აგვისტოს ომი რას ნიშნავდა?

- ნატოში გაფართოებას.

მაშინ რეალური შანსი გვქონდა, ინტეგრაციიის შემდეგ საფეხურზე გადასვლის?

- მაშინ ჯერ კიდევ იყო შანსი, უფრო კარგი, ვიდრე სამწუხაროდ, ახლა არის.

თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ გერმანია და საფრანგეთი დაგვეხმარებიან ინტეგრაციაში...

- თუ მაპ-ს მოგვცემენ, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, ასე გადაეცით მაია ფანჯიკიძეს...

ობამას ბოლო განცხადებით, თუ რუსეთი ჟენევის ფორმატით გათვალისწინებულ შეთანხმებებს დაარღვევს, ის ახალ სანქციებს დაუწესებს. რამდენად არის მოსალოდნელი ამ მუქარის შესრულება იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა რუსეთთან მიმართებაში ჩინოვნიკთა სიებს ვერ გასცდა?

- ალბათ, ამერიკა გააგრძელებს სანქციებს, ეს უკვე იკვეთება, რადგან როცა ამერიკელები ბრაზდებიან, ბრაზდებიან ბოლომდე.

მაგრამ რუსეთი ბუნებრივია, იმუშავებს იმაზე, რომ ევროპა გახლიჩოს ამერიკისგან. გარდა ამისა, ახლა რუსები აქტიურად მუშაობენ მსხვილ ევროპულ კომპანიებთან როგორიცაა, მაგალითად, „ბრითიშ პეტროლიუმი“, „შელი“, „სიმენსი“... პუტინი უკვე შეხვდა ამ კომპანიების ხელმძღვანელებს. პუტინი კარგად ხვდება, რომ ამ კომპანიებს აქვთ ძალიან დიდი გავლენა დასავლეთში და მათთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ამით ცდილობს დაუძვრეს სანქციებს. რამდენად მოახერხებს, ვნახავთ.