„თბილისში ყველაფერი გარკვეულია, სიაში ვერცერთ ყოფილ ნაციონალს ვერ ნახავთ“

„თბილისში ყველაფერი გარკვეულია, სიაში ვერცერთ ყოფილ ნაციონალს ვერ ნახავთ“

კოალიცია „ქართული ოცნება“ 26 აპრილს, თბილისის მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას ოფიციალურად წარადგენს. ხელისუფლება საზოგადოებას პრეზენტაციაზე „ბევრ სიურპრიზს“ ჰპირდება, როგორც პროგრამის თვალსაზრისით, ასევე -კანდიდატების კუთხით.

თუ რა „სიურპრიზს“ უნდა ელოდოს ამომრჩეველი, ამას მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, თუმცა, უმრავლესობა ირწმუნება, რომ მათი საარჩევნო სიის „გაცხრილვა“ მიმდინარეობს და სიაში ყოფილი ნაციონალები ვერ მოხვდებიან.

თუ ვინ სთხოვდა „თავისუფალ-დემოკრატებს“ საარჩევნო სიაში ჩასმას, გამგებლებისა და მერების შერჩევისას და ვინ იხელმძღვანელებს ექსკლუზიური უფლებით  - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი ცაგარეიშვილთან ჩავწერეთ:

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კოალიციაში ადგილობრივი არჩევნებისთვის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა უმრავლესობა შეთანხმებულია. მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში, ყოფილი ნაციონალებიც მოხვდნენ?

- თბილისში ყველაფერი გარკვეულია და გარწმუნებთ, რომ სიაში ვერცერთ ყოფილ ნაციონალს ვერ ნახავთ. რაც შეეხება რეგიონებს, იქ პრობლემები რომ იქნებოდა, ეს ბუნებრივი იყო, რადგან ვითომდა მძლავრი „ნაციონალური მოძრაობა“ ხუხულასავით ჩამოინგრა  და მათმა მხარდამჭერებმა „ქართულ ოცნებაში“ გადასვლა მოინდომეს. ამ მხრივ, პრობლემა განსაკუთრებით პარტია „ქართულ ოცნებას“ შეექმნა, რადგან კოალიციაში მიზიდულობის ცენტრი ეს პარტიაა. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ხელშეუხებელია და ეს პარტიას ეხმარება, რომ მოწინავე პოზიცებზე იყოს. ამ პარტიაში ბევრი ადამიანი გაწევრიანდა და როგორც ჩანს, ფილტრები ვერ შევქმენით.   კოალიციაში ფილტრების არარსებობამ  ის გამოიწვია, რომ ყოფილი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ამათუიმ პარტიასა და ფრაქციაში მოხვდა. 26 აპრილს, თბილისის მერობის კანდიდატს წარვადგენთ და პრეზენტაციაზე ბევრი სიუპრიზი იქნება როგორც პროგრამის თვალსაზრისით, ასევე კანდიდატების კუთხით.

„თავისუფალი-დემოკრატების“ რიგებში ყოფილი ნაციონალები არ არიან?

- არ არიან! ვეცადეთ, რომ ჩვენს რიგებში მსგავსი ადამიანები არ შემოსულიყვნენ. ეს მეტ-ნაკლებად შევძელით კიდეც. ამ თვალსაზრისით, თუ ვინმეს საამაყო აქვს, პირველ რიგში - „თავისუფალ-დემოკრატებს“. ჩვენი რიგები ამგვარი ადამიანებისგან 99 პროცენტით თავისუფალია. პარტიაში ხალხის შემოდინების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ოდიოზური ფიგურების შემოდინებისგან თავი უნდა დავიცვათ.

ოდიოზური ფიგურები განსაკუთრებით რეგიონებში ჩანან, სადაც ყველაფერი ხელის გულზე დევს.  წინა ხელისუფლების პირობებში ვინ როგორ ცხოვრობდა, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი ადამიანების გადმობირებას უნდა მოვერიდოთ. კვოტების ათვისებისას ყურადღებას ვამახვილებთ არა მხოლოდ იმაზე, რომ სიაში ყოფილი ნაციონალები არ მოხვდნენ, არამედ იმ ადამიანებსაც ვერიდებით, რომლებიც  პოლიტიკაში აქამდე საერთოდ არ ყოფილან. „თავისუფალი-დემოკრატების“ პრინციპია, ის ადამიანები დავაფასოთ, რომლებიც ხუთი წელი ბარიკადებზე იდგნენ და ზეწოლებს გაუძლეს. თუ გვინდა, რომ პარტიული სხეული ერთი იყოს, ამ ადამიანებს უნდა ვუერთგულოთ და პარტია ამ ადამიანებით ავაშენოთ. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თბილისის სიასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საინტერესო შემოთავაზება გვქონდა, რაზეც უარი ვთქვით.

„საინტერესო შეთავაზებაში“, რას გულისხმობთ?

- ჩვენთან ბიზნესმენები მოდიოდნენ, სიის გამსვლელ ადგილებში ჩასმას და მაჟორიტარებად საკუთარი კანდიდატურების დაყენებას გვთხოვდნენ. ყველა შეთავაზებაზე უარი ვთქვით და იმ ადამიანებს დავეყრდენით, ვინც ჩვენთან ერთად წლებია მოდის. მართალი გითხრათ, ამ ადამიანებთან ვალში ვართ, რადგან 1-ელი ოქტომბრის არჩევნების დროს, მათ ჩვენზე იმუშავეს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გიორგი მარგველაშვილზე, ახლა კი, როცა მათი არჩევნებია, ისინი გვერდზე გავწიოთ? -  ეს უზნეო საქციელი იქნება და „თავისუფალი-დემოკრატები“ ამით არ ვართ გამორჩეულები. როგორც ვიცი, შერჩევის იგივე ფორმით არიან დაკავებულნი სხვა პარტიებიც, მაგრამ მათზე პასუხს ვერ ვაგებ. რამდენიმე რეგიონია დარჩენილი, სადაც ადგილები უნდა გადაგვენაწილებინა, მაგრამ ინსინუაციები იმის შესახებ, რომ საარჩევნო სიაზე დაპირისპირებაა და კოალიციაში დაძაბულობაა, თითიდან გამოწოვილი ამბავია.

თუმცა, პრობლემებზე მაჟორიტარი დეპუტატები საუბრობენ.  for.ge-ს ინფორმაციით,  მაჟორიტარები სიის „გაცხრილვას“ ითხოვენ...

- ეს სხვა ამბავია. მაჟორიტარებს  პრობლემები აქვთ, რადგან მათ ადგილზე სიტუაციის განვითარება სხვანაირად წარმოდუგენიათ.

როგორ წარმოუდგენიათ?

- მათ ჰგონიათ, რომ ესა თუ ის ადამიანი უფრო მეტად უნდა დაფასდეს. ამ მხრივ, კოალიციაში შეიძლება აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.

თუმცა, საუბარია იმაზე, რომ ტყიბულში, ზესტაფონსა და ასპინძაში გამგებლებად იმ პირების კანდიდატურების დაყენებას აპირებთ, ვისთანაც ამ რაიონების მაჟორიტარებს პრობლემები აქვთ...

- ტყიბულზე, ზესტაფონსა და ასპინძაზე ხმები მეც მომივიდა და შეიძლება პრობლემები იყოს, მაგრამ ამ რაიონების მაჟორიტარებს მოვუწოდებ, ის გაიაზრონ კარგად, რომ ამ ოლქებში ის ადამიანები არიან,  რომელთაც  1-ელი ოქტომბრისთვის თავი გადადეს. ამ ადამიანებს უარი რომ ვუთხრათ, ეს უხერხული იქნება და ეს პრობლემას საერთო სიას შეუქმნის. სიების დაკომპლექტების დროს ექსკლუზივი არცერთ პარტიას არ აქვს.  თუ რომელიმე პარტიას რაიმე ეშლება, ისინი  კრიტიკას იღებენ და ამაზე რამდენიმე პარტიას მივუთითეთ. სხვადასხვა პარტიები ფიქრობდნენ, რომ სიებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გაეყვანათ.

„კონსერვტორებს“ გულისხმობთ, რომელთა სიებშიც იყვნენ ყოფილი ნაციონალები?

- ამას ვერ გეტყვით. სჯობს, ეს მათ ჰკითხოთ. შენიშვნები გაზიარებული იქნა. სია იცხრილება და კახი კალაძის იმედი მაქვს, რომელიც საარჩევნო სიის საკითხს პრინციპულად მიუდგა. მან გადაწყვიტა, რომ ყოფილი ხელისუფლების ოდიოზური წარმომადგენლები   პარტიულ სიებში არ უნდა მოხვდნენ. ეს ჯერჯერობით კარგად გამოგვდის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე გაგვეპაროს.

თქვენ თქვით, რომ „სიების დაკომპლექტების დროს, ექსკლუზივი არცერთ პარტიას არ აქვს“, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდა გამგებლებისა და მერების კანდიდატურები წარადგინონ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მიიღებს...

- ამ მხრივ, პრემიერს ექსკლუზივი აქვს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ის ხელისუფლების მეთაურია. გადამწყვეტი ხმა მას ექნება და ამაში საჩოთიროს ვერაფერს ვხედავ. თუ ვინმე თვლის, რომ პრემიერი კოალიციის ლიდერი არ არის, ეს ხმამაღლა თქვას, მაგრამ ასეთი ჭკუათმყოფელი კოალიციაში ჯერ არავინ გვყავს და ეს კარგია. პრემიერმა კანდიდატები პარტიებთან მოთათბირებით უნდა შეარჩიოს.  მან თქვა, რომ რაც უფრო მრავალფეროვნება იქნება, კანდიდატურების შერჩევა მით უფრო გაგვიმარტივდება. ირაკლი ღარიბაშვილს კანდიდატურები ჩვენც მივაწოდეთ.

რომელ ქალაქებში?

- ამას ვერ გეტყვით. კანდიდატურების შერჩევას პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რადგან არ გვინდა, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთოთ.

რაც შეეხება კვოტების გადანაწილებას, სიის 50 პროცენტს პარტია „ქართული ოცნება“ აითვისებს, დანარჩენი 50 პროცენტი კოალიციაში შემავალ პარტიებზე უნდა გადანაწილდეს, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით,  შესაძლოა, „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა-დემოკრატებმა“ მეტი კვოტა მიიღოთ...

- ვერ გეტყვით, ათი პროცენტი გვაქვს თუ მეტი.  მეტი თუ გვექნება, ეს ნამდვილად არ მეწყინება. თუ რომელიმე პარტიას, რომელიმე რეგიონში კანდიდატურები არ ეყოლება, მის კვოტას სხვა აითვისებს.  ეს ყველაფერი კი, კეთილი ნებით მოხდება.