საქართველო ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში მაისიდან ჩაერთვება

საქართველო ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში მაისიდან ჩაერთვება

საფრანგეთმა საქართველოს ცენტრალური აფრიკის მისიაში მონაწილეობის გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში ვიზიტით მყოფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის განცხადებით, საფრანგეთი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

„ალბათ იტყვით, რომ ცენტრალური აფრიკა შორის არის. თუმცა არც ისე შორს არის მაშინ, როდესაც საუბარია ადამიანების ხოცვა-ჟლეტის შეჩერებაში წვლილის შეტანაზე. ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და იქ რაც ხდება, ამის მსხვერპლია ევროპაც“, - განაცხადა ლორან ფაბიუსმა.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში. ეს არის პირველი მისია, რომელშიც საქართველო ევროკავშირის ეგიდით ჩაერთო. შარშან ვილნიუსში ხელი მოეწერა ევროკავშირთან პრევენციის მექანიზმში ჩართვას, ამის მერე საქართველომ მიიღო სამი შეთავაზება ევროკავშირიდან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილება ერთ-ერთია, რომელზედაც საქართველომ განაცხადა თანხმობა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისია უფლებოსილების შესრულებას სავარაუდოდ მაისიდან შეუდგება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიიღებს მონაწილეობას.

სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში?

მიხეილ დარჩიაშვილი: როდესაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოვახდინეთ ვილნიუსის სამიტზე, პარალელურად ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის ფარგლებში ჩარჩო ხელშეკრულებას, საქართველოს მიერ ევროკავშირის კრიზისების ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. ამის შემდეგ უკვე ევროკავშირმა მოგვმართა თხოვნით, რომ ჩავერთოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი და ახლა უკვე მიმდინარე მისიაში.

როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალურ აფრიკაში ამჟამად რთული ვითარებაა. ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა მისული. პერმამენტულად ადგილი აქვს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას. როგორც ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის, ჩვენთვისაც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა არის ყოვლად შეუთავსებელი, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა. ამდენად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაერთოს ოპერაციაში. ეს არის ჰუმანიტარულად და მორალურად გამართლებული მისია ჩვენთვის.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ პრაქტიკულად ყველა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ ინდივიდუალურად თუ ერთობლივი განცხადებით მადლობა გადაგვიხადეს. ამის მოწმენი გავხდით დღესაც, როდესაც საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გასუვეს ჩვენს ამ გადაწყვეტილებას.

თუ არის გადაწყვეტილი რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი საქართველო ამ მისიაში? რამდენადაც ცნობილი ამ მისიაში ქართველები ფრანგებთან ერთად იქნებიან წარმოდგენილ...

- ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი ასეულით შევიტანოთ წვლილი ამ ოპერაციაში. ეს არის ის ასეული, რომელსაც გამოცდილება მიღებული აქვს ავღანეთში. ამდენად, საკამოდ გამოცდილი ვაჟკაცები იქნებიან ამ მისიაში წარმოდგენილნი. ეს მისია ფრანგების მიერ არის წარმართული ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და გასტანს ექვსი თვე.

რა იქნება მისიის ძირითადი ამოცანა?

- მისიის ძირითადი ამოცანებია დედაქალაქი ბანგის უსაფრთოების უზრუნველყოფა, იქ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის საჭირო პირობების შექმნა. სავარაუდო გადასროლის თარიღები ახლა თანხმდება ევროკავშირთან - ჩვენ მათ დღის წესრიგზე ვართ დამოკიდებული. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას - ოპერაციაში მონაწილებით ქართული მხარე ვადასტურებთ, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში ჩართვა არ ატარებს რამე ფრაგმენტულ ან კამპანიურ ხასიათს, არამედ ეს ჩვენთვის არის მუდმივი ღირებულება, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს იქნება ავღანეთი თუ სხვა ოპერაციები.

ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი. დავუბრუნდები თქვენს კითხვას, რას მისცემს ქართულ მხარეს ამ ოპერაციაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ის დადებითად იმოქმედებს თავსებადობის ხარისხთან, როგორც ნატოსთან, ასევე ევროკავშირთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალ თავსებადობით ხარისხზე ვართ უკვე ალიანსის ძალებთან.

ამერიკელების ხელმძღვანელობით დღეისთვის 11 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა ნატოს აისაფის ოპერაციაში ჩართვის მოსამზადებელი წვრთნები. ამდენად, ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადების ხარისხი არის ძალზედ მაღალთავსებადი და ამას ეს ოპერაცია კიდევ უფრო აამაღლებს. დარწმუნებული ვართ, რომ როგორც სხვა მისიები, ასევე ეს მისიაც იქნება ძალზედ წარმატებული ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ ყველა ამოცანას და მშვიდობით დაბრუნდებიან თავის ქვეყანაში.

აქვე კიდევ ერთ დეტალას გავუსვამ ხაზს, საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა საფრანგეთის ინსტრუქტორთა ჯგუფი, რომლებმაც შეაფასეს ჩვენი ქვედანაყოფის მომზადების დონე და, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ეს დონე შეფასდა, როგორც ძალზედ მაღალი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს იმ თავსებადობას, რაც ჩვენ გაგვაჩნია ალიანსთან.

ერაყისგან და ავღანეთისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ეს მისია შედარებით უსაფრთხოა - ევროპელები ასე იოლად თავიანთ ჯარისკაცებს არსად არ გზავნიან...

- ყველა ოპერაციაში მისიიდან გამომდინარე საფრთხის დონე სხვადასხვაა. რა თქმა უნდა, ავღანეთში სხვაა, ერაყში - სხვა და ცენტრალურ აფრიკაშიც საფრთხის დონე არის განსხვავებული. ევროპულ კონტრიბუციას რაც შეეხება, ეს არის ჰუმანიტარულად და მორალურად გამართლებული მისია. ამდენად, ევროკავშირის ძალზედ დიდი რაოდენობის ქვეყანაა წარმოდგენილი ამ ოპერაციაში.

დაახლოებით როდის ჩაერთვებიან ქართველი სამხედროები ამ მისიაში?

- დამოკიდებული ვართ ევროკავშირის დღის წესრიგზე. სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ვგეგმავთ უკვე გადასროლის დაწყებას. ველოდებით ევროკავშირისგან საბოლოო გზავნილებს. კონსულტაციები მიმდინარეობს რიგი დეტალების შეთანხმების პროცესზე, რომელიც, რა თქმა უნდა, იმ პერიოდისთვის უკვე დასრულებული იქნება.

საქართველო არა მარტო ევროპული უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც ხდება. თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ მისიაში ევროკავშირის ეგიდით ერთვება, მაგრამ საქართველო შეძლებს გლობალური უსაფრთხოების სისტემაში თავისი წვლილი შეიტანოს?

- უსაფრთხოების მომხმარებლის კატეგორიიდან ჩვენ უკვე გადავედით უსაფრთხოების მიმწოდებლის კატეგორიაში. დღეს ჩვენ გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის ძალზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ვართ. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არაა კამპანიური ხასიათის, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიყოთ ნატოსა და ევროკავშირის გვერდით, იქ, სადაც ამას გლობალური უსაფრთხოება მოითხოვს, რადგან საქართველო განიხილება, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი.

ამდენად, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცენტარულ აფრიკაში, დადებით გავლენას მოახდენს იმ ჩვენს დღის წესრიგზე რაც გაგვაჩნია ევროკავშირთან. პირველ რიგში, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერება უახლოესი თვეების განმავლობაში და ზოგადად, ასევე, დადებით გავლენას იქონიებს ორმხრივ ურთიერთობებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.