წილებით დახუნძლული ქართველი დეპუტატები

წილებით დახუნძლული ქართველი დეპუტატები

ბიზნეს წილების საკითხი ახალი მოწვევის პარლამენტშიც აქტუალურია. ქართველი დეპუტატები საკუთარ ბიზნესს აგრერიგ ვერ ელევიან და ხშირად საპარლამენტო და ბიზნეს საქმიანობას ერთმანეთს უთავსებენ. ასე იყო ადრე, ასეა დღესაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პარლამენტის 43 წევრს (ან მისი ოჯახის წევრს) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. მათგან 28 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 9 კი - საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო ექვსი არც ერთს არ ეკუთვნის. გარდა ამისა, ამ პარლამენტარებიდან სამი- ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი თოფაძე, თამაზ ავდალიანი აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც არა მარტო წილები აქვთ ან ჰქონდათ ბიზნესში, არამედ კომპანიის დირექტორებიც იყვნენ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დეპუტატს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი.

აღნიშნული სამი დეპუტატიდან ერთ-ერთი, პარლამენტარი გოგი თოფაძეა, რომელიც 2013 წლის 18 ივნისამდე შპს „ყაზბეგი-2005“-ის, ხოლო 2013 წლის 19 ივნისამდე შპს „ყაზბეგი-ნაყინის“ დირექტორი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში თოფაძე უკვე დეპუტატი იყო.

კიდევ ერთი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი თამაზ ავდალიანია, რომელიც 2013 წლის 10 იანვრამდე შპს „ასკო ლტდ-ს“ დირექტორი იყო. პარლამენტის წევრი კი იგი 2012 წლის 21 ოქტომბერს გახდა.

კიდევ ერთი დეპუტატია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლელი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, რეესტრის უკანასკნელი ჩანაწერით დღემდე სააქციო საზოგადოება „გოლდენ ფლის გრუფისა“ და შპს „უნიონკრედიტის“ დირექტორია.

გარდა ამისა, ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მიერ წარდგენილ წლიური, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მათი მიმდინარე ბიზნეს საქმიანობა არასრულად არის ასახული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ განმარტავენ, რომ ეს პირდაპირ არ წარმოადგენს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს, თუმცა საჭიროა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის მიერ ფაქტების შესწავლა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.

დეპუტატების მხოლოდ მცირე ნაწილი უარყოფს ბიზნესში წილების ფლობას. მაგალითად, გოგი თოფაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ყველა ობიექტი შვილს გადააბარა და იურიდიულად მას გადაუფორმა.

„ამ შემთხვევაში საუბარია „ყაზბეგი ნაყინზე“ და „ყაზბეგი- 2005“-ზე. ეს ორივე ფირმა 15 წლის წინ არის გაუქმებული. ჩემი მოადგილე ყოველთვის ჩემი შვილი იყო. ახლა ის გენდირექტორია და ყველაფერი გადაფორმებული მაქვს შვილზე. ნებისმიერ დაიტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„ყაზბეგი ნაყინი“ ნაყინის მწარმოებელი პატარა ქარხანა იყო, რომელიც კახეთში გაიხსნა. ერთი სეზონი იმოქმედა - 1997 თუ 1998 წელს და ამის შემდეგ გაუქმდა. მას არც ბრუნვა აქვს და არც მისი ადმინისტრაცია არსებობს.

ძალიან ცოტა ხანს მოქმედებდა „ყაზბეგი - 2005“. ვამზადებდით შამპუნს და ესეც დამთავრებულია. ყველა ჩემი ბიზნესი გადაცემული მაქვს შვილზე, რაც დამტკიცებული და დადასტურებულია დოკუმენტალურად. მოქმედებს დაახლოებით 14 ფირმა - ეს არის ქარხნები, სასტუმროები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, სამონადირეო მეურნეობა და ეს ყველაფერი მართავაში გადაცემულია ჩემს ვაჟიშვილზე, რომელიც ჩემი მოადგილე და მოწილე იყო. ეს კანონით მიღებულია“, - განაცხადა თოფაძემ.

ბიზნესში წილების ფლობას უარყოფს უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი თამაზ ავდალიანი. როგორც დეპუტატმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ფირმა, რომელშიც წილი ჰქონდა, სადღეისოდ არ არსებობს.

„მქონდა ფირმა, რომელიც დაფუძნებული იყო 2010 წელს. მან სულ ორი ოპერაცია ჩაატარა და ამის მერე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. მოგეხსენებათ, ფირმის რეგისტრაცია ერთ დღეში ხდება, ხოლო ლიკვიდაცია პრობლემაა. ჩვენი პარტნიორი გერმანიის მოქალაქეა და ამის გამოც შეფერხდა ფირმის გაუქმება. ის 2013 წლიდან ჩემს სახელზე არ არის და შესაძლებელია იმის გადამოწმება, რომ რაც დეპუტატი ვარ, არანაირი სამეწარმეო საქმიანობა მას განხორციელებული არ აქვს და არ ფუნქციობს“, - განაცხადა ავდალიანმა.

დეპუტატის თქმით, მან „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მიაწოდა დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ სადღეისოდ მასზე არაფერია რეგისტრირებული.