2012 წელი ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციაში მნიშვნელოვანი მოვლენებით ხასიათდება. ამ პროექტების უმრავლესობა საქართველოს სატრანზიტო დერეფნად გამოყენებას გულისხმობდა.
ნაბუქო
ყველაფერი ეს ჩვენი ქვეყნისათვის, როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე, გეოეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია: ჯერ ერთი, დასრულდა სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის - “ჩრდილოეთის ნაკადის” პირველი და მეორე რიგების მშენებლობა და მასში რუსული გაზი უკვე აღმოსავლეთ ევროპის ტრანზიტული ქვეყნების გვერდის ავლით მიედინება. მეორეც, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას “ტრანსკასპიური გაზსადენის” ირგვლივ აზერბაიჯანსა და თურქმენეთთან მოლაპარაკებების გამართვის მანდატი მიანიჭა. ამავე დროს, თურქმენეთის გაზის რესურსების მიმართ სულ უფრო მზარდ დაინტერესებას იჩენს ჩინეთი და ინდოეთი (მოქმედი “ცენტრალურაზიური გაზსადენით”, ჩინეთში გაზის მიწოდების ზრდა 40 მლრდ კუბმეტრამდეა გათვალისწინებული, გაზსადენი “თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი” კი, დაფინანსების სტადიაზეა), რაც “ტრანსკასპიური გაზსადენისადმი” სერიოზული გამოწვევებია.
მესამე, ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტების მეორე რუსული კონკურენტის - “სამხრეთის ნაკადის” რეალიზაციაში ცნობილი ევროპული გერმანული და ფრანგული ენერგოკომპანიები ჩაერთვნენ და დააფუძნეს “სამხრეთის ნაკადის ტრანსპორტირების” კომპანია და ეს მაშინ, როცა ნაბუქო-ს კონსორციუმის, რომელიც ზემოაღნიშნული “დერეფნის” გლობალური პან-ევროპული მონაწილეა, დატოვება გერმანულმა ენერგოგიგანტმა გადაწყვიტა.
მეოთხე, 2011 წლის ბოლოს, თურქეთის მიერ “გაზპრომისათვის” შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში “სამხრეთის ნაკადის” გატარების უფლების მიცემამ და რუსეთის უკრაინასთან გაზის ფასზე მოლაპარაკებების ჩაშლამ, მკვეთრად გაზარდა საქართველოს შავიზღვისპირეთიდან აზერბაიჯანული თხევადი გაზის უკრაინასა და რუმინეთში (პროექტი “აგრი”) ტანკერებით ექსპორტის მნიშვნელობა, რასაც კიევი, თავის მხრივ, მოსკოვზე ზეწოლისათვის იყენებს.
ამასთან, “დერეფანს” სერიოზულად დაემუქრა ახალი, თურქულ-აზერბაიჯანული პროექტიც. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ნაბუქო-ს განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო, ანკარამ “სოკართან” “ტრანსანატოლიური გაზსადენის” მშენებლობის შეთანხმებები გააფორმა, თუმცა თურქეთის ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული გარიგებები “დიდი თამაშის” ნაწილია. კერძოდ, “სოკართან” 2011 წლის დეკემბრის ბოლოს გაფორმებულ რუსეთ-თურქეთის შეთანხმებამდე ორი თვით ადრე, ოქტომბერში შეთანხმებული “ტრანსანატოლიური გაზსადენის” პროექტი ადასტურებს ანკარას “შაჰ-დენიზი 2”-ის გაზის სახმელეთო გზით ტრანზიტისადმი “ერთგულებას”. რაც მთავარია, თუ “სამხრეთის გაზის დერეფნის” ევროპული პროექტები საქართველო-თურქეთის საზღვრიდან იწყებოდა და ევროპაში მთავრდებოდა, “ტრანსანატოლიური გაზსადენი” 10 მლრდ კუბმეტრ გაზს (თურქეთის შიდა საჭიროების 6 მლრდ კუბმეტრის გარდა) თურქეთ-ევროკავშირის საზღვრამდე მიიტანს, ანუ “შაჰ-დენიზის” კონსორციუმს ასარჩევი ექნება მხოლოდ გაზსადენის ევროპული სექციის მშენებელი კომპანია.
ამრიგად, აზრი ეკარგება 31 მლრდ კუბმეტრი სიმძლავრის ერზერუმი (თურქეთი)- ბაუმგარტენი (ავსტრია) მარშრუტის მქონე გიგანტურ ნაბუქო-ს და, ამავდროულად, 16 მლრდ კუბმეტრი სიმძლავრის “ტრანსანატოლიური გაზსადენის” აგებას. ამიტომ, “შაჰ-დენიზის” კონსორციუმმა, 2012 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ტენდერით არჩევანი უმარტივეს, უმოკლეს და უიაფეს მარშრუტზე გააკეთა. ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს პროექტი “ტრანსადრიატიკული გაზსადენია”.
ნაბუქო-სგან განსხვავებით, “ტრანსანატოლიურ გაზსადენს” ბაქო და ანკარა მხარს ერთხმად უჭერენ და აცხადებენ, რომ ის, ყველა შემთხვევაში, აიგება. ნაბუქო-სთან შედარებით, სწორედ ესაა ამ გაზსადენის მთავარი უპირატესობა, რომლის განხორციელებასაც სატრანზიტო ქვეყნები პირდაპირ უკავშირებენ ფასებისა და მიმწოდებლების განსაზღვრას.
ამ თვალსაზრისით, ერთდროულად რუსულ “სამხრეთის ნაკადსა” და “ტრანსანატოლიურ გაზსადენზე” თურქეთის მიერ გამოთქმული თანხმობა, არა ნაბუქო-სადმი “არალოიალურობა”, არამედ, ოსტატური პოლიტიკური სვლაა. სავარაუდოდ, “ტრანსანატოლიური გაზსადენი” რუსულ “სამხრეთის ნაკადს” ჩამოაჭრის ევროპაში მოთხოვნის გარკვეულ ბაზას, რაც “სამხრეთის ნაკადის” აგებას აზრს უკარგავს. ამით თურქეთი იღებს ევროპაში გაზის ტრანზიტორის ფუნქციას და, ამავდროულად, - შეღავათს რუსული გაზის იმპორტზე. როგორც ჩანს, ანკარა ორივე გაზსადენის უპირატესობებზე თამაშობს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას პუტინის გადაწყვეტილება, რომ “სამხრეთის ნაკადის” აშენება დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დაიწყოს. ე. ი. რუსეთს უკვე არა ნაბუქო-ს, არამედ, “ტრანსანატოლიური გაზსადენის” კონკურენციის ეშინია.
ამრიგად, თურქეთმა, როგორც ჩანს, უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი ახალ, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ რუსულ სატრანზიტო სისტემაში ინტეგრაციისკენ. ისე, არ იქნება ურიგო, რომ საქართველოს ენერგეტიკულმა პოლიტიკამაც პრაგმატული ტრანსფორმაცია განიცადოს და უახლოეს წლებში რეგიონული ენერგეტიკული და სატრანსპორტო “ჰაბი” გახდეს. ნაბუქო-ს თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პროექტის დაფინანსების გადადება რუსული კონკურენტების წარმატებამ კი არა, უფრო ფასებსა და ტრანზიტზე თურქეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების უზომოდ გაჭიანურებამ გამოიწვია. სხვათა შორის, ერთ-ერთ შეხვედრაზე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი, ილდიზიც კი აღიარებდა მიწოდებული აზერბაიჯანული გაზის გაუმართლებლად დაბალ ფასს - 120 დოლარს ათას კუბმეტრზე. თურქეთი არ თანხმდება აზერბაიჯანის წინადადებას - 250 დოლარს და ასახელებს თავისთვის ხელსაყრელ ფასს - 200 დოლარს. გამოიწვია თურქი ჩინოვნიკი, 2009 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, მეჯლისის საბიუჯეტო კომისიაზე გამოსვლისას, მოითხოვდა აზერბაიჯანული გაზის, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალ ფასად შესყიდვას, რასაც აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს.
შესაბამისად, მწვავდება ბაქოს თურქეთისადმი დაპირისპირება. ამ ფონზე გაჟღერდა გაზის ევროპაში ექსპორტის რამდენიმე ახალი, ურთიერთგამომრიცხავი მარშრუტი. ასე, მაგალითად, რუსმა ექსპერტებმა შესაძლებლად მიიჩნიეს თურქმენეთ-ირან-სომხეთის გაზსადენის პროექტის დაწყება. ყაზახეთში აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით კი, აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ევროპაში ტრანსპორტირებისთვის მხოლოდ საქართველო და რუმინეთი რჩებიან მისაღებ პარტნიორებად. მისი აზრით, თურქებმა, სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, “აზერბაიჯანს უღალატეს”. ამასთან, ელჩის მონაცემებით, უკრაინა უახლოეს პერიოდში მაქსიმალურად მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ აზერბაიჯანს ხელს არ აძლევს, რომ უკრაინის პორტები გამოიყენოს ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისთვის.
ამ თემის გაგრძელებად შეიძლება, ჩავთვალოთ 2009 წლის სექტემბერში, აზერბაიჯან-რუმინეთის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ქალაქ სოფიაში, ენერგოკომპანიებს - “სოკარსა” და “ბულგარტრანსგაზს” შორის მემორანდუმის ხელმოწერა. ამ შეთანხმებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო, რომელიც აზერბაიჯანული ჰიდროკარბონების თურქეთ-საბერძნეთის მილსადენებითა და ტანკერებით ბულგარეთში ტრანსპორტირების შესაძლებლობას შეისწავლის. ე. ი. თურქული მარშრუტის გვერდით, ასევე, განიხილება საზღვაო გზის, როგორც თურქეთის გვერდის ამქცევი მარშრუტის არსებობა.
2009 წლის ნოემბერში, შავი ზღვით აზერბაიჯანული ენერგო-მატარებლების ტრანსპორტირების იდეას პირველად დაუჭირა მხარი აშშ-ს მაშინდელმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ენერგეტიკის საკითხებში მორნინგსტარმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ში შეიქმნა ევროკავშირ-რუსეთის ენერგეტიკული კომიტეტი, რომელიც ევროპის ენერგოუზრუნველყოფის რეგულირებას მოახდენს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ნაბუქო-ს ირგვლივ აზერბაიჯან-თურქეთის მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ტრანსეროვნული ენერგოკომპანიები დამოუკიდებლად დაიწყებენ ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების ძებნას, თუმცა ექსპერტების ნაწილის აზრით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე ბულგარეთ-რუმინეთთან, ირანსა და რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიზანი ბაქოს მხრიდან თურქეთზე ზეწოლაა.
აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ რუსეთსა და ირანს არ აქვთ ისეთი სიმძლავრის გაზსადენები, რომ სრულად შეძლონ ამჟამად “სამხრეთ კავკასიური გაზსადენით” თურქეთისათვის ყოველწლიურად მიწოდებული 6.5-7 მლრდ კუბმეტრი გაზის მიღება, თანაც იმის გამო, რომ შავი ზღვის მარშრუტი ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, თურქეთის გაზმომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ბაქოს დარჩება არარეალიზებული ნაშთი. ამდენად, ბაქოსთვის ამ ეტაპზე გაზის თურქეთისთვის მიწოდება ობიექტური აუცილებლობაა.
ამრიგად, საქართველოზე 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის მილსადენების შეუფერხებელი ფუნქციონირება იმის მანიშნებელია, რომ საქართველო კვლავ მიისწრაფის ევროპაში ინტეგრაციისკენ. დასავლური მილსადენების ფუნქციონირება საქართველოსა და აზერბაიჯანის “სამხრეთის ენერგო-დერეფნის” მნიშვნელოვან რგოლებად არსებობას განაპირობებენ.
მოსკოვი ჯერჯერობით წარმატებით ასაბუთებს “სამხრეთის ენერგო-დერეფნის” მოწყვლადობას და მის შესაძლებლობას, ადვილად აღადგინოს ამ რეგიონში სსრკ-ს დაშლის შედეგად დაკარგული გავლენა. ამავდროულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა დაგვანახა, რომ მილსადენების სატრანზიტო გზაზე “სუსტ რგოლს” წარმოადგენს არა მხოლოდ თურქეთი, არამედ, საქართველოც. აღნიშნულის შედეგია ორი დასკვნა:
ჯერ ერთი, სამხედრო კონფლიქტის შედეგად ახალი მილსადენების აშენება რეგიონში რისკებს უკავშირდება. მაშასადამე, რუსული “სამხრეთის ნაკადი”, რომელიც ომამდეც გარკვეულწილად ნაბუქო-სთან შედარებით წარმატებული იყო, ახლა უფრო სერიოზულ “განაცხადს” აკეთებს გაზსადენის 2015 წლისთვის დასრულების შესახებ. ასეთივე სერიოზული პერსპექტივა მიეცა ახალ რუსულ-თურქულ პროექტს - “ცისფერი ნაკადი 2”-ს.
მეორეც, კონფლიქტმა გვიჩვენა დასავლეთის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების სასიცოცხლო აუცილებლობა. “გაზპრომის”, როგორც ენერგო-იარაღის გამოყენება აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებთან, უკრაინასა და ბელორუსთან ურთიერთობებში ამის თვალსაჩინო მაგალითია. მან ევროპას დაანახა, რომ როგორც “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი” თავის დროზე წარმატებული პოლიტიკური და არა კომერციული პროექტი იყო, ასევე, “სამხრეთის ენერგო-დერეფანი” შეიძლება, გახდეს რუსული მონოპოლისტების კონტრ-ბალანსი ევროპაში.
ამასთან, ვინაიდან “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი” ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან სულ 15 კმ-ის დაშორებითაა, ამ კონფლიქტის გააქტიურებამ შესაძლოა, საბოლოოდ დაასამაროს “სამხრეთის ენერგო-დერეფნის” იდეა. ამიტომ ევროპამ, უმოკლეს დროში, უნდა შეძლოს არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის, არამედ, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირება.
ბრიუსელის გააქტიურება უკვე შეიმჩნევა - 2013 წლის სექტემბრის ბოლოს „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმმა თავისი ახალი საბადოს აირზე ევროკავშირის ცხრა გაზგამანაწილებელ კომპანიას 100 მლრდ დოლარის გაზმომარაგების კონტრაქტები გაუფორმა. ამ გაზის ევროპაში ექსპორტის მოახლოებასთან ერთად, ბრიუსელმა, აშშ-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის მომავალი ხელშეკრულებით, ევროპაში აშშ-ის მოსალოდნელი ენერგოექსპანსიის მიუხედავად, რუსულ „სამხრეთის ნაკადს” პრიორიტეტული პროექტის სტატუსზე უარი განუცხადა. ექსპერტული მონაცემებით, ენერგორესურსებით გლობალურ ვაჭრობაში ძირითადი ფაქტორი ხდება ჩრდილოეთ ამერიკის მზარდი თვითუზრუნველყოფა, რაც იქ ფიქლების ნახშირწყალბადების მოპოვების ზრდით გახდა შესაძლებელი. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თუ 2012 წელს აშშ-მ 260 მლრდ კუბმეტრი ამ სახის საწვავი მოიპოვა, 2040 წლისათვის მოპოვებამ შესაძლოა, 485 მლრდ კუბმეტრს მიაღწიოს. ამიტომ, ევროკავშირი საკუთარი ენერგოპროექტების განხოციელების დაჩქარებას ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის 14 ოქტომბერს ევროკომისიამ დაამტკიცა 250 ენერგოპროექტი, რომელიც 2014-2020 წლებში იქნება პრიორიტეტული და დაფინანსდება 5.85 მლრდ ევროთი. ამ პროექტების 40% ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას ეხება. ჩამონათვალში არ მოხვდა არც რუსული “ჩრდილოეთის ნაკადის” გაფართოება და არც - ასევე რუსული “სამხრეთის ნაკადის” მშენებლობა. სამაგიეროდ, ამ სიაშია “სამხრეთის გაზის დერეფანი” - გაზის მიწოდება საქართველოს გავლით აზერბაიჯანსა და თურქმენეთიდან. გარდა ამისა, ნაბუქო-ს პროექტის წარუმატებლობის შემდეგ, ევროკომისია ავსტრიულ “ო-ემ-ვე”-სთან ერთად, განიხილავს დუნაის გასწვრივ “ნაბუქო-უესტთან” შედარებით შემცირებული პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობას. ამ პროექტში რუმინეთი, უნგრეთი და ავსტრია არა მხოლოდ საწვავის ტრანზიტორები, არამედ, შელფისა და ფიქლების გაზის მომპოვებლებიც იქნებიან. ევროკომისიამ, ასევე, ოდესა-ბროდის ნავთობსადენის პოლონეთში გაგრძელება ჩართო პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში, რაც საქართველოსთვის, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. პროექტი, საქართველოს გავლით, კასპიის ნავთობის აღმოსავლეთევროპულ ქსელში გადატვირთვას გულისხმობს.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი „სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტებს მხარს უჭერს იმ დროს, როცა ანალოგიურ მხარდაჭერაზე რუსულ „სამხრეთის ნაკადს” უარს ღიად უცხადებს. ამას არა მხოლოდ ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ბოლო დროს გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ, ეკონომიკური პროცესებიც განაპირობებენ. ამასთან, “ტრანსადრიატიკული გაზსადენის” (“ტაპ”) კონსორციუმის აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ტენდერში გამარჯვებამ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ნაბუქო-ს პროექტი შეაფერხა, არამედ, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი თხევადი გაზის ტრანსპორტირების “აგრის” პროექტიც გაურკვეველი ვადით გადადო, რაც ევროპაში ნახშირწყალბადებზე მოთხოვნის ზრდის პირობებში, საქართველოსთვის არასასურველია.
ევროკომისიის 2013 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საწვავის ფასები, სავარაუდოდ, მაღალ დონეზე დარჩება. ევროკომისია 2014 წლის ინდუსტრიული სამიტის შემდეგ აპირებს ამ საკითხზე პოლიტიკური დოკუმენტის მომზადებას, რომელშიც განხილული იქნება ევროკავშირის მიზნები ენერგეტიკის სექტორში. საქმე ისაა, რომ თუ ენერგომატარებლების ფასები არ შემცირდება, კავშირის წევრი ქვეყნები შეიძლება, აშშ-ს ეკონომიკურად ჩამორჩნენ. ევროკომისია მიუთითებს, რომ საწვავის სიძვირის გამო, ევროპის სამრეწველო პროდუქციის ზრდის ტემპი 15.5-დან 15.1%-მდე შემცირდა. ამ დროს, 2020 წლისთვის დაგეგმილია 20%-იანი ზრდის მიღწევა, რაც საეჭვო ხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ტენდერში “ნაბუქო-უესტზე” “ტაპის” პროექტის გამარჯვებას, ყველა პროდასავლური ორიენტაციის ქვეყანასა და პროექტზე ერთნაირად არ უმოქმედია. მაგალითად, ბოლო 23 წლის განმავლობაში არ ყოფილა რუმინეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის ისეთი გამოწვევა, როგორიც “ტაპ”-ის გამარჯვების გამო, „ნაბუქო-უესტისა“ და „აგრის“ პროექტების გაურკვეველი ვადით გადადებაა. ამით ქვეყნისთვის მიყენებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ზიანი ძალიან სერიოზულია. ზემოაღნიშნულ ტენდერამდე, შედარებით მოკლევადიან პერიოდში, მოხდა ისეთი მოვლენები, რომლებიც ნაბუქო-ს აქციონერებს უნდა გაეთვალისწინებინათ და “ყველა კვერცხები ერთ კალათაში არ ჩაედოთ”. კერძოდ, მომავალი ნაბუქო-ს მთავარი შემავსებლის - “სამხრეთკავკასიური გაზსადენის” ოპერატორსა და აქციონერ ბი-პი-ს, ბოლო პერიოდში მთელი რიგი პრობლემები დაუგროვდა: 1) ბი-პი-ის პლატფორმის მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიით გამოწვეული ფინანსური ზარალი; 2) “შაჰ–დენიზის“ კონსორციუმში დასუსტდა ბი-პი-ის პოზიცია, ამ კომპანიის აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან გაუთავებელი კრიტიკის გამო; 3) ბი-პი-ის არქტიკასა და ოფშორებში მოპოვების გამოცდილების გამო, „როსნეფტთან“ თანამშრომლობის დაწყებამ და “როსნეფტის” აქციების მეხუთედის ბრიტანული კომპანიისთვის გადაცემამ, “სამხრეთის გაზის დერეფნისადმი” ყურადღება შეამცირა; 4)საბოლოო ჯამში, 2012-2013 წლების „როსნეფტი”-„ტე-ენ-კა ბი-პი”-ს გარიგებამ ბრიტანული კომპანიის ზარალი გამოიწვია; 5) ბერძნული გაზის ქსელის კომპანია „დეპას“ საპრივატიზაციო ტენდერიდან „გაზპრომის“ ჩამოცილება, აზერბაიჯანული „სოკარის“ სასარგებლოდ, შეასუსტა ბი-პი-ს პოზიციები აზერბაიჯანში და ნაბუქო-ს განხორციელების ალბათობაც შეამცირა; 6) დიდ ბრიტანეთთან ერთად, ბი-პი-ს მთავარი მოკავშირე ქვეყნის - აშშ-ის ფიქლების გაზით თვითუზრუნველყოფა და მისი რეგიონალური „ენერგეტიკული ბალანსის“ მოთამაშედ ჩამოყალიბება, კომპანიის კასპიის რეგიონში ჩართულობის შესუსტებას იწვევს, რაც ვაშინგტონის ყურადღების ახლო სამეზობლოზე (სამხრეთ ამერიკა და შორეული აღმოსავლეთი) გადატანას ნიშნავს; 7) რუსეთის შემდეგ ევროპის მეორე გაზმომარაგების წყაროდ ნორვეგიის ჩამოყალიბება “სამხრეთის გაზის დერეფნის” ორ წამყვან მოთამაშეს - ბი-პი-სა და ნორვეგიულ “სტატოილს” შორის კონკურენციას ამწვავებს; 8) ბი-პი-ს ისრაელის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საბადოების („ლევიაფანი“ და „თამარი“) მიმართ სტრატეგიული ინტერესი გაუჩნდა; 9) ჟენევის წარმატებული ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგ, ირანის ნავთობის მინისტრმა, ზანგანემ აღნიშნა, რომ სამინისტროს დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ევროპულ კომპანიებთან და, შუამავლების საშუალებით, ესაუბრება აშშ-ის ჯგუფებს, რათა ენერგეტიკაზე სანქციების მოხსნის შემთხვევაში, მათ დაიწყონ ირანის ამ დარგში ინვესტირება. ყოველივე ზემოაღნიშნული ადუნებს ბი-პი-ს ყურადღებას “სამხრეთის გაზის დერეფნისადმი”, და მაშასადამე, ნაბუქო-სადმი.
ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან “ევროპის მეხუთე დერეფნის” აგების პერსპექტივას და ისრაელისა და კვიპროსის გაზის დაზვერილ მარაგებს, “ნაბუქო-უესტის” პროექტის “რეანიმაციის” თეორიული შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ კასპიისპირეთიდან ცენტრალურ ევროპამდე გადაჭიმული, გლობალური ნაბუქო-ს განხორციელებას წერტილი, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაესვა.
ამასთან, 2013 წლის ვილნიუსის სამიტზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება რეალურ პერსპექტივას ქმნის 2014 წლის აგვისტომდე, “აღმოსავლეთის პარტნიორობის” მორიგ სამიტზე ხელმოწერილი იქნას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება. 2013 წლის ბოლოს უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ჩაშლა და ევროპის ენერგობაზრის ზემოაღნიშნული ტენდენციების განხილვა საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ:
1. სავარაუდოდ, 2014 წელს საქართველოს ტერიტორიაზე, მეზობელი სახელმწიფოების ხელშეწყობით, გააქტიურდება, სულ ცოტა, სამი სეპარატისტული რეგიონი: ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი და პანკისის ხეობა, რომელთაგან პირველი ორის ტერიტორიაზე გადის რეგიონალური მნიშვნელობის მილსადენები - ბაქო-სუფსას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები და “სამხრეთკავკასიური გაზსადენი”;
2. 2014 წლის ბოლოს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის მოახლოებისა და სომხეთის საბაჟო კავშირში მოსალოდნელი გაწევრიანების კვალობაზე, რუსეთი და სომხეთი გაააქტიურებენ ძალისხმევას აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნაზე, რამაც შესაძლოა, ნახშირწყალბადების საქართველოს რკინიგზითა და პორტებით ტრანსპორტირება შეამციროს;
3. აშშ-ში “ფიქლების რევოლუციისა” და თურქმენული გაზისა და ნავთობის აღმოსავლეთით ტრანსპორტირების დაწყების შემდეგ, საფრთხე ექმნება “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტების განხორციელებას;
4. საოკუპაციო ზოლზე “ბორდერიზაციის” პროცესი, სავარაუდოდ, საქართველოზე გამავალი მილსადენების (ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, “სამხრეთკავკასიური გაზსადენი”) ფუნქციონირებაზე ნეგატიურად აისახება. ამის გამო აზერბაიჯანი იძულებული იქნება, კვლავ გააქტიუროს 2013 წელს გაჩერებული ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენით და მოზდოკი-გაზიმაგომედის გაზსადენით თავისი ნახშირწყალბადების ტრანსპორტირება.