სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით იმ თანამემამულეებისთვის, რომლებიც რუსულ ენას თავისუფლად ფლობენ, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. აღნიშნული ცვლილებები რუსეთის სახელმწიფო დუმამ ჯერ კიდევ 4 აპრილს მიიღო. კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებას.
ახალი კანონით, უცხოეთის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სპეციალურ კომისიაში უნდა გაიაროს გასაუბრება, რომელიც ადგენს, არის თუ არა უცხოელი რუსული ენის მცოდნე. ასეთ ადამიანად მიიჩნევა პირი, რომელიც ფლობს რუსულ ენას და ყოველდღიურად იყენებს მას ოჯახში და „კულტურულ სფეროში“.
გასაუბრების გავლა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც თვითონ ან რომელთა ნათესავები პირდაპირი ხაზით ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ან რუსეთის იმპერიაში და თანამედროვე რუსეთის საზღვრებში. დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ასეთი ადამიანების კატეგორიამ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს.
ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ადამიანებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას გულისხმობს, ქართველი იურისტები გულდასმით სწავლობენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ იურისტები მას გულდასმით სწავლობენ გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელია გარკვეული სამართლებრივი კონტრზომებით პასუხი.
ამასთან, დავით ზალკალიანმა იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებთ, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აიღებენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მყისიერად დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საუბარი იყო იმაზეც, თითქოს სამცხე-ჯავახეთში დაიწყო რუსული პასპორტების დარიგება, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დასტურდება და გაზვიადებული იყო.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ქართული მხარე ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება და აუცილებლად უპასუხებს სამართლებრივი კონტრზომებით.
„რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულ კანონთან ქართული კანონმდებლობის შედარება უნდა მოხდეს. ორმაგი მოქალაქეობა გამორიცხულია საქართველოს კანონმდებლობით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კანონზე პასუხი.
ეს კანონი ჩვენთვის ცნობილია, საჭიროა სამართლებრივი კონტრზომების მიღება. მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, მყისიერად დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ხელისუფლება საფრთხის მრავალ ვარიანტს განიხილავს. რაც შეეხება ჯავახეთს, ალასანია ამბობს, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ამგვარი საფრთხე, რადგან რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდ განცხადებები აქვთ გაკეთებული.
„იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც თავდაცვისა და შს სამინისტროებს დღეს აქვთ, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ერთობლივი ოპერატიული მუშაობით, ამ პროცესში ჩართული ადამიანური რესურსით, ყველაფერი კეთდება, რათა არ დავუშვათ ჯავახეთში ხელოვნური დაპირისპირებების პროვოცირება. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგებას, როგორც საგარეო და შს სამინისტროებიდან გვაქვს ინფორმაცია, საგანგაშო არაფერია.
ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილს აქამდეც ჰქონდა ორმაგი - ქართული და სომხური ან ქართული და რუსული მოქალაქეობა, მაგრამ ამას ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მიზნით, ბოლო ხანს სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანოზაციები. ეს რუსეთის მეთოდია, რისი გამოყენებაც უკვე სცადა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
რუსეთი ცდილობს, საგარეო კურსის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის გახლეჩით დაშალოს ეს საზოგადოება, რათა მერე თავისი გავლენა ადვილად მოგვახვიოს თავზე. სწორედ ასე მოიქცა უკრაინაშიც. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა და მივცეთ საშუალება კონტრდაზვერვით ორგანოებს, შს სამინისტროს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და მოახდინონ ამგვარი საფრთხეების პრევენცია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგნელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ კანონი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო. მისი თქმით, რუსეთში მიღებული კანონის პირველ შედეგებს ალბათ, მალე ვიხილავთ. აბაშიძის განმარტებით, ამის მიუხედავად, ის სავარაუდოდ, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის რუსი ეროვნების მოსახლეობას შეეხება.
„მიმაჩნია, რომ ეს კანონი სპეციალისტებმა დიდი ყურადღებით უნდა შესწავლონ და ჩვენ უნდა მივადევნოთ თვალი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ახალ ცვლილებასთან დაკავშირებით. მეც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უფრო უკრაინაში მცხოვრებ რუსი ეროვნების მოსახლეობისთვისაა მიღებული.
თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველას შეეხება და ყურადღება ნამდვილად საჭიროა, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით განსაკუთრებული ახალ განვითარებას მე ვერ ვხედავ, ალბათ, მალე ვიხილავთ ამ კანონის ამოქმედების პირველ შედეგებს და კონკრეტული დასკვნების გაკეთება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ ხელისუფლებამ ადექვატური ზომები უნდა მიიღოს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფრო ადექვატური განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლება საქმის კურსშია და ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არის.
„ეს არის ადექვატური განცხადება და არა ის, რომ საფრთხე არ არსებობს.
რბილად, რომ ვთქვათ, არადექვატურია საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია. აქ შესასწავლი არაფერი არაა. მაგრამ, თუ სამინისტროში გადაწყვიტეს, რომ შეისწავლონ საკითხი, ეს მარტო იურისტების საქმე არაა. ეს უნდა იცოდეს სამინისტრომ. გასაგებია, დიპლომატიურმა უწყებამ პანიკა არ უნდა შეიტანოს საზოგადოებაში, მაგრამ არც სირაქლემის პოზია არ უნდა დაკავოს, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი მშვიდად არის.
ჩვენ არსაიდან საფრთხე არ გველის და ამავე დროს, ქვეყნის მეორე პირი დავით უსუფაშვილი ვილნიუსში ტირის და იხვეწება, მალე მოგვიღეთ ნატოში, თორემ გეოგრაფიული რუქიდან წავიშლებითო. ეს ანეგნოტურ ფორმას ღებულობს უკვე. საგარეო საქმეთა სამინისტრო გვამშვიდებს და ქვეყნის მეორე პირი გარეთ იხვეწება, მალე მოდით გვიშველეთო. ეს არანორმალური სიტუაციაა და მეტყველებს იმაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე“, - აცხადებს ცინცაძე.
პოლიტოლოგი არ იზიარებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ამ კანონის მიღების მაპროვოცირებელი იყო უკრანიაში მიმიდინარე პროცესები.
„თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ მხოლოდ ყირიმისთვის იქნა მიღებულ ეს კანონი, მაშინ ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან სერიოზული კვალიფიციური კურსების მიღება სჭირდება. ეს კანონი არაა დროში შეზღუდული, რომ აი დალაგდება უკრაინაში ვითარება და მორჩა, კანონი აღარ მოქმედებს. ეს კანონი ეხება მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეს, დაწყებული ბალტიის პირეთით და დამთავრებული სამხრეთ კავკასიით.
ამ კანონის მიღებით, რუსეთს სრული ლეგიტომური უფლება აქვს თავისი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეს ჩამოურიგოს თავისი პასპორტები. როგორც კი პასპორტს იღებს და ხდება რუსეთის მოქალე, ის მაშინვე რუსეთის დაცვის ობიექტად იქცევა. რუსეთს წლების წინ მიღებული აქვს კიდევ ერთი კანონი, რომლის ძალითაც პოსტსაბჭოურ სივრცეზე და არა მხოლოდ პოსტსაბჭოურ სივრცეში, მას ევალება და აქვს უფლება დაიცვას თავისი მოქალაქეების სიცოცხლე.
დიპლომატიური დაცვა ისედაც ჰქონდა რუსეთს მთელს მსოფლიოში. აქ სხვა მეთოდებით დაცვაზე საუბარი, პირველ რიგში ჯარის შეყვანა. მაგალითად, სადღაც რუსეთის მოქალაქეს თავი გაუტეხეს და ასეთი შემთხვევები იქნება პროვეცირებული, ეს უკვე საბაბია ჯარის შეყვანის. ვის აქვს იმის გარანტია, რომ კრემლი ძალიან თავშეკავებული იქნება, როდესაც ეს მის ინტერესში იქნება. რუსეთი უკვე არაფერს არ ერიდება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.