საქართველოს პარლამენტი - საქმიანი უსაქმურები და დამუნჯებული უჩინმაჩინები

საქართველოს პარლამენტი - საქმიანი უსაქმურები და დამუნჯებული უჩინმაჩინები

ქართველ კანონმდებელთაგან ყველაზე დიდი ნდობით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობენ. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი შედეგი იმ კვლევამ დადო, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს დაკვეთით, 2013 წლის ოქტომბერში ჩატარდა.

ორგანიზაციის ანგარიში ერთის მხრივ, დეპუტატთა საპარლამენტო აქტივობას მოიცავს, მეორეს მხრივ კი ნაჩვენებია, კანონმდებელთა მიმართ საზოგადოებრივი განწყობა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25 პროცენტი არცერთ დეპუტატს არ ენდობა, 51 პროცენტი ნდობით აღჭურვილ კანონმდებელს ვერ ასახელებს, 6 პროცენტი დავით უსუფაშვილს ენდობა, 4 პროცენტი დავით ბაქრაძეს, 2 პროცენტი ეკა ბესელიას, თითო-თითო პროცენტი კი, ხიდაშელ-დავითაშვილ-კობახიძე-ხმალაძე-ძიძიგურზე გადანაწილდა.

თავად პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, გამოკითხულთა 24 პროცენტი ენდობა, უწყებას 23 პროცენტი არ ენდობა, 43 პროცენტი კი - ნაწილობრივ ენდობა და ნაწილობრივ არ ენდობა.

ამას გარდა, გამოკითხულთა 46 პროცენტის აზრით, პარლამენტის 150 წევრი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ზედმეტია, ხოლო 49 პროცენტს მიაჩნია, რომ დეპუტატთა ეს რაოდენობა საკმარისია.

კვლევით ასევე ირკვევა, რომ პარლამენტის წევრთაგან 83 პროცენტით ყველაზე ცნობადი ფიგურა დავით უსუფაშვილია, ხოლო საზოგადოება ყველაზე ნაკლებად მაჟორიტარ დეპუტატებს იცნობს. მათ შორის, გამოკითხულთა 50 პროცენტი საკუთარი რაიონის/ოლქის მაჟორიტარ დეპუტატსაც არ იცნობს.

აღსანიშავია, რომ საზოგადოების ნაწილი კანონმდებელთა აქტივობითაც არ არის კმაყოფილი და როგორც კვლევიდან ჩანს, გამოკითხულთა 53 პროცენტი აქტიურ დეპუტატს ან არ, ან ვერ ასახელებს, 14 პროცენტს მიაჩნია, რომ არცერთი დეპუტატი არ არის საკმარისად აქტიური, 6 პროცენტის მოსაზრებით, ყველაზე აქტიური ეკა ბესელიაა, 4 პროცენტის თქმით, დავით უსუფაშვილი, 3-3 პროცენტი მიიჩნევს, რომ აქტიურები ხიდაშელი-ბაქრაძე-დავითაშვილი არიან, 2 პროცენტს აქტიურ კანონმდებელად დავით საგანელიძე მიაჩნია, ხოლო თითო-თითო პროცენტი თაქთაქიშვილ-ძიძიგურ-ქუცნაშვილ-ხმალაძეზე გადანაწილდა.

უნდა ითქვას, რომ კვლევის მიხედვით, ყველაზე საინტერესო ის გახლდა, რომ გამოკითხულთა 3 პროცენტს მიაჩნია, რომ ტრიბუნიდან დავით ბაქრაძე იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. გამოკითხულთა 2-2 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ხიდაშელი-უსუფაშვილი-ბესელია-დავითაშვილი საუბრობენ, თითო-თითო პროცენტი კი თვლის, რომ მნიშველოვან საკითხებზე კობახიძე-ძიძიგური აქცენტირებენ. ამავე კითხვაზე, გამოკითხულთა 27 პროცენტი პასუხობს, რომ პარლამენტში მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს არავინ აყენებს, ხოლო 55 პროცენტმა ის დეპუტატი ვერ დაასახელა, რომელიც მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, გამოკითხულთა 55 პროცენტის მოსაზრებით, პარლამენტის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა - პოლიტიკური დაპირისპირებაა, 15 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა ის არის, რომ დეპუტატები არ არიან ხალხის სამსახურში, 10 პროცენტი პრობლემას კანონმდებელთა არაპროფესიონალიზმში ხედავს, 3 პროცენტს კი დეპუტატთა ყოფაქცევა არ მოსწონს.

რაც შეეხება დეპუტატთა საქმიანობას პარლამენტში, თუ პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობის მიხედვით ვახტანგ ხმალაძე (217 გამოსვლა), კობა დავითაშვილი (215), პავლე კუბლაშვილი (150), სერგო რატიანი (142) და ზაქარია ქუცნაშვილი (140) ლიდერობენ, 150 კანონმდებელიდან 28 ისეთი დეპუტატია, რომელთაც ერთი წლის განმავლობაში, არც საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებით და არც პლენარულ სხდომაზე რაიმე ფორმით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ.

მათ შორის უმრავლესობიდან არიან - ლევან ბერძენიშვილი, ვალერი გელაშვილი, მახირ დარზიევი, გოჩა ენუქიძე, ზურაბ ზვიადაური, ალი მამედოვი, თამაზ ყაჭეიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, თამაზ შიოშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური და ვიქტორ ჯაფარიძე. უმცირესობიდან სიტყვით არ გამოსულან როლანდ ახალაია, ზაზა კედელაშვილი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, ლევან ქარდავა, ნიკოლოზ ყიფშიძე და ნაული ჯანაშია. ასევე პარლამენტის ტრიბუნას არ სწყალობენ ნაციონალებიდან წამოსული დეპუტატები - ანზორ ბოლქვაძე, მარიკა ვერულაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, გიორგი ფეიქრიშვილი, სერგო ხაბულიანი და იაშა შერვაშიძე.

მართალია, კობა დავითაშვილი საკუთარი „ულტიმატუმის“ გამო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობას ჩამოშორდა, მაგრამ ის იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც ინიცირებული კანონპროექტების რაოდენობის მიხედვითაც ლიდერობენ.

კერძოდ, თუ ერთი წლის განმავლობაში, ყოფილმა დეპუტატმა და ამჟამად, უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა 36 ინიციატივა მოამზადა, კობა დავითაშვილი 35 კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, დავით ონოფრიშვილმა 33 პროექტის, ირაკლი სესიაშვილი 32-ის, გიორგი ცაგარეიშვილი კი 22-ის.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, „საერთაშორისო გამჭირველეობა - საქართველო“-ს ანგარიშში განსაკუთრებით საყურადღებო იმ 43 დეპუტატის საქმიანობაა, რომელთაც ბიზნესინტერესები აქვთ.

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, დეპუტატს სამეწარმეო საქმიანობა შეზღუდული აქვს და იგი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელების დაწყების მომენტიდან სტატუსის შეუსაბამო საქმიანობა შეწყვიტოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ ინფორმაციით, 43 დეპუტატს (ან მისი ოჯახის წევრს) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები.

„სამი ისეთი დეპუტატი აღმოჩნდა, რომელთაც არამარტო წილები აქვთ/ჰქონდათ ბიზნესში, არამედ კომპანიის დირექტორებიც იყვნენ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად. ამ დეპუტატთაგან ერთ-ერთი ზვიად კვაჭანტირაძეა, რომელიც დღემდე „გოლდენ ფლის გრუფისა“ და შ.პ.ს. „უნიონ კრედიტის“ დირექტორია. ასევე 2013 წლის 18 ივნისამდე, გიორგი თოფაძე იყო შ.პ.ს „ყაზბეგი 2005“-ის, ხოლო 2013 წლის 19 ივნისამდე - შპს „ყაზბეგი-ნაყინის“ დირექტორი. მსგავსი შემთხვევა თამაზ ავდალიანის ჩანაწერებშიც დაფიქსირდა, რომელიც 2013 წლის 10 იანვრამდე, შპს „ასკო ლტდ“-ის დირექტორი იყო“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც დეპუტატებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის ცნობით, სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესინტერესები აქვთ  დეპუტატებს (ან მათი ოჯახის წევრებს): აკაკი ბობოხიძე, ალექსანდრე თამაზაშვილი, გელა სამხარაული, გიგლა აგულაშვილი, გიორგი ბარამიძე, გიორგი ვოლსკი, გიორგი თოფაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ჟვანია, გიორგი ცაგარეიშვილი გოგი ლიპარტელიანი, გოდერძი ბუკია, გოჩა ენუქიძე, ეკა ბესელია, ერეკლე ტრიპოლსკი, ვახტანგ ხმალაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაზა კედელაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ ტყემალაძე, თამაზ ავდალიანი, თამაზ ყაჭეიშვილი, თამაზ შიოშვილი, თემურ მაისურაძე, იაშა შერვაშიძე, იოსებ ჯაჭვლიანი, ირინე იმერლიშვილი, კახა ოქრიაშვილი, კობა ნაყოფია, ლევან ქარდავა, ნიკოლოზ ყიფშიძე, ნოდარ ებანოიძე, პაატა კიკნაველიძე, პაატა ლეჟავა, რევაზ შავლოხაშვილი, სერგო ხაბულიანი, დავით საყვარელიძე (დედა), ვალერი გელაშვილი (შვილი) და ომარ ნიშნიანიძე (მეუღლე).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ შეფასებით, ქარდავას, შავლოხაშვილის, ყაჭეიშვილის, შიოშვილის, ბუკიას, ლიპარტელიანის, ავდალიანისა და ჯაფარიძის მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული.

პარლამენტის ზოგიერთ წევრს ბიზნესინტერესები რომ ამოძრავებს, ეს „შრომის კოდექსის“ მიღებისას გამოჩნდა, როდესაც კახა ოქრიაშვილის ე.წ. ბიზნესმენთა ფრაქციამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ თუ რა რეაგირებას მოახდენს პარლამენტი ორგანიზაციის ანგარიშზე, ეს სავარაუდოდ, ცნობილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდება.

ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კველავას გამოეხმაურა გოგი თოფაძე და თამაზ ავდალიანი. უმრავლესობის წევრები ბიზნესში წილების ფლობასა და ბიზნესსაქმიანობაში მონაწილეობას უარყოფენ. გოგი თოფაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ყველა ობიექტი შვილს გადააბარა და იურიდიულად მას გადაუფორმა.

„ამ შემთხვევაში საუბარია „ყაზბეგი ნაყინზე“ და „ყაზბეგი - 2005-ზე. ეს ორივე ფირმა 15 წლის წინ არის გაუქმებული. ჩემი მოადგილე ყოველთვის ჩემი შვილი იყო. ახლა ის გენდირექტორია და ყველაფერი გადაფორმებული მაქვს შვილზე. ნებისმიერ დაიტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„ყაზბეგი ნაყინი" ნაყინის მწარმოებელი პატარა ქარხანა იყო, რომელიც კახეთში გაიხსნა. ერთი სეზონი იმოქმედა - 1997 თუ 1998 წელს და ამის შემდეგ გაუქმდა. მას არც ბრუნვა აქვს და არც მისი ადმინისტრაცია არსებობს. ძალიან ცოტა ხანს მოქმედებდა „ყაზბეგი – 2005". ვამზადებდით შანპუნს და ესეც დამთავრებულია. ყველა ჩემი ბიზნესი გადაცემული მაქვს შვილზე, რაც დამტკიცებული და დადასტურებულია დოკუმენტალურად. მოქმედებს დაახლოებით 14 ფირმა – ეს არის ქარხნები, სასტუმროები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, სამონადირეო მეუერნეობა და ეს ყველაფერი მართავაში გადაცემულია ჩემს ვაჟისშვილზე, რომელიც ჩემი მოადგილე და მოწილე იყო. ეს კანონით მიღებულია“, - აცხადებს გოგი თოფაძემ.

თოფაძის მსგავსად, ბიზნესში წილების ფლობას უარყოფს უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი თამაზ ავდალიანი. მისი თქმით, ფირმა, რომელშიც წილი ჰქონდა, სადღეისოდ არ არსებობს. 

„მქონდა ფირმა, რომელიც დაფუძნებული იყო 2010 წელს. მან სულ ორი ოპერაცია ჩაატარა და ამის მერე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. მოგეხსენებათ, ფირმის რეგისტრაცია ერთ დღეში ხდება, ხოლო ლიკვიდაცია პრობლემაა. პარტნიორი გერმანიის მოქალაქეა და ამის გამოც შეფერხდა ფირმის გაუქმება.

ის 2013 წლიდან ჩემს სახლზე არ არის და შესაძლებელია იმის გადამოწმება, რომ რაც დეპუტატი ვარ, არანაირი სამეწარმეო საქმიანობა მას განხორციელებული არ აქვს და არ ფუნქციონირებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თამაზ ავდალიანმა. ამასთან, დეპუტატის თქმით, მან „საერთაშორისო გამჭირვალობას“ მიაწოდა დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ სადღეისოდ მასზე არაფერია რეგისტრირებული.

რაც შეეხება უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ჩვენ დავუკავშირდით კვაჭანტირაძეს, თუმცა, როგორც წესი მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ფაქტების შესწავლა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ რა ზომებს მიიღებს პარლამენტი უცობია. ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ პასური აქტიურში გადაიყვანოს, კანონის დაცვითაც შეიძლება ამის გაკეთება. მისი თქმით, ამ კუთხით, დღეს მოქმედი კანონი არ არის საკმარისად ეფექტური.

„შეიძლება მინდობილობით გადაცემული გქონდეს, ფორმალურად იცავდე ყველაფერს, მაგრამ არაოფიციალურად ეროდე და ბიზნეს ალაგებდე. იმიტომ, რომ აქციების რეალური მფლობელი ხარ. მეორეს მხრივ, თუნდაც ეს იყოს ფორმალური, ფორმალურად კანონის დაცვა ყველა ადამიანისთვის არის სავალდებულო. ბატონ გოგის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან გამიკვირდება, რომ მას ეს ფორმალური მხარე არ ჰქონდეს დაცული. მისგან არის გასაკვირი. სხვებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. შედარებით ახლგაზრდა, გამოუცდელი ახლაბედა პოლიტიკოსები ვინც არიან, მათ შეიძლება რამე კაზუსი ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ არსებობენ სატრანსტო ორგანიზაციები, რომელთაც ასეთ შემთხვევაში გადაეცემათ უფლებომოსლება პოლიტიკოსის ბიზნესის მართვისა და ვირდე ასეთი ბიზნესმენი პოლიტიკაშია, იგი იღებს მხოლოდ მოგებას საკუთრი კაპიტალისგან, მაგრამ არაა ჩართული თავად ბიზნეს-აქტივობაში.

„ასეთი პრაქტიაა საზღვარგარეთ. ჩვენთან არაა აკრძალული ბიზნესმენისთვის, რომ იგი გახდეს პოლიტიკოსი, მაგრამ ცხადია არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომ მისი თანამდებობა არ იქნას გამოყენებული რაიმე ტიპის ლობირებისთვის საკუთარი ბიზნესისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მეორე პირობა სრულდებოდა ყოვეთვის. ჩვენ წინა პარლამენტში კიდევ უფრო მეტი ბიზნესმენი გვყავდა. ხოლო თქვენს მიერ ჩამოთვლი შეპუტატებს შორის, მართალი გითხრათ, გამოკვირდა და გამიხარდა ზვიად კვაჭანტირაძის ბიზნესმენობა. ამ ადამიანს დიდი ხანია ვიცნობ, ოღონდ მისი ბიზნესმენობის შესახებ თქვენგან პირველად მესმის“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.