რატომ ვერ ფიქრობს ევროპა სტრატეგიულად

რატომ ვერ ფიქრობს ევროპა სტრატეგიულად

დამნაშავეა თუ არა ევროკავშირი იმ უბედურებებში, რომელიც უკრაინას დატყდა თავს? ამ შეკითხვას ახლა სულ უფრო ხშირად სვამენ პოლიტიკოს ნაიჯელ ფარაჯის წყალობით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროპასაც აქვს “ხელი სისხლში გასვრილი”, როგორც ჩანს იმიტომ, რომ ევროპელები უპასუხისმგებლოდ იწონებდნენ უკრაინის “ევროპაში შესვლას” და არ ფიქრობდნენ იმაზე, როგორ მოიქცეოდნენ, თუკი რუსეთი აგრესიულად იმოქმედებდა. ფარაჯის მოსაზრება სასტიკად გააკრიტიკეს. თუმცა, ევროკავშირის ბრალზე მხოლოდ ის არ ლაპარაკობს. იგივე მოსაზრება ისმის აზიელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისგანაც. 

მაშ ასე, სამართლიანია თუ არა ევროკავშირის დადანაშაულება? ვფიქრობ, არა. ნაძირლები, რომლებიც კიევში დემონსტრანტებს ხვრეტდნენ, ბრიუსელის ბრძანებით არ მოქმედებდნენ. იმის ფიქრიც სიბრიყვეა, რომ ევროპას ეს საშინელი მოვლენები უნდა გაეთვალა. მთელი ეს კრიზისი გაუთვლელი მოვლენების ჯაჭვისგან შედგებოდა, ის რუსებისთვის და ამერიკელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, რთული განსასაზღვრი იყო ის, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათში ევროკავშირის სამ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტი იანუკოვიჩი უბრძანებდა ან ნებას დართავდა თავის ხალხს მომკვდარიყვნენ, რის შემდეგაც ქვეყნიდან გაიქცეოდა. 

მოკლედ, ჩემი აზრით, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროკავშირს სინამდვილეში არასდროს გააჩნდა უკრაინასთან დაკავშირებული სტრატეგია. ევროკავშირმა საერთოდ ვერ შეძლო უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე გარკვეული პოლიტიკის გამომუშავება არსებული რესურსების და რისკების გათვალისწინებით. ამის ნაცვლად, ბლოკი თავის პოლიტიკას ამ ქვეყნის მიმართ განიხილავდა, როგორც ვიწროსპეციალურ, ტექნოკრატიულ საქმეს, რომელიც მოიცავდა მოლაპარაკებებს მხოლოდ ვაჭრობაზე ამ დიდ მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდეს. მაგრამ, რადგან ევროკავშირს მიაჩნდა, რომ მისი ურთიერთობა უკრაინასთან მხოლოდ “ტექნოკრატების ვარჯიშია”, რაც ასევე გულისხმობს მის მოქცევას ათასგვარი მოთხოვნის და სტანდარტის ქვეშ, რუსეთმა ამაში მაღალი პოლიტიკის და გეოსტრატეგიის ნიშნები დაინახა. შედეგად, როდესაც ევროკავშირი რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩაება, ის ვერ მიხვდა, როგორ უნდა ემოქმედა. 

რატომ ახასიათებს ევროკავშირს უფრო ტექნოკრატიული მიდგომა, ვიდრე სტრატეგიული? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპის კავშირის მთელი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ჩააქროს სახიფათო პოლიტიკური ვნებები და ყურადღება გაამახვილოს ეკონომიკასა და ბიუროკრატიაზე. ბრიუსელში დღეს ცნობილი ხუმრობაა: “ადრე ერთმანეთს ტყვიას ვესროდით, ახლა კი თევზის კვოტებზე ვკამათობთო”. ევროპულ პროექტს ყოველთვის ედო საფუძვლად ტექნოკრატიული მიდგომა. საკუთარი საგარეოპოლიტიკური და თავდაცვითი სტრატეგიის განვითარებისკენ მისწრაფება მოგვიანებით გაჩნდა და მხოლოდ ნაწილობრივ გაფორმდა. 

როგორც კი საქმე უკრაინას შეეხო, ევროკავშირის მიერ სტრატეგიული აზროვნების გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები იმითაც გაღრმავდა, რომ ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი: აღმოჩნდა, რომ მათ განსხვავებული მიზნები აქვთ. მაგალითად, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ყოველთვის უბიძგებდნენ უკრაინას ევროკავშირის წევრობისაკენ, მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი დასავლეთევროპული ქვეყანა, კერძოდ საფრანგეთი, გაცილებით სკეპტიკურად იყო განწყობილი. წარმოქმნილი უთანხმოების გამო აღმოჩნდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სტრატეგიული ხაზის გამომუშავებაზე უარის თქმა სჯობს და ამის ამის ნაცვლად იმაზე კონცენტრირება, რაც ევროკავშირმა ყველაზე კარგად იცის - ტექნოკრატიულ მიდგომაზე. 

ვიღაც იტყვის, რომ დღევანდელი კრიზისი უბიძგებს ევროპელებს უკრაინასთან დაკავშირებით სტრატეგიული მიდგომა გამოიმუშავოს. მაგრამ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. პრობლემა ის არის, რომ როგორც ეს სანქციებზე დღევანდელმა დისკუსიამ ცხადყო, ევროკავშირი კვლავ გაყოფილი რჩება. პოლონელები და ბალტიისპირელები ისევ მტკიცე ხაზს ემხრობიან. ბრიტანელები მხოლოდ ლაპარაკობენ, და ჯერ-ჯერობით უცნობია, სითისთვის რა ზიანის მიყენებას შეიძლება შეეგუონ. გერმანელთა მოსაზრებები, რომელთა ხმაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, გაიყო: მკაცრი ზომების მომხრეთა შორის არის კანცლერი მერკელი, მაშინ როდესაც, გერმანიის სოციალ- დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წევრი რუსეთთან დაახლოებისაკენ მიისწრაფვის. ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფრთა (საბერძნეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) განიხილება, როგორც უფრო პრორუსული. 

შექმნილი საერთაშორისო კრიზისები აჩენს იმის იმედს, რომ ამჯერად მაინც ევროპული კავშირი გაიზრდება და შეუდგება თავისი რეალური საგარეოპოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებას. მაგრამ ეს მხოლოდ იმედია, და არ ვფიქრობ, რომ ამ ჯერზე რაიმე შეიცვლება. 


foreignpress.ge