საბაჟო კავშირი სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას ემუქრება. რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტების ბოლომდე ამოქმედება განიზრახა და მის მომხრე ქვეყნებსაც ახალი წესებით თამაშს ავალდებულებს. ყაზახეთის გზას ერთ კვირაში სომხეთი დაადგება. ასე რომ, საქართველო თანდათან თავისებური ტიპის რკალში ექცევა.
სომეხი ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, საქართველოსა და სომხეთს შორის, პოლიტიკური მიზეზების გამო, სავაჭრო ურთიერთობები მცირდება. რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ეკონომიკის ექსპერტ სამველ ავეტისიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროპისკენაა მიმართული იმ დროს, როდესაც სომხეთი საბაჟო კავშირში შესვლის გზაზე დგას.
ამიტომაც საქართველოდან სომხეთში იმპორტის განხორციელება, შესაძლოა, შეიზღუდოს. პარალელურად, სომხეთი ამცირებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს საქართველოში.
სომხეთის ეკოლოგიური კავშირი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ახლო მომავალში სომხეთი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გარეშე დარჩება და მასში მძიმე ლითონები გაჩნდება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
“კომერსანტის” ინფორმაციით, ამჟამად სომხეთს საქართველოსთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს - მისი ექსპორტი იმპორტს აჭარბებს. შარშან ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 25%-ით გაიზარდა და 150 მილიონი დოლარი შეადგინა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირთან გაერთიანებაა, რომელთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაც მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება. სომხეთის პრიორიტეტს კი საბაჟო კავშირის წევრობა წარმოადგენს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერას რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის მაისში აპირებდა, თუმცა ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტი უკვე მიმდინარე წლის 29 აპრილს, მინსკში გაფორმდება.
საბაჟო კავშირი 2011 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის იქ ბელორუსი, ყაზახეთი და რუსეთი არიან გაწევრიანებული. უახლოეს დღეებში კი მათ სომხეთიც შეუერთდება. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით კი, უკვე 2015 წლისთვის საბაჟო კავშირი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად ჩამოყალიბდება, რომელიც ევროკავშირის მოდელზე იქნება მოწყობილი.
ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოებისთვის ერთიან საბაჟო სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ტვირთბრუნვა არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით და არ გამოიყენება ეკონომიკური ტიპის შეზღუდვები. ამასთან, საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ ერთობლივ ტარიფს, რეგულირების და სხვა ერთობლივ ზომებს მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს. საბაჟო კავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთისთვის ფაქტობრივად, გაუქმებული აქვთ სავიზო რეჟიმი.
თავდაპირველად საბაჟო კავშირში რუსეთი და ბელორუსი იყვნენ. ყაზახეთი კი იქ 2011 წლის ივლისიდან გაწევრიანდა. მას შემდეგ ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობა შემცირდა და პირველ რიგში, ეს ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე მოხდა. 4 წლის წინ ყაზახეთი საქართველოდან მანქანების იმპორტის მხრივ მოწინავე ქვეყანა იყო, ახლა კი იქ თითო-ოროლა ავტომობილი თუ იგზავნება.
ერთიანი საბაჟო ტარიფის გამოისობით უცხოური (ევროპული, იაპონური, ამერიკული და ა.შ.) ავტომანქანის განბაჟება, მანამდე არსებულ ტარიფთან შედარებით, თითქმის 700%-ით გაძვირდა. ასე რომ, საქართველოდან იმპორტირებული მანქანის განბაჟება 3-ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თავად ავტომობილი ღირს.
ახლა იგივე პრობლემა იქნება სომხეთის მიმართულებითაც. ქართველი ავტოდილერები ამ ქვეყანაშიც უამრავ ავტომობილს აგზავნიან. რა იქნება ერთი კვირის შემდეგ, ძნელი სათქმელია. დიდი ალბათობით, მაქანების ექსპორტი სომხეთისკენ მკვეთრად შემცირდება და დილერები მხოლოდ აზერბაიჯანის იმედზე დარჩებიან. თუმცა გარკვეული შეზღუდვა ბაქომაც დააწესა. 1-ლი აპრილიდან აზერბაიჯანში მხოლოდ 2004 წლის ზევით გამოშვებული მანქანების შეყვანა შეიძლება.
ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს კი სულ უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს. უკვე დაიწყო მუშაობა, რომ რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის ფინანსური ბაზრების რეგულირების ერთიანი ორგანო შეიქმნას (მოგვიანებით, მას სომხეთიც შეუერთდება). „ჩვენ შევთანხმდით, რომ 2025 წელს მოხდება საფინანსო ბაზრების საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ამავე წელს შეიქმნება შესაბამისი ორგანო ფინანსური ბაზრების რეგულირების სფეროში“, - განაცხადა ყაზახეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, კაირატ კელიმბეტოვმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ შეიქმნება მარეგულირებელი და არა ერთიანი ცენტრალური ბანკი. „ეს იქნება მარეგულირებელის მარეგულირებელი, რომელიც გამოსცემს შესაბამის წესებს, რათა ჩვენი ფინანსური სექტორების მუშაობა იყოს ჰარმონიზებული“, - განაცხადა კელიმბეტოვმა.