არაადეკვატური ხელფასები საკითხი ისევ გაურკვეველია

არაადეკვატური ხელფასები საკითხი ისევ გაურკვეველია

უკვე მესამე თვეა სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურების საკითხი შეუსწავლელია. პრემიერმა ღარიბაშვილმა წლის დასაწიყსში დააყენა ჯერ მინისტრების, ხოლო შემდეგ სსიპ-ების ხელმძღვანელთა ანაზღაურების საკითხი. აქედან, პირველი საკითხი ძალიან სწრაფად გადაიჭრა, ხოლო მეორე მიმართულებით ჯერჯერობით ძვრა არ არის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტშიც (IDFI) აცხადებენ, რომ სახელმწიფო შპს-ებსა და სსიპ-ებში უწყებებში დღემდე არ დარეგულირებულა მაღალი პრემიებისა და დანამატების გაცემის მიზნობრიობის საკითხი.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას თებერვალში, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე სსიპ-ების ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომის შემუშავება და წლების განმავლობაში არსებული მანკიერი დამოკიდებულების აღმოფხვრა დაავალა.

სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირების ხელმძღვანელთა ანაზღაურება თვეში 2500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. სახელმწიფო შპს-ებისშემთხვევაში კი ანაზღაურება რამდენიმე ათეულ ათასს უტოლდება.

მაგალითად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თვიური სახელფასო ანაზღაურება 2950 ლარია, დირექტორის პირველი მოადგილისა კი - 2820 ლარი.

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის გენერალური დირექტორის ხელფასები 2700 ლარს შეადგენს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის თვიური ხელფასი კი 2900 ლარს.

სახელმწიფო შპს-ებიდან კი განსაკუთრებით მაღალი ხელფასებია “ბათუმის აეროპოტში”, “საქართველოს რკინიგზაში”, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში”. რაც შეეხება ე.წ. მარეგულირებელ კომისიებს, იქ არათუ უწყების ხელმძღვანელებს, არამედ კომისიის ჩვეულებრივი წევრების ანაზღაურებაც კი ექვსნიშნა რიცხვს აღემატება.

ცოტა ხნის წინ, სსიპ-ებისა და სახელმწიფო შპს-ების ხელმძღვანელთა ანაზღაურების საკითხი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წამოწია და მთავრობის წევრებს აღნიშნული სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა მოსთხოვა, თუმცა ამ მიმართულებით მთავრობას ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

IDFI-ის წარმომადგენელს გოგა თუშურაშვილს იმედი აქვს, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში ამ საკითხს დაარეგულირებს. “რადგა ნყურადღება უკვე გამახვილა სახელმწიფო შპს-ების და სსიპ-ების ხელმძღვანელთა არალოგიკურ ხელფასებზე, სავარაუდოდ, საკითხისმო გვარებაზეც იზრუნებენ”, - აცხადებს თუშურაშვილი სააგენტო “ბიპიენთან” საუბრისას.

ახლა ჯერი მთავრობის ეკონომიკურ გუნდზეა, რომელმაც სსიპ-ებისა და შპს-ების ოპტიმიზაციის გეგმა უნდა წარუდგინოს მთავრობას. შევა თუ არა სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებები, ამის შესახებ მთავრობაში ჯერ არ საუბრობენ.

პრემიერ მინისტრის აპარატში და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითზე მუშაობა დაწყებულია.

გადაიდგა თუ არა რაიმე ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებით, კვირიკაშვილის უწყებაში დეტალებს არ ამხელენ და ამბობენ, რომ ჯერჯერობით მუშა პროცესი მიმდინარეობს. კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია კი საკითხის საბოლოოდ შესწავლის შემდეგ გახმაურდება.