მალე მთელი სახელმწიფო ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია დასრულდება. ჯერჯერობით პროცესი დედაქალაქში მიმდინარეობს და შემდეგ რეგიონებშიც გადაინაცვლებს.
მობილური ჯგუფის დეპარტამენტმა ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში თბილისში 9 უბნის აღწერა განახორციელა (ლილო, სამგორი, ფონიჭალა, ვარკეთილი, დიდგორი, თბილისისზღვა, ლისი, ზაჰესიდადიღომი), რაც მთლიანობაში 663 დაურეგისტრირებელ ობიექტს და 4 700 000 კვ/მ მიწის ფართს შეადგენს.
2014 წლის მარტის მდგომარეობით დეპარტამენტმა განახორციელა 2 უბნის, სოლოლაკის და ორთაჭალის ინვენტარიზაცია. ამასთან, ორთაჭალის ინვენტარიზაცია არ დასრულებულა და დეპარტამენტის თანამშრომლები განაგრძნობენ აღნიშნული უბნის აღწერას. დღევანდელი მონაცემებით აღმოჩენილი მიწის ფართი შეადგენს 112 533 კვ/მ-ს. გარეუბნებთან შედარებით ცენტრალურ უბნებში მჭიდრო დასახლების და მაღალსართულიანი კორპუსების არსებობის გამო რთულდება ფართის იდენტიფიცირება. ცენტრალურ უბნებში უძრავი ქონება ძირითადად რეგისტრირებულია და ამ კუთხით გარეუბნებში მეტი დაურეგისტრირებელი ობიექტების აღმოჩენის ალბათობაა.
მოკვლეული ინფორმაცია სახელმწიფო ქონების შესახებ განთავსდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთიან პორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება როგორც თანამშრომლების, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. თბილისის ინვენტარიზაციის დასრულება გეგმის მიხედვით 2014 ზაფხულამდეა მოსალოდნელი.
სააგენტო “ჯი ეიჩ ენის” ცნობით, ინვენტარიზაციის პროექტი გრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2014 წლიდან დაგეგმილია სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის დაწყება რეგიონებში.
ეს პროცესი განსაკუთრებით იმისათვის არის საჭირო, რომ მომავალში გაადვილდეს ქალაქის დაგეგმარება, ახალი მშენებლობებისთვის შესაბამისი ტერიტორიების განსაზღვრა და არსებული შენობების მდგრადობის დადგენა. საქმე ისაა, რომ განსაკუთრებით დედაქალაქში უამრავი ავარიული სახლია, რომელთა აღწერა და ერთიან სისტემაში მოქცევა ჯერ არ მომხდარა. არადა, როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, დედაქალაქში ავარიული სახლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ სწორედ საკრებულოს ინიციატივით, ავარიული ნაგებობების რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. ამისათვის კი სრულფასოვანი ინფორმაცია არის საჭირო.
თუმცა, წინასაარჩევნოდ საკრებულო ჩქარობს და გავრცელებული ინფორმაციით, ავარიულ სახლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლადტენდერის ჩატარებას ეშურება. როგორც ჩანს, კონკურსი 2014 წლის 30 აპრილამდე გამოცხადდება.
პირველ ეტაპზე სამშებელო სამუშაოები ქალაქში არსებულ 25 ობიექტზე წარიმართება და ძირითადად ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ისნის, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებს მოიცავს.
თავის მხრივ, თავისებური ტიპის სარებილიტაციო სამუშაოებს იწყებს საკრებულოსთან დაპირისპირებული თბილისის მერია. მათი ყურადღება ამჯერად ხიდებისკენ არის მიმართული. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მთლიანად გამოსაცვლელია 3 ხიდი და ერთს საჭირდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია. გამოსაცვლელებს შორისაა დიღმულას ხიდი მარშალ გელოვანის გამზირზე და ზაჰესის ორი ხიდი – მტკვარზე და რკინიგზაზე გადამსვლელი.
რაც შეეხება ბარათაშვილის ხიდს, უკვე დასრულებულია ხიდის ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტირება და პროექტი გადაგზავნილია კულტურის სამინისტროში შესათანხმებლად, ვინაიდან აღნიშნული ხიდი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოების დაწყებაც ზაფხულში იგეგმება.