„...რამდენად რთული იქნება რუსეთისთვის საქართველოს „გადახარშვა“

„...რამდენად რთული იქნება რუსეთისთვის საქართველოს „გადახარშვა“

უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთისგან საქართველოში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მსჯელობა არ წყდება, თუმცა ოფიციალური თბილისი ამ საფრთხეების შესახებ ნაკლებად საუბრობს და ასპარეზი ექსპერტებს დაუთმეს. იმ ნაბიჯების მიხედვით, რასაც მოსკოვი დგამს, სავარაუდო სცენარის ერთ-ერთი ვარიანტი უკვე შეიძლება, მოიხაზოს კიდეც -  ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით იმ თანამემამულეებისთვის, რომლებიც თავისუფლად ფლობენ რუსულ ენას.

ახალი კანონით, უცხოეთის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სპეციალურ კომისიაში უნდა გაიაროს გასაუბრება, რომელიც ადგენს, არის თუ არა უცხოელი რუსული ენის მცოდნე.  კომისია არ შეამოწმებს, რამდენად გრამატიკულად საუბრობს ესა თუ ის პირი, არამედ შეამოწმებს იმას, თუ რამდენად თავისუფლად ფლობს ენას და იყენებს თუ არა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დოკუმენტის მიხედვით, ასეთი ადამიანების კატეგორიამ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს.

„ეს კანონი ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი იურისტები მას გულდასმით სწავლობენ გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელია გარკვეული სამართლებრივი კონტრზომებით პასუხი“, - განაცხადა პასუხად საგარეო საქმეთა მინისტრის პირვეოლმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, საუბარი იყო იმაზეც, თითქოს სამცხე-ჯავახეთში დაიწყო რუსული პასპორტების დარიგება, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დასტურდება და გაზვიადებული იყო; ხოლო ქართული მხარე ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება და აუცილებლად უპასუხებს სამართლებრივი კონტრზომებით.

რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეებისა და რეგიონში რუსეთის შესაძლო გეგმების შესახებ ექსპერტი, ბაკურ კვაშილავა გვესაუბრება.

სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა კარასინი-აბაშიძის შეხვედრა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთი ასიცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში საქართველოსთვის ხელისშეშლას არ აპირებს. გვაქვს თუ არა საფუძველი, რუსეთის ამ დაპირებას ვენდოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ბორდერიზაციის“ პროცესი არ წყდება და რუსეთი ნელ-ნელა ჩვენს ტერიტორიას იკავებს?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თუ პრესკონფერენციაზე სწორედ ასე ითქვა და მხოლოდ პირად საუბრებში არ იყო გაჟღერებული, ეს განცხადება საკმაოდ მნიშვნელოვანია - რამდენადაც ვიცი, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასეთი რამ არ თქმულა, მაგრამ ამის ინტერპრეტაცია შეგვიძლია გავაკეთთ - ამ წუთში რუსეთს ურჩევნია, რომ ასეთი პოზიცია დაიკავოს.

გამომდინარე უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან, მთელი ყურადღება გადატანილია უკრაინაზე და ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, დაყავი და იბატონეს პრინციპით გამოყოფა, რომელიღაც ქვეყნისა, მაგალითად საქართველოსი, რომელიც ასევე აწერს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ნიშანდობლივია - ის ამბობს, რომ ჩვენ ხელს არ შევუშლით საქართველოს, რაც რუსეთს გარკვეულწილად აბრუნებს რაციონალური პოლიტიკის ჭრილში - ეს არის და ეს.

აქედან გამომდინარე, ეს კონიუქტურით განსაზღვრული კომენტარია, რომელიც კარასინმა გააკეთა და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება, შეიცვალოს, თუკი უკრაინაში სიტუაცია შეიცვალა რუსეთის სასარგებლოდ ან პირიქით, სრულიად საპირისპიროდ ეს არის ერთი მხარე.

„ბორდერიზაციისა“ და იმ ფაქტის გათვალისწინებნით, რომ ეს საზღვრები მუდმივად მოიწევს ჩვენი ტერიტორიის შიგნით და საფრთხეს უქმნის მაგისტრალს, ბუნებრივია, შედეგები არ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი კონსტრუქციულ პოზიციას იჭერს საქართველოსთან მიმართებაში.

ანუ შეიძლება განსაზრვრა, კონკრეტულად, რისი მოლოდინები უნდა ჰგვქონდეს?

- მოლოდინები უნდა გვქონდეს იმისი, რაც აქამდე გვქონდა, ანუ უნდა გავაგრძელოთ მზადება იმისთვის, რომ რუსეთს ექნება საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენი ევროპასთან და აშშ-სთან შემდგომი დაახლოების პროცესში.

თუ უკრაინასთან გავავლებთ პარალელს, ყირიმს უკვე გასცდა რუსეთის აგრესია და  ფაქტობრივად, მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია, დაახლოებით ანალოგიური სცენარი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს საქრთველოსთვისაც?

- ჩვენთან ცოტა სხვაგვარი სიტიუაციაა მოსალოდნელი, მთავარი საშიშროება იქნება მოკლევადიან პერიოდში ალბათ „ბორდერიზაციის“ პროცესის, ანუ ოკუპაციის გაგრძელება. რასაც რაღაც დონის შემდეგ აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქართველოს მთავრობის პასუხი და რასაც ბუნებრივია, მოჰყვება რუსეთის პასუხი. ეს არის ყველაზე უშუალო და ახლო მომავალში მოსალოდნელი საფრთხე.

უფრო გრძელვადიანი საფრთხე ეს არის რუსეთის ახალი, პასპორტიზაციის პოლიტიკა, რომელმაც შეიძლება თვალის დახამხამებაში გაამრავლოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და შემდეგ რუსეთს გაუჩნდეს ახალი მოტივაცია თავისი მოქალაქეების დასაცავად, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში. ეს არის ის მეორე საფრთხე, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში გვემუქრება.

ეს იქნება ალბათ ის ძირითადი საფრთხეები, რომლის მიხედვბითაც შეიძლება საქართველოში და განვითარდეს საქართველოსთვის საკმაოდ ცუდი მიმართულებით.

რაც შეეხება უკრაინას, რამდენიმე დრის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სააკაშვილი მოუწოდებდა უკრაინას, რომ უკრაინელმა ხალხმა უნდა იბრძოლოს და არ შეიძლება სახელმწიფო ობიექტები 20-კაციანმა ჯგუფმა აიღოს. ის ასევე აცხადებს 2008 წელს ტერიტორიის დაცვის ბრძანება რომ არ გამეცა, დღეს თბილისიც აღარ გვექნებოდაო. რამდენად სწორია ასეთი პარალელის გავლება? სააკაშვილი  იმ ომის გამართლებას ცდილობს?

- ანალოგია საქართველოს მთავრობის 2008 წლის მოქმედებასა და და დღევანდელ სიტუაციასთან უკრაინაში არასწორია, ანუ ასე პარალელის გავლება არ შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო.

მეორე მხრივ, არა მარტო სააკაშვილი, არამედ ევროპის ქვეყნების საკმაოდ ცნობილი ლიდერები, მათ შორის - დონალდ ტუსკი, მოუწოდებს უკრაინას, მიიღოს უფრო აქტიური ზომები, იმიტომ, რომ თუკი უკრაინა არ მიიღებს უფრო აქტიურ ზომებს, მის მაგივრად სხვა საქმეს ვერ გააკეთებს. აქედან გამომდინარე, 20 ადამიანი რომ იკავებს მერიას დონეცკში ან იკავებს მმართველობის სხვა სტრუქტურებს, აბსოლუტურად მიუღებელია.

რატომ ვერ აკეთებს უკრაინა ამაზე რეაქციას, ეს უკვე ალბათ, შიდა პოლიტიკური პრობლემებით არის გამოწვეული და, როგორც ჩანს, ამისი საშუალება უბრალოდ, არ არსებობს. მაგრამ რაღაც რესურსი ალბათ უნდა მოინახოს იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი ინტერესები დაიცვას. თუ ის თავის ქვეყანაში თავის ინტერესაებს არ დაიცავს, სხვა რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებს.

დასავლეთის მხრიდან მკაცრ განცხადებებსა და სანქციებს რუსეთის მმართველის საკმაოს ხისტი რეაქცია მოსდევს, ბოლო განცხადებებშიც პუტინი კვლავ საკმაოდ ცინიკურია, ის ამბობს, რომ რუსეთს არ ეშინია ნატოს გაფართოების და „ყველას გავგუდავთო“. ამ განცხადებების კონტექტიდან გამომდინარე შეიძლება გაკეთდეს თუ არა გარკვეული მონახაზი, რა შედის მის უახლოეს გეგმებში?

- ეს პირდაპირ თანხვედრაშია იმასთან , როგორ ვითარდება ბოლო პერიოდში მოვლენები უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ პუტინი ფაქტობრივად არ აღიარებს ნატოს გაფართოებას და არ თვლის სარწმუნოდ, რომ, დავუშვათ, ხვალ მიიღონ უკრაინა ნატოში, ნატოს ჯარები მზად იქნებიან ამ ქვეყნის დასაცავად და ამაში ის მართალია.

ეს არის ალბათ პირდაპირი პასუხი ობამას იმ განცხადებაზე, როდესაც თქვა, რომ არ იგეგმება ალიანსის გაფართოება და რომ ალიანსი დაიცავს თავის წევრ სახელმწიფოებს. მაგრამ როდესაც აშშ-ს უწევს იმის მტკიცება, რომ ის თავის წევრ სახელმწიფოებს დაიცავს, ეს ბუნებრივია, არის მისი სისუსტის სიგნალი. სწორედ აქედან მომდინარეობს პუტინის ასეთი გაბედული პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით. ის ფაქტობრივად, ღიად აცხადებს, რომ ნატოს წევრობა არ არის ამ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, ეს არის პირდაპირ მიმართული რეპლიკა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.

ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გადავდივარ ორპოლუსიან მსოფლიო მმართველობაზე, როგორც იყო ეს ცივი ომის დაწყებისას?

- არა, ორპოლუსიან მსოფლიოზე გადასვლას კიდევ ბევრი სხვა რამ სჭირდება. ფაქტია, რომ რუსეთი დღეს არის გაცილებით სუსტი, ვიდრე 80-იან წლებში საბჭოთა კავშირი იყო. ამის მიუხედავად, რუსეთს გააჩნია უფრო მეტი სურვილი და ნება, რომ ეს თავისი მინიმალური შესაძლებლობები, უფრო სწორად, შემცირებული შესაძლებლობები გამოიყენოს სრულად, განსხვავებით ევროპისა და აშშ-სგან, სადაც საზოგადოებრივ აზრს, პაციფისტურ მიდგომებს, კეთილდრეობაზე ზრუნვას, სამომხმარებლო წინსვლას იმდენად დიდი გავლენა აქვს ამ ქვეყნების პოლიტიკაზე, რომ შეუძლებელია უზარმაზარი უპირატესობის გასმოყენებაც კი, როდესაც ამისი ნება არ არსებობს. ეს არის ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს - დაპირისპირება სახეზეა, მაგრამ დაპირისპირება ნამდვილად არ არის იმ ფორმატის, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ცივი ომის დროს.

ამ შემთხვევაში რუსეთის ერთადერთი მიზანი ევრაზიული კავშირია?

- რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ალბათ ის არის, რომ საბჭოთა კავშირის მსგავსი ორგანიზაცია შექმნას, მაგრამ როგორც პროგრამა-მინიმუმი ალბათ არის ის, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, გახდნენ მინიმუმ, ნეიტრალური ქვეყნები და ვერ შეძლონ ევროსტრუქტურებში გაწევრიანება.

რაც შეეხება პროგრამა მაქსიმუმს, ის შეეცდება ეს ქვეყნები ისე იყვნენ გადაბმული რუსეთზე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს.

თუ ეს ქვეყნები იძულებული გახდებიან აირჩიონ ნეიტრალიტეტი, ეს ნიშნავს რომ დასავლეთი თმობს იმას, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდა?

- დასავლეთი, როგორც ჩანს, მაინცდამაინც დიდი გულმოდგინებით არ იბრძოდა ამ ქვეყნებისთვის - მხედველობაში მაქვს ის პოლიტიკა, რომელსაც იგი ატარებს. მაგალითისთვის ავიღოთ, ასოცირების ხელშეკრულება - ამ დოკუმენტში არსად არ წერია, რომ საქართველო ან უკრაინა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრი, ან აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის წევრი - ამასაც კი არ სთავაზობს დღეს საქართველოს და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულება.

აქედან გამონდინარე, საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი ჩამოყალიბებული იყო თავის პოზიციაში, რომ მას უნდა ამ ქვეყნების თავისი გავლენის სფეროსი მოქცევა, ეს ასეც არ არის. ასე რომ ყოფილიყო, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა  სადაო თემები რუსეთთან მიმართებაში.

რაც შეეხება ნეიტრალობას, ამ შემთხვევაში აქ საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ ნეიტრალობის გარანტი იქნება ორი მხარე, რუსეთი და დასავლეთი, სხვანაირად ნეიტრალობა არ არსებობს, არის მოგონილი და ნიშნავს, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ხარ.

ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ გავლენის სფერო რუსეთს შენზე აქვს, მაგრამ ეს დაბალანსებულია დასავლეთის მიერ. ალბათ ეს იქნება ის მაქსიმალური კომპრომისი, რაზეც დღეს პუტინი შეიძლება წავიდეს.

არის თუ არა ჩვენს ხელისუფლებაზე რამენაირად დამოკიდებული მინიმუმს მიიღებს ამ ყველაფრიდან საქართველო თუ მაქსიმუმს? საქართველოს ვინმე რამეს ეკითხება ამ გლობალურ თამაშში?

- ჩვენს ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე ერთად არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად რთული იქნება რუსეთისთვის საქართველოს „გადახარშვა“. თუ მისი ოკუპაცია იქნება ისეთივე ადვილი, როგორც დღეს ხდება დონეცკის ქალაქების ოკუპაცია, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი გვექნება რომ ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. მაგრამ რაც უფრო გავზრდით ხარჯებს, რომ საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა რუსეთს დაუჯდება ძვირი, იგივე ტაქტიკური, ოპერაციული თუ გრძელვადიანი პერსპექტივით, მით უფრო იზრდება ჩვენი შანსი, რომ მოვახდინოთ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე.

როგორ? კონკრეტულად რა შეიძლება გავაკეთოთ?

- ერთიანი აზრის ჩამოყალიბება და მუდმივად გაჟღერება, რომ დასავლეთი არის ჩვენი ერთიანი არჩევანი -  ეს იქნება ერთი მიმართულება. მეორე ეს არის უფრო აქტიური ჩართვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, რუსეთთან პოლიტიკური მედიატორის როლში; ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა ევროპაში რუსეთთან მიმართებაში და ამ პოზიციის მერე უკვე გაჟღერება ჩვენი მთავრობის მიერ; ევროპაში რამდენიმე აზრი არსებობს რუსეთთან მიმართებაში - რაც უფრო სწორად და მკაფიოდ ჩამოყალიბდება ეს აზრი, ამაში შეიძლება, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამაც თავისი მცირედი წვლილი შეიტანოს და ა.შ.