სტრასბურგის სასამართლოში დვანელების სარჩელი შევიდა

სტრასბურგის სასამართლოში დვანელების სარჩელი შევიდა

რუსეთის ფედერაციის მიერ სოფელ დვანში მავთულხლართების გავლების გამო დაზარალებული 19 მოქალაქის სახელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი უკვე შევიდა.

დვანელები სთხოვენ ევროპულ სასამართლოს, დაადგინოს, საქართველოს მოქალაქეებისადმი სხვადასხვა უფლების დარღვევი ფაქტი. პირველ რიგში, აქ იგულისხმება საკუთრების უფლების, გადადგილების თავისუფლებისა და საცხოვრებელი უფლების დარღვევა.

როგორც For.ge-სთან საუბარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ აბაზაძე აცხადებს, მავთულხლართების გავლების შედეგად დვანელებმა თავიანთ კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე წვდომა დაკარგეს. ეს მიწები მოექცა მავთულხლართებს მიღმა, ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ ვერ მოჰყავთ მოსავალი, რაც მათი საარსებო მნიშვნელოვანი წყარო იყო.

იურისტის თქმით, მართალია, მავთულხლართების შედეგად დაზარალდა 23 ქართული სოფელი და არა მხოლოდ დვანი ან დიცი, მაგრამ საიამ თავად იაქტიურა, ადგილზე ჩავიდა სოფელ დვანში და მოსახლეობას მიმართა, ვის ჰქონდა სურვილი, აღნიშნულ სარჩელში ყოფილიყო მომჩივანი. ამ ეტაპზე შეირჩა მხოლოდ დვანი. თუმცა მავთულხლართების გავლების პროცესზე მონიტორინგი გრძელდება და იურისტები მოგვიანებით კვლავაც მიმართავენ ევროპულ სასამართლოს სხვა სოფლების დაზარალებული მოსახლეობის სახელით.

„ჩვენ ველით, რომ სტრასბურგის სასამართლო საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვას აღიარებს. არსი ის არის, რომ მოპასუხე სახელმწიფომ, რომელმაც დაარღვია ეს უფლება, უნდა გამოასწოროს ვითარება და სტატუს-ქვო უნდა აღდგეს მანამდე არსებული მდგომარეობით. კონკრეტულად, რა საშუალებას დააკისრებს სტრასბურგის სასამართლო რუსეთის ფედერაციას, რა ფორმით აღადგენს რუსეთის ფედერაცია დარღვეულ უფლებებს_ ეს იქნება მავთულხლართების დემონტაჟი თუ მხოლოდ და მხოლოდ მიყენებული ზიანის კომპენსაცია, ამ ეტაპზე  ჩვენთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დარღვეული უფლების აღდგენა: პირველ რიგში, უნდა მოხდეს მავთულხლართების დემონტაჟი, თუმცა შესაძლოა, დემონტაჟის დავალება არ მიიღონ და მხოლოდ კომპენსაციას დასჯერდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული პრაქტიკა არ გვაქვს, რომ მაგალითების დონეზე ვივარაუდოთ, რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო“,_აცხადებს თამარ აბაზაძე.    

ჩვენს შეკითხვაზე, ამ საქმის პარალელურად რა ხდება აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა სარჩელის ირგვლივ, რაც ევროპულ სასამართლოში კარგა ხანია, შესულია, იურისტი განმარტავს, რომ 2009 წლიდან საია იცავს ომის შედეგად 400-მდე დაზარალებულის ინტერესს. ინდივიდუალური საჩივრები გაგზავნილია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. თუმცა ამას გარდა, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, წარადგინა საჩივარი ევროპის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

ასე რომ, სანამ არ იქნება გადაწყვეტილება გამოტანილი სახელმწიფოთაშორისო განაცხადზე (ანუ საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ), მანამდე ვერ მოხდება საია-ს მიერ წარდგენილი ინდივიდუალური საჩივრების განხილვა. თუმცა 2011 წელს სახელმწიფოთაშორისო განაცხადზე უკვე შედგა დასაშვებობის ეტაპის განხილვა და ამის შემდგომ მათი ინდივიდუალური საჩივრების შესახებაც ეცნობა რუსეთის ფედერაციას.

„ეს ნიშნავს, რომ  რუსეთის ფედერაციას აცნობეს, ესა და ეს საქართველოს მოქალაქე გიჩივის ამა და ამ საკითხზე. წინგადადგმული ნაბიჯია, რომ საქმე დაიძრა და დასაშვებობის ეტაპის განხილვა მოხდა სახელმწიფოთაშორისო განაცხადზე. უახლოეს პერიოდში არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს სახელმწიფოს მიერ წარდგენილ საჩივართან მიმართებით და, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას უკვე მოჰყვება ჩვენს ინდივიდუალურ საჩივრებზე რეაგირება. თუმცა სტრასბურგის სასამართლოს არ გააჩნია საქმეების განხილვის კონკრეტული ვადები და აქედან გამომდინარე, ძნელია განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა დროს მოხდება გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც დეპორტაციის საქმეზე, როცა 2006 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოახდინა რუსეთიდან, წარდგენილ საჩივართან მიმართებით  დაანონსდა, რომ 2014 წელს უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება,“_აღნიშნა იურისტმა.

ამასთან, არ გამორიცხა, რომ მათ საქმეებს დაემატოს სოფელ აძვიდან ქართველი ჟურნალისტების გატაცების ფაქტიც. თუ ჟურნალისტების მხრიდან დაინტერესება იქნება, მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო შეიძლება მიმართონ ევროპულ სასამართლოს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ შიდა კანონმდებლობით, ესა თუ ის ნორმა დარღვეულია, სულაც არ არის ევროპული სასამართლოსადმი მიმართვისთვის საკმარისი. მათი გატაცების გამო შეიძლება ამოქმედდეს ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტების სახელით საჩივარი შევა სტრასბურგის სასამართლოში. თუმცა აქ მნიშვნელობა აქვს მათი დაკავების ხანგრძლივობას, თუ რა დროის განმავლობაში გაგრძელდა მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ორი საათით უკანონოდ იყოს დაკავებული ადამიანი, ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს.