საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ხელისუფლებას კვლავ აკრიტიკებს. ნაციონალი დეპუტატი აღმასრულებელ ხელისუფლებას „კვერცხების მთავრობას“ უწოდებს, ბიძინა ივანიშვილს „მთავარ იხტიოლოგს“, ირაკლი ღარიბაშვილს „ჰაკიმ ფაშას“, ეკა ბესელიას „ძალოვანების დაცვის დარგში პიარ-მენეჯერს“, თეა წულუკიანი კი მას „იმბეცილი“ ან „თვალთმაქცი“ ჰგონია.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, for.ge გივი თარგამაძეს ესაუბრა:
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი მოიწვიეთ, მაგრამ ალექსანდრე ჭიკაიძე არ მოვიდა. მინისტრმა მიზეზად დატვირთული გრაფიკი დაასახელა. თქვენი შეფასებით, რატომ არ გამოცხადდა ძალოვანი მინისტრი პარლამენტში?
- არც ველოდი, რომ მოვიდოდა. ჭიკაიძე პარლამენტში ერთხელ ვნახეთ და მაშინაც, ისეთი უსუსური და საცოდავი იყო, რომ ის შეეცოდათ და კითხვებიც აღარ დაუსვეს. ის ახლა მითუმეტეს სტრესულ მდგომარეობაში იქნება, რადგან ვიღაცამ მას საბურავების სკანდალი „შეტენა“ და ის ამის გამო საკუთარი გუნდის წევრებმაც „ჩაქოლეს“. ამას გარდა, ფაქტია, რომ ის უპატრონოდ დარჩა, რადგან ზვიად ჯანყარაშვილმა თანანმდებობა დატოვა, რომელიც რეალურად შინაგან საქმეთა დე-ფაქტო მინისტრი იყო. ჭიკაიძეს პრობლემები არ აკლია და დარწმუნებული ვიყავი, რომ ის პარლამენტში მოსვლით პრობლემებს არ გაიჩენდა. მართალი გითხრათ, დავით უსუფაშვილის მინუსია ის, რომ ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი პატივისცემა ჰქონდეთ მთავრობის წარმომადგენელებს, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში დაძახებაზე მოდიოდნენ. ქუცნაშვილის ვერსია მომწონს, რომ ხუთშაბათს წითელი პარასკევი იყო და მინისტრი ამიტომ ვერ მოვიდოდა. როგორც ჩანს, ოქტომბრის შემდეგ ქუცნაშვილი ისეთი ბედნიერია, რომ სულ პარასკევი ელანდება.
პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით თქვენი საყვედური ტრაგი-კომიკურია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი მინისტრები მთავრობის დამტკიცების დროსაც კი არ მიდიოდნენ...
- პარლამენტში თავდაცვის მინისტრი ყოველთვის მოდიოდა და ამ მხრივ, პრობლემები არ მქონია. თვისობრივად ახალი ტიპის დემოკრატიაზე ხომ გადავედით, სადაც ხალხი სუნთქვას და ცხოვრება უხარიათ, ასევე პარლამენტი ხომ მოწოდების სიმაღლეზე დგას და ძალოვანი მინისტრი, რატომ არ მოვიდა? თუ ჩვენს დროს, პარლამენტში ძალოვანი მინისტრები არ მოდიოდნენ და ეს მინუსი იყო, ახალი ხელისუფლება უპატივცემულობას პლიუსში ისვამს?
for.ge-ს ინფორმაციით, მაისის დასაწყისში შს მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგება. თქვენ პირადად, სხდომას დაესწრებით?
- კარგად უნდა დავფიქრდეთ, ბესელიას კომიტეტზე დასწრება რამდენად ღირს, რადგან მთავარი პროკურორის მოადგილის სტუმრობის დროს, უხერხული პრეცედენტი შეიქმნა. ამას კომიტეტის სხდომას არ ერქვა, რადგან ეს უმსგავსობა იყო. ბესელია არის არა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ ძალოვანების გათეთრების დარგში პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელი. უმცირესობას აყალ-მაყალში გვადანაშაულებენ, მაგრამ სხდომებზე ჩხუბს ხელს ოპონენტები თავისი მოქმედებებით უწყობენ.
სამწუხაროა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში შს მინისტრს არ იწვევდით, მაგრამ ჭიკაიძისგან პირადად თქვენ, რა გაინტერესებთ?
- სამწუხაროდ, პოლიცია ბოლომდე დანგრეულია. აწყობილი სტრუქტურა მიზანმიმართულად რატომ დაანგრიეს, ეს საინტერესოა. ამას გარდა, მაინტერესებს კონკრეტული საქმეები და ის, თუ რატომ ვერ ხედავს მინისტრი გარე საფრთხეებს. ამასთანავე, „საბურავების საქმე“ გაუგონარი პროვოკაცია იყო და იქნებ მინისტრმა გვითხრას, ვინ დაავალა ასე ელაპარაკა. როგორც ჩანს, საბურავების ისე ეშინიათ, რომ რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ კანონი მიიღო და ხალხს ჭიაკოკონობას საბურავების დაწვა აუკრძალეს. რადგან გვამხილეს, ჩამბარებელი პუნქტები მაინც გახსნან და საბურავებს ჩავაბარებთ.
საბურავებზე გეცინებათ, მაგრამ ცოცხებსა და კვერცხებზე რას ფიქრობთ, რითაც რეგიონებში თქვენს თანაგუნდელებს გაუსწორდნენ?
- ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია სანახაორბივად დაიწყო და ეპითეტებიც ამიტომაც დაიმსახურეს. ესენი არიან „კვერცხების მთავრობა“. ეპითეტებზე ტყუილად გიჟდებიან, რადგან თითოეული მათგანი მათი დამსახურებაა. მმართველ გულს „ჰაკიმ ფაშა“ სტკივა, მაგრამ საქმეს სანამ არ გამოძიებენ, ირაკლი ღარიბაშვილის სახელი „ჰაკიმ ფაშა“ იქნება და ამას უნდა შეეჩვიონ. მართალი გითხრათ, „კვერცხების მთავრობაც“ მათი დამსახურებაა. „კვერცხების მთავრობამ“ მორატორიუმი გამოაცხადა, მაგრამ ამ წინადადების არსი რამდენად გულწრფელია ვერ გეტყვით, რადგან ადამიანები დაკითხვებზე კვლავ დადიან.
ვინ დადის დაკითხვებზე?
- გიგი უგულავა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია და სასამართლოში მისი ყოველდღიური ტარება უნდა გადადებულიყო, მაგრამ პროკურატურამ პროცესის გაგრძელება დაჟინებით მოითხოვა და ვის უნდა დავუჯეროთ, „ჰაკიმ ფაშას“ თუ პროკურატურას?!
გიგი უგულავას დაკითხვებზე დაბარებას აპროტესტებთ, მაგრამ მის მიმართ საგამოძიებო პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს?
ეს პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ორი თვე, რას დააშვებს ისეთს, რომ ეს პროცესი გადაიწიოს? ამ დროისთვის, ჩვენი რაიონული ლიდერები დაკავებულები არიან და იმისათვის, რომ თანაბარი გარემო იყოს, ეს ადამიანები ციხიდან უნდა გამოუშვან. საარჩევნო პროცესზე, წულუკიანის საოცარი კომენტარი ვნახე. მინისტრი ამბობს, რომ საფრაანგეთში რომ ცხოვრობდა, თურმე, ადგილობრივ არჩევნებს არ აკვირდებოდნენ. ამ საკითხზე საუბარი საიდან დავიწყო და სად დავამთავრო არ ვიცი, მაგრამ წულუკიანს ვეტყვი, რომ საფრანგეთი უძველესი დემოკრატიის ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია. მას არჩევნების უდიდესი ტრადიცია აქვს და აქედან გამომდინარეობს, დამკვირვებლების აუცილებლობის არქონაც. საქართველოს და საფრანგეთის შედარება, როგორ შეიძლება? - ან იმბეცილი ხარ, ან თვალთმაქცობ და საზოგადოებას მასხრად იგდებ.
არ ვიცი, თეა წულუკიანი რას გიპასუხებთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრს თქვენ რას უპასუხებთ, რომელიც ამბობს, რომ ნაციონალებს 7 პროცენტი აქვთ?
სამწუხაროდ, ტრადიცია გრძელდება. მთავარი იხტიოლოგი (ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს) იძახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 5 პროცენტს აიღებდა, მაგრამ მისი სურვილისა და ძალისხმევის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებზე 22 პროცენტი მივიღეთ. ამ არჩევნებზეც დადასტურდება, რომ ჩვენ მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის იზოლაციის შემთხვევაში, საქართველო ამას მხარს არ დაუჭერს. რას ფიქრობთ, მის პოზიციაზე?
- ეს განცხადება საერთაშორისო პოლიტიკასთან აბსოლიტურად დისონანსშია და დამრთგუნავია ის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს. მაშინ როდესაც, ამერიკა და ევროკავშირი მზად არიან, რომ სანქციების ახალ პაკეტს მწვანე შუქი მისცენ, რომელიც რუსეთის სრულ იზოლაციას გულისხმობს, მარგველაშვილი მსგავს განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. ეს ყველაფერი მარგველაშვილის რუსული პოლიტიკის არსის არცდონაზე მიუთითებს. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ საკუთარი მიზნები აქვს, მისი განხორციელებისთვის დასახული ნაბიჯებით მოქმედებს და ამაზე გავლენას არანარი გარე ფაქტორები არ ახდენს, მთავრობამ მეტი უნდა იფიქროს. სანქციების გზით პერსპექტივა ჩანს იმისა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის საფრთხე შენელდეს, პუტინის რეჟიმი ჩამოინგრას და განადგურდეს. დაუშვებელია, ეს საქართველოს პრიორიტეტი არ იყოს. არ ვიცი, ეს განცხადება მარგველაშვილის შეგრძნების დონეზე გამოთქმული მოსაზრებაა თუ იმ საერთო რიტორიკის გაგრძელება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მისმა სულიერმა ლიდერმა დაუსახა. როგორც ჩანს, ამ გზას მიჰყვებიან.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას გიორგი მარგველაშვილთან ურთიერთობა აღარ აქვს...
- შესაძლოა, ეს დამოკიდებულება გიორგი მარგველაშვილის პოზიციაა, მაგრამ სხვების პოზიციისგანაც არ განსხვავდება. მართალი გითხრათ, მარგველაშვილისგან ეს განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მან საქართველო ორი კულტურის ქვეყნად დაასახელა.