2014 წლის 17 აპრილს for.ge–ზე გამოქვეყნდა მანანა ნოზაძის სტატია „აფხაზეთმა შავი ზღვის აკვატორიაში, შესაძლოა, ნავთობის მოპოვება დაიწყოს“. ამ სტატიაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი, რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთში, შავი ზღვის აკვატორიაში შესაძლოა, ნავთობის მოპოვება დაიწყოს. მეტიც, ქართველი ექსპერტების ერთი ნაწილი ასახელებს გალის, მეორე ნაწილი კი – გუდაუთის და ოჩამჩირის სანაპიროებზე ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოების არსებობის ფაქტებს.
უფრო ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდნტი ს. ბაღაფშიც ირწმუნებოდა, რომ შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროს შელფი 300-დან 500 მილიონ ტონამდე ნავთობს ინახავდა. ეს აშკარად „გაბერილი“ მონაცემებია, თუ გავითვალისწინებთ რუსულ მედიაში ამ სამიოდე დღის წინ, რფ–ს ბუნებრივი რესურსების მინისტრის სერგეი დონსკოის გავრცელებულ ინფორმაციას სწორედ ასეთი სიმძლავრის მქონე საბადოს აღმოჩენაზე კასპიისპირეთში. კერძოდ, ის იუწყებიდა, რომ ასტრახანთან აღმოჩენილია რფ–ში ბოლო 30 წელიწადში აღმოჩენილი საბადოებიდან უდიდესი, 500 მლნ ტონა ნავთობის და 90 მლრდ კუბმეტრი გაზის დებეტის მქონე საბადო „ველიკოე“. აქამდე, რუსეთის სახმელეთო საბადოებიდან, 1988 წელს აღმოჩენილი „ვანკორის“ საბადო გამირჩეოდა.
თუმცა, არც იმის მტკიცებაც არ შეიძლება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან ნახშირწყალბადები საერთოდ არ არის. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ჯერ კიდევ 2013 წლის 22 აპრილს მიიღო დადგენილება, რომლითაც შპს "როსნეფტ-შელფ აფხაზიას" (ООО «РН-Шельф Абхазии») შავი ზღვის შელფზე, 45 წლიანი დაზვერვა-მოპოვების ნებართვა 4 მლნ 600 ათას დოლარის ერთჯერადი გადასახდელის ფასად მიანიჭა.
შედეგად, სოხუმში გახშირდა ეკოლოგების პროტესტები იმაზე, რომ მომავალ თაობას ხელუხლებელი ბუნება უნდა დარჩეს. ერთის მხრივ, ნავთობმოპოვების მომხრეები ამტკიცებენ, რომ შავი ზღვის აუზში მდებარე ყველა ქვეყანა ეძებს ნავთობს და ამით არაფერი არ "ფუჭდება". თანაც, მათი აზრით, “როსნეფტთან” გაფორმებული ლიცენზიური შეთანხმება ჯერ მხოლოდ დაზვერვას ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, დისკუსიების სიმწვავიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სერიოზული ანტირუსული ეკოლოგიური მოძრაობის ინიცირება.
ზემოაღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, აფხაზურ ელექტრონულ მედიაში ეკოლოგიურ საკითხებზე დისკუსიის ინიციატორი გახდა ბესლან კობახია, მოსკოვის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი. თანაც, ამ დისკუსიას რეალური საფუძველი აქვს. კერძოდ, აფხაზეთის შელფის მსგავსად, 2010 წელს ტუაფსეს ნაპირიდან 100 კმ-ის დაშორებით, 2 კმ სიღრმეზე მდებარე “შაცკის ლილვის” (Вал Шатского) ათვისებაზე ლიცენზია “როსნეფტმა” და ამერიკულმა “ექსონმა” ერთად მოიპოვეს. თუმცა, გარემოზე ზემოქმედებისა და სეისმომედეგობის შეფასება, მაშინ რფ სახელმწიფო ორგანიზაციამ “დალმორნეფტეგეოფიზიკამ” (“Дальморнефтегеофизика”) ფორმალურად ჩაატარა და შედეგები საზოგადოებრივ მოსმენაზე არ წარადგინა, რის გამოც მას საზოგადოებრივმა “ჩრდილოეთ კავკასიის ეკოლოგიურმა ვახტამ” უნდობლობა გამოუცხადა. აფხაზი ეკოლოგები, “როსნეფტთან” ურთიერთობებში რფ-ს ტუაფსეს და გელენჯიკის მოსახლეობის “მწარე” გამოცდილებიდან გამომდინარე, მოითხოვენ რეალური, და არა ფორმალური, “გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის” (ОВОС ) შედგენას.
ეს მოთხოვნა აფხაზეთში “როსნეფტის” საკმაოდ ანგარებიანი გეგმებიდან გამომდინარეობს. გამოქვეყნებული ცნობებით, რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია “როსნეფტის” 2012 წლის 20 ივნისს დამტკიცებულ წლიურ ანგარიშში, რამდენჯერმე ნახსენებია ოკუპირებულ აფხაზეთში ინვესტიციები და გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოები, რაც ამ ენერგოგიგანტის განზრახვების სერიოზულობაზე მეტყველებს. კერძოდ, ანგარიშში “როსნეფტის” აქტივებს შორის გამოყოფილია ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე “როსნეფტის” სამი ავტოგასამართი სადგური (ხსენებული ანგარიშის გვ. 2; და გვ. 63). ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც რუსული ნავთობგიგანტის საერთაშორისო პროექტებზეა საუბარი, მითითებულია შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე არსებული გუდაუთის მონაკვეთის დაზვერვა (ხსენებული ანგარიშის გვ. 41).
აღნიშნული წლიური ანგარიშის მე-4 დანართში, სადაც “როსნეფტის” მიერ 2012 წელს განხორციელებულ მსხვილ გარიგებებზეა საუბარი, აღნიშნულია 2012 წელს “როსნეფტ-აფხაზიასთვის” (ООО «РН-АБХАЗИЯ») 59,67 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების მიწოდების შესახებ. ასევე, განხილულია “როსნეფტ-შელფ აფხაზიისთან”, ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმებული, 1.4 მლრდ რუბლის კონტრაქტი (ხსენებული ანგარიშის გვ. 241), რომლის რეალიზაციისთვისაც მიღებული იქნა 2013 წლის 22 აპრილის ზემოაღნიშნული დადგენილება შპს "როსნეფტ-შელფ აფხაზიას" შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შპს “როსნეფტ-შელფ აფხაზიი” “როსნეფტის” მიერ სოხუმში დაფუძნებული ფილიალია 100%-იანი რუსული წილით. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ გიგანტს საკმაოდ დიდი ინტერესები აქვს არა მარტო ნავთობმოპოვების, არამედ ნავთობპროდუქტების რეალიზაციის კუთხითაც. ამ მიზნით აფხაზეთში, შპს “როსნეფტ-შელფ აფხაზიი”-მდე, დაფუძნდა შპს “როსნეფტ-აფხაზია”. ეკონომიკური ინტერესის საფუძველია აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტორთათვის შექმნილი საკმაოდ ხელსაყრელი პირობები. კერძოდ, აფხაზეთში 250 ათასი დოლარის ინვესტირებისას იწყება საგადასახადო შეღავათების მოქმედება, ხოლო 1 მლნ დოლარზე მეტის დაბანდების შემთხვევაში, ინვესტორი სამი წლით ყოველგვარი გადასახადისაგან თავისუფლდება. ეს შეღავათები “როსნეფტს” გრძელვადიანი, სამომავლო ინვესტიციების მაღალ რენტაბელობას ჰპირდება. წინასწარი მონაცემებით, აფხაზეთის შელფზე ნავთობის მარაგების უდიდესი ნაწილი სანაპირო ზოლიდან 10 კმ-ზე მდებარეობს. ამდენად, მათი დამუშავებისათვის საკმაოდ სერიოზული დაბანდებებია საჭირო.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი აფხაზი ექსპერტის მონაცემებით, შავ ზღვაში ნავთობის სამრეწველო მარაგების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, საბადოების დამუშავება ვერ დაიწყება 2030 წლამდე. ამ საკითხზე მსჯელობისას, აფხაზმა ეკოლოგმა რომან დბარმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა აფხაზ პოლიტიკოსთა უკვე შემდეგმა თაობამ მიიღოს. თუმცა, შპს “როსნეფტ-შელფ აფხაზიის” წამყვანი სპეციალისტი თემურ მაანი, უკვე განხორციელებულ სეისმოდაზვერვის შედეგებს საკმაოდ პერსპექტიულად აფასებს და საძიებო ბერღვის დაწყებას უკვე 2017-2018 წწ. ვარაუდობს. სპეციალისტები ასევე არ გამორიცხავენ ოჩამჩირის შელფზე ნავთობის საბადოების არსებობასაც.
მზადდება ინვესტიციები ცხინვალის რეგიონისთვისაც. 2013 წლის 13 თებერვალს რფ-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ჩატარებულ ეკონომიკურ ფორუმზე დაასკვნეს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი საბაჟო კავშირში შესვლით პრივილეგიებს მიიღებს. კერძოდ, მოსახლეობის შემოსავლების დონე მოიმატებს, ეკონომიკის განვითარებას ახალი იმპულსი მიეცემა.
არსებული ინფორმაციით, ამ ფორუმიდან ერთი კვირის შემდეგ, 2014 წლის 18-19 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის დსთ-ს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში ვ. სურკოვის ცხინვალში ვიზიტის დროს, საუბარი შეეხო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის 2014 წლის საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციას. ამასთან, რფ-ში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი დ. მედოევი ვიზიტის დაწყებამდე აცხადებდა, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის მიერ ინიცირებულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ითხოვს და მიაჩნია, რომ ეს რესპუბლიკის ინსტიტუციური განვითარებისთვის დადებითი იმპულსი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ვლადიმერ სურკოვი ცხინვალისა და სოხუმის საბაჟო სივრცეში გაწევრიანების არარეალურობაზე ამახვილებდა ყურადღებას. მაშინ ის ამტკიცებდა, რომ ეს პროცესი გართულებულია იმ შეზღუდვების გამო, რომელიც რუსეთის შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული.
რუსი და სომეხი ექსპერტები აქტიურად განიხილავენ რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩის, დ. მედოევის სხვა წინადადებასაც – რუსეთიდან ამიერკავკასიაში, ალაგირი-ცხინვალის 140 კმ-იანი სატრანზიტო რკინიგზის მშენებლობაზე. ზოგი პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მსგავი პროექტების რეალიზაციის შანსი ნაკლებია. მათ მიაჩნიათ, რომ თუ სამხრეთ ოსეთს უნდა ჩიხიდან სატრანზიტო რესპუბლიკად გადაიქცეს და თავისი ტერიტორია სავაჭრო გზად აქციოს, მას თავდაპირველად პოლიტიკის გვერდზე გაწევა და საქართველოსთან ავტოტრანსპორტის ტრანზიტზე მოლაპარაკება უნდა ეცადა, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის ხარჯზე არანორმალურად ძვირი რკინიგზის მშენებლობაზე ეფიქრა. თუმცა, როგორც ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, რფ-ს მთავრობის გარკვეული წრეები, ამ პროექტის მიმართ უკვე ყურადღებას იჩენენ.