ნეიტრალიტეტამდე, ფედერალიზაციამდე თუ ნატოს კარამდე?

ნეიტრალიტეტამდე, ფედერალიზაციამდე თუ ნატოს კარამდე?

უკრაინის შემდეგ - საქართველო. ბევრს საუბრობენ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვიკაციებზე, თუმცა რა ტიპის საფრთხეებია მოსალოდნელი, ამის განსაზღვრა ძნელია. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტთან უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტების შეხვედრაც შედგა, სადაც მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრეს. პარალელურად კი კონფლიქტის ზონაში რუსმა ჯარისკაცებმა ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი საზოგადოებას და ჟურნალისტებსაც სიფრთხილისკენ მოუწოდა. იწყება თუ არა პროვიკაციების სერია რუსეთის მხრიდან ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, ამ მოვლენათა ერთობლიობას თუ განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან უკვე დაიწყო ის პროვოკაციები, რისი მოლოდინიც არსებობდა, თუ მაგალითად, ჟურნალისტების დაკავების ფაქტი უბრალო დამთხვევად უნდა აღვიქვათ?

- ძალიან რთულია ამაზე საუბარი და პასუხი, ალბათ, რუსებსაც არ ექნებათ. თუმცა, ლოგიკური მსჯელობის დონეზე ჟურნალისტების დაკავება ძალზე დამაფიქრებელია, ამას აშკარა პროვოკაციის სუნი უდის. ვისი შეცდომის ან ინიციატივის წყალობით მოხვდნენ ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ზოლს მიღმა - ესეც ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია.

რუსებისთვის, რომლებთანაც ქართველებს უკვე წელიწადნახევარია გადატვირთვის პოლიტიკა აქვთ, არაფერი არ იყო ქართველი ჟურნალისტების მაშინვე გადმოცემა ქართული მხარისთვის. თუმცა, ვნახეთ რამხელა აჟიოტაჟი და განცხადებები მოჰყვა რუსული მხარისდან და რამდენი ხნით გააჩერეს ჟურნალისტები.

ეს არ არის შემთხვევითი აქტი, ეს არის მიზანმიმართული და შორსმიმავალი პროვოკაცია. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პირველი მსგავსი ტიპის პროვოკაცია, შემდგომი ჯაჭვიდან.

საკითხი დგას ასე, თუ უკრაინაში რუსეთს სიტუაცია დაეძაბა და ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მას შესაძლოა, დასჭირდეს კავკასიის ფლანგის გამაგრება და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გააქტიურდეს საქართველოს მიმართულებითაც.

ანუ პარალელურ რეჟიმში მოახდინოს ანექსია?

- იმ შემთხვევაში, თუ მას დაპირისპირება მოუწევს არა მხოლოდ უკრაინასთან - ამ კონფლიქტს აქვს საერთაშორისო კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე. ასეთ შემთხვევაში ის, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ ზურგი მოიმაგროს, რაც საქართველოსთვის შეიძლება უმძიმესი შედეგებით დასრულდეს.

თუმცა, ვიფიქროთ უკეთესზე და იმაზე, რომ რუსეთი შეეცდება, არ გაფანტოს თავისი სამხედრო ძალები და კონცენტრირება გააკეთოს უკრაინაზე. ამის ვარაუდი, რა თქმა უნდა, წინასწარ არავის არ შეუძლია. ძალიან ცუდად აღვიქვამ ქართველი ჟურნალისტების ხანგრძლივად დაკავების ფაქტს და ასეთ ხმაურიან განცხადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

ამ განცხადებაში ორი საქართველოს მინიშნებაც ძალიან ცუდის ნიშანია. ანუ რუსეთმა უკვე გამოყო ის საქართველო, რომლის დასჯასაც შეიძლება სამომავლოდ ფიქრობდეს. თუ უფრო შორს წავალთ, ეს შესაძლოა იმის ნიშანიც იყოს, რომ მას ეგულება კარგი საქართველო, რომელიც ისეთივე ხელგაშლილი შეიძლება დახვდეს, როგორც მას ხვდებიან უკრაინაში. ძალიან ცუდი მინიშნებების შემცველი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება.

საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე არსებობს?

- უკრაინა ვერ უწევს წინააღმდეგობას და ჩვენ რა რესურსით უნდა გავუწიოთ შეიარაღებული წინააღმდეგობა? უფრო სწორად, რა შედეგის მომტანი იქნება, ამაზეა საუბარი. უკრაინელებს ნაკლებად უყვართ საკუთარი ქვეყანა ვიდრე ქართველებს საქართველო? აქ საუბარი იმაზეა, რომ, სამწუხაროდ, უკრაინელებმა, როგორც ჩანს, მიიღეს საკმაოდ ნათელი მესიჯი რომ არავისი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, არ უნდა ჰქონდეთ დასავლეთის იმედი. აქედან  გამომდინარე, უკრაინელებმა შეაფასეს რა საკუთარი რესურსები, იძულებულები არიან დათმონ პოზიციები რუსეთის შეუწონავად დიდ სამხედრო პოტენციალთან შედარებით.

ანუ, საქართველოსაც, უკრაინის მსგასვსად არ უნდა ჰქონდეს დასავლეთიდან უფრო მეტი მხარდაჭერის იმედი ვიდრე განცხადებებია?

- რა თქმა უნდა, ეს ცალსახაა.

რაც შეეხება სანქციებს, რომელსაც თითქოსდა ევროკავშირი დღითი-დღე ამკაცრებს რუსეთის მიმართ, რეალურად, რამდენად სერიოზული სანქციებია?

- ეს არის უკრაინის დაცინვა. მე რაღაც სხვანაირი ტონალობები მახსოვს ამერიკისა და ევროპის მხრიდან, როდესაც უკრაინაში მიდიოდა ევროპული მომავლის დასაცავი პროცესები. ვერ აანალიზებდა დასავლეთი, ამითი საით უბიძგებდა უკრაინას? ალბათ ვერ აანალიზებდა, მაგრამ ეს პროცესები რომ მარტო უკრაინას არ მოიცავს - ფაქტია, და ისიც შიძლება, რუსეთი მარტო აღმოსავლეთ უკრაინით არ დაკმაყოფილდეს.

ყველაზე ანგაჟირებული რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს თუ გადავხედავთ, ისინი უკვე კიევსაც უმიზნებენ.

რამდენიმე დღის წინ იყო საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებთან. თუ გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რასაც ამ კუთხით უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- ძირითადი ყურადღება ისევ სამხრეთ ოსეთის გარშემო ტრიალებს, რომელიც შეიძლება ორი სრულიად განსხვავებული რაკურსით დავინახოთ, ანუ ორი განსხვავებული რაკურსით შეიძლება გველოდოს საფრთხე.

ერთი გახლავთ ის, რომ მაისში შესაძლოა ჩატარდეს რეფერენდუმი და სამხრეთ ოსეთი მიიერთოს რუსეთმა; დაელოდოს საქართველოს რეაქციას, რომელიც ვერ იქნება რბილი და კეთილმეზობლური და ამ რეაქციაზე საპასუხოდ უკვე ფართომასშტაბიოანი საოკუპაციო ოპერაცია განახორციელოს, ანუ ინტერვენცია.

შესაძლოა, პირიქით, წავიდეს რუსეთი, თუმცა ჟურნალისტების დაკავების ფაქტთან დაკავშირებული რუსეთის განცხადებები მაფიქრებინებს, რომ რუსეთი ნაკლებად შეიძლება წავიდეს იმ გზით, რომ შესთავაზოს სამხრეთ ოსეთის დაბრუნება და საპასუხოდ საქართველოსგან მოითხოვოს ფედერალიზაცია, ნატოზე უარის თქმა და საბაჟო და ევრაზიის კავშირებში გაწევრიანება.

ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ექსპერტების უმრავლესობა და მარტო ქართველ ექსპერტებს არ ვგულისხმობ, თითქმის ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ პუტინის მიერ დაანონსებული ევრაზიის კავშირის შექმნა სხვა არაფერი იყო, გარდა ილუზიისა. დღევანდელი პროცესები აჩვენებს რომ ეს ილუზია 2015 წლისთვის ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის კოშმარად იქცევა, სამწუხაროდ.

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროცესში საქართველო რუსეთის ერთ-ერთი საკბილოა, მაგრამ რა ფორმით იქნება ეს, რას დასჯერდება რუსეთი, მშვიდობიანად აიღოს გავლენა საქართველოზე თუ შეგნებულად და მიზანმიმართულად გაუწიოს პროვოცირება უკრაინის მსგავს პროცესებს, ეს ჯერ არავინ არ იცის.

საქართველოს რა შეუძლია გააკეთოს მოსალოდნელი საფრთხეების ასაცილებლად?

- ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის ის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ პროვოკაციები. თუმცა ჟურნალისტებთან დაკავშირებულ პროვოკაციასაც არავინ არ ელოდა. მაგრამ ტოტალური კონტროლი და ყველა მოსალოდნელი საფრთხისგან სრული დაცვა სახელმწიფოსაც არ შეუძლია. მოსახლეობასაც უნდა ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა, რომ შემთხვევით არ იქცეს პროვოკაციის სათავედ და ვიღაცამ ბრმა იარაღად არ გამოიყენოს.

თუმცა, ამას ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად სჭირდება გარკვეული რეგულირება - საინფორმაციო დონეზე მივაწოდოთ საზოგადოებას, რა ტიპის პროვოკაციებს შეიძლება ველოდოთ, რომ ამ პროვოკაციებს ადგილობრივი მოსახლეობა არ წამოეგოს.

ძალიან მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება... მოსალოდნელია თუ არა ამ არჩევნებს უმიზნებდეს რუსეთი და შეეცადოს გარკვეული ტიპის არეულობის მოწყობას?

- გამიჭირდება გადაჭრით რაიმეს თქმა. მნიშვნელოვანია, როდის არის ეს არჩევნები, ასოცირების ხელმოწერამდე თუ მას შემდეგ, ოსეთის რეფერენდუმამდე თუ მას შემდეგ, ან - ჩატარდება თუ არა ეს რეფერენდუმი საერთოდ. ძალიან ბევრი თემაა გასათვალისწინებელი. თუმცა არ მგონია, ეს არჩევნები იყოს იმ მნიშვნელობის და იმ მასშტაბის, რომ რუსეთს სამანიპულაციოდ გამოადგეს. მე უფრო მეშინია, ისევ ფედერალიზაციის თემის.

როგორ შეიძლება ამ თემის აგორება, საქართველოს რეგიონებმა რეფერენდუმის ჩატარება უნდა მიონდომონ? პრინციპში, სამეგრელოში მსგავს ტენდენციაზე უკვე საუბრობენ...

- ამ თემის გააქტიურებას და ამაზე აქცენტირებას არ ვისურვებდი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღეს რუსეთი მოქმედებს უკრაინული ხელწერით. მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მასშტაბის ჯგუფებმა შეიძლება განახორციელონ პროვოკაცია. ოთხკაციანი ჯგუფიც კი, აღარაფერს ვამბობ 10-15-კაციან ჯგუფზე, მისთვის შეიძლება აღმჩნდეს ეფემერული საბაბი, თავისი მიზნების განხორციელებისა.

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებაზე ერთი რამ არის დამოკიდებული - როგორმე არ გაწყვიტოს დასავლეთთან ინტენსიური, დიპლომატიური ურთიერთობები და როგორმე დაარწმუნოს დასავლეთი ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველო, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა მას სჭირდება, რომ ამ რეგიონის დაკარგვით დასავლეთი ძალიან ბევრს დაკარგავს.

ზოგიერთი ქართველი ექსპერტი თვლის, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასავლეთს მხოლოდ საქართველოს ნატოში მიღებით შეუძლია, რამდენად ემთხვევა ამ შემთხვევაში რეალობა და სურვილები ერთმანეთს?

- ვინ გვიშვებს ნატოში, თორემ კი. გააჩნია, დასავლეთისთვის დღეს საქართველო რეალურად იმდენად თუ ფასობს, რომ ნატოში მიიღოს. ეს ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს ფარის გადაფარებას და ფაქტობრივად, სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან. მე თითქმის გამოვრიცხავ მოვლენათა ასეთ განვითარებას. ანუ დასავლეთს იმდენად უნდა უღირდეს ეს რეგიონი, რომ მისთვის სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდეს. მეეჭვება ასე მოხდეს.

ანუ საქართველოს ხელისუფლებას ისღა დარჩენია, იყოს მაქსიმასლურად ფრთხილად და ელოდოს რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი?

- არა მხოლოდ. უნდა შეეცადოს, რომ საქართველო მუდმივად დარჩეს დასავლეთის ყურადღების ცენტრში. როგორც ერთ-ერთი სცენარი მოვლენათა განვითარებისა, განიხილება ნეიტრალიტეტი, ოღონდ უკრაინისთვის. საქართველოს მიმართ მსგავს მოსაზრებას არსად წავწყდომივარ. დღეს დასავლეთის მიზანია, როგორმე შეაკავოს რუსეთი. ამ გზაზე ისინი ეძებენ გამოსავლის უამრავ ვერსიას. შესაძლოა ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდეს ნეიტრალიტეტი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ნატოს მომავალ წევრებად მოიაზრებოდნენ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიგში მოექცეს.