დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების სრული ლიბერალიზაცია ნაადრევია.
ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე კარასინმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ 2013 წელს, საქართველოს 25 ათას მოქალაქეს რუსეთის ვიზა მისცეს, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 40 პროცენტით მეტია.
კარასინის განცხადებით, ვიზების საკითხი მწვავედ დგას, რადგან 2008 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
„დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების სრული ლიბერალიზაცია ნაადრევია. თუმცა, ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, იმ პირთა კატეგორია მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ, რომლებიც რუსულ ვიზებს იღებენ“, - განაცხადა კარასინმა, რომელმაც ყურადღება საქართველოში რუსი ტურისტების ჩასვლაზეც გაამახვილა.
რუსი დიპლომატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი გაიზარდა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამო დაბრკოლებები რჩება.
„ამ კანონის გაუქმება, საქართველოში ჩვენი ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
გრიგორი კარასინისგან განსხვავებით, ზურაბ აბაშიძე აქცენტს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესზე ამახვილებს და ამბობს, რომ კარასინი ირწმუნება, რომ ეს პროცესი დასრულებულია.
აბაშიძის ცნობით, რუსეთი ასევე ირწმუნება, რომ არანაირად არ აპირებს რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
„ჩემმა კოლეგამ განაცხადა, რომ რუსეთი არანაირად არ აპირებს რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე მოსალოდნელ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ივნისი შორს არ არის და ყველაფერი გამოჩნდება. ეს განცხადება ვფიქრობ, რომ საინტერესოა“, - დასძენს აბაშიძე.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრას შეფასებები საქართველოში უკვე მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ რუსები კვლავ „უტიფრად ცრუობენ“, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ რუსული ვიზის ხათრით, საქართველო „ესენგე“-ში ვერ დაბრუნდება.
ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ და რუსები უტიფრად ეშმაკობენ.
„რა შუაშია, მათი მხრიდან მოწოდება იმის შესახებ რუსეთის მოქალაქეები სად წავიდნენ?! მათ საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ, რადგან ცალმხრივად უვიზო მიმოსვლაა. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდეთ, მაგრამ რუსებისთვის ჩვენი არსებობა პროვოკაციაა. ჩვენ კი, რუსი ხალხის მიმართ მტრობა ომის დროსაც კი არ გამოგვიხატავს“, - განუცხადა for.ge-ს ბარამიძემ.
ნაციონალ დეპუტატს არ სჯერა, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციები არ იქნება.
„პროვოკაცია არ იქნებაო - კარასინს უთქვამს, მაგრამ 2008 წელს, მისთვის რომ გეკითხათ, ქართული სოფლები მათ არ დაუბომბავთ და ჯარებიც არ შემოუყვანიათ. თურმე, არც ყირიმში განვითარებულ მოვლენებში არ აქვთ ბრალი. არ მჯერა, რომ ოკუპაციის ხაზზე პროვოკაციას არ მოაწყობენ, დედას დაიფიცებენ და პუტინისეულ პატიოსან სიტყვას მისცემენ მსოფლიოს. ამის საქართველოში კი არა, მსოფლიოში იმ ადამიანებსაც არ სჯერათ, ვისაც ილუზიები ჰქონდა. ეს საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს და იმოქმედოს არა შეშინებული სირაქლემასავით, არამედ მტერს წინააღმდეგობა გაუწიოს“, - აღნიშნავს ბარამიძე, რომლის პათოსსაც იზიარებს გიორგი კანდელაკი.
დეპუტატის თქმით, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში პრობლემებს ქართული მხარე რომ არ ქმნის, ამას ბოლო პერიოდიც ცხადყოფს.
მისი განცხადებით, რუსეთი ქართული მხარის მიმართ კვლავ მტრულ პოლიტიკას ეწევა და საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებს ავლებს.
„იმ პირობებში, როცა საქართველოში და მმართველ გუნდში ანტიდასავლური ძალები ძლიერდებიან, მათ შორის ვოსლკის ხელმძღავნელობით, სჯობს ხელისუფლებამ იმოქმედოს, სანამ პროევროპულ აზრს ძირს გამოუთხრიან. ხელისუფლების ვალია, საზოგადოებას სიმართლე დაგვიანებით მაინც უთხრას და განაცხადოს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება საქართველოს ბრალი არ არის“, - განუცხადა for.ge-ს კანდელაკმა.
უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი კარასინის განცხადებების საპასუხოდ ამბობს, რომ რუსების ვიზის გამო საქართველო ევროპულ კურს ვერ შეცვლის.
„ერთადერთი ისეთი შეთავაზება შეიძლება გაკეთდეს, რომელიც წითელ ხაზებს არ გადაკვეთავს. რუსების ვიზის ხათრით „ესენგე“-ში ვერ დავბრუნდებით. მასთან ბოდიში, ვისაც ვიზა სჭირდება, მაგრამ ეს სახელმწიფოებრივი საკითხია. რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგდეს, მაგრამ ამას ქვეყნის ინტერესები არ უნდა შეეწიროს“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციის კუთხით, ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ოკუპაციაში ცხოვრებას მიჩვეულია და ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადაგას.
„ამ შეხვედრაში პოზიტიური ნაბიჯები იყო, მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ რა გავაკეთოთ, როცა ისინი ჩვენს ტერიტორიებზე უკანონოდ იმყოფებიან?! მათ დაპირებებს ყოველთვის ეჭვის თვალით ვხედავ, რადგან მათ არ ვენდობი“, - დასძენს დოლიძე.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მარტში იყო დაგეგმილი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, რამდენიმე დღის წინ გაიმართა. დიპლომატების მომავალი შეხვედრა ივლისშია ჩანიშნული.