თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სეპარატიზმია. დღესდღეობით დედამიწაზე 5 ათასამდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მაშინ, როცა მსოფლიოში მხოლოდ 203 სახელმწიფოა. დასავლელი ექსპერტების მოსაზრებით, 21-ე საუკუნე აგრესიული სეპარატიზმის საუკუნეა, ადრე თუ გვიან ეთნოსებს აუცილებლად გაუჩნდებათ დამოუკიდებლობისა და საკუთარი სახელმწიფოს შექმნის სურვილი. ამ პროცესის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი ის არის, რომ მსოფლიო სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმურობას არასდროს აღიარებს, გამონაკლისი მხოლოდ კოსოვო იყო, თუმცა მის ირგვლივაც მთელ მსოფლიოში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.
პრობლემები ევროპის წამყვან ქვეყნებსაც აქვთ. ესპანეთს, ბელგიას, საფრანგეთს იტალიას ბრიტანეტს.სეპარატისტული განწყობა არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა უცხო. ამ მხრივ პრობლემური ტეხასი და კალიფორნიაა.სეპარატიზმი საკმაოდ მტკივნეული საკითხია აზიისთვის. იგი გარკვეულ საფრთხეს უქმნის ინდოეთსაც და ჩინეთსაც.
როგორც ცნობილია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც აგორდა სეპარატიზმის ახალი ტალღა, რომლის მთავარი ინსპირატორი რუსეთია. პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტებისათვის სამოცდაათზე მეტი ფეთქებადსაშიში კერაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზული პრობლემები აქვს, მით უფრო აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობის შემდეგ, ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რუსეთის სამხრეთში უმართავი პროცესები დაიწყოს თუმცა რუსეთი ამ ეტაპზე ტერიტორიული პრობლემების საფრთხეს უახლოეს მეზობლებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უქმნის.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შოტლანდია 2014 წელს აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას. გამოყოფის მომხრეებს შემთხვევით არ აურჩევიათ ეს თარიღი - სრულდება შვიდასი წელი ბენნოკბერნის ბრძოლიდან, როდესაც ინგლისის არმიის დამარცხების შემდეგ შოტლანდიამ ოთხი საუკუნით მოიპოვა დამოუკიდებლობა. ექსპერტები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ამ ფაქტით კიდევ ერთხელ ისარგებლოს რუსეთმა და სეპარატიზაციის მორიგი ტალღა ააგოროს.
ასევე საუბარია მიმდინარე წლის მაისში სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებაზე და ექსპერტები არ გამორიცხავენ, ყირიმის მსგავსად სამხრეთ ოსეთიც მიიერთოს რუსეთმა ან სულაც საქართველოში ფედერალიზაციის თემა ააგოროს.
ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებული ინფორმციის თანახმად, მსგავსი მცდელობები მოსალოდნელია ჯავახეთსა და სამეგრელოშიც. უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთის ხელსეწყობით მსგავსი ტიპის პროვოკაციებს, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, შესაძლოა დაუჯერებელი და ღიმილისმომგვრელია, მაგრამ სეპარატიზმის შესაძლო კერებს ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, სამეგრელოც მიემატოს. თქვენი შეფასებით უკვე აბსურდამდე მივედით თუ მსგავსი საფრთხეც უნდა განვიხილოთ?
- მსგავსი ქმედებები ხელოვნურად იმართება, მაგრამ ყველა ასეთ ნაპერწკალს თავიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება, თავიდანვე უნდა გატარდეს ღონისძიება, რომ დროულად იქნას ალაგმული. ჩვენთან გეოპოლიტიკური ფონი ისეთია, ნებისმიერ ასეთ გამოვლენაზე რეაგირება აუცილებელია. აქ მარტო სამეგრელოს მიმართულებაზე არ არის ლაპარაკი. როგორც ვიცი, კრემლს ასეთი გეგმა სხვათა შორის, აფხაზეთში ჰქონდა. საუბარი იყო გალის რაიონისთვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებაზე.
საუბარია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შიგნით მომხდარიყო გადანაწილება - დავუშვათ, კულტურული ავტონომია მიეცეს კოდორის იმ ნაწილს, რომელიც აფხაზი სეპარატისტების ხელშია, ხოლო პოლიტიკური ავტონომიის ელემენტები შემოღებულ იქნას გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუ ეს გეგმა განხორციელდა, არ არის გამორიცხული, ეს იყოს ათვლის ერთგვარი წერტილი, გარკვეული დასაყრდენი.
თუ ამ გეგმის განხოერციელება მართლაც დაიწყო, ამისი იგნორირება არაფრით არ შეიძლება, რადგან მეგრული სეპარატიზმის იდეის გენერირება ახალი არ არის. ეს საბჭოღა კავშირის პერიოდში დაიწყო. შემდეგ თითქოს ხდებოდა ქართულ-აფხაზური ფედერალიზმის იდეის გაღვივება.
მაშინ როდესაც ყირიმში მოხდა სეპარატიზმის პირდაპირი პოლიტიკური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში საქართველო და უკრაინა არიან ფაქტობრივად ერთ გეოპოლიტიკურ სივრცეში საერთო გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება კრემლის გეოპოლიტიკურ კურსს.
ბუნებრივია რაც ხდება უკრაინაში, იგივე მეთოდების გამოყენებას შეეცდება მოსკოვი ჩვენი მიმართულებითაც.
ანალოგიური სიტუაციაა მოლდოვაში, გაგაუზიის ე.წ. სეპარატისტულმა მხარემ უკვე დაიწყო ამ იდეის გაღვივება. საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებას შეუდგა. როგორც ჩანს, ყირიმიზაციის გაღვივებას ცდილობს მოსკოვი.
პარალელურად არ დავივიწყოთ სომხეთის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადება, რომ თუ საქართველო მაპ-ს მიიღებს, მოსალოდნელია არეულობა ჯავახეთში, რადგან სომხური მოსახლეობისთვის ეს იქნება პოლიტიკური გამოწვევა, რადგან რეგიონში თურქები გამოჩნდებიან და ა.შ. საკმაოდ უსუსური განცხადებაა, მაგრამ დროში დაემთხვა იმ მოვლენებს, რაც ხდება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში.
რაც შეეხება ევროპას, სეპარატიზმის ელემენტები საკმაოდ გაძლიერებულია, იტალიაში ბრიტანეთში და ა.შ. როგორ შეიძლება ისარგებლოს ამით რუსეთმა?
- სხვათა შორის, რუსეთის სამთავრობო არხებზე სეპარატიზმის იდეა პროპაგანდისტული კუხით საკმაოდ აქტიურად შუქდება. ამ საკითხის არტიკულირება მუდმივად ხდება და ეს შემთხვევითი არ არის. რუსეთი გადასულია საინფორმაციო ომის ფორმატზე.
ფაქტობრივად, უკრაინის საქართველოსა და მოლდოვას მიმართ უკვე გამოცხადებულია საინფორმაციო ომი და რაკი ეს უკვე მოხდა, უნდა შევეცადოთ რამენაირად თავი დავიცვათ ამ ყველაფრისგან.
რაც შეეხება ევროპას, საუბარი შეიძლება ესპანეთში კატალონიაზე, იტალიაში ვენეციაზე, შოტლანდიის თემატიკამ კიდევ წამოიწია, ევროპაში არის ისეთი გაუღვივებელი და ლატენტური კერები, რომელიც როდის გამოიჩენს თავს, არავინ იცის.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ცდილობს რამენაირად ასეთი კერების აქტივიზაციის ხელშეწყობას, სეპარატისტუილი კერების ლეგიტიმაციას რომ შემდეგ ამით საკუთარი პოლიტიკა გაამართლოს?
- როცა რუსეთი აკეთებს ამის არტიკულირებას და საინფორმაციო კამპანიის სახით ახდენს ამის გენერირებას, ეს არის საშიში პოლიტიკური ინსტრუმენტი.
პროპაგანდისტული ინსტრუმენტის ფორმატში ამას აქვს გაცილებით საშიში ტენდენციები, ვიდრე მეორე ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას ფინანსური, ან რაიმე მსგავსი ტიპის დახმარების აღმოჩენით. ამ თემის პროპაგანდირება და მისი მისთვის მიზანმიმართული გეზის მიცემა გაცილებით საშიში იარაღია ვიდრე სამხედრო კამპანიის წამოწყება, ან სპეცსამსახურების მიერ სპეცოპერაციების ჩატარება, რომელიც ითვლება ხისტი ძალის გამოყენებას.
ეს არის რბილი ძალის პოლიტიკა რომელსაც რუსეთი იყენებს გეოპოლიტიკური იარაღის სახით.
რაც შეეხება საქართველოს, საუბარია, რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მაგალითად, როგორიცაა განათლების ცენტრი „კოლხიდა“, სამეგრელოში აქტიურად ხდება სეპარატიზმის გაღვივება. მედიაში გავრცელდა კიდეც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთან ინტერვიუ, რომელიც საუბრობს რეფერენდუმის ჩატარებაზე პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნით. რომ სამეგრელომ უნდა დაიბრუნოს ის სტატუსი რომელიც მე-19 საუკუნეში ჰქონდა და ა.შ. ერთი შეხედვით არასერიოზულად ჩანს, მაგრამ არსებობს ასეთ განცხადებებში საფრთხის ელემენტები?
- გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ერთი შეხედვით ასეთი აბსურდული მოსაზრებებიც კი სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, რადგან ეს ამ ადამიანის ფრაზები არ ეკუთვნის მას, ვინც ამას ლაპარაკობს.
ავიღოთ, როგორ ვითარდებოდა სიტუაცია ყირიმში დნესტრისპირეთში, გაგაუზიაში, ეს პროცესები განვიხილოთ სიღრმისეულად და დავინახავთ, რომ ეს ყველაფერი უკვე შესრულებულია სხვა ქვეყნებში, როგორც წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია.
როდესაც ხელისუფლების მხრიდან გასატარტებელ ღონისძიებებზეა საუბარი, სწორედაც რომ უნდა მოხდეს გამოკვლევა, საიდან მიიღეს, ვისგან იმართებიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოში ასეთ „ბრძნულ“ იდეებს ქადაგებენ. ამ მიმართულებით, მე თუ მკითხავთ, სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.
ანუ მეხუთე კოლონის იდეა არ არის თითიდან გამოწოვილი, და ხელისუფლება უნდა შეეცადოს არ მოხდეს მისი ამოქმედება?
- რა თქმა უნდა, სამწუხაროდ გვაქვს რეალური მაგალითები მოლდოვასა და უკრაინაში. ერთი შეხედვით, აბსურდულია, რომ მაგალითად, სამეგრელომ რეფერენდუმი ჩაატაროს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მაგრამ გეოპოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, ნებისმიერი აბსურდული სცენარის განვითარებას შეიძლება ჰქონდეს განვითარების საფუძველი. შესაძლოა, ძალზე არარეალური იყოს მსგავსი მოწოდებები, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მაინც აუცილებელია მისთვის ყურადღების მიქცევა.