მცირე ინექციები მშენებლებისთვის

მცირე ინექციები მშენებლებისთვის

მთავრობა ცდილობს ღრმა კრიზისში მყოფი სამშენებლო სექტორი ცოტათი მოასულიეროს. უკვე გაჟღერდა რამდენიმე სხვადასხვა ტიპის შეთავაზება, ამასთან თითქმის უკვე დასრულდა ახალ სამშენებლო კოდექსზე მუშაობაც.

კომპანიები, რომელთაც სახელმწიფო მნიშვნელობის – ე.წ. მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ განხორცილებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

საქმე ეხება ჯარიმებს, როცა კომპანია მშენებლობისთვის დადგენილ ფარგლებს გასცდა ან ჯარიმა მას სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაეკისრა. ეს ჯარიმები ერთჯერადი არ არის - ერთხელ დაჯარიმებული სუბიექტი, თუ დაშვებულ შეცდომას არ გამოასწორდებს, სახელმწიფოს შეუძლია ის სამჯერ, სამმაგი ოდენობით დააჯარიმოს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, დაჯარიმებული კომპანია მიმართავს სახელმწიფოს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აღწერს რა მიზეზების გამო მოხდა პირობების დარღვევა, ან საზღვებს იქით გასვლა და თუ სამინისტრო მიიჩნევს, რომ მისი მიმართვა მართებული და მისაღებია, მიმართავს მთავრობას. ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პირობაა, რომ მას პირველადი ჯარიმა გადახდილი უნდა ჰქონდეს. კომპანიის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლებამოსილება მთავრობას გააჩნია.

„სახელმწიფო კომპანიებს სამმაგი ოდენობით, სამჯერ აჯარიმებდა, რაც ჯამში საკმაოდ დიდ თანხას აღწევდა. მაგალითად, როცა პირველადი ჯარიმა იყო 10-ათასი ლარი, შემდეგ ეკისრებოდა სამჯერ გასამმაგებული ოდენობა, რაც თითქმის 100-ათასს ლარს აღწევდა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუს“ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, დეპუტატმა თამაზ ავდალიანმა.

ე.წ. მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებული მშენებლობებში ითვლება სახელმწიფო მნიშვნელობის გზები, ხიდები და გვირაბები.

გარდა ამისა, მთავრობა ცდილობს ჩამკვდარი სამშენებლო სექტორს სხვა ფორმითაც დაეხმაროს. მაგალითად, საუბარია, რომ ადგილობრივი დეველოპერები დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაერთონ. ეს მნიშვნელოვანი შეთავაზებაა მშენებლებისათვის. კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ამ კვირაშივე გაიმართება.

როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მასშტაბური პროექტია, ამიტომ მისი განხორციელება ყველა წესის დაცვის მიხედვით უნდა მოხდეს. ამ ფარგლებში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა და დეველოპერთა მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. კომპანიებს მშენებლობის პირობები გააცნეს, ხოლო მეორე შეხვედრაზე კომპანიების შემხვედრ პოზიციებს მოისმენენ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, რომლის ღირებულებაც 107 მილიონს აჭარბებს, უახლოეს მომავალში იგეგმება, ხოლო ტენდერის გამოცხადების შემდეგ მშენებლობის თარიღებიც დაზუსტდება.

დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში განთავსდება. კომპლექსი რვა 22–სართულიანი საცხოვრებელი სახლისგან იქნება შემდგარი და იქ 2 ათასზე მეტი ოჯახი შესახლდება.

გარდა ამისა, მალე მზად იქნება ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც მშენებლებისთვის საიხლის მომტანი იქნება. კოდექსის საბოლოო ვარიანტი დაახლოებით ერთ თვეში იქნება ცნობილი. რეკომენდაციები და პროექტის არსებულ ვარიანტთან დაკავშირებული შენიშვნები სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ ახალ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს უკვე გადაუგზავნეს.