უკრაინის სისხლიანი რუსული ოკუპაციის გაზით დაწერილი სცენარი (წერილი მეათე)

უკრაინის სისხლიანი რუსული ოკუპაციის გაზით დაწერილი სცენარი (წერილი მეათე)

სტამბულში, სინოპის ატომური სადგურის მშენებლობაში რუსული ”როსატომის” შესაძლო მონაწილეობაზე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკისა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ტანერ ილდიზის მოლაპარაკებები გაიმართა. თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა ჯერ განიხილავს იაპონიის, სამხრეთ კორეის, კანადისა და ჩინეთის ოთხი კომპანიის შემოსულ წინადადებებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს რუსული კომპანიის პროექტის განხილვას. ამჟამად “როსატომი” მონაწილეობს თურქეთის “აკუიუს” ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში.

მინისტრები, ასევე, შეეხნენ სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენის ერთობლივი პროექტის მიმდინარეობას, რომლის დაწყებისთვისაც მოლაპარაკებების 24 რაუნდი გაიმართა. რუსი მინისტრის ინფორმაციით, რუსეთი მზადაა, ამ საკითხზე მოლაპარაკებების განსაახლებლად. 2011 წელს რუსეთმა თურქეთს 550 კმ-იანი სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენის ეკონომიკის გაუმჯობესების წინადადებები შესთავაზა, რაზეც პასუხი არ მიუღია. მოლაპარაკებები ამ 50-60 მლნ ტონა წლიური სიმძლავრის მილსადენის ეკონომიკურ საკითხებზე ადრე არ გამართულა. რუსული მხარე, თავისი გაანგარიშებით, ტონა ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფად 55 დოლარს მიიჩნევს, თურქული კი, - 77 დოლარს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსული კომპანიები მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ თურქეთის ჰიდრო და თბოსადგურების მშენებლობაში. ეს წინადადები ამ შეხვედრამდეც განიხილეს რუსულ-თურქული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე. ამასთან, “ინტერ-რაო-ეეს-”ი და რიგი რუსული კომპანიები სწავლობენ თურქეთის ენერგეტიკული აქტივების შეძენის საკითხს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, თურქეთმა რუსეთს გაზის მიწოდების 3 მლრდ კუბმეტრით გაზრდა სთხოვა. “გაზპრომი” გაარკვევს, არის თუ არა “ცისფერი ნაკადის” მილსადენით გაზის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა და ამის შემდეგ თურქული მხარე მიიღებს ამ თხოვნაზე პასუხს. მანამდე, 2011 წელს, თურქულმა “ბოტაშმა” გაწყვიტა რუსეთიდან გაზის მიღების შეთანხმება და “ტრანსბალკანური გაზსადენით” 6 მლრდ კუბმეტრი გაზის იმპორტი ოთხმა თურქულმა ფირმამ - “აკფერმა”, “ბოსფორუსმა”, “ქიბარმა” და “ინდექს ჰოლდინგმა” დაიწყო.

კიევი, „სამხრეთის ნაკადის” მიერ უკრაინის გვერდის ავლის საკომპენსაციოდ, თავის მხრივ, “შაჰ-დენიზის” კონსორციუმს სთავაზობს, მისი მეორე ფაზის გაზის ტრანსპორტირებისათვის, ევროპული მარშრუტების - “ტრანსადრიატიკული” და “ნაბუქო-უესტის” გაზსადენების გვერდით განიხილოს უკვე არსებული, ანუ ყველაზე ნაკლებდანახარჯიანი პროექტი - აზერბაიჯანული გაზის ცენტრალური ევროპისკენ, დაწყვილებული ბულგარეთი-რუმინეთი-მოლდოვა-უკრაინა გაზსადენის ერთი მილით რევერსით გაგზავნის საკითხი. ამის გამო, უკრაინა “ტრანსანატოლიური გაზსადენის” მშენებლობის დაჩქარებას ლობირებს.

ასევე, რუსული გაზის ალტერნატიული გაზმომარაგებისათვის, უკრაინა ოდესასთან თხევადი გაზის ტერმინალის შექმნასაც ცდილობს, თუმცა ამ ტერმინალის მომავალი დისლოკაციის ადგილზე - პორტ „იუჟნიში” კურიოზული შემთხვევა მოხდა. საუბარია გაუგებრობაზე უკრაინასა და ესპანურ კომპანია “გაზ ნეიჩურალ ფენოსას” შორის, როცა ესპანელებმა უარი განაცხადეს ოდესასთან თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო კონტრაქტში მონაწილეობისაგან.

ამ სკანდალის არსი ისაა, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერი ვინმე ხორდი სარდა ბონვეხი ესპანური კომპანიის წარმომადგენელი კი არა, თხილამურების 43 წლის ინსტრუქტორი აღმოჩნდა. ეს ფაქტი გამჟღავნდა ხელმოწერის ცერემონიალის გაშუქების, “გაზ ნეიჩურალ ფენოსას” ოპერატიული რეაგირების შემდეგ, როდესაც კომპანიამ შავი ზღვის სანაპიროზე, ოდესასთან მდებარე პორტ “იუჟნისთან”, თხევადი გაზის ტერმინალის ერთი მილიარდი დოლარით ინვესტირებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების თანდასწრებით, ტერმინალის საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი  წვერიანი, მელოტი ესპანელი, უბრალოდ, თაღლითი აღმოჩნდა, რომელიც მანამდე კიევში ესპანური ენერგეტიკული გიგანტის წარმომადგენელი ეგონათ.

ბონვეხის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ის სახლიდან 20 წლის ასაკში წავიდა და მეზობელ, მაღალმთიან ანდორაში, თხილამურების ინსტრუქტორად მუშაობდა. უკრაინაში კი 10 წლის წინ, ტურისტული მოგზაურობის შემდეგ დარჩა და იქვე დაოჯახდა. მამამისმა, ბარსელონასთან მცხოვრებმა ხოან სარდამ ღიად განაცხადა, რომ მისმა შვილმა ესპანეთში უძრავი ქონების ორი კომპანია დააფუძნა, თუმცა ისინი მრავალი წელია, არ ფუნქციონირებენ. მისი განმარტებითვე, ხორდი არასდროს ყოფილა არც საკუთარი და არც სხვისი ბიზნესით დაინტერესებული. არსებული ინფორმაციით, ხორდი ბონვეხი ესპანური კომპანიების სახელით გარიგებების შუამავლობითა და უკრაინაში მოგზაურობით იყო დაკავებული. 2012 წლის სექტემბერში მას მონაწილეობა მიუღია იალტის ყოველწლიურ ეკონომიკურ კონფერენციაში - “იეს”, სადაც, თურმე, თხევადი გაზის მიწოდებების საკითხებზე მსჯელობდა.

ამ ფაქტის გამო, უკრაინის ექსპრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა, რომ თხევადი გაზის ტერმინალის გარიგების ინიციატორმა, უკრაინის საინვესტიციო და ეროვნული პროექტების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვლადისლავ კასკივმა უკრაინა დაამცირა. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთმა “უპასუხისმგებლო მოქმედებებმა” ძირს დასცა უკრაინის იმიჯი. თავად კასკივმა თხევადი გაზის ტერმინალს “უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების” საწინდარი უწოდა.

ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული სკანდალის რეზონანსი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან ეს მოვლენა დაემთხვა ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ყატარში თხევადი გაზის მოწოდებაზე გამართულ მოლაპარაკებებს.

2013 წლის ბოლოს ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის სამმხრივი კონსორციუმის შექმნის იდეასთან დაკავშირებით, რომელშიც კიევთან ერთად, როგორც რუსული, ისე ევროპული მხარეებიც იქნებიან წარმოდგენილი. აღნიშნული კონსორციუმის შემადგენლობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა უკრაინის პოზიციაზეა დამოკიდებული - ითანამშრომლოს მხოლოდ რუსეთთან და გაწევრიანდეს “საბაჟო კავშირში”, ან დარჩეს ევროპის მოკავშირე და კონსორციუმის პროექტში ჩართოს ევროკავშირიც.

უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ბაზაზე ერთობლივი კონსორციუმის შექმნის საკითხი 2011 წლიდან განიხილება და იმ პირობების ნაწილია, რომლებიც მოსკოვმა 2009 წლის აპრილში, ტიმოშენკოსა და პუტინის მიერ გაფორმებული, რუსეთ-უკრაინის 10-წლიანი გაზის ხელშეკრულების პირობების გადახედვის სანაცვლოდ მოითხოვა. სწორედ 2009 წელს გაფორმებული კონტრაქტის პირობები გახდა ბოლო დროს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი: მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ რუსული გაზის მოხმარება 27%-ით შეამცირა, რუსეთი კიევს სთხოვს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული რაოდენობის შესაბამისი თანხა (დამატებით 7 მილიარდი დოლარი) მაინც გადაიხადოს.

ამ და უკრაინისათვის წამგებიანი სხვა გარემოებების გამო, უკრაინა თითქმის ორი წელია, უშედეგოდ ცდილობს დაითანხმოს მოსკოვი არსებულ კონტრაქტში რუსული გაზის ფასის ახალი ფორმულის შედგენასა და ისეთივე შეღავათების გაცემაზე, როგორიც გაზმომარაგების კონტრაქტებით, “გაზპრომმა” დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მოსკოვი უკრაინული მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მხოლოდ ორ შემთხვევაში თვლის შესაძლებლად: 1) თუ შეიქმნება უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ორმხრივი კონსორციუმი, სადაც მხოლოდ უკრაინა და რუსეთი (რუსული “გაზპრომი” და უკრაინული “ნეფტოგაზ უკრაინი”) უნდა მონაწილეობდნენ;  2) თუ უკრაინა გაწევრიანდება  2010 წელს შექმნილ “საბაჟო კავშირში”, სადაც ამჟამად სამი ქვეყანა - რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთია გაერთიანებული.

აშკარაა, რომ უკრაინასთან გარკვეულ დათმობებზე წასვლას კრემლი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ იგი დაეპატრონება უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გაზის სატრანზიტო სისტემას, რომლის საშუალებითაც რუსული გაზის 70% ევროპისკენ მიედინება და რომელიც რუსულ “გაზპრომს” არაერთ თავსატეხს უჩენს (2006-2009 წლების რუსეთ-უკრაინის „გაზის ომები“ ამის მკაფიო მაგალითია). ასევე, აღნიშნული სატრანზიტო სისტემის გვერდის ავლისთვის ხორციელდება “გაზპრომის” პროექტები - „სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაკადები“, რისთვისაც რუსულმა მონოპოლიამ საკმაოდ დიდი დანახარჯები გაიღო. ყველაფერი ეს ხაზს უკრაინის გაზსატრანზიტო ქსელის მნიშვნელობასა და პრობლემატურობას უსვამს. ამიტომ ევროპის შეუფერხებელი გაზმომარაგებისათვის უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემაზე კონტროლის მოპოვება მოსკოვისათვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. აღნიშნული სატრანსპორტო ქსელის მეშვეობით, შესაძლებელია, 120 მილიარდი კუბმეტრი რუსული გაზის ევროპისაკენ გადატუმბვა, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ბოლო დროს ევროპის მოთხოვნის კლებისა და უკრაინის ტრანზიტის ალტერნატიული მარშრუტის - რუსულ-გერმანული “ჩრდილოეთის ნაკადის” ამოქმედების შემდეგ, უკრაინული გაზსატრანსპორტო სისტემით გადატუმბული გაზის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამან უკრაინის ქსელის „მიმზიდველობა” ცოტა დაჩრდილა.

ეკონომიკურის გარდა, უკრაინის გაზის სატრანსპორტო ქსელს რუსეთისთვის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. კერძოდ, მოსკოვი საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით აღასრულებს და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე რუსულ გავლენას აძლიერებს. უკრაინასთან ორმხრივი კონსორციუმის შექმნით, მოსკოვი უზრუნველყოფს კიევის მიერ არჩეული დასავლური კურსის შეცვლას და, ევროპული ინტეგრაციის ნაცვლად, მის “საბაჟო კავშირში” გაწევრიანებას.

მოსკოვის ჩანაფიქრი - ხელში ჩაიგდოს უკრაინის გაზის სატრანსპორტო ქსელი და ჩამოაშოროს უკრაინა ევროპას, კიევისთვისაც ნათელია. ამიტომ, რუსული მხარის მოთხოვნების საპასუხოდ და რუსეთის მონოპოლიის თავიდან აცილების მიზნით, ჯერ კიდევ 2011 წელს ოფიციალურმა კიევმა გაზის სატრანსპორტო სისტემის მომავალი კონსორციუმის მესამე შესაძლო წევრად ევროკავშირი დაასახელა, რასაც ევროკომისიაც დაეთანხმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის სატრანსპორტო ქსელის კონსორციუმის საკითხთან მიმართებაში საკუთარი ქვეყნის პოზიცია  საკმაოდ ნათლად დააფიქსირა - მედვედევის აზრით, რუსეთის მონაწილეობა კონსორციუმში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა არ დაუშვებს აღნიშნულ პროექტში მესამე მხარის ჩართვას. პრემიერის თქმით, მოსკოვი ამით მხოლოდ თავს იცავს, ვინაიდან ევროკავშირი ყოველთვის მოძებნის მიზეზს კონსორციუმში რუსეთის გავლენის შეზღუდვისთვის და მოსკოვს აიძულებს, რომ ევროპულ წესებს დაემორჩილოს. რუსი პრემიერის აზრით, მომავალი კონსორციუმიდან მხოლოდ ევროპის გამორიცხვა კი არაა აუცილებელია, არამედ, უკრაინის მიერ რიგ ევროპულ ინსტიტუციებზე უარის თქმაც (“ევროპის ენერგეტიკული კავშირი”, “ენერგეტიკული ქარტია” და ა.შ.). სანაცვლოდ, მოსკოვის აზრით, უკრაინა “საბაჟო კავშირის” წევრი გახდება, რის შედეგადაც, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის მშპ 1.5-დან 6.5%-მდე გაიზრდება. მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, “3+1  ფორმატი”, რომელიც “საბაჟო კავშირში” უკრაინის გაწევრიანების შესაძლო მოდელად მოიაზრებოდა, მოსკოვის მიერ საერთოდ არ განიხილება. შედეგად, უკრაინაც, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი მომავალი წევრი, ვალდებულია, “საბაჟო კავშირის” ყველა პირობა, ორგანიზაციის დანარჩენი წევრების მსგავსად, ბოლომდე შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წევრის სტატუსს ვერ მიიღებს.

მედვედევის განცხადებებს, კიევის ნაცვლად, ევროკომისია გამოეხმაურა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ “ევროპის ენერგეტიკული კავშირის” წევრობაზე უარის თქმა უკრაინისთვის დამღუპველი იქნება, ვინაიდან ამით ქვეყნის სუვერენული ინტერესები და ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად დაზარალდება. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის, გიუნტერ ოტინგერის თქმით, “ევროპის ენერგეტიკული კავშირის” წევრის სტატუსით, კიევს უახლოეს მომავალში შეეძლება გაზის იმპორტი ევროპული ქვეყნებიდან განახორციელოს, რაც უკვე ხორციელდება კიდეც - უკრაინამ გაზი ჯერ გერმანული კომპანიისგან, შემდეგ კი, უნგრული მილსადენების ოპერატორისგან მიიღო და ამით რუსულ “გაზპრომთან” თანამშრომლობა თანდათან შეკვეცა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს უკრაინა “ევროპის ენერგეტიკულ კავშირს” სწორედ იმ იმედით შეუერთდა, რომ ბრიუსელი უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ უთანხმოებაში ჩაერეოდა და კიევს დაეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირს აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებისათვის კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს... მოსკოვის ვარაუდით, უკრაინას შეუძლია, სწორედ ევროპის გულგრილობა გამოიყენოს საბაბად და მიატოვოს “ევროპის ენერგეტიკული კავშირი”, რის შემდეგაც კიევი მოსკოვისაგან თანამშრომლობის ხელსაყრელ პირობებს მიიღებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, კიევშიც გარკვეული წრეები განიხილავენ რუსეთთან ორმხრივი კონსორციუმის შექმნის შესაძლებლობას... ევროკავშირი კი მიესალმება სამმხრივი კონსორციუმის შექმნის იდეას, ვინაიდან რუსული და უკრაინული მხარის დაახლოება ევროპისათვის  ისეთი არასასიამოვნო ინციდენტების აცილებას შეუწყობს ხელს, როგორებიც გასულ წლებში (2006-2009) “გაზპრომის” მიერ კიევთან კონფლიქტის შემდგომ გაზის გადაკეტვას მოჰყვა. ამავდროულად, ერთიანი კონსორციუმის წყალობით, ევროკომისია აკონტროლებს “გაზპრომს” და გავლენას ინარჩუნებს კიევზეც. შედეგად, ევროპისთვის მომავალ კონსორციუმში, რუსეთთან ერთად, ევროკავშირის მონაწილეობაც აუცილებელია

უკრაინა დილემის წინაშეა: ერთის მხრივ, მისთვის ნათელია, რომ რუსეთთან ორმხრივი გაზსატრანსპორტო კონსორციუმის შექმნით ქვეყანა გარკვეულ ეკონომიკურ შეღავათებს მიიღებს. ამიტომ, ექსპერტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინას რუსეთთან ენერგოგარიგებასა და “საბაჟო კავშირზე” უარის თქმის საშუალება არ აქვს. მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში, უკრაინა მნიშვნელოვან სარგებელს ნახავს. კერძოდ, რუსული გაზის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იქნება. მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებული გაზის რაოდენობის შემცირებას არ დაუშვებს, რაც ხაზს უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობასაც გაუსვამს. ასევე, დაწესდება დაბალი საბაჟო და სავაჭრო ტარიფები რეგიონის არაერთ ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა ისედაც სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით დსთ-ს მასშტაბით, რომლის წევრები “საბაჟო კავშირის” წევრებიც არიან. ასე რომ, ვაჭრობის მხრივ ქვეყანას განსაკუთრებული შეღავათი ნაკლებად მოსალოდნელია.

მეორეს მხრივ, უკრაინული გაზსატრანსპორტო სისტემის კონსორციუმში ევროპის მონაწილეობა კიევის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებასა და სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რისი განხორციელებაც მხოლოდ ევროპის ფინანსური  მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

რუსეთში თვლიან, რომ უკრაინას დიდი არჩევანის საშუალება მაინც არ აქვს და კიევის მიერ ევროპის მხრიდან დახმარების მოლოდინიც უშედეგოა. რუსი პოლიტოლოგების აზრით, არც უახლოეს და არც შორეულ მომავალში უკრაინის ევროკავშირში მიღება რეალური პერსპექტივა არაა და, შესაბამისად, უკრაინა, ადრე თუ გვიან, ორმხრივი კონსორციუმის შექმნისა და “საბაჟო კავშირში” გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას მაინც რუსეთთან გააფორმებს, თან ეს მოსკოვის მიერ დადგენილი წესებით მოხდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობას უკრაინისთვის გაცილებით მეტი უარყოფითი შედეგები ექნება. კერძოდ, ორმხრივი კონსორციუმის შექმნა და პრორუსულ ეკონომიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება უკრაინის დასავლური კურსისა და ევროინტეგრაციული გეგმების სამუდამოდ ჩაშლას ნიშნავს. ასევე, ქვეყანა დაკარგავს დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას, შეჩერდება ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების” შესახებ მოლაპარაკებები; დასავლეთთან კავშირის გაწყვეტის გამო, ევროპიდან იმპორტირებულ საქონელზე გაცილებით მაღალი ტარიფები დაწესდება, შენელდება, ასევე, უკრაინის მოდერნიზაცია და იკლებს ახალი ტექნოლოგიების განვითარების შანსები.

გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ მოსკოვი ურკაინასთან მიმართებაში 90-იანი წლების პოლიტიკას გაატარებს და უკრაინის წამყვანი ეკონომიკური დარგები რუსი ოლიგარქების ხელში აღმოჩნდება. ეს კი კაპიტალის უკრაინიდან რუსეთში გადინებას, მოსკოვის მიერ უკრაინის ეკონომიკის მთლიან კონტროლსა და ადგილობრივი წარმოების გაკოტრებას ნიშნავს, როგორც ეს ხდებოდა 90-იან წლებში, როცა რუსეთმა უკრაინის ნავთობის წარმოება ხელში ჩაიგდო და საბოლოოდ გააკოტრა, სანაცვლოდ კი, უკრაინის კონკურენტი რუსული ნავთობის სექტორი განვითარდა. შედეგად, დღეს უკრაინის ნავთობის წარმოება გაცილებით დაბალ დონეზეა. იგივე მოხდა გემთმშენებლობაშიც, როდესაც ადგილობრივი საწარმოები, რუსების მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, დაიხურა.

უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ხელში ჩაგდებით, მოსკოვი უკრაინას დააკარგინებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - განსაზღვროს რუსული გაზის სატრანზიტო ტარიფი, რაც უკრაინასთან მიმართებაში რუსული ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს. გარდა ამისა, სატრანსპორტო ქსელის რუსეთის თანამფლობელობაში გადასვლით, უკრაინა კარგავს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის შანსს (მოსკოვი ბლოკავს უკრაინის შიდა მილსადენებს) და ეს მაშინ, როცა რუსეთი გარანტიას არ იძლევა, რომ უარს იტყვის ალტერნატიული მარშრუტების განვითარებაზე. ამის მაგალითია პროექტი “სამხრეთის ნაკადი” და ბელარუსიის შემთხვევა: “გაზპრომმა” შეისყიდა ბელორუსიის “ბელტრანსგაზი”, დაეპატრონა მის მილსადენებს, თუმცა “ჩრდილოეთის ნაკადი” ბელორუსიის სატრანზიტო ქსელის გვერდის ავლით მაინც ამოქმედდა.

ბელორუსიის მსგავსად, დიდი ცვლილებები გაზის ფასთან მიმართებაში არც უკრაინისთვისაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ “გაზპრომმა” ბელორუსიას  გაზის ფასი შეუმცირა, თუმცა რუსეთის შიდა ბაზარზე გაზის ღირებულების გაზრდასთან ერთად, გაზის ფასი ახლა ბელორუსიისთვისაც იზრდება. შედეგად, ადვილად შესაძლებელია, რომ იგივე მოხდეს უკრაინასთან მიმართებაშიც.

უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2013 წლის ნოემბერში გამართული მოლაპარაკებების შედეგების კომენტირებისას, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევს “ტანაპის” (“ტრანსანატოლიური გაზსადენი”) თანაინვესტორობა უნდა და მზადაა, მასში 800  მლნ დოლარი დააბანდოს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში გეგმავენ “ტანაპი” დააკავშირონ ბულგარეთისა და რუმინეთის გაზის ქსელებთან, შემდეგ კი, გაზსადენთან: ანანიევი-ტირასპოლი-იზმაილი. ეს დერეფანი, ყოველწლიურად, უკრაინაში 10 მლრდ კუბმეტრი აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ზემოაღნიშნული მოლაპარაკებების შემდეგ, ორი ქვეყნის ენერგოთანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც ოპტიმისტური განცხადება გააკეთა და მიუთითა, რომ “მრავალი მიმართულებაა” აზერბაიჯანისა და უკრაინის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში აქტიური თანამშრომლობისთვის, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბაქო არ არის დაინტერესებული უკრაინის ამ პროექტში მონაწილეობით. მეტიც, ამჟამად განიხილება “ტანაპში” თურქეთის წილის - 20%-ის გაზრდის საკითხი (აზერბაიჯანი 80%-ს ფლობს). 2013 წლის ნოემბრის ბოლოს, ბაქოში, “შაჰდენიზი 2”-ის საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებისას, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარას არ აკმაყოფილებს “ტრანსანატოლიურ გაზსადენში” 20% და გეგმავს კიდევ 10%-ის შესყიდვას. აღსანიშნავია, რომ მანამდე აზერბაიჯანის კუთვნილი 80%-იანი წილიდან 29%-ის შესყიდვის სურვილი გამოთქვეს “შაჰდენიზის” პარტნიორებმაც. კერძოდ, მოთხოვნილი იყო 12-12% “სტატოილისა” და “ბი-პი”-ს, 5% კი, - “ტოტალის” მხრიდან.

ამრიგად, უკრაინული გაზსატრანსპორტო სისტემის კონსორციუმისა და “საბაჟო კავშირთან” შეერთების საკითხების გადაწყვეტა უკრაინისაგან კონკრეტული არჩევანის გაკეთებას ითხოვს. ერთის მხრივ, უკრაინას შეუძლია, რუსეთთან ითანამშრომლოს გარკვეული ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. მეორეს მხრივ, კიევს აქვს შანსი, დარჩეს ევროკავშირის მოკავშირე, დაელოდოს მისგან უკრაინის მხარდამჭერ აქტიურ ქმედებებს და შეინარჩუნოს სუვერენული უფლებები. აღნიშნულ არჩევანზე დამოკიდებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.

რედაქციისგან: სოლომონ პავლიაშვილისა და ზურაბ გამრეკელის წინამდებარე კვლევა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ნაწილების შეჭრამდეა დაწერილი. თუკი ბოლოდროინდელ მოვლენებს გავაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ კრემლი უკრიანის დასაკუთრებას სწორედ იმ ენერგომატარებლების გამო ცდილობს, რომლებითაც მსოფლიო მბრძანებელი გახდება...