„რუსეთი ჯერ უკრაინის თემატიკაშია ჩართული და საეჭვოა, საქართველოს თემა წამოწიოს“

„რუსეთი ჯერ უკრაინის თემატიკაშია ჩართული და საეჭვოა, საქართველოს თემა წამოწიოს“

"არ მგონია, რუსეთს შიდა ქართული დაპირისპირება გამოადგეს იმაში, რომ მასზე აიღოს ორიენტაცია და ამ პოლიტიკური სპექტრის საშუალებით თავის მიზნებს მიაღწიოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, რუსეთი, რომელიც ახლა უკრაინის თემატიკაშია ჩართული, ვერ მოიცლის კავკასიის მიმართულებით. პოლიტოლოგი ამბობს, რომ საფრთხეების აღმოცენება მოსალოდნელია მოგვიანებით.

For.ge. რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, რამდენად რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო კუთხით? როგორც ცნობილია, თვენახევარი დარჩა ასოცირების ხელშეკრულებამდე. რამდენად მოსალოდნელია ამ პერიოდში რუსეთის აგრესია რეგიონში?

რამაზ საყვარელიძე: საეჭვოა, რომ ამ პერიოდში რუსეთმა მოახერხოს რაიმე მკვეთრი ნაბიჯების გადაგმა, მაგრამ, ეს სულ არ გამორიცხავს, რომ მოგვიანებით სადამსჯელო პოლიტიკა გაატაროს. რუსეთი ჯერ უკრაინის თემატიკაშია ჩართული და საეჭვოა, რომ უკრაინის თემის ფონზე, მან ახალი თემა წამოწიოს. ამიტომ, სავარაუდოდ ხელმოწერამდე პროცესები გადარჩება, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ იძლევა დამშვიდების საფუძველს.

ქართველი ჟურნალისტების დაკავება, პროვოკაციის პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს?

- პროვოკაციები იმდენად ხშირად ხდება, რომ მაინცდამაინც ამ ფაქტს მოსალოდნელ პროვოკაციას ვერ დავუკავშირებ. სულ არის ასეთი პროვოკაციები - მავთულხლართების მოძრაობით დაწყებული, პიროვნებათა დაკავებით დამთავრებული. ზოგადად, რუსეთმა ურთიერთობის იმდენად ახალი ვერსია შესთავაზა მთელს მსოფლიოს, უფრო ზუსტად ძალიან ძველი, ოღონდ ცივილიზირებულობის გამო დავიწყებული... თუ ძალა მაქვს, მაშინ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, სამართალზე, პოლიტიკურ ეთიკაზე და მორალზე უარის თქმა, ეს შუასაუკუნეებში იყო.

იმ გამოწვევების ფონზე რაც დღეს ხდება, საქართველოსთვის ყვალზე დიდი საფრთხე რაში გამოიხატება. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საშიშ ფაზაში შევდივართ?

- ეს საქართველოს დაბადებიდან არგუნა ღმერთმა. ქვეყნები იყო სხვა, თორემ თამაში იგივე იყო. გავიხსენოთ თურქეთი, ირანი, ბიზანტია, მოგვაინებით რუსეთი. თუ კი ჩვენს ისტორიას გავიშინაგანებთ, გაკვირვების უნარმა ნამდვილად არ უნდა შეგვაწუხოს. მშვიდად უნდა შევხედოთ ამ პროცესებს. იმედია, რომ ასეთი მშვიდი თვალით შეხედვის დროს რაღაცა საფრთხეები გამოიკეთება.

სხვათაშორის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ერთ-ერთ ვერსიად განიხილა ისიც, დავუშვათ რუსეთმა შემოგთავაზა ფედერალური მოწყობა, რასაც უკრაინასთან დაკავშირებით ხშირად ამბობს და ამის საფასურად უარის თქმა დასავლეთზე.

არის ასეთი შანსი და საკმაოდ სახიფათო ვერსიაა იმ მხრივ, რომ ამან შეიძლება დიდი მხარდაჭერა ნახოს საზოგადოების გარკვეულ წრეებში და საერთოდ უარი გვათქმევინოს ამ დასავლურ ხაზზე. ამ დროს კი რუსეთმა შეიძლება ხელიდან არ გაუშვას საქართველოს დაქუცმაცების მექანიზმები. საფრთხეები არის, უფრო სწორხაზოვანიც, მაგრამ უფრო ვერაგულიც, რომელზეც უკვე გითხარით. სწორხაზოვანი იქნება ძალისმიერი მოქმედება.

ძალისმიერი მეთოდი იქნება ბოლო სვლა, რომელიც შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს? კეთდება განცხადება, რომ ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებამდე მშვიდად მივა, მაგრამ ექსპერტთა განცხადებით, საქართველო რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე დადგება შემოდგომაზე, ნატოს სამიტის წინ, ვინაიდან, გაცხადებულია, რომ ქვეყანა მიიღებს სამოქმედო გეგმას, მაპს...

- რუსეთი, რომელიც ახლა უკრაინის თემატიკაშია ჩართული, ალბათ, ვერ მოიცლის კავკასიის მიმართულებით. საფრთხეების აღმოცენება მოსალოდნელია მოგვიანებით. რაც შეეხება ვერაგულ ვარიანტებს, ვერაგული განვიხილეთ უკვე, ფედერაციის ვერსია, რომელიც გარეკვეულ სირთულეებს გააჩენს თვითონ ქართულ საზოგადოებაში. სავარაუდოა, რომ ამ სირთულეებისთვის რუსეთი უკვე ამზადებს ნიადაგს. მეხუთე კოლონა, რომელზეც არის საუბარი, ამ მეხუთე კოლონის ფუნქციაც ნიადაგის მომზადებაა. ეს ჯგუფი იქნება გამხმოვანებელი იმისა, რომ რუსეთის შემოთავაზებები მიიღოს საქართველომ.

მიაღწევს რუსეთის ფედერაცია მეხუთე კოლონის სახით იმას, რომ ქართულ საზოგადოებაში კონფედერაცის საკითხი გახდეს მსჯელობის საგანი?

- თუკი რუსეთი ამ თავის წინადადებას ჩამოაყალიბებს ისე, რომ შემოთავაზება იქნება ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაშინ განწყობილებების პროგნოზი ძნელია. ეს გეგმა ვერაგული სწორედ ამით არის - ის, რაც შენ გინდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოღონოდ იქნება პირობა იმისა, რომ არ შეხვიდე სამხედრო ბლოკში. აქ როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია, ამის პროგნოზი ადვილი არ იქნება.

ამის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა რამდენად თანმიმდევრულია ამ პროცესებთან მიმართებაში და რამდენად საკმარისია საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა საერთაშორისო მიმართულებით?

- საქართველოს კურსი აღებული აქვს ევროპისაკენ, ამ კურსს ის არ უხვევს და თანმიმდევრული უდაოდ არის. პრობლემა ისაა, რომ ევროპისკენ კურსის აღება თავისთავად ქმნის თუ არა პირობას, რომ შენი ყველაზე მტკივენული პრობლემები, სეპარატისტული რეგიონების პრობლემა იყოს გადაწყვეტილი, ეს არის საკითხავი დღევანდელ დღეს იმიტომ, რომ დღევანდელმა დღემ ცხადი გახადა, რომ არც ევროპა არის ყოვლისშემძლე, მასაც სირთულეები აქვს ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, რომელსაც რუსეთი წარმოშობს. უკრაინასთან ჯერჯერობით, ისეთი გზა ვერ იპოვა, რაც რუსეთის გეგმებს შეცვლიდა. ვაკვირდებით, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინული პროცესების გაღრმავებას აღმოსავლეთის მიმართულებით. ასე რომ, ჩვენ, ალბათ, უნდა ველოდოთ იმას, რომ ევროპულ გზას გაიზიარებს საქართველო. მაგრამ, უნდა ველოდოთ იმისაც, რომ მარტივი არც ამ გზაზე დადგომის დროს იქნება საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა.

შიდა პოლიტიკური პროცესები რამდენად უწყობს ხელს იმ საფრთხეების თავიდან არიდებას, რაც დღეს საქართველოს აქვს?

- შიდაპოლიტიკურ პროცესებში, ალბათ, „ნაციონალურ“ და „ოცნებისეულ“ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას გულისხმობთ.

მათ შოროს ხელისუფლებაში არსებულ შიდა დაპირისპირებას...

- ასეთი შიდა დაპირისპირებები ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. არ მგონია, რომ ამ პროცესებმა არსებითად შეუწყოს, ან შეუშალოს ხელი. მითუმეტეს, რომ საგარეო პოლიტიკის თემატიკაში ყველა დაპირისპირებული მხარე ერთი და იგივე პოზიციაზეა. ის პარტიები, რომელებიც პოლიტიკურ ამინდის ქმნიან საქართველოში, ევროპულ ორიენტაციაზე უარს არ ამბობს. არის მეტნაკლები განსხვავება, თვითონ რუსეთთან დამოკიდებულება უნდა იყოს უფრო მკაცრი, თუ უფრო ლმობიერი. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს შიდა ქართული დაპირისპირება გამოადგეს იმაში, რომ მასზე აიღოს ორიენტაცია და ამ პოლიტიკური სპექტრის საშუალებით თავის მიზნებს მიაღწიოს.