ამოყვინთავს თუ არა მცირე ბიზნესი?

ამოყვინთავს თუ არა მცირე ბიზნესი?

მთავრობა მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს ფორმირებაზე მუშაობს. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით მუშაობა კარგა ხნის დაგვიანებულია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესი სულ ღაფავს. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მცირე ბიზნესის სააგენტო კომპანიებს ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს და სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 150 მილიონი ლარი დაიხარჯება. ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა მელაძე ამბობს, რომ მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს შექმნის იდეა ეკონომიკის სამინისტროში გაჩნდა. იდეის მომწიფებას ხელი შეუწყო მსოფლიო ბანკის უახლესმა კვლევამ, სადაც ნათლად გამოჩნდა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შემშლელი პრობლემები.

„საქართველოს კერძო სექტორში რაოდენობრივად მსხვილი ბიზნესი მხოლოდ 5%-ია, დანარჩენები კი მცირე და საშუალო საწარმოებია. მაგრამ თუ მათ ბრუნვებს გადავხედავთ, ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ 16%-იანი წილი უდევთ. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მცირე და საშუალო სექტორს შრომისუნარიანი მოსახლეობის 43% ჰყავს დასაქმებული, ხსენებული 16% კიდევ უფრო პრობლემური გამოჩნდება - ეს ნიშნავს, რომ ამ დასაქმებული ადამიანების ხელფასი ძალიან დაბალია, ხოლო თვით საწარმოები დაბალპროდუქტიული. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი კონკურენციას ვერავის გაუწევს“, - ამბობს გვანცა მელაძე.

არადა, მსოფლიოში არსებული ბიზნეს სტრუქტურების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მცირე, საშუალო და წვრილ წარმოებაზე მოდის, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხვედრითი წილი საერთო მშპ-ში 50%-ზე მეტია:

- ევროკავშირში კერძო სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით 65% სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის;

- ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი 7 მილიონი სამუშაო ადგილიდან 2-3 მლნ მცირე ბიზნესზე მოდის;

- გერმანიაში ქვეყანაში 4,4 მილიონი მცირე საწარმოა და მათზე კერძო სექტორში დასაქმებულთა 70% და ქვეყნის დღგ-ს მთელი ბრუნვის 40% მოდის;

- დიდ ბრიტანეთში ქვეყნის 4,5 მილიონი კერძო საწარმოდან აბსოლუტური უმრავლესობა კერძო საწარმოა. ქვეყანაში დასაქმებულთა 60% და საქონლის მთელი ბრუნვის 50% მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის;

ჩვენთან კი კვლევამ დაადასტურა, რომ საქმე სულ უკან-უკან მიდის. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანნდელიძე.

„მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ 2012 წელს მსოფლიო სტატისტიკით მოსახლეობის 90%-ით დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის აღორძინების პროგრამით ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ მცირე მეწარმეობა საერთოდ არ დააფინანსა არც 2013 და არც 2014 წლებში. არადა, 1999-2003 წლებში მცირე მეწარმეობას შევარდნაძეც კი აფინანსებდა თავისი მწირი 600-მილიონიანი ბიუჯეტიდან, რასაც დღეს ვერ ვახერხებთ 2014 წლის 9-მილირდიანი ბიუჯეტიდან. 2004-06 წლებში მცირე მეწარმეობას სააკაშვილიც აფინანსებდა, 2009 წელს ბიუჯეტში ამ მიზნით 21 მილიონი ლარიც კი გამოყო, თუმცა ეს მიზნობრივი თანხები გაიხარჯა არამიზნობრივად.

მეორე წელიწადია ამაოდ ვითხოვთ მცირე მეწარმეობისათვის ბიუჯეტში მიზნობრივად კვლავ გამოიყოს 20 მილიონი ლარი და მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარების საუკეთესო პროგრამაზე გამოცხადდეს სახელმწიფო ტენდერი. მცირე მეწარმეობის დაუფინანსებლობით ჩვენ ვთესავთ უმუშევრობას. ვინც უმუშევრობას თესავს, ის მომავალში მოიმკის ეკონომიკურ და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, რომელიც შეიძლება დამთავრდეს ხელისუფლების კრახით“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ციკოლია კი ამბობს, რომ ახალი სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კერძო სექტორის განვითარებას რეგიონებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისი უყურადღებოდ დარჩება.

„სააგენტო რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: ბიზნესისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, ფინანსური პროდუქტების შემუშავება, რომელთაც კერძო სექტორს შესთავაზებენ და ა.შ. თავად სააგენტო ფინანსებს არ გასცემს. ამას პროექტის მონაწილე ფინანსური კომპანიები, ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გადაწყვეტენ.

ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, რეგიონებისთვისაა განკუთვნილი. ბანკების გარდა, ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები არ არსებობს. მათ ეს პრობლემა უნდა მოვუხსნათ, რათა სხვა წყაროებზეც მიუწვდეთ ხელი. რადგან ქვეყანაში არ არის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე იმუშავებენ, პირველად სარისკო კაპიტალს სახელმწიფო მიაწვდით. ვფიქრობთ სხვა ამოცანებზეც. ჯერჯერობით ბაზარს ვსწავლობთ და მაისის ბოლოსთვის ვგეგმავთ ახალი ფინანსური პროდუქტების გამოშვებას, რომლის მეშვეობითაც ბიზნესს კაპიტალის მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა ექნება“, - ამბობს ციკოლია.