აფხაზეთმა შავი ზღვის აკვატორიაში, შესაძლოა, ნავთობის მოპოვება დაიწყოს

აფხაზეთმა შავი ზღვის აკვატორიაში, შესაძლოა, ნავთობის მოპოვება დაიწყოს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი, ალექსანდრე ანქვაბი რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთში, შავი ზღვის აკვატორიაში შესაძლოა, ნავთობის მოპოვება დაიწყოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა შავ ზღვაში ნავთობის საბადოების მდებარეობა განისაზღვროს და, თუკი ნავთობის მარაგი საკმარისი იქნება, მაშინ მისი მოპოვებაც დაიწყება.

„თუ არ გავაკეთებთ ამას ჩვენ, გააკეთებს საქართველო, რომლის ხელისუფლებამაც უკვე გასცა ნებართვა რამდენიმე ამერიკულ კომპანიაზე“, - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.

უფრო ადრე, მსგავსი განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმაც გააკეთა. იგი აცხადებდა, რომ აფხაზებს საკუთარი თავის უზრუნველყოფა სრულიად შეეძლოთ და შესაბამისი კონტრაქტიც ჰქონდათ „როსნეფტთან“ გაფორმებული.

ბაღაფში ირწმუნებოდა, რომ შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროს შელფი 300-დან 500 მილიონ ტონამდე ნავთობს ინახავდა. ამ მარაგით, რა თქმა უნდა, აფხაზები ვერ შეძლებდნენ მსოფლიო ბაზარზე ისეთ მოთამაშედ გახდომას, როგორც რუსეთია, მაგრამ ნავთობის მოპოვების დაწყების შემთხვევაში, ეს ეკოლოგიურ საფრთხეს არ შეუქმნიდა აფხაზეთის კურორტებს.

„აბა, რა უნდა ვქნათ? უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ, თუ როდის ჩადგამს საქართველო საზღვართან პლატფორმას და ლინზის მეშვეობით ჩვენი ნავთობის გადაქაჩვას დაიწყებს?“ - აცხადებდა ბაღაფში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 108 $-ია, ცხადი ხდება, რომ მეკობრულად, საქართველოსთან შეთანხმების გარეშე ნავთობის ამოღება აფხაზეთისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. თუმცა, სავარაუდოდ, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას სოლიდური ნავთობმომპოვებელი კომპანიები არ დათანხმდებიან.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთში ნამდვილად არის საბადო, რომელიც განფენილია როგორც შელფზე, ასევე, ხმელეთზე. საერთოდ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ყველაზე პერსპექტიულად გალის ოფშორულ ზონაში არსებული საბადო მიიჩნეოდა, თუმცა სუფსის ობშორულ ზონაშიც იყო გარკვეული საბადო. ამის მიუხედავად, ყველაფერს შესწავლა და ბურღვითი სამუშაოები სჭირდება, თორემ შესაძლოა, სულაც ისეთი ტალახის შემცველობა იყოს, რომ მის მოპოვებას აზრი არ ჰქონდეს.

„აფხაზებმა არაერთხელ სცადეს გალის საბადოში შესვლა. სხვათა შორის, იქ „ლუკოილიც“ იყო მიწვეული. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული კომპანიაც მიიწვიეს საძიებო სამუშაოების საწარმოებლად. ამ კომპანიის კვალს რომ მივსდიოთ, აღმოჩნდება, რომ ეს „როსნეფტის“ მიერ დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა. აფხაზეთში ნამდვილად არსებობს ნავთობის მოპოვების საფრთხე, საქართველოს ხელისუფლება ამის წინააღმდეგ იბრძოდა ოკუპაციის კანონით, რომელიც დღესაც მოქმედი უნდა იყოს. ეს კანონი კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი კომპანიებისთვის საქმიანობას ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე. საკმაო ხნის განმავლობაში ამ კანონს ჩვენ ფარად ვიყენებდით. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კომპანიები აფხაზეთში, ალბათ, ვერ შევლენ, მაგრამ რუსული კომპანიებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რომ აფხაზების მოწოდებას გამოეხმაურონ“, -აცხადებს ლიანა ჯერვალიძე.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ არველაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ჩვენი ნებართვის გარეშე არავის აქვს უფლება, აწარმოოს ბურღვითი და მოპოვებითი სამუშაოები. ამიტომ, თუ იქ ვინმე დაიწყებს სამუშაობს საქართველოს ლიცენზიის გარეშე, ეს უკანონობა იქნება და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მიმართოს ჩვენმა ხელისუფლებამ.

„თუ ნავთობი აღმოჩნდება და ყაჩაღური წესით დაიწყებენ მის მოპოვებას, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკურად საქართველოსთვის მომგებიანი არ იქნება და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს წაადგება. საერთოდ, შელფზე არის ნავთობის გარკვეული მარაგები, მაგრამ კონკრეტულ ადგილას რამდენი აღმოჩნდება და რა ეკონომიკურ შედეგს მოიტანს, ამის პროგნოზირება შეუძლებელია“, - აცხადებს რევაზ არველაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე კი მიიჩნევს, რომ დღესღეობით ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოსგან დამოუკიდებლად გარისკავს ამ ოპერაციის წამოწყებას, რუსეთია. სწორედ რუსეთმა უნდა გამოყოს რესურსები, ან თავადვე აიღოს ხელში ამ აკვატორიებზე საძიებო სამუშაობის ჩატარება, რისი სურვილიც, საეჭვოა ახლა რუსეთს ჰქონდეს.

„თუკი ასეთი ეჭვი არსებობს, რომ აფხაზეთში სადმე არის ნავთობი და საქართველო მის გამოყენებას არ აპირებს, ეს ჩვენი მხრიდან დიდი შეცდომაა“, - გვითხრა პაატა შეშელიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ამერიკის მენავთობე გეოლოგთა ასოციაციების წევრს ზურაბ მგელაძეს. მან აღნიშნა, რომ თავის დროზე პირადად მუშაობდა აფხაზეთში და ადასტურებს, რომ ძალზე დიდია მარაგი გუდაუთის რაიონში. ასევე, ოჩამჩირეშიც იყო საბადოები.

„ჩვენ ჩავატარეთ სამუშაოები და ოთხი კარგი სტრუქტურა გამოისახა ენგურიდან სარფამდე, სადაც ნავთობი არსებობს. ნავთობის ბუდობი არსებობს გუდაუთასა და ოჩამჩირეში, მაგრამ რამდენი იქნება და როგორ, ეს გეოფიზიკურ-გეოლოგიური სამუშაოები ჩასატარებელია, რომელიც მოგვცემს ნავთობის და გაზის განლაგების სრულ მაჩვენებელს. სულ ცოტა, სამი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ განისაზღვროს, ნავთობი არის თუ არა და რამდენი. ამის შესახებ იციან რუსეთშიც. რუსეთში რომ ვიყავი, ჩემი რუსი კოლეგა გეოლოგი მეუბნებოდა, გუდაუთაში ნავთობის ბუდობს რატომ არ ბურღავთო? ასე რომ, ყველაფერი იციან რუსებმა. საბჭოთა კავშირის დროს რასაც აქ ვაკეთებდით, იქ მიდიოდა კვლევითი ანალიზები“, - აცხადებს ზურაბ მგელაძე For.ge-სთან საუბარში.