ევროკავშირმა იმ რუს მაღალჩინოსანთა სია გაზარდა, ვისაც უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, სანქციები დაუწესა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონის განცხადებით, სანქციები გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე მათთვის შესვლის აკრძალვასა და მათი საბანკო აქტივების გაყინვას.
„ჩვენ სრულად ვგმობთ უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში შეიარაღებული პირების ქმედებებს. უკრაინის დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან“, - განაცხადა ქეთრინ ეშტონმა.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ერთიანობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მაშინ, როდესაც უკრაინის სახელმწიფოებრიობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ევროპა ფაქტობრივად, განცხადებების დონეს ვერ გასცდა. რას კარგავს დასავლეთი და რას - რუსეთი უკრაინის მოვლენების გამო, ამ თემაზე ექსპერტი დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.
ბატონო დემურ, გამოდის, რომ ბეკეტები რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა, საკმაოდ სუსტია და უფრო მეტის მოლოდინიც ნაკლებად არსებობს. რამდენად დიდი ზიანი მიადგება დასავლეთს რუსეთის იზოლაციაში მოქცევით?
- სანქციების საკითხი ძალიან არასერიოზული თემა იყო თავიდანვე. საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი და ვთვლიდი, რომ ეს უფრო რიტორიკის სფერო იყო, ვიდრე რეალური ქმედებებისა. საქმე ის არის, რომ ინტეგრირებულ ეკონომიკაში როგორსაც წარმოდგენს რუსეთისა და ევროპის ეკონომიკა, სანქციების დაწესება ცალმხრივი ვერ იქნება. თვით დასავლეთშიც წერდნენ, რომ გაცილებით დიდ ზიანს თვით ევროკავშირი მიიღებდა, რადგან უამრავი შეკვეთა რუსეთიდან, განთავსებულია სწორედ დასავლეთ-ევროპულ საწარმოებში.
ასე რომ, სანქციების თემა თავიდანვე იყო განწირული. თანაც მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები ერთმანეთს სანქციებს ასე იოლად ვერ დაუწესებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არსებობს გადათამაშების საფრთხეები.
დასავლეთში, განსაკუთრებით, აშშ-ში, შესანიშნავად გრძნობენ იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება, მოხდეს იძულების შემთხვევაში. ვგულისხმობ, რუსეთის დასავლეთიდან ჩამოცილებას და აღმოსავლეთისკენ მისი ყურადღების გადატანას - თუ სხვა გამოსავალი არ დარჩა, რუსეთი ამ გზას დაადგება და მაშინ ჩათვალეთ, რომ სულ სხვა სახის პრობლემები გაჩნდება. გონიერმა ამერიკელებმა შესანიშნავად იციან, ამ ყველაფერს რა შედეგებიც მოჰყვება.
ის, რაც უკრაინაში ხდება, რეალურად, ეკონომიკური პრობლემების გამოძახილია. სხვა ტერმინოლოგიით, ამ ყველაფერში ეკონომიკური მიზანმიმართულება დევს, რადგან უკრაინა უზარმაზარი ბაზარი იყო ევროკავშირისთვის. თუკი ეს ბაზარი გაიხსნებოდა, მაშინ თითქმის 50-მილიონიან ქვეყანაში, უზარმაზარი ტერიტორიით, შეიძლებოდა გასაღების ახალი ბაზრის მოპოვება და ტექნოლოგიების სერიოზული გაფართოება სხვისი შევიწროების ხარჯზე.
ამიტომ, ყველა დიდ კონფლიქტს ყოველთვის ეკონომიკური სარჩული უდევს, რომელიც შენიღბულია იმით, რასაც გარეგნულად ვხედავთ. ანუ დემოკრატიის განვითარებით, ადამიანის უფლებებით და ა.შ. სინამდვილეში ყველა ასეთ დიდ კონფლიქტში ისეთი ინტერესებია, რომელიც ეკონომიკიდან, ანუ ფუნდამენტალური ინტერესებიდან მომდინარეობს.
მოკლედ, ამას შეეწირა უკრაინა და ეს აშკარაა. საქმე ყირიმით არ გაჩერდება - მთავარი ის არის, რომ რუსეთი ალაბათ, წაიღებს იმას, რაც მის სამხედრო პოტენციალთან არის დაკავშირებული. უკრაინაში საკმაოდ დიდი სამხედრო რესურსებია, თუ არ ვცდები, უკრაინის სამხედრო კომპლექსში რუსეთის 16 მილარდ დოლარამდე თანხა იყო განთავსებული, ამიტომ აღმოსავლეთ უკრაინის ყველა საწარმოზე ისევ რუსები დაამყარებენ კონტროლს და თან ამისთვის ვერც ვერავინ იომებს.
ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს, თავის დროზე, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინა და როცა უკრაინის ინტერესები ცალსახად გამოკვეთილი იყო, ფულადი რესურსებით არ უზრუნველყო ის. სინამდვილეში უკრაინა საკმაოდ ღარიბი ქვეყანა იყო ბოლო პერიოში და ფაქტობრივად, დეფოლტის წინაშე იდგა.
ვფიქრობ, რომ სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული, ახლა ამ პროცესის უკან მობრუნება უკვე შეუძლებელია და სიმართლე გითხრათ, უკრაინისთვის მესამე მსოფლიო ომს არავინ დაიწყებს.
ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, ყველას ვთხოვ, კარგად დააკვირდნენ და ერთმანეთს დაუკავშირონ, რას ამბობენ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები. რას ამბობებენ შუა რგოლში, ეს სხვა საკითხია - რას ამბობენ პირველი პირები, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს და რა კონტექსტები შეიძლება გამოიტანოთ აქედან, ეს არის მომავალი პოლიტიკის განმსაზღვრელი.
ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ნატოს ბაზის ფუნქციონირებაა შეფერხებული იაროსლავში, არც სხვა ტვირთების მოძრაობაა შეზღუდული რუსეთის ტერიტორიაზე. თანამშრომლობა ჩვეულებრივ გრძელდება ისეთ სასიცოცხლო სფეროებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა და ა.შ. ასე რომ, რეალური სიტუაცია სხვაა და ის, რაც ჩანს - სხვა, და არ მსურს, რომ ქართველი მკითხველი რაღაც ილუზიებში იყოს გამომწყვდეული.
სამწუხარო შედეგია, შესანიშნავი ქვეყანაა უკრაინა, რომელიც თავისი მარიონეტი პოლიტიკოსების წყალობით მივიდა დაშლის პირამდე.
გამოდის, რომ პოლიტიკური თემები, როგორიცაა დემოკრატია, დასავლური ღირებულებები და ა.შ. იყო მხოლოდ შირმა და რეალურად, უკრაინის ბაზრისთვის მიდის ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის?
- ეს არ იყო პოლიტიკური საკითხი არც რუსეთისთვის და არც ევროკავშირისთვის, ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების დაუბალანსებლობა და სურვილი იმისა, რომ უკრაინაში ბალანსი არ ყოფილიყო. ამ შეუთანხმებლობამ გამოიწვია ეს ყველაფერი. პოლიტიკა მთავარი სასიცოცხლო ინტერესების რეალიზაციაა. ამდენად, მისი ღერძი კონომიკა და ფინანსებია. სამწუხაროდ, საქართველოში არ ესმით, თორემ სხვაგან ყველამ იცის, რომ ეს ასეა.
როდესაც ხდება დსთ-ს სივრცეში მიმდინარე პროცესების შეფასება, ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რომ ვიდრე დასავლეთი არ გახდება ენერგოდამოუკიდებელი და არ გაჩნდება ალტერნატიული ენერგომომარაგების წყაროები, მანამდე რუსეთის შეჩერება იქნება შეუძლებელი. საქართველოში რუსეთის აგრესიის შემდეგ აქტიურად დაიწყო „ნაბუკოს“ პროექტზე საუბარი, შემდეგ მალევე აღმოჩნდა, რომ ეს არარეალური იყო. დღეს სხვა პროექტებზეა საუბარი. რელური ალტერნატივა აქვს დასავლეთს?
- ენერგიის ალტერნატიული წყაროების აღმოჩენა რევოლუციური სამეცნიერო მიღწევების შედეგად ალბათ, მოხდება მომავალში, მაგრამ დღეს ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ევროკავშირს საძიებელი არ აქვს ენერგომატარებლები, რადგან მომწოდებელი არსებობს და ევროკავშირს ნამდვილად არ აწყობს დღეს რუსეთთან ცუდი ურთიერთობა. იმიტომ, რომ რუსეთს შეუძლია, ასევე ცუდი ურთიერთობა დაამყაროს ევროკავშირთან და საერთოდ გაიწიოს სხვა მიმართულებით. ეს ევროკავშირს სერიოზილ პრობლემებს უჩენს და არა მხოლოდ ევროკავშირს, რომელიც ნაკლები პასუხისმგებელია მსოფლიო წესრიგზე, ვიდრე აშშ.
აშშ-მ მშვენივრად იცის ის საფრთხეები, რაც არის მოსალოდნელი. ასე რომ, ალტერნატივის ძიება ძირითადად, დილეტანტიზმის დონეზე მიდის. რუსული გაზი თუ გადაიკეტა, არ მესმის, როგორ უნდა გააჩინო უცებ შემცვლელი. ეს ვერ მოხდება, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა რუსული გაზით მარაგდება.
მეორე - ეს არანაირი საფრთხის შემცველი არ არის, თუ პოლიტიკური პროცესები სწორად მიდის და ქვეყნები ბალანსს იცავენ. როდესაც თამაშის წესები და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული შეთანხმებები ირღვევა, თანაც აშკარად ცალმხრივად, მოხდა იმ იდეების ფართოდ რელიზაცია, რომელიც არ ჯდებოდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებულ წესრიგში, ბუნებრივია მან გამოიწვია წინააღმდეგობა და ჩვენ ახლა ვდგავართ ახალი წესრიგის ჩამოყალიბების წინაშე. უკრაინა ეწირება ამ წესრიგს, მაგრამ ეს აუცილებლად დამყარდება. სასურველია მინიმალური მსხვერპლით დასრულდეს ეს ყველაფერი - ომს პერსპექტივა არ აქვს. ომს არავინ დაიწყებს უკრაინაში, რადგან წინასწარ განწირულია მარცხისათვის. თანაც ეს ომი ვერ იქნება ორმხრივი, ამაში ევროკავშირიც უნდა ჩაებას და ეს რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს, წინასწარ ცნობილია - ბოლოს და ბოლოს, ისევ ახალი შეთანხმება მოჰყვება.
ამიტომ, ლოგიკა გვკარნახობს და ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ მთავარი მოთამაშეები მსოფლიო პოლტიკისა რაღაც მისაღებ შეთანხმებამდე მივლენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკან აღარავინ არ დაიხევს.
ვინ დაარღვია ეს წესრიგი რუსეთმა თუ დასავლეთმა?
- რუსეთს ამისი დარღვევის არანაირი შანსი არ ჰქონდა. საუბარი დაიწყო ევროკავშირის გაფართოებაზე, ნატო-ს გაფართოებაზე და ა.შ. რუსი მოგწონს თუ არა, როდესაც პოლიტიკაზე საუბრობ, ემოციისგან თავისუფალი უნდა იყო - რუსები ასეთი ხალხია, მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის საზღვრებთან ახლოს ნატოს ჯარების განლაგება მათ საფრთხეს უქმნის. როდესაც იგრძნეს, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა, გადადგეს ნაბიჯია და სამწუხაროდ ძალზე მძიმე ნაბიჯები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათი ხედვა ასეთია.
როდესაც გყავს მეზობელი, იმას კი არ უნდა ეცადო, როგორმე შენს ჭკუაზე გადმოიყვანო, არამედ, როგორმე ბალანსს მიაღწიო. წინააღმდეგ შემთხვევში, ერთ სადარბაზოში ვერ იცხოვრებ. ასეა სამეზობლო პოლიტიკაშიც. ჩვენც უამრავი რამ დავკარგეთ არასწორი სამეზობლო პოლიტიკის გამო, რუსეთს საშუალება მივეცით, რომ ჩვენი ტეროტორიის 20%-ის ოკუპაცია მოეხდინა.
თუ საქმე მივიდა იქამდე, რომ ირანს მოუხსნეს ემბარგო, ასეთ შემთხვევაში, კიდევ ახალ წესრიგზე შეიძლება დაიწყოს საუბარი?
- ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვწერდი იმის თაობაზე, რომ დასავლეთისა და ირანის ურთიერთობების გაუმჯობესებას უბრალოდ, ალტერნატივა არ გააჩნია. პოლიტიკური მოსაზრებები, ეკონომიკური ინტერესები და ერთი მხარის მიერ მეორის შეზღუდვის მცდელობა იყო ურთიერთობების გაფუჭების მიზეზი. ირანი ვერ იმოქმედებს დამოუკიდებლად, იმ ქვეყნების ინტერესების იგნორირებით, რომელთა გარეშე მას ძალზე სერიოზული სირთულეები შეექმნება. ამიტომ, დასავლეთ-ირანის ურთიერთობების გაუმჯობესება ვერ მოხდება ირან-რუსეთის, ირან-ჩინეთის ურთიერთობის გაუარესების ხარჯზე - ეს გამორიცხულია.
თანაც იმედი ჩიტირეკია ქართველი პოლიტიკოსებისა, რომ ალტერნატიულმა პროექტებმა შეიძლება გაიაროს საქართველოზე ისე, რომ კონფრონტაციული რეჟიმი არ იქნას მოხსნილი რუსებთან, არის აბსოლუტურად მიამიტური, რადგან საქართველოში ვერც ერთი დიდი საერთაშორისო პროექტი ვერ განხორციელდება, თუ მთავარი მოთამაშეები არ იქნებიან შეთანხმებული და თუ მათი ინტერესთა ბალანსი არ იარსებებს. გამორიცხულია, რაიმე სერიოზულის გაკეთება ერთ-ერთი ძლიერი მხარის ინტერესების შეზღუდვის გზით.
თუნდაც ამ თეორის გათვალისწინებით როგორ გადანაწილდება მსოფლიოს უდიდეს მოთამაშეთა გავლენები?
- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რითი დასრულდება უკრაინის კრიზისი. ვფიქრობ, რომ სერიოზულ მოვლენებს უნდა ველოდეთ ახლო მომავალშიც და პირველ რიგში, ეს ევროკავშირს უკავშირდება - შოტლადიის რეფერენდუმი უკვე ახლოსაა და შოტლანდია, ალბათ, პირველი იქნება, ვინც გადადგამს ასეთ ნაბიჯს, შემდეგ კი რა მოხდება ევროკავშირში, ძნელი სათქმელია.
ევროკავშირის თავისტკივილი ხდება უამრავი საკითხი - მართვის არაეფექტურობა, მართვის ცენტრალიზებული ორგანოები ამ გაერთიანებას სერიოზულ პრობლემებას უქმნის დღესაც და მომავალშიც დიდ პრობლემებს შეუქმნის.
თუ იმასაც ჩავთვლით, რომ დღევანდელი ევროპელი პოლიტიკოსების გენერაცია აბსოლუტურად უსუსურია და ძალიან შორსაა იმ დიდი ევროპელი პოლიტიკოსების მასშტაბებისგან, შედეგი შეიძლება სავალალო იყოს ევროკავშირისთვისაც.
რაც შეეხება საქართველოს, შესაძლებელია რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება ისე, რომ დასავლურ ღირებულებებზე უარი არ ვთქვათ?
- ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად საღი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე განსაკუთრებულად გონივრულ ნაბიჯებს დგამს. საქმე ის არის, რომ საქართველოს საგარეო ორიენტაციის ცვლილების საკითხი არ დგას. არ დგას საკითხი, რომ უარი უნდა ვთქვათ ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობაზე, თუმცა არ ვაშენებთ მას, მარტო ვლაპარაკობთ, იმიტომ, რომ ამ ლაპარაკს წინა ხელუსუფლებისთვისაც და დღევანდელისთვისაც რაღაც დივიდენდიები მოაქვს, მაგრამ რეალურად საქმე არ კეთდება.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დისბალანსებზე იმუშავებს და შექმნის საფრთხეებს, ისეთი სახის გეოსტრატეგიულ სივრცეში, როგორიც არის სამხრეთ კავკასია, ცხადია, პრობლემები გაჩნდება და ამ საფრთხეებზე ღიად არაერთხელ მისაუბრია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ვერც აშშ იქნება და ვერც ნატ-ო.
როდესაც ასეთ გარემოში ცხოვრობ, საჭიროა მრავალვექტორიანი ანალიზი და პრაგმატიზმსა და საღ აზრზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება და არა უთავბოლო განცხადებები და სულელური მიტინგების მოწყობა.