„ვერ დავაბრალებთ „ქართულ ოცნებას“, რომ მხოლოდ მათ გადაარჩინეს ნაციონალები“

„ვერ დავაბრალებთ „ქართულ ოცნებას“, რომ მხოლოდ მათ გადაარჩინეს ნაციონალები“

„არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა მორატორიუმის გამოცხადებას. ეს არის ძალიან ნორმალური და ცივილიზებული ფორმა - ჩვენ გვსურს, მშვიდ გარემოში წარიმართოს საარჩევნო კამპანია. არავის მივცეთ საშუალებას, მოახდინოს სპეკულაციები და თქვას, რომ არათანაბარ, არაკონკურენტუნარიან გარემოში მოუწიათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა“,- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა სამართალდამცველ უწყებებს, თავი შეეკავებინათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირთა სამართლებრივი დევნისაგან.

„სწორედ ამ მიზნით, ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გამოვაცხადეთ მორატორიუმი და თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება, სამართალდამცავი ორგანოები თავს შეიკავებენ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანების დაკავებისგან. ცხადად ითქვა ყველაფერი და ამაზე დამატებითი კითხვები მე მგონი, აღარ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება სასამართლოს, თუ პროცესები დაწყებულია და საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მორატორიუმი მასზე, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება. მორატორიუმი მძიმე დანაშაულს არ შეეხება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერი იმ მოქალაქეების უკმაყოფილებასაც გამოეხმაურა, რომლებმაც მორატორიუმის გამოცხადება გააკრიტიკეს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საქართველოს სურს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ნორმალური და ძლიერი სახელმწიფოა.

რას ემსახურება პრემიერის ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გადარჩენის კიდევ ერთი მცდელობა, თუ მსოფლიოს თვალში იმიჯის ამაღლება და განმტკიცება, იძულებითი ნაბიჯი თუ დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებული ჰუმანური აქტი. ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ მსგავსი ტიპის მოწოდება ბევრ კითხვას აჩენს. რატომ ცდილობს ხელისუფლება ჩასაძირად განწირული ნაცმოძრაობის გადარჩენას, ამ თემაზე ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ბატონო ვაჟა, მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ პრემიერს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუხდა. ტოვებს თუ არა კითხვებს ეს ერთი შეხედვით, ჰუმანური აქტი?

- ვფიქრობ, რომ განცხადება, რომელიც ღარიბაშვილმა გააკეთა, უფრო საგარეო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, რადგან ნაციონალების მოკავშირეები დასავლეთში საკმაოდ კრიტიკულად უყურებენ ყველა ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს. ამიტომ, რომ არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები, ღარიბაშვილმა, როგორც გამჭრიახმა და გონიერმა მმართველმა, გააკეთა განცხადება, რომ დაამშვიდოს დასავლელი სკეპტიკოსები და ისინიც, ვინც ეჭვით უყურებს საქართველოს ახალ მთავრობას, ვინც თვლის, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ეს პროცესი საქართველოში. ვფიქრობ, მათ დასამშვიდებლად გააკეთა განცხადება, რომ ეს ასე არ არის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვრიცხავთ ზეწოლას იმ ძალაზე, რომელიც ქვეყანაში ფაქტობრივად და რეალურად, არის მთავარი ოპოზიციური ძალა.

რაც შეეხება არსებით მხარეს, რა თქმა უნდა დაუშვებელია, რომ არჩევნების წინ გააქტიურდეს ზეწოლა ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალაზე. მსგავსი რამ უნდა გამოვრიცხოთ, მითუმეტეს, რომ დამკვირვებლები შესაძლოა, არც გვყავდეს, ამ არჩევნების მსვლელობაში.

აქედან გამომდინარე, გამართლებულია მსგავსი განცხადების გაკეთება, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმდენად ობიექტური და დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემა გვქონდეს, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება ქვეყნის პირველ პირს არ დასჭირდეს.

როდესაც რეალურად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე ვოცნებობთ, მსგავსი განცხადება ამ სისტემაზე ზეგავლენის მცდელობადაც შეიძლება აღვიქვათ...

- გამომდინარე სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხისა და ნაციონალების მიერ ჯერ კიდევ არსებული ზეგავლენისა ამ სისტემაზე, იმ საკადრო მონოპოლიის გათვალისწინებით, რომელიც აქვთ მათ პროკურატურაში, ჩვენი სამართლებრივი სისტემა სილასა და ქარს შორის გადის და ობიექტურები თუ ვიქნებით, ორივე მხრიდან განიცდის ზეწოლასა და ზეგავლენას, როგორც ნაციონალების ისე „ოცნების“.

ასეთ ვითარებაში ძალზე ძნელია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ეჭვით არ შეხედონ იმ უამრავ საქმეს რომელიც წარმოებაშია, ზოგი კი უკვე სასამართლოში.

მე პირადად, არ მიმაჩნია კარგი ცხოვრებით გამოწვეული, როდესაც პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ თუ ადამიანს სამართლებრივი გადაცდომა აქვს ჩადენილი და მის მიმართ უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა, ეს არ გაკეთდეს.

ეს ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია და სწორი განმარტება გააკეთა ღარიბაშვილმა ამასთან დაკავშირებით. საერთოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამართლებრივი სისტემა, პრემიერ-მინისტრს რომ არ დასჭირდეს იმისი მტკიცება, ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვაწარმოებთ ჩვენი ოპონენტების დევნას. არადა, ამ შედეგს ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ.

ცოტა ხნის წინ დიდი ხმაური ატყდა მიხეილ სააკაშვილის გარშემო, დაახლოებით ათი საქმის ირგვლივ უნდა დაეკითხათ, თუმცა რაც სააკაშვილმა უარი განაცხადა, ნებაყოფილობით დაკითხვასთან დაკავშირებით ეს თემა ჩაცხრა და გაგრძელება აღარ მოჰყოლია. ესეცქართული ოცნებისწინასაარჩევნო ტაქტიკად უნდა აღვიქვათ?

- თავის დროზე ვამბობდი, არ მიმაჩნდა სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება სწორად. თუნდაც არსებობდეს საამისო წინაპირობები, იმდენად, რამდენადაც ჩვენი სამართლებრივი სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის ისეთი, რომ ასეთი დევნა განხორციელდეს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.

თუმცა, რა თქმა უნდა, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც აღძრულია და აუცილებელია სააკაშვილისთვის კითხვების დასმა, ეს უნდა განხორციელდეს. თუ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ ჩატარებული რეფორმები, განსაკუთრებით, სამართლებრივი სისტემის, რაიმე ღირებულს წარმოადგენს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ არის დაკომპლექტებული ეს სასამართლო ხელისუფლებაცა და პროკურატურაც, ის უნდა გამოცხადდეს შესაბამის უწყებაში და მისცეს ჩვენება.

თუმცა ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებაც“ მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ეს საკითხი არ გადაიზარდოს და საფუძვლიანი კრიტიკა არ დავიმსახუროთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

თუმცა პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტის დროს პოლიტიკური დევნის თემა საერთოდ არ ყოფილა წამოწეული და არც ბოლო პერიოდში მოგვისმენია ამ თემასთან დაკავშირებული კრიტიკა დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან. ჩნდება ეჭვი, რომნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფაქტობრივად, ჩასაძირად იყო განწირული, ამ ხელისუფლებამ ხელოვნურად გადაარჩინა... საკითხავია, რისთვის?

- ვფიქრობ რომ ეს საფუძვლიანი პოზიციაა, თუმცა დასავლეთს აქვს გარკვეული ეჭვი ახალი ხელისუფლების, მთავრობისა და პარლამენტის მიმართ და მას სურს, სარეზერვო ძალა შეინარჩუნოს საქართველოში იმ შემთხვევისთვის, თუ გარკვეული გადახრა ექნება ახალ ხელისუფლებას - რუსეთის ორბიტაზე გადასვლის მცდელობა.

ასეთ შემთხვევაში მას ამ ქვეყანაში სჭირდება ალტერნატიული ძალა და თუ ასეთი ძალა ეგვიპტეში აღმოჩნდა ეგვიპტის არმია, როდესაც მოჰამედ მურსიმ მიიღო გადაწყვეტილება შარიათის კანონებნის შემოღებისა, გადადგა ნაბიჯები ანტიდასავლური იდეოლოგიისა და ფუნდამენტალიზაციის მიმართულებით, არმია მოვიდა ეგვიპტის ხელისუფლებაში და ცდილობს, დემოკრატიისკენ შემოატრიალოს ეგვიპტის საზოგადოება.

ასეთი არმია ჩვენთან არ არის, პოლიცია ამისთვის არ გამოდგება და დასავლეთი ცდილობს, რომ ამ ამპლუაში შეინარჩუნოს „ნაციონალური მოძრაობა“. მას ყოველმხრივ უჭერს მხარს და ბუნებრივია, ძირითადად, მათი დამსახურებაა რომ საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალა სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“.

რა თქმა უნდა, ამას ანგარიში გაუწია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც, რამდენადაც დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ამ ეტაპზე ძალიან გაუჭირდება.

აქედან გამომდინარე აქ არის ინტერესების თანხვედრა, დასავლეთის მხარდაჭერა - თუ რეზერვში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეინარჩუნებენ. თუ ამას დავუმატებთ იმედგაცრუებული მოქალაქეების ერთ ნაწილს, რომლებსაც სწრაფი მოქმედება უნდოდათ ახალი მთავრობისგან (ასეთი შედეგი ბუნებრივია, არც იყო მოსალოდნელი და არც დადგა), ნაციონალების 10%-იან რეიტინგს შესაძლოა, პერსპექტივაში დავუმატოთ კიდევ 10%. ეს კი რეალურად არის ის ძალა, რომელიც საზოგადოებას აიძულებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად ვაღიაროთ და ამას შევეგუოთ. ამიტომ, მაინც და მაინც „ქართული ოცნების“ დადანაშაულება სწორი არ იქნება.

„ქართული ოცნება“ რა არის? - ბიძინა ივანიშვილს პლუს რესპუბლიკელები, დანარჩენები ამ ორბიტაზე მოძრაობენ. აქედან გამომდინარე, ვერ დავაბრალებთ „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, რომ მხოლოდ მათ გადაარჩინეს ნაციონალები.

ბიძინა ივანიშვილი პრაგმატული ადამიანია და გაუწია ანგარიში დასავლეთის პოზიციას, ხოლო „რესპუბლიკელები“ და უკვე პრეზიდენტი მარგველაშვილი, ნაციონალებთან უნისონში მოქმედებენ ბევრ საკითხთან მიმართებაში. შედეგად მივიღეთ ის განლაგება, რაც არის დღეს პოლიტიკურ არენაზე.

რამდენადაც, ქვეყანაში არსებობს ორი ფული, ორი ჯგუფი, ორი ძალა, ძირითადად ისინი მართავენ და დანარჩენი ძალები, რომლებიც შესაძლოა, საზოგადოების მხრიდან არანაკლებ მხარდაჭერილი იყოს და ჰქონდეს პერსპექტივა, მაგრამ ჯერჯერობით მათ დიდ მომავალს ვერ ვუწინასწარმეტყველებთ, რადგან მათ არ აქვთ ფინანსური რესურსი საქმიანობის გაშლისათვის.

ანუ საჭიროების შემთხვევაში დასავლეთს შეუძლია მოახდინოსნაციონალური მოძრაობისრეანიმაცია და თუ სხვა გზა არ დარჩება კვლავ ხელისუფლებაში მათი დაბრუნება?

- გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები. ასეთ სცენარს მოვლენათა გარკვეული განვითარების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ. თუ იქნება მკვეთრი გადახვევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან, თუ კასვკასიის და კერძოდ საქართველოს დასავლეთის ორბიტიდან რუსულ ორბიტაზე გადანაცვლების საფრთხე გაჩნდება, ან თუნდაც რეალური ნეიტრალიტეტის, მაშინ, ბუნებრივია, დასავლეთს დასაყრდენად ეგულება „ნაციონალური მოძრაობა“.

სხვათა შორის, ნაციონალთა არაცნობადი სახეები ახალი პოლიტიკური პარტიის მანტიას ირგებენ და არასამთავრობოებში გადანაწილებულ თანაპარტიელებსაც იკრებენ. დასავლეთი ამაზე თვალს დახუჭავს?

- ეს ვფიქრობ, მათი (დასავლეთის) პოზიციის სისუსტის გამოხატულება უფროა, ვიდრე კარგად გათვლილი პოლიტიკა. მათ თავის დროზე დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰყავდათ მოკავშირედ.

იძალა ქართველმა ხალხმა, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და დასავლეთი აიძულა, ეღიარებინა ქართველი ხალხის ნება, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ იგივე შეცდომას უშვებენ, არ ჰყავთ ამ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა.

რომ დაიშალოს კოალიცია ან რომელიმე არჩევნები წააგოს, რაც უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში არ მიმაჩნია რეალურად, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ მოხდეს მსგავსი რამ, მათ სხვა ძალა, ნაციონალების გარდა არ ჰყავთ დასაყრდენი. არც პოლიცია არც არმია და არც რომელიმე ძალა პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ ისინი იძულებული არიან, თვალი დახუჭონ უამრავ შეცდომაზე, გადაცდომაზე კრიმინალზე, დანაშაულზე, დემოკრატიის შეზღუდვაზე, ავტორიტარულ ტენდენციებზე და ა.შ...