გახდება თუ არა კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია წამგებიანი და დაკარგავს თუ არა ის ნდობას ქართველი ამომრჩევლის თვალში, რომლისთვისაც ნაციონალებთან ყოველგვარი თანაზიარობა მიუღებელია?! საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სია კოალიციური იქნება და მასში აისახება არა მარტო კოალიციაში შემავალი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილი, არამედ სხვა პარტიების პოლიტიკური გემოვნებაც.
For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ უშუალოდ პარტია „ქართული ოცნება“, ასევე, „თავისუფალი დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან ამ სიებში ყოფილ ნაციონალთა მიტმასნებას, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვა პარტიებს.
როგორც ამბობენ, საარჩევნო შტაბში დაპირისპირებაა ირაკლი შიხიაშვილისა და გია უდესიანის კანდიდატურების გამო. ეს უკანასკნელი სააკაშვილის ხელისუფლების ოდიოზურ ფიგურად ითვლებოდა. მედიაში აქტიურად განიხილავენ საკითხს, დატოვებს თუ არა საარჩევნო შტაბს კახი კალაძე სწორედ ამ შეუთავსებლობის გამო, რადგან კალაძე საარჩევნო სიების ნაციონალებით დაკომპლექტების კატეგორიული წინააღმდეგია.
სანამ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარტიებისგან აქტივისტებისა და საარჩევნო შტაბების წევრების სიების წარდგენას ითხოვს, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებში უამრავი რამ შეიცვლება და ამ სიებში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ.
რას ფიქრობენ „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიების ყოფილი ნაციონალებით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ჩვენი კანონმდებლები?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ყველა საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობა დაეშალა. ამ ადამიანების ძალზე დიდი ნაწილი სხვადასხვა ფრაქციაში აღმოჩნდა და ისინი საკუთარ თავს დღესაც „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ სხვადასხვა პარტიას უკავშირებენ.
„ჩემი პარტიის მაგალითზე გეტყვით, რომ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამგვარი მატება პარტიას არ ჰქონოდა. მეტ-ნაკლებად, ჩვენ ეს შევძლით და შევეცადეთ, ყოფილი ნაცმოძრაობის წევრები არ შემოსულიყვნენ „თავისუფალ დემოკრატებში“, არ წარედგინათ ჩვენი ინტერესები სხვადასხვა რაიონში. ვაღიარებ იმასაც, რომ თვითონ კოალიციაში შემავალ წამყვან პარტიას, „ქართულ ოცნებას“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ყველაზე დიდი პრობლემა აქვს ამასთან დაკავშირებით, ნაკლებად აქვთ პრობლემები სხვა პარტიებს. თუ ცალკეულმა პარტიებმა გადაწყვიტეს, ნაცმოძრაობის აქტივისტებით გაემდიდრებინათ თავიანთი რიგები რაიონებში, ეს ძალზე ცუდი იქნება, რადგან ადგილებზე მოსახლეობას კარგად ახსოვს, რას აკეთებდნენ ეს ე.წ. დეპუტატები არჩევნების წინ და მთელი ამ წლების მანძილზე როგორ ავიწროებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ვინც ამ ავაზაკების წინააღმდეგ იბრძოდა, რატომღაც ის აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. ამიტომ კოალიციურად გადავწყვიტეთ, დაწესდეს უმკაცრესი კონტროლი, რათა ასეთი ადამიანები შემთხვევით თუ მიზანმიმართულად, ნებით თუ უნებლიედ, არ მოხვდნენ „ოცნების“ სიებში რეგიონების მიხედვით.
მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ კახი კალაძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამგვარი ადამიანები არ მოხვდნენ სიებში. უამრავ რაიონში ჩვენ ამის გაკეთება დავბლოკეთ. არცერთი ყოფილი ნაციონალი, რომელიც გამოეყო თავის პარტიას, შეიცვალა პოლიტიკური მოსაზრება, თუნდაც ეს იყოს თბილისის საკრებულოს წევრი, არ უნდა იყოს ამ სიებში“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მისივე თქმით, ამ სიების ფორმირება არ ხდება მხოლოდ კახი კალაძის მიერ და მას პასუხისმგებლობა არ უნდა აჰკიდონ. ეს ხდება კოალიციურ რეჟიმში. ამიტომ პარტიები ღრმად უნდა ჩაწვდნენ ამ პრობლემას და გაფილტრონ თავიანთი რიგები.
საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძეც კატეგორიულია. ჩვენთან საუბარში ის აცხადებს, რომ, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიებში არ უნდა მოხვდნენ და ეს ასეც იქნება.
ჩვენ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ ისინი ან უცხოეთში იმყოფებოდნენ, ან მობილურს არ პასუხობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მსოფლმხედველობისგან პოზიციები განსხვავებული აქვს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას სჭირდება ღირებულებითი და პრინციპული ადამიანები და არა ისინი, რომლებმაც რენეგატიზმით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას.
„უდესიანსა და შიხიაშვილთან კონკრეტული ნაცნობობა, ურთიერთობა და მეგობრობა არ მქონია, მაგრამ „ქართულ ოცნებასაც“, ნაცმოძრაობასაც და სხვა პარტიებსაც ვურჩევდი, ერთგულ ადამიანებს მიანიჭონ უპირატესობა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში გიორგი თევდორაძე.
ჩვენ მედიის საკითხებში მთავრობის კონსულტანტ ნონა ყანდიაშვილსაც დავუკავშირდით. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო სიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჭორები მართლაც ვრცელდება, მაგრამ, როცა შედგება ეს სიები, მათი შემადგენლობა დაფარული არ იქნება.
„ამ ეტაპზე ვერც „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პრეს-სპიკერი გიორგი გეგეჭკორი, ვერც სხვა ვინმე ვერ გააკეთებს კომენტარს ამ თემაზე. მთავარია, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნონა ყანდიაშვილმა.