არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში ვეღარ ვისარგებლოთ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების - DHL-ის, TNT-ის, UPS-ისა და FEDEX-ის მომსახურებით. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ თავად ამ კომპანიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“, რომელიც ამ სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ახლებურად რეგულირებას ითვალისწინებს.
საერთაშორისო გადამზიდავები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონპროექტი გადაზიდვების ბაზარზე „საქართველოს ფოსტის“ მონოპოლიას მოახდენს.
„ამ სექტორში შემოდის რეგულირების წესი. ავტორიზაციის შედეგად კომპანიები ვერ შეძლებენ გადაზიდვის საქმინობის შესრულებას. ავტორიზაცია რა ფორმითაც შემოაქვთ, არ შეესაბამება თავისი არსით ავტორიზაციის ეკონომიკურ არსს. ავტორიზაციაზე აწესებენ გარკვეულ მოთხოვნებს: მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თანამშრომლებისათვის, რომელიც თავისი არსით არის სალიცენზიო საქმინობა. ეს არ არის თავსებადი საქართველოს კანონმდებლობასთან და ზოგადად ეკონომიკის არსთან“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე.
ნათია კუტივაძის განმარტებით, „საქართველოს ფოსტას“ 20 წლით ეძლევა ამ ბაზარზე მონოპოლიური საქმინობის შესაძლებლობა და მხოლოდ ამ კომპანიის ქოლგის ქვეშ შეძლებენ გადამზიდავები საქმინობას:
„ეს დაუშვებელია ისეთ კომპანიებისათვის, როგორიცაა DHL, TNT, UPS, FEDEX. როცა საზღვარგარეთიდან მომხმარებელი გამოგზავნის DHL-ის გზავნილს, ის საქართველოს ტერიტორიას რომ მიუახლოვდება, ეს გზავნილი უნდა განთავსდეს „საქართველოს ფოსტის“ კონვერტში და ისე ჩაბარდეს მომხმარებელს, ანუ უნდა შეიცვალოს გადამზიდავი კომპანია. ჯერ ერთი ეს დაუშვებელია ასეთი კომპანიებისათვის და მეორე მხრივ, იწვევს მომხმარებლის უფლებების შეზღუდვასაც, ვინაიდან იგი შეზღუდული იქნება აირჩიოს კონკრეტული გადამზიდავი თავისი საჭიროების შესაბამისად. საერთაშორისო კომპანიებმა, შესაძლოა, დატოვონ საქართველოს ბაზარი, რაც ქართული საინვესტიციო გარემოსთვის იქნება სერიოზული ზიანი“, - აღნიშნა კუტივაძემ.
კანონპროექტის მიხედვით, ტვირთისა და დოკუმენტების, ასევე ფულადი გზავნილების გადაზიდვას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ სექტორის მარეგულირებელისგან ავტორიზაციას მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი გზავნილის გადაგზავნა, მიუხედავად შიგთავსისა, სხვა კომპანიებისთვის იქნება შეუძლებელი. სექტორის მარეგულირებლად კი კანონპროექტით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განისაზღვრება.
ასევე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“ შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას, გაგზავნას, გადაზიდვას, ჩაბარებას. როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არ შეესაბამება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრონციპებს.
როგორც გადამზიდავი კომპანია TNT-ს წარმომადგენელმა, ნინო მენთეშაშვილმა განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღებით დაინტერესებულია „საქართველოს ფოსტა“ და მისი დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე, რომელიც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს იბარებს და ამბობს, რომ ეს კანონოპროექტი უნდა გავიდეს.
როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, გარდა იმისა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც, რომელიც ადგენს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ლიბერალიზაციის პრინციპებს, ითვალისწინებს საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდების სერვისების გამიჯვნას და მათ განცალკევებულ რეგულირებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ, „საფოსტო კავშირის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე უზრუნველყონ: „საფოსტო კავშირის შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა; საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ადეკვატური სისტემის დანერგვით ბაზრის ამ სეგმენტის ლიბერალიზაცია და დემონოპოლიზაცია; უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი ეროვნული ოპერატორის(კანონპროექტის მიხედვით „საქართველოს ფოსტა“) შერჩევის პროცესში გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დაცვა.