ქართველ დეპუტატთა ჯიბეები 10 პროცენტით „შეთხელდება“

ქართველ დეპუტატთა ჯიბეები 10 პროცენტით „შეთხელდება“

ქართველი დეპუტატები მარტის ხელფასს დანაკლისით აიღებენ. კანონმდებლები გაცდენების გამო „დაისჯებიან“ და მათი ხელფასის 10 პროცენტი სავარაუდოდ, ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.

მერვე მოწვევის პარლამენტი მეორე წელია რაც ფუნქციონირებს, მაგრამ პარლამენტის თავჯდომარემ სანქციების ამოქმედებას მხარი ახლა დაუჭირა.

როგორც ჩანს, დავით უსუფაშვილი იმ სტატისტიკამ გააღიზიანა, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სპიკერის დავალებითვე მოამზადა.

გიორგი კახიანის მიერ მომზადებული დოკუმენტი ნათლად ასახავს იმ სურათს, რის შესახებაც for.ge გამუდმებით იუწყებოდა. კანონმდებელთა ნაწილი უწყებაში არ ცხადდებოდა, თვიურ ანაზღაურებას კი, ისინი დანაკლისის გარეშე იღებდნენ.

გარდა იმისა, რომ პლენარულ სხდომებსა და კომიტეტებზე კვორუმის პრობლემა მუდმივად იყო, კანონმდებლები რეგლამენტს არღვევდნენ და გაცდენის საპატიო მიზეზებით მანიპულირებდნენ.

კერძოდ, კანონმდებელთა უმეტესობამ თავის სასიკეთოდ რეგლამენტში არსებული ჩანაწერი „ოჯახურ მდგომარეობა“ გამოიყენა და ამ მიზეზით 811 გაცდენა დაფიქსირდა.

უნდა ითქვას, რომ ამ ჩანაწერით განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ისარგებლეს. როლანდ ახალაიამ 38 სხდომიდან 26 სხდომა გააცდინა, სადაც 25 შემთხვევაში „ოჯახური მდგომარეობა“ მიუთითა. დავით ბაქრაძემ 25 პლენარული სხდომა გააცდინა, მაგრამ ხუთი „ოჯახური მდგომარეობის“ გამო.

თანაგუნდელებს არც სხვა ლიდერები ჩამორჩენ, რომელთა შორის არიან - 29 გაცდენით (15 ოჯახური მდგომარეობის მოტივით) გიორგი ბარამიძე, 15 გაცდენით (13 ოჯახური მოტივით) ლევან ბეჟაშვილი, 20 გაცდენით (11 ოჯახური მიზეზი) თინა ბოკუჩავა, 24 გაცდენით (11 ოჯახური მოტივი) ხათუნა გოგორიშვილი, 13 გაცდენით დავით დარჩიაშვილი, 22 გაცდენით (13 ოჯახური მოტივი) გიორგი ვაშაძე, 14 გაცდენით ჩიორა თაქთაქიშვილი, 20 გაცდენით (16 ოჯახური მოტივის გამო) გივი თარგამაძე, 24 გაცდენით გიორგი კანდელაკი, 21 გაცდენით (17 ოჯახური მოტივი) გიორგი კარბელაშვილი, 18 გაცდენით (14 ოჯახური მოტივი) მიხეილ მაჭავარიანი, 18 გაცდენით (14 ოჯახური მოტივით) ირმა ნადირაშვილი, 22 გაცდენით (13 ოჯახური მოტივით) შოთა მალაშხია, 23 გაცდენით (20 ოჯახური მოტივით) დავით საყვარელიძე, 18 გაცდენით (11 ოჯახური მოტივით) პეტრე ცისკარიშვილი, 19 გაცდენით (17 ოჯახური მოტივით) გიორგი ღვინიაშვილი, 15 გაცდენით (13 ოჯახური მოტივი) გიორგი მელაძე, 21 გაცდენით (15 ოჯახური მოტივი) კობა სუბელიანი, 18 გაცდენით (10 ოჯახური მოტივი) გიგი წერეთელი, 20 გაცდენით (15 ოჯახური მოტივი) გოგა ხაჩიძე.

აღსანიშნავია, რომ უმცირესობაში სხდომების გაცდენების თვალსაზრისით, კატასტროფული მაჩვენებელი აქვს რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის, 38 სხდომიდან პაატა ლეჟავა 35 სხდომას არ დაესწრო და მან 22 შემთხვევაში „ოჯახური მოტივი“ დაასახელა. ასევე მძიმე ვითარება აქვს ზაზა კედელაშვილს, რომელიც 27 სხდომას არ დაესწრო და 26 შემთხვევაში მოტივად ოჯახი დაასახელა.

თანაგუნდელების მსგავსად, სხდომებს არ სყალობდნენ - კობა ნაყოფია (32 სხდომა აქვს გაცდენილი, 25 „ოჯახური მოტივით), რამაზ ნიკოლაიშვილი (35 სხდომა აქვს გაცდენილი, 26 „ოჯახური მოტივით), გოგი ოჩიაური (34 სხდომა აქვს გაცდენილი, 27 „ოჯახური მოტივით), მარიამ საჯაია (36 სხდომა აქვს გაცდენილი, 13 „ოჯახური მოტივით), აზერ სულეიმანოვი (35 სხდომა აქვს გაცდენილი, 28 „ოჯახური მოტივით), ლევან ქარდავა (33 სხდომა აქვს გაცდენილი, 27„ოჯახური მოტივით) და ნიკოლოზ ყოფშიძე (35 სხდომა აქვს გაცდენილი).

უნდა ითქვას, რომ უმცირესობაში დასწრების კუთხით, ყველაზე მოწესრიგებული სერგო რატიანი აღმოჩნდა, რომელმაც 38 სხდომიდან მხოლო 4 სხდომა გააცდინა.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრთა სხდომებზე დასწრების საკითხს, მმართველ გუნდში გამორჩეული 13 დეპუტატი აღმოჩნდა, რომელთაც 38 სხდომა არ გააცდინეს და ქუთაისში გამოცხადდნენ. მათ რიგებში არიან - თამაზ ავდალიანი, გიორგი კახიანი, მალხაზ დარზიევი, მალხაზ ვახტანგიშვლი, თამაზ მეჭიაური, მირიან წიკლაური, ვახტანგ ხმალაძე, როსტომ ხალვაში, თამაზ შიოშვილი, პაატა კვიჟინაძე, გიგა ბუკია და რუსლან პოღოსიანი.

უმრავლესობაში ყველაზე მეტი გაცდენა აქვთ - თინა ხიდაშელს (12 გაცდენა აქვს, სადაც 11 შემთხვევაში მივლინება აქვს მითითებული), ლერი ხაბელოვს, (10 სხდომა აქვს გაცდენილი), თედო ჯაფარიძეს (19 გაცდენა აქვს, 15 შემთხვევაში მივლინება აქვს მითითებული), თემურ მაისურაძეს (12 სხდომა აქვს გაცდენილი), დავით საგანელიძეს (15 გაცდენა აქვს, 10 შემთხვევაში მოტივად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს), გუგული მაღრაძეს (12 გაცდენა აქვს), ზვიად კვაჭანტირაძეს (10 გაცდენა), ზაზა პაპუაშვილს (13 გაცდენა აქვს).

ოპონენტებს სხდომების გაცდენების თვალსაზრისით, არც უმცირესობა-უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები ჩამორჩენ, რომელთა შორის არიან - კახა ოქრიაშვილი (12 სხდომა გააცდინა), გურამ მისაბიშვილი (23 გაცდენა აქვს, 19 შემთხვევაში ოჯახურ მოტივს უთითებს), დავით ბეჟუაშვილი (19 სხდომა აქვს გაცდენილი), გოდერძი ბუკია (25 სხდომა აქვს გაცდენილი, 24 შემთხვევაში მითითებული აქვს ოჯახური მიზეზები), გოგი ლიპარტელიანი (30 სხდომა აქვს გაცდენილი).

თუ რა ინტენსივობით დადიან კანონმდებლები პარლამენტში, ამის თაობაზე გარკვეული შეხედულება საზოგადოებას ზემოთ წარდგენილი სტატისტიკიდან გამომდინარე შეექმნება, მაგრამ განსაკუთრებით კატასტროფული ვითარებაა კომიტეტებში, სადაც კვორუმის გამო ხშირად, სხდომები რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 13 მარტამდე, თუ 38 პლენარული სხდომაზე საბოლოო ჯამში 1701 გაცდენა დაფიქისირდა, კომიტეტების შემთხვევაში, 2103 გაცდენა დაფიქსირდა, საიდანაც არასაპატიოდ 310 შემთხვევა ჩაითვალა.

იმის მიუხედავად, რომ კანონმდებელთა ნაწილი სხდომებს არ ესწრებოდა, მათ რეგლამენტისამებრ ხელფასის 10 პროცენტი არ დაქვითვიათ და ამას ადასტურებს გიორგი კახიანიც.

კახიანის ინფორმაციით, დეპუტატთა დასწრების რეალობა არ მოწმდება და ყველა გაცდენა საპატიოდ ითვლებოდა.

მისი თქმით, პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ხელფასის დაქვითვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საგულისხმოა ერთი დეტალიც. თუ კანონმდებელთა ერთი ნაწილი „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით მანიპულირებს და სხდომებს ამ მიზეზით აცდენს, მეორე ნაწილი მივლინების ჩანაწერით სარგებლობს. კერძოდ, როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 211 სამსახურეობრივი მივლინებიდან 60 მივლინების არსებობის ფაქტი ცნობით არ დასტურდება.

უნდა ითქვას, რომ დეპუტატები მივლინებისა და „ოჯახური მდგომარეობის“ გარდა, ავადმყოფობის ფაქტებითაც მანიპულირებენ და როგორც გაირკვა, ავადმყოფობის 118 შემთხვევიდან პარლამენტში შესაბამისი ცნობა მხოლოდ 33 შემთხვევაში იქნა წარდგენილი.

სხდომების გაცდენის კუთხით, დეპუტატები რეგლამენტში არსებული ჩანაწერებით რომ მანიპილურებენ, ეს იმ კურიოზული ფაქტიდანაც ჩანს, რომელიც სტატისტიკაშია ასახული. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტში 127 ისეთი შემთხვევა დადასტურდა, როცა დეპუტატის მიერ წერილობითი ფორმა არის წარდგენილი, რომ სხდომას ვერ დაესწრება, მაგრამ დილა-საღამოს მას რეგისტრაცია აქვს გავლილი. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ამ პირების პულტებით მათმა კოლეგებმა ისარგებლეს, რაც რეგლამენტის დარღვევაა, ან მათ სხდომის გაცდენა გადაიფიქრეს და მიმართვაც არ გააუქმეს.

კვორუმის პრობლემა ამ მოწვევის პარლამენტის „აქილევსის ქუსლი“ რომ არის, ეს ახალი არ არის, მაგრამ სანქციების ამოქმედების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ნამდვილად სიახლეს წარმოადგენს.

თუ ცოტა ხნის წინ, for.ge-ს დავით უსუფაშვილმა „ურჩია“, რომ კანონმდებელთა დასწრება თავად გაგვეკონტროლებინა და ისიც გაგვერკვია სად დადიოდნენ „ურჩი“ დეპუტატები, როგორც ჩანს, სპიკერი კვორუმის პრობლემამ თავადაც შეაწუხა.