ფინანსური მონიტორინგის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა საბოლოოდ გადაწყდა. შესაბამისი კანონის მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის. მართალია, საპარლამენტო სხდომაზე მის ირგვლივ კამათი და დისკუსიაც გაიმართება, მაგრამ ხელისუფლების ორივე შტოს მტკიცედ აქვს გადაწვეტილი, რომ სამსახური სებ-ის დაქვემდებარებაში აღარ დატოვოს. ამიტომაც პარლამენტი „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონს მალევე დაამტკიცებს.
საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა და მთავრობასთან უკვე შეთანხმებული პროექტი, რა თქმა უნდა, მოიწონა კიდეც.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის, კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შედეგია ის ფაქტი, რომ მონიტორინგის სამსახური გამოდის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში და იგი გადაინაცვლებს აღმასრულებელ სტრუქტურაში, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ეს სამსახური პირდაპირ დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს, როგორც ეს არის ბევრ სხვა ქვეყანაში.
„ვფიქრობ, ამ პირობებში აღმასრულებელი მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა უფრო წარმატებული იქნება“, - განაცხადა მან.
სხვათა შორის, დეპუტატმა იმაზეც ისაუბრა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუდმივად პროკურატურის კადრებით კომპლექტდებოდა, შესაბამისად, სამსახური „პირდაპირ პროკურატურაზე იყო მიბმული“. ეს მომავალში ცალსახად გამოირიცხება, ხოლო მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის კუთხით სხვა მხრივ არაფერი იცვლება. ის ზუსტად იმ წესებით იმუშავებს, როგორც დღეს მუშაობს.
„ევროკავშირის ქვეყნებში ყველგან ფინანსური სამსახური აღმასრულებელი სტრუქტურის დამოუკიდებელი ერთეულია. ის ეროვნული ბანკის შემადგნლობაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია, სადაც აღმასრულებელ სტრუქტურაში ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა რთულია. ეს ჩვენ არ გვაფერხებს და დონე, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, იძლევა საშუალებას, რომ სტუქტურა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
ზოგადად, მისი დამოუკიდებლობა ბევრ კითხვის ნიშანს სვამდა, რადგან კადრების უმრავლესობა მუდმივად პროკურატურის მხრიდან კომპლექტდებოდა. ჩემი აზრით, ის პირდაპირ „მიბმული“ იყო პროკურატურაზე“, - განაცხადა ონოფრიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტართა გადაწყვეტილებას, თავის მხრივ, მხარს უჭერს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მისი განცხადებით, თავიდანვე იყო რამდენიმე ალტერნატივა, რადგან მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის დამოუკიდებლობა.
„დღესაც ეს სამსახური ანგარიშვალდებულია პრემიერის წინაშე, უზრუნველყოფილი იქნება მისი დამოუკიდებლობის ხარისხი“, - აღნიშნა ხადურმა.
მინისტრის თქმით, უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ეს სამსახური სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უწყებების ქვეშაა. „მთავრობისა და კანონპროექტის ავტორების კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, სჯობს, ეს სამსახური იყოს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.