არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება ბურჯანაძის გამო ჩაიშალა

არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება ბურჯანაძის გამო ჩაიშალა

დაანონსებული ერთიანი ოპოზიციური ფრონტი ვერ შედგა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნა ვერ მოახერხა. არადა, თავის დროზე ისინი იუწყებოდნენ, რომ მათთვის პრიორიტეტი ბურჯანაძის ძალასთან გაერთიანება იქნებოდა. იმთავითვე გამონაკლისნი იყვნენ ლეიბორისტები, რომლებიც ტრადიციულად არცერთ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებას არ აპირებდნენ.

ერთიანი ოპოზიციური ფრონტის იდეის ჩაშლის შემდეგ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებდა, რომ გაერთიანების ინიციატივას სხვა პარტიები სათანადოდ ვერ გამოეხმაურნენ და ერთიანობის მცდელობაც ამის გამო ჩაიშალა.

სამაგიეროდ, მივიღეთ ეკლექტური, პოლიტიკური პლატფორმით განსხვავებული ალოგიკური ბლოკები - ბურჯანაძე-ქდმ-„ქართული დასის“ გაერთიანება და „მემარჯვენეებისა“ და კახა კუკავას პარტიების ტანდემი, თავ-თავიანთი ქალაქის მერობის კანდიდატებით - დიმიტრი ლორთქიფანიძისა და კახა კუკავას სახით.

რატომ ვერ მოახერხა გაერთიანება არასაპარლამენტო ოპოზიციამ? რას მოუტანს მათ ძალების დაქსაქსვა და ორი განსხვავებული ბლოკის შექმნა და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ არჩევნებში მათ ერთმანეთს ხმები გაუყონ?

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ- ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათი სურვილი იყო ერთიანი წინასაარჩევნო ბლოკის შექმნა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორპოლუსიანი პოლიტიკის წინააღმდეგ, თუმცა ამის რეალიზება ვერ მოხერხდა ნინო ბურჯანაძის ფაქტორის გამო.

„ქალბატონმა ბურჯანაძემ გადაწყვიტა, საკუთარი პარტიის სტრუქტურაში შეეერთებინა და შეეწოვა ცალკეული პარტიები. პრაქტიკულად, მან უარი თქვა პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე ერთ ბლოკში. მან სხვა პარტიებს, არც მეტი, არც ნაკლები, ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია შესთავაზა. ეს ნიშნავდა გაუქმებას და ბურჯანაძის პარტიაში შესვლას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეურაცხმყოფელია, როდესაც ეუბნები პარტიას, რომ შენ უნდა გაუქმდე და ჩემთან მოდი, როგორც ფიზიკური პირი. ასეთმა დამოკიდებულებამ ეს ერთობა ჩაშალა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ძალისხმევის გაუერთიანებლობის მიზეზი სწორედ საკუთარი პარტიული ინტერესების წინ დაყენება იყო. ბუნებრივია, კონკურენციისას ეს ხმები გადანაწილდება და ერთმანეთს ხმებს წაართმევენ ეს ბლოკები, მაგრამ ხმები არ წავა „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობისკენ. უბრალოდ, ვერ განხორციელდება ელექტორატის სინერგია. სიტყვაზე, თუ ორივეს ერთად უნდა აეღო 30 %, ახლა შეიძლება, აიღონ 15-15%, ან 13 % და 17 %“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

აქვე განმარტა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი კახა კუკავა დღესაც მზადაა, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისა და წინასაარჩევნო ბლოკის შექმნის სანაცვლოდ, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე. რატომღაც ისინი დღემდე ელიან, რომ ჩამოყალიბდებიან ნინო ბურჯანაძე და სხვებიც, რათა შეიქმნას წინასაარჩევნო პოლიტიკური ბლოკი და შეჯერდნენ მერობის ერთიან კანდიდატზე. ამიტომაც არავისთვის დაუსწრიათ მერობის კანდიდატის დასახელება.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ რთულია იმ მიზეზებზე საუბარი, რატომ ვერ მოხერხდა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა.

„თუ ამის მიზეზი მერობის კანდიდატზე შეუთანხმებლობა იყო, მაშინ ეს ძალზე ცუდი იქნებოდა. ვფიქრობ, დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით, საკმაოდ კარგი კანდიდატურაა შერჩეული. არაფერი მაქვს კახა კუკავას საწინააღმდეგო, მაგრამ ამ შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიცია თუ იქნებოდა, სჯობდა სწორედ ისეთი კანდიდატის დასახელება, რომლის უკანაც პარტიული სტრუქტურები არ იდგა და იგი სხვა პარტიული კოალიციის გამაერთიანებლად და შემაკავშირებლად წარმოჩნდებოდა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ოპოზიციისთვის კარგი კანდიდატურა იქნებოდა დიმიტრი ლორთქიფანიძე. თუმცა მაინც არა მგონია, ეს ყოფილიყო გადამწყვეტი მიზეზი. ამ გაყოფით დაზარალდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ორივე ნაწილი, როგორც ბურჯანაძე და მის ირგვლივ შეკრებილი კოალიცია, ისე „ახალი მემარჯვენეები“ და კუკავას პარტიის გაერთიანება. ბუნებრივია, ისინი ერთმანეთს ხმებს გაუყოფენ და ძლიერი მესამე ოპოზიციური ცენტრის შექმნაც ოცნებად დარჩა. ეს საკმაოდ დიდი პოლიტიკური შეცდომაა პარლამენტს გარეთ არსებული ოპოზიციისთვის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის თვალში საჭირო იყო ძლიერი ერთიანობის წარმოჩენა. ეს გაცილებით მეტ ხმას მოიტანდა. ასეთი გაერთიანებით კოალიცია შეძლებდა ერთიანობის შენარჩუნებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ექნებოდათ რეალური შანსი, ებრძოლათ არა ოპოზიციის ადგილისთვის, არამედ რეალურად ხელისუფლებისთვის. ასეთმა დაქსაქსვამ კი, შესაძლოა, ამომრჩეველთა 10% მაინც დააკარგვინოს არასაპარლამენტო ოპოზიციას.

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელი რეიტინგებით და საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე, შეიქმნა რეალურად ერთიანი ოპოზიცია, რომელიც არა მარტო ადგილობრივ, არამედ საპარლამენტო არჩევნებშიც ერთიან კოალიციაში იქნება.

„რამდენიმე ატრიბუტია საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე, მათ შორის, ერთი მთავარი, რაც აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს გახლავთ კომისიების წევრები. საპარლამენტო არჩევნების დროს უკვე აღარ არის იმის ფუფუნება, შორიდან ვუყუროთ, როგორ ითვლის ეს ორი პარტია უბნებზე ხმებს. ამიტომ სხვა პარტიებს შევთავაზეთ, ან რომელიმე ერთი პარტიის სახელით გავსულიყავით, ან შეგვექმნა ისეთი ბლოკი, რომელიც არჩევნების შემდეგ გაერთიანდებოდა. შეთავაზება ისიც იყო, რომ საერთოდ სულ სხვა ახალი პარტიის გარშემო ხომ არ გავერთიანებულიყავით, რომ არ გვქონოდა ამბიცია. შესაბამისად, დაფინანსებაც გაერთიანდებოდა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პარტიის კომისიის წევრებს ამოვაგდებდით და გვეყოლებოდა ჩვენი კომისიის წევრი. აქ მთავარი იყო, ერთ პარტიას ჰქონოდა ეს დაფინანსება, რადგან მასზე მიბმული იქნებოდა წევრი საარჩევნო კომისიაში. ეს იყო ჩვენი ამოსავალი. ჩვენ ვთქვით კიდეც, იმ პარტიებმა, რომლებიც თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას და არა სხვისი კარნახით, შეუძლებელია თქვან ჩვენს შეთავაზებაზე უარი. ჩვენ გავაკეთეთ ერთიანი ოპოზიცია, ჩვენს შემდეგ კი შეიქმნა ორი ბლოკი- დავითაია-ჯავახაძის და „მემარჯვენე“-კუკავასი. თქვენ ნახავთ, ამ არჩევნებზე ჩვენთან ხმების გასაყოფი კუკავას და სხვებს არაფერი ექნებათ“, - აცხადებს ზაზა ვეკუა.