„რუსეთმა შეცვალა რუკა და ფაქტის წინაშე დააყენა ევროპა“

„რუსეთმა შეცვალა რუკა და ფაქტის წინაშე დააყენა ევროპა“

უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო ევროპა დიდი ხანია, შეშფოთებულია, თუმცა ქმედითი ზომები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ნაკლებად ჩანს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ორგანიზებული ძალადობრივი მოქმედებები მიმდინარეობს.

მისივე განცხადების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, მომავალ კვირას მზად არიან სამიტზე შეიკრობონ და რუსეთთან მიმართებაში დამატებით სანქციებზე შეთანხმდნენ, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

„ნათელია, რომ რუსეთი ამ ძალადობაზე პასუხისმგებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. თუ აუცილებელი იქნება - მომავალ კვირას. შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართოს, რომელზეც ახალი სანქციები შეთანხმდება“, - აღნიშნა ფაბიუსმა.

სადამდე შეიძლება მივიდეს დასავლეთი, რამდენად მკაცრი შეიძლება გახდეს რუსეთის მიმართ და მისი შეკავების რა რეალური პერსპექტივა არსებობს, ამ თემაზე ექსპერტი ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება.

ბატონო ემზარ, როდესაც რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გამკაცრებაზეა საუბარი, ამბობენ იმასაც, რომ არანაკლები იქნება ეკონომიკური ზიანი, რომელიც ამ სანქციებით მიადგება დასავლეთს. რა ტიპის ზარალზე შეიძლება იყოს საუბარი და რამდენად იქნება იმ პოლიტიკური დივიდენდების საპირწონე, რაც მხარეებმა შეიძლება მიიღონ?

- ამ ეტაპზე რუსეთზე ზეგავლენის მოხდენაზე არ არის საუბარი, ის სანქციები, რაც აქამდე დაწესდა, მასზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, რადგან დასავლეთის წამყვანი ქვეყნები,  განსაკუთრებით გერმანია, ეკონომიკურად დამოკიდებული არიან რუსეთზე. იგივე „სიმენსს“ სერიოზული ინტერესები აქვს რუსეთში, ამიტომ ცდილობს ზეგავლენა იქონიოს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებზე. რაც შეეხება სანქციების მესამე ნაწილს, თუკი მართლაც მოხდა მისი დაწესება, საეჭვოა გერმანიამ გადალახოს ეს წინააღმდეგობა. თუ რუსეთმა გააგრძელა ის ქმედებები, რაც ბოლო ორი დღეა მიმდინარეობს უკრაინაში და მსოფლიო იძულებული გახდა, მიიღოს სანქციების მესამე პაკეტი, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

არსებობს ვარაუდები, რომ მესამე რიგის სანქიებმა შესაძლოა რუსეთი დაშლის პირამდეც კი მიიყვანოს. ეს კი პირველ რიგში თვითონ დასავლეთს არ უნდა აწყობდეს...

- ამ ეტაპზე ეს რეალური არ არის, დასავლეთს ეს არ აწყობს. რუსეთი ბირთვული იარაღის ქვეყანაა და მისი დაშლის პირამდე მიყვანა არ იქნება სწორი. მაგრამ რუსეთს უზარაზარი პრობლემები რომ შეექმნება მესამე ტიპის სანქციების შემოღებით, ეს ცხადია. თუმცა, რუსეთი შეეცდება, რომ დასავლეთსაც საკმაოდ დიდი ზიანი მიადგეს.

ითქვა ისიც, რომ სანქციები, შესაძლოა, ნელ-ნელა გამკაცრდეს და პიკს 2015-2016 წლებისთვის მიაღწიოს. რამდენად შეუძლია დასავლეთს სანქციების გამკაცრება, წავა იმაზე, რომ მაგალითად, რუსეთს ისევე, როგორც თავის დროზე ირანს, ემბარგო დაუწესოს ნავთობპროდუქტების გატანაზე?

- თუ მომავალი ერთი წლის პროგნოზებზეა საუბარი, ერთადერთი, აშშ-ს გადაწყვეტილება კოსმოსთან დაკავშირებული თანამშრომლობის შეწყვეტაზე არის რელური, დანარჩენს, სერიოზულს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. თუ რუსეთმა უკრაინას რეგიონები ჩამოაცილა, ამის შემდეგ სანქციებს ქმედითი ეფექტი უკვე ნამდვილად აღარ ექნება. ამ დღეებში წყდება უკრაინის სახელმწიფოებრიობის საკითხი და სწორედ ამ დღეებშია მნიშველოვანი და აუცილებელი ეს სანქციები, მომავალში მის დაწესებას არ ვუყურებ სერიოზულად.

რაც გაცხადებულია ამ ეტაპზე და ჩემი კოლეგებისგანაც მაქვს ინფორმაცია, რომ საინვესტიციო პროექტების შეკვეცა მოხდა რუსეთში და აღარ ხორციელდება ინვესტიციები, ეს მეორე ტიპის სანქციების შედეგია.

რუს ბიზესმენებს გაუჩნდათ შიში, რომ სერიოზული ზიანი მიადგება რუსეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია დრო. უკრაინის დაშლის შემდეგ მიღებული სანქციები დაგვიანებული იქნება.

რასაც უფრთხილდება ევროპა და ანგარიშს უწევს დასავლეთი, ეს არის რუსეთის ენერგორესუსები. იმ შემთხვევში, თუ ამერიკა გაატარებს პოლიტიკას, რაც ნავთობზე ფასის დაცემას გამოიწვევს, რამდენად არის სავარაუდო, რომ მსოფლიომ მიიღოს ის, რაც ამ ეტაპზე სურს - რუსეთისგან უკრაინის დაცვა?

- რუსეთის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ბარელი ნავთობის მინიმალური ფასი და ეს არის - 70$. თუ ნავთობი უფრო მეტად გაიაფდება, ბუნებრივია, რუსეთი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, მაგრამ მეეჭვება, რომ უახლოეს ხანებში ეს განხორციელდეს, რადგან საკმაოდ დიდ დანაკარგებს მიიღებენ დასავლური ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიებიც.

ნავთობზე ფასის დაცემა რუსეთს, რა თქმა უნდა, სერიოზულად შეაზანზარებს, რადგან რუსეთის ეკონომიკის 70% დაფუძნებულია სწორედ ამ რესურსების ექსპორტზე.

ბოლო პერიოდში საუბარია ალტერნატიული ენერგოპროექტების ამოქმედებაზეც, რომელიც დასავლეთს შესაძლებლობას მისცემს, არ იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე, საუბარია იგივეფიქალისგაზზე. რამდენად რეალურია, რომ მოკლე დროში დასავლეთმა შეძლოს ენერგოდმოუკიდებლობის მიღწევა? რამდენად მოესწრება იმ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა, რაც დღეს მიმდინარეობს?

- უახლოეს ორ-სამ წელიწადში ამ პროექტების ამოქმედება ძალზე ძნელია. იგივე „ფიქლის“ გაზს სჭირდება ტერმინალების მშენებლობა, ინფრასრტუქტურის მოწყობა და ამას უახლოეს ორ-სამ წელიწადში ვერ განახორციელებენ. ეს არის მომავლის გეგმა, მაგრამ საუბარია იმაზე, რუსეთმა ახლა, ამ წუთას თქვას უარი უკრაინაზე.

ფაქტია, რომ რუსეთი რისკზე მიდის, როდესაც უკრაინის ანექსიას ცდილობს, რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებზეა საუბარი, რუსეთს უღირს რისკის ფასად მიიღოს ეს ყველაფერი?

- უკრაინას იგდებს ხელში და დასავლეთის ენერგობალანსის სრულ კონტროლს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დასავლეთი კარგავს უკრაინას. რუსეთის „რისკი“ არის ის, რომ პუტინის რეიტინგი 80%-მდე გაიზარდა და დასავლეთთან როგორც დომინანტს, ისე უწევს საუბარი და სწორედ ეს არის მისი გეგმა.

ანუ პოლიტიკური მოტივები უფრო ამოძრავებს რუსეთს ვიდრე ეკონომიკური?

- ორივე და სხვათა შორის, ეკონომიკური მოტივები ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ამ ეტაპზე.

რაც შეეხება დასავლეთს, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მან ვერ გათვალა, როდესაც თავის დროზე უკრაინას გარკვეული მოთხოვნები დაუყენა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ტიმოშენკოს საკითხი წამოწია?

- როგორც ჩანს, დასავლეთი არ იყო მზად იმისათვის და არ ელოდა, რომ ასე შორს წავიდოდა პუტინი. აღმოჩნდა, რომ ეს ასეა. როდესაც მეიდანს აწყობ და სიტუაცია ირევა, ამით პუტინი რომ ისარგებლებდა, როგორც ჩანს, ასეთი გათვლები არ იყო გაკეთებული. დღეს რუსეთი შეუზღუდავია თავის ქმედებებში და დაუჯერებელი რამ გააკეთა. როგორც ჩანს, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა ამ გათვლებში.

გარდა უკრაინისა, რას იღებს რუსეთი? იცვლება თუ არა მსოფლიოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური რუკა?

- როდესაც რუსეთმა ყირიმი წაიღო, ეს რუკა უკვე შეიცვალა. ამით მსოფლიოში არსებული პარადიგმა შეიცვალა და ბუნებრივია, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური რუკაც.

ჩვენთვისაც შეიცვალა - ყირიმზე გადიოდა ჩვენი ავიახაზები, რომელიც ზღვის გაყოლებით მიდიოდა ყირიმამდე და შემდეგ ევროპაში. ნავთობმაგისტრალები - როდესაც საუბარი იყო „თეთრი ნაკადის“ მშენებლობაზე, რომელიც ყირიმზე გადიოდა, ახლა არ აშენდება. შესაძლოა, უფრო სერიოზული ცვლილებებიც მოხდეს და რუსეთმა გააკონტროლოს უკრაინის გაზის საცავები. მაგისტრალები მთლიანად მის ხელში აღმოჩნდეს და შესაბამისად, ევეროპისთვის გაზის მიწოდების კონტროლიც და ა.შ. რუსეთმა შეცვალა რუკა და ფაქტის წინაშე დააყენა ევროპა.

გამოდის, რომ ორპოლუსიან მოდელს უბრუნდება მსოფლიო და რუსეთი, ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლიტიკური ცენტრის სტატუსს იბრუნებს?

- ამერიკის საპირწონე რუსეთი არ არის, მაგრამ რუსეთი მოქმედებს პრინციპით, აბა რას იზამს, მესამე მსოფლიო ომს ხომ არ დაიწყებს უკრაინის გამო. სიტუაცია მართლაც მესამე მსოფლიო ომის ზღვრამდეა მისული. რუსეთი იმით სარგებლობს, რომ გლობალიზაციის პროცესშია ჩართული და დასავლეთიც ბევრს კარგავს, ევროპას დღეს ომი არ უნდა - ამ მომენტით სარგებლობს რუსეთი, ეყრდნობა თავის სიცრუის პროპაგანდას, რომელიც ყოველთვის კარგად მუშაობდა.

საბოლოოდ რა სურათი შეიძლება მივიღოთ, როგორ შეიძლება გადალაგდეს ეს ყველაფერი?

- ძნელი სათქმელია, საბოლოოდ რა სურათს მივიღებთ. ვფიქრობ, რომ დასავლეთმა უნდა შეცვალოს მიდგომები. საქართველო და უკრაინა დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო ნატო-ს წევრი, იმიტომ, რომ რაც რუსეთს სერიოზულად შეუშლის ხელს მსოფლიო ჰეგემონიისკენ სწრაფვაში, ეს არის დასავლეთი, რომელმაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოს მიდგომები. დასავლეთმა უნდა გადადგას ის პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც არ დგამდა იმიტომ, რომ რუსეთს უფრთხილდებოდა. დასავლეთმა უნდა დააჩქაროს საქართველოს მიღება ნატო-ში და ა.შ.

აქ მარტო საქართველოს ბედზე არ არის ლაპარაკი, საუბარია აზერბაიჯანისა და შუა აზიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე რუსეთის გვერდის ავლით. აი, ამ აქტივების კონტროლზეა საუბარი. დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის დაუკითხავად. თუ „სიმენსის“ ინტერესებზე იქნება მსოფლიოს გეოპოლიტიკა აგებული, მაშინ გამოდის, რომ „სიმენსს“ მთელი მსოფლიოს გეოპოლიტიკა შეეწირება.

კეთდება პროგნოზები, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის აგრესია გადმოინაცვლებს მოლდოვასა და საქართველოში. ამჯერად რა ტიპის საფრთხეს უნდა ველოდეთ?

- რუსეთი ისეთ მადაზეა, არაფერი არ გამოირიცხება. ვერ გეტყვით, ცხინვალში მყოფ ჯარს სადამდე წაიყვანს, მაგრამ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ძალიან ცუდად მენიშნა პასპორტების დარიგება, რუსულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ა.შ. რუსეთისგან ველოდები ყველა სცენარას, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ჯარი დგას ოციოდე კილომეტრში თბილისსა და გორთან.

იგივე ამერიკა და დასავლეთი გვეუბნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვერ გავხდებით რუსეთთან დალაგებული და მოწესრიგებული ურთიერთობების გარეშე. ამის გათვალისწინებით ნატო- პერსპექტივა ამ ეტაპზე საკმაოდ ბუნდოვნად ჩანს...

- ეს რეცეპტი დღეს აბსოლუტურად მიუღებელია და დასავლეთმა, ვფიქრობ, შეცვალა თავისი მიდგომა. ამ დღეებში წყდება მნიშვნელოვანი საკითხები და ასე მგონია, შესაძლოა საქართველოს უახლოეს მომავალში მაპ-იც მიანიჭონ და ნატოშიც შეიყვანონ - არ ვამბობ, ევროკავშირში, ვსაუბრობ ნატოზე. რუსეთმა ცალსახად გამოაცხადა რომ ის არ დაუშვებს არც საქართველოს და არც უკრაინისა და მოლდოვის ინტეგრირებას ევროპაში, ასეთ შემთხვევაში საპირისპირო ნაბიჯები უნდა იყოს მყისეული და მკაცრი.

ერთადერთი ხსნა არის საქართველოს შეერთება ნატოსთან ყოველგვარი მაპ-ის გარეშე. ეს სავსებით რეალურია. მაპ-ი უბრალოდ მოგონილი ბარიერია და თუ საჭიროა, ამ საფეხურის გარეშეც იქნება ნატოში გაწევრიანება შესაძლებელი - რუსეთს მხოლოდ ეს თუ შეაჩერებს.