ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და უსაფრთოების საკითხები, ეს იყო თემები, რომლის შესახებ 20-მდე ექსპერტი და საქართველოს პრეზიდენტი, 3 საათზე მეტ ხანს მსჯელობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და მისი მეზობლების ურთიერთობების თემები, ასევე გლობალური საკითხები, თუ რამდენად ახდენს რეგიონში მიმდინარე პროცესები გავლენას საქართველოზე, მის სტაბილურობაზე, სუვერენიტეტსა და მდგრადობაზე.
მსგავსი ფორმატის შეხვედრა პრეზიდენტისა და უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტებს შორის პირველად იმართება. შეხვედრაზე განიხილული იქნა ასოცირების ხელშეკრულების თემატიკაც. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს იყო უფრო აუდიტორიის როლში, რადგან პრეზიდენი, ძირითადად, ისმენდა ექსპერტების მოსაზრებებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და ექსპერტებმა კომენტარები გააკეთეს. პრეზიდენტმა ჟურნალისტებს რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა, რომ სამწუხაროდ, ეს ფაქტები რეგულარულად ხდება.
„ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენთვის არის ახალი. ეს არის შემაშფოთებელი, მაგრამ მე ამას არ ვუკავშირებ რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას. ეს ფაქტები მუდმივად ხდება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვაფიქსირებთ პროტესტს. მუდმივად ვცდილობთ, იმ არხების მეშვეობით, რომელიც გვაქვს ევროპის დედაქალაქებში, მივაწოდოთ ინფორმაცია მოსკოვს, რომ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცის დარღვევა არანაირად არ უმატებს პატივს და არ წერს რუსეთს ცივილიზებულ ქვეყანათა სიაში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
იგი ამასთან, გამოეხმაურა საკითხს - რა საფრთხეს ელოდება ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ასევე ნატო-ს სამიტის წინ უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით. პრეზიდენტი ამ ეტაპზე არ ფიქრობს რაიმე ღია დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციასთან.
„ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაფიქსირებთ რაიმე ღია დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციასთან, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ანალოგები 2008 წელში არსებობდა და ასევე 2014-ში უკრაინის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ უნდა იყოს მეტი სტაბილურობა და ერთიანი პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან ღია აგრესიასთან დაკავშირებით მყისიერ საფრთხეებზე ახლა საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რა სურათს მივიღებთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება უკვე ვისაუბროთ იმაზე, არსებობს თუ არა რაღაც საფრთხე.
„მე მგონია, რომ ეს არის თვეების საკითხი და არა ერთი ან ორი კვირის. უკრაინაში თუ ვითარება დასტაბილურდება, შესაძლოა მაშინ თავიდან ავიცილოთ საფრთხე, მაგრამ, თუ ადგილი ექნება კონფლიქტს უკრაინაში და შესაბამისად შავ ზღვაში და ჩვენს რეგიონში, მაშინ, ჩნდება უამრავი საფრთხე, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ და რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში, ნატო-ს, ევროკავშირის, ამერიკის და ზოგადად, თანამეგობრობის თაოსნობით დამტკიცდა, რომ არ არსებობს არც ერთი აგრესიული ძალა, რომელიც ვერ გაჩერდება იმ ნორმების და იმ წესების დაცვით, რაც მსოფლიომ ჩამოაყალიბა.
„შეუდარებელია რესურსი, შეუდარებელია სიძლიერე საერთაშორისო თანამეგობრობის და რუსეთის. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ აქამდე მიეცა რუსეთს საშუალება ეს ბლეფი განეხორციელებინა, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რუსეთს არ გაუვა ასეთი პოლიტიკა არც უკრაინაში, არც საქართველოში და არც რეგიონში, მაგრამ ეს არ უნდა გვაძლევდეს ჩვენ იმის საფუძველს, რომ ვიყოთ მოდუნებულები, ჩვენი საქმე არ გავაკეთოთ. ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული, თანმიმდევრული მუშაობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, უკრაინაში პროცესები ბევრად უფრო ღრმად არის წასული, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. არეშიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს გამოეხმაურა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, პრაქტიკულად უკრაინის დაკავების ოპერაცია დაწყებულია და როგორც ჩანს, არა მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინის, არამედ დაწყებულია მთლიანად სახელმწიფოს დაშლის პროცესი.
„პრაქტიკულად უკრაინის თითქმის 2/3 ტერიტორიაზე იმყოფებიან სხვადასხვა ტიპის ჯგუფები, რომელთა შორის იდენტიფიცირება შეიძლება როგორც რუსული სამხედრო ან სადაზვერვო სტრუქტურის თანამშრომლების. ასე რომ, უაღრესად რთული ვითარებაა დღეს უკრაინაში. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ ანალოგიებს, საქართველომ მას მერე, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, მუდმივად საფრთხის ქვეშ არის სხვადასხვა ფორმით, ეს დამოკიდებულია როგორც გარეშე ფაქტორებზე, ასევე შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა რუსეთისგან განსაკუთრებული საფრთხე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, არეშიძე არ ფიქრობს, რომ მაინცდამაინც ამ საკითხთან იქნება დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხე. არეშიძე ამბობს, რომ მოახლოებულ ნატოს სამიტთან დაკავშირებით ბევრად უფრო აქტიური იქნება საფრთხე, ბევრად უფრო აგრესიული და გარდაუვალიც, იმ გადასახედიდან, რაც დღეს უკრაინაში ხდება.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე მნიშვნელოვანს უწოდებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესდა ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან და კრიტიკულ დროს უსაფრთხოების სპეციალისტების და ექსპერტების აზრით. ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს ექსპერტების პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„რაც შეეხება თემებს, შევეცადეთ განგვეხილა ყველა შესაძლო რისკი, დაწყებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო მიერთების თემით, ასევე მეორე ალტერნატივაც დავუშვათ - თუ რუსეთმა შემოგვთავაზა სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნება და სანაცვლოდ მოითხოვა საქართველოს ფედერალიზაცია, ნეიტრალიტეტი ან ნატო-ზე უარის თქმა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, განიხილეს ბევრი რისკი და ასევე არანაკლები შანსი, რომელსაც დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია სთავაზობს საქართველოს. ექსპერტის განცხადებით, საუბარი ასევე იყო შიდა პოლიტიკურ სპექტრში არსებულ ვითარებაზეც, საინფორნაციო უსაფრთხოების პრობლემებზე, ასევე სამცხე-ჯავახეთის თემატიკა. მისი თქმით, საუბარი შეეხო იმ თემას, რომ საქართველოს მოსახლეობაში არ გაჩნდეს კაპიტულანტური განწყობა რუსეთის წინაშე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ურთიერთოებებს დასავლელ პარტნიორებთან.