ორ კვირაში სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების უმეტესობას სპეციალისტები ეთახმებიან, მაგრამ ზოგიერთი შეზღუდვა მათთვის მიუღებელია.
1-ლი მაისიდან სტომატოლოგიური კლინიკებისათვის წესები იცვლება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დარგში რეგულაციების შემოღების აუცილებლობა იმ სტიქიურმა ვითარებამ განაპირობა, რაც სტომატოლოგიური მომსახურების კუთხით ამჟამად არსებობს.
აქამდე სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის მსურველს არ ჰქონდა ვალდებულება სამინისტრო ამ აქტივობის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა. შესაბამისად, ჯანდაცვის უწყებას არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში სტომატოლოგიური კაბინეტების რაოდენობისა და მომსახურების ხარისხის უსაფრთხოების შესახებ.
ახლა კი ყველაფერი შეიცვლება. მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგულაციების გამკაცრება სიტუაციის გარკვევით დაიწყება, ცვლილებების ამოქმედება კი ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ მოხდება.
ახალი წესები შეეხება როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტის ფართის 14 კვ/მ-მდე გაზრდას. სწორედ ეს არის სადავო საკითხი როგორც საპარლამენტო ოპოზიციას, ასევე უშუალოდ დარგში დასაქმებული პროფესიონალებისათვის.
საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიგი წერეთელს კი მიაჩნია, რომ სტომატოლოგიური დაწესებულებების რეგულაციების გამკაცრებას, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. მას დაწესებულებების ფართობზე ლიმიტების განსაზღვრა სწორად არ მიაჩნია.
„გონივრულ ჩარჩოში არ ჯდება ფართებზე 14 კვ/მ-ის დაწესება და ზოგიერთი სხვა მოთხოვნა. ასევე, ტექნიკური გადაიარაღებისა და პანდუსების მოწყობისთვის სათანადო ვადები უნდა არსებობდეს, რა პერიოდშიც დაწესებულებები არ დაჯარიმდებიან. სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა იზრუნოს, რომ სტომატოლოგიური მომსახურეობა მოსახლეობისთვის გაცილებით ხელმწისაწვდომი გახდეს“, - აცხადებს წერეთელი.
სტომატოლოგიური საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად განვითარდა. ამ სფეროში პირდაპირ თუ ირიბად ათასობით ადამიანია დასაქმებული - როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე სხვადასხვა მასალების, მედიკამენტებისა თუ ინვენტარის მომწოდებელი. წერეთლის აზრით, სწორედ, თავისუფალმა კონკურენციამ და სახელმწიფოს ნაკლებად ჩარევამ განაპირობა მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება.
სტომატოლოგთა ასოციაციაში სისტემაში არსებულ ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ რეგულაციების შემოღების პირველი ნაბიჯი სტომატოლოგიური კაბინეტის ფართის 14 კვადრატულ მეტრამდე გაზრდა არ უნდა იყოს.
ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგელაშვილი ამბობს, რომ სფეროში ბოლო 10 წელია უკონტროლო ვითარებაა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მომსახურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით მისასალმებელია.
სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის მტკიცებით, სტომატოლოგიური კაბინეტის მინიმუმ 14 კვ/მ ფართობის ცნება მოძველებულია. წამყვან ევროპულ ქვეყნებში სტომატოლოგიური კაბინეტისთვის დადგენილი სტანდარტი მინიმუმ 8 კვ/მ-დან იწყება. გოგელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ ცვლილება კლინიკებს კაბინეტის ფართის 14 კვ/მ-მდე გაზრდას აიძულებს, კლინიკების ნაწილმა ბაზარზე საქმიანობა შეაჩეროს.