მინისტრობიდან გზა მერის სავარძლისკენ

მინისტრობიდან გზა მერის სავარძლისკენ

საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც არჩევნების სავარაუდო თარიღად 2014 წლის 15 ივნისი დადგინდა. მთავრობამ ამ აქტით კონტრასიგნაცია მოახდინა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს დაინიშნა. ამის შემდეგ, ის ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნება, შემდეგ კი ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. განკარგულება ძალაში სწორედ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევა.

თანამდებობა უკვე დატოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, რომელიც თბილისის მერობისთვის მმართველი გუნდის სახელით იბრძოლებს. ნარმანია ელგუჯა ხოკრიშვილმა შეცვალა. ახალი მინისტრი ჟურნალისტებს პრემიერ მინისტრმა წარუდგინა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანია ხალხზე მზრუნველი მერი იქნება. 

ღარიბაშვილმა ნარმანიას მიმართა, რომ მას ძალიან ბევრი პრობლემა ხვდება თბილისში, რომელიც ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დატოვა. პრემიერის განცხადებით, ნარმანია ღირსეულად გაართმევს თავს ამ პრობლემას, ისევე როგორც ეს მინისტრად მუშაობის დროს მოხდა.

„შეგიძლიათ ეფექტურად საქმის კეთება, ეს უკვე დაამტკიცეთ თქვენი გაკეთებული საქმით და მე დარწმუნებული ვარ, რომ  იქნებით ძალიან ეფექტური მერი, მით უმეტეს, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გერგოთ, ბატონმა უგულავამ ეს მოახერხა. მინდა გისურვოთ წარმატება. ვიცი, რომ ღირსეული, ხალხზე მზრუნველი, მეურნე მერი იქნებით“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატს.

დავით ნარმანიას კანონმდებლობით ხვალიდან უკვე შეუძლია წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს. დავით ნარმანიას განაცხადებით, პირველი რამდენიმე დღე იქნება მოსამზადებელი ეტაპი და შემდეგ ძალიან სერიოზული გეგმით და პროგრამით წარდგება ამომრჩევლების წინაშე. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, საზოგადოებასთან ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა, პრეზენტაცია გაიმართება და ასევე მათ წარედგინებათ ახალი საინტერესო იდეები და პროექტები. 

„მე ვფიქრობ, არჩევნები ძალიან დემოკრატიულად და ღირსეულად უნდა ჩავატაროთ, რათა კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას დემოკრატიის განვითარების გზაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
ელგუჯა ხოკრიშვილი და ნარმანია გერმანიაში ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ხოკრიშვილი საქართველოში 2011 წელს დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო პროცესებში. ამასთან ის ნარმანიასთან ერთად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილზე მუშაობდა. ნარმანია მას ახასიათებს როგორც კვალიფიციურ ადამიანს, რომელიც წელიწადზე მეტია მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა და კარგად იცის სისტემა და პროექტების მართვა. 
„აქედან გამომდინარე, ის ღირსეული კანდიდატია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნარმანია წარმატებული მინისტრი იყო და მის წარმატებაში ეჭვი არც თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში ეპარება. ნარმანიას საქმიანობა წარმატებულად შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი განმარტებით, ნარმანიასთან, როგორც მენეჯერთან, მუშაობა „მაღალი კომფორტია“. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეფასებიც, ნარმანიასთან კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იყო.

„დარწმუნებული ვარ, დავით ნარმანია ასევე ნაყოფიერად შეძლებს გაართვას თავი თბილისის მერის მოვალეობასაც. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მომავალ არჩევნებზე. რაც შეეხება მის შემცვლელს, ახალი მინისტრი დღეს გავიცანი, მისი დახასიათება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოგვიდგინა, ძალიან კარგი იყო, აქედან გამომდინარე, ჩვენ ელგუჯა ხოკრიშვილი მივიღეთ გუნდში და მასთან ისეთივე კარგი თანამშრომლობა გვექნება, როგორც დავით ნარმანიასთან გვქონდა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თბილისის მერის არჩევნებში გამოკითხულთა 52 პროცენტი უჭერს მხარს. დავით ნარმანია ამბობს, რომ კვლევა, რა თქმა უნდა, სტიმულის მომცემია, თუმცა მეორე მხრივ - გამოწვევაა, რომ უფრო მეტი მოვინდომოთ. მისი თქმით, მთავარი მაინც არჩევნები და ამომრჩევლის ვერდიქტია.

„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სახელისუფლებო კანდიდატი ვერ ლახავს 50%-იან ბარიერს.

„ჩემი უპირატესობა ამ შემთხვევაში არის ის, რომ დამატებითი სტიმული მივცეთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით მეტად შევძლებთ,  კოჰაბიტირებულ ძალებს შორის არსებული მოჯადოებული ველი გავარღვიოთ ახალმა, ერთიანმა ოპოზიციამ, რომელიც საკამოდ სერიოზული ძალებით არის წარმოდგენილი და რაც მთავარია, უალტერნატივოა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

კიდევ ერთი არასაპარალამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი, კახა კუავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოსახლეობის 28 პროცენტი უჭერს მხარს. მთავარი კონკურენტის რეიტინგზე არ საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. მისი თქმით, აუცილებლად იბრძოლებ, რომ 15 ივნისს თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვო.

2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვევნები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და 12 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. ამ დროის მონაცემებით, თბილის მერობის სურვილი მხოლოდ ექვსმა კანდიდატმა გამოთქვა. გაიზრდება თუ არა თბილისის მერობის მსურველთა რიცხვი, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ.