„სითი პარკი“ მძღოლებს ყოველ წელს 2,3 მილიონის ჯარიმას ახდევინებს

„სითი პარკი“ მძღოლებს ყოველ წელს 2,3 მილიონის ჯარიმას ახდევინებს

„სითი პარკის“ ჯარიმებით გადახდილმა თანხამ თბილისის მთავრობის ანგარიშზე 2009-2013 წლებში, სულ მცირე, 11,6 მილიონი ლარი შეადგინა, გამოდის, რომ „სითი პარკი“ ყოველწლიურად ჯარიმების სახით 2,3 მლნ ლარს იღებს, ერთ თვეში კი დააახლოებით 200 ათას ლარს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) აღნიშნავენ, რომ „სითი პარკმა“ 3 წლის განმავლობაში სულ, თითქმის, 1,2 მილიონი ჯარიმა გამოიწერა, „კონკრეტულად, რა სიდიდის ჯარიმებზეა საუბარი, „სითი პარკის“ მერიისადმი მიწოდებული ანგარიშებიდან არ ჩანს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 10 ლარს შეადგენს, მაშინ 2009-2013 წლებში ჯარიმების გადახდით თბილისის მთავრობის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ოდენობამ მინიმუმ 11 608 740 ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს საჯარიმო შემოსავლებისთვის“, - აღნიშნავენ IDFI-ში.

გაცილებით ადრინდელი (2007-2009 წლების) მონაცემები ორგანიზაციამ ვერ მოიპოვა, მიუხედავად თბილისის მერიისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილისა. ისევე როგორც ინფორმაცია „სითი პარკის“ მთელი არსებობის მანძილზე პარკირების საფასურით ჩარიცხული თანხების შესახებ.

განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა 2010 წლის ივნისისა და დეკემბრის ანგარიშები, რომელიც 2010 წლის 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს და ქ. თბილისის მერის არჩევნების პერიოდს ემთხვევა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, „საზოგადოების ინფორმირების მიზნით არ ჩატარებულა დამატებითი ღონისძიებები, რაც განპირობებული იყო საგადახდო სისტემების გაუქმებით, აგრეთვე, თბილისის მთავრობის სურვილის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილიყო ნაკლები ხმაური პარკირების საკითხთან დაკავშირებით“.

„აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდებში, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თბილისი მერიის მხრიდან „სითი პარკის“ საქმიანობის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენებას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მანიპულაციები ხორციელდებოდა არჩევნების წინ მოსახლეობის განწყობაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

7 წლის წინ მერიასა და „სითი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი კვლავ მიუწვდომელია. საკრებულოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიაში შესული თანხები და დანახარჯები არაპროპორციულია, რაც ხელშეკრულების დამდები ორივე მხარის მიმართ კითხვებს ბადებს.

„თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის რომ არაჯანსაღი საეჭვო გარიგებები არსებობს, ეს საზოგადოებისათვის უკვე კარგა ხანია ცნობილია. თუმცა, ამჟამად, მათი ჩანაფიქრი ბევრად უფრო მზაკვრულია და მიზნად ისახავს ადგილობრივი არჩევნების წინ მოსახლეობის უარყოფითი განწყობილების გამოწვევას და ამით მანიპულირებას“, - აცხადებს დედაქალაქის საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე.

მაგალითად, დინამოს სტადიონისა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ავტოსადგომზე, (წინამძღვრიშვილის ქ. ¹137 – 137ა) შუაღამისას, მალულად, ვინმე შპს „ჯორჯია – 2008“-ის მიერ, შემდგომში კომერციული გამოყენების მიზნით, დაიდგა რკინის მძიმე კონსტრუქციები, დაახლოებით 300–400 კვ/მ-ზე.

„შპს „ჯორჯია – 2008“-მ, შენობა – ნაგებობის განთავსების ნებართვა მიიღო თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან (გადაწყვეტილება ¹1122936. 13 . 02. 2014). ყველაზე უკეთ სწორედ მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა ესმოდეთ, რომ დედაქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა. იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს სტადიონი, ცენტრალური ბაზარი და ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა ამ ტიპის გადაწყვეტილება მერიის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან დანაშაულია.

ჩვენ ვხედავთ საშიშროებას, რომ მალე დედაქალაქში ავტოსადგომებს კომერციული დანიშნულების ობიექტები ჩაანაცვლებს და ისედაც მძიმე ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. მივმართავ ქ. თბილისის მთავრობას, გააუქმოს აღნიშნული გადაწყვეტილება და ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას იმ ტიპის ქმედებებზე, რომლებიც დედაქალაქში პრობლემების გამწვავებას და მოსახლეობის უკმაყოფილების გაზრდას იწვევს“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.