წისაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებებთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდინონ, თუკი ის გადაუდებელ და გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. პრემიერის ინიციატივას დრულს და მნიშვნელოვანს უწოდებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. თუმცა, უმცირესობა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ასევე მყისიერი რეგაირება უნდა მოახდინონ და გაანთავისუფლონ მათი აქტივისტები.
„ბოლო დღეების განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ვხედავ, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაგროვილია აგრესია, რომელიც პერიოდულად გამოიხატება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მინდა მივმარო თითოეულ მოქალაქეს – თვითმმართველობის არჩევნებით უნდა მოხდეს კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში რეალური ცვლილება მოხდა და რომ ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომელიც მტკიცედ ადგას დემოკრატიის გზას და არის იმის გარანტი, რომ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე განცხადებით, ყველა პარტიას უნდა მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რომ არჩევნების პერიოდში მოხდეს პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა.
„სწორედ ამიტომ მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისგან და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი და გარდაუვალი აუცილებლობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება ძალიან შემაშფოთებელ ფაქტებს აკვირდებოდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლებამ ძალადობა არ უნდა დაუშვას.
„ვაკვირდებოდით ძალადობის ფაქტებს თბილისის და რეგიონის ქუჩებში, ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც არ უნდა დაუშვას ოპონენტებს შორის ძალადობა და ამის ძალიან სამარცხვინო ნიშნები იყო ამ დღეებში. პრემიერის გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას არჩევნებში თანაბარი პირობები ჰქონდეს შექმნილი და ეს არჩევნები ისევე ძალიან მაღალი სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს, როგორც წინა ორი. ჩვენ ყველა ვუერთდებით ამ ინიციატივას და დარმწუნებული ვართ, სამართალდამცველები ჯეროვნად გაართმევენ თავს“, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე შეფასებით, პრემიერის გადაწყვეტილება ემსახურება სწორედ იმას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობები და შესაძლებლობები ჰქონდეს.
„თვითმმართველობის არჩევნები, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, მაღალი სტანდარტის დაცვით უნდა ჩატარდეს, სწორედ ამიტომ ყველანი ვუერთდებით პრემიერის ინიციატივას და დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები დავალებას ჯეროვნად გაართმევენ თავს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პოზიტიურად აფასებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის განცხადებით, როგორც შარშან საპრეზიდენტო არჩევნების დროს პრემიერმა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, წელსაც ტრადიციას აგრძელებს პრემიერ-მინისტრი.
„მან გამოაცხადა მორატორიუმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში უშუალოდ აქტიურად ჩართული პირები, რომელი პარტიის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, პრემიერმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თუ კი რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს, ან თუ არ არის საპროცესო ვადების დარღვევის საფრთხე, ასეთ შემთხვევაში არ მოხდეს ამ ადამიანების დაკითხვაზე დაბარება იმისთვის, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში შეძლონ ამ ადამიანებმა, სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება“, - განაცხადა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ პრემიერის მიერ მორატორიუმის გამოცხადება დაგვიანებულია. დარჩიაშვილის განცხადებით, ამ დროსათვის „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი წევრია დაკავებული, თუმცა აქვე დასძენს, იმისათვის, რომ პრემიერის ინიციატივა მათთვის მისაღები გახდეს, მაშინ დაკავებული აქტივისტები თუ პარტიის წევრები, ციხიდან უნდა განთავისუფლდნენ.
„სამომავლო განცხადებები საკმარისი არაა. როგორც ხონში, ისე დუშენთში, ჩვენი აქტივისტები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი კანდიდატები, დაპატიმრებული არიან. ჯგუფები, რომლებიც ქუჩებში დარბიან, კვერცხებს ისვრიან, აი, მათ ვინ და როგორ გააკონტროლებს, ვნახოთ.
ეს განცხადება აჩვენებს, რომ თურმე მართლები ვყოფილვართ, როდესაც წინასაარჩევნო გარემოს არანორმალურობაზე ვსაუბრობდით, მაგრამ თუკი ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს იმ აქტივისტების, ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩვენი სავარაუდო კანდიდატების გათავისუფლებით, ან საქმეების დასრულებით. ხონსა და დუშეთში დაპატიმრებების კონკრეტულ საქმეებზე უნდა იყო მყისიერი რეაგირება“, - ასე პასუხობს დარჩიშვილის მთავრობის მეთაურის ინიციატივას.
დარჩიაშვილის საპასუხოდ, უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას კოჭი უნდა გაუგორს და უთხრას, რომ თქვენთვის ვაკეთებთ ამას.
„ეს კეთდება ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, ეს არის ჩვენი მიზანი. ვინც ამას ხელს შეუშლის, საკადრისი პასუხი მეცემა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.
მორატორიუმი უკვე გამოცხადებულია. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. კითხვაზე, როდესაც საუბარია დანაშაულზე, რამდენად სწორია ამ შემთხვევაში მორატორიუმის გამოცხადება, სამართლის ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ საკითხი სამართლებლივად საინტერესოა, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკოსის მოწოდება. რეალურად, გამოძიების წარმოების პროცესში პირდაპირი ჩარევის ბერკეტი პრემიერ-მინისტრს არ აქვს.
„საკითხი შეეხება წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებებს, რაც გამოძიების კომპეტენციაში. იგივე, ეს დაპატიმრება იქნება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საბოლოო განაჩენით, ადამიანის ციხეში გაშვება, თუ სხვა სასჯელის მისჯა, ეს უკვე სასამართლო ხელისუფლების საქმეა. ასეთ შემთხვევაში პრემიერი ვერც მოუწოდებს და ვერც ვერაფერს გახდება. ერთადერთი, რაც შეზღუდვის კუთხით შეიძლება გააკეთოს გამოძიებამ, ეს არის კონკრეტული პირების დაკავება“, - ამბობს ალაფიშვილი.
მისი თქმით, მთავრობის პოზიცია ვერანაირად ვერ შეეხება და არ ფარავს სასამართლო განხილვაში წარმართულ საქმეებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ სასამართლოს გადასცა პროკურატურამ შემდეგი რეაგირებისთვის გოგა ონიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღეის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნებში ვაზისუბანში იყრის კენჭს.
„მთავრობის პოზიცია ვერანაირად ვერ შეეხება და არ ფარავს სასამართლო განხილვაში წარმართულ საქმეებს. იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს საქმე. გამოძიება, აღმასრულებელი ხელისუფლება და პოლიტიკური ხელისუფლება ვერ ჩაერევა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
პრემიერის განცხადებას ჰყავდა კონკრეტული ადრესატი და კონკრეტული სუბიექტების მიმართ გარკვეული თავის შეკავება გაცხადდა დაკავების კუთხით. გამოძიების წრამოებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არაა. წინასაარჩევნო კამპანიაში პოლიტიკოსები თავის საქმეს აკეთებენ, გამოძიება კი ჩვეულებრივი წესით მიდის და ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.