„ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს“, - ეს კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერის არჩილ ჭყოიძის სიტყვებია. ჩვენ შევეცადეთ მასთან დაკავშირებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არჩილ ჭყოიძე საქართველოში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება ორი კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოალიცია „ევრაზიული არჩევანი“ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე ოფისს ხსნის, რასაც არჩილ ჭყოიძე ახალგორელი მოსახლეობის სურვილს უკავშირებს. მისი აზრით, სწორედ ამ ოფისის საშუალებით მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემების გადაჭრა, რაშიც ქართველებს რუსი მეგობრები დაეხმარებიან. კერძოდ, კოალიცია „ევრაზიული არჩევანი“ ქართველებს სეპარატისტული რეჟიმისგან დაცვას ჰპირდება.
რაც შეეხება დაკარგულ ტერიტორიებს, მათი დაბრუნების გარანტიას არჩილ ჭყოიძეს მედვედევის ნათქვამი აძლევს, რომელსაც გარკვევით უთქვამს, ჯერჯერობით ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებასო. თუმცა არჩილ ჭყოიძის აზრით, აქ მთავარი სიტყვა არის „ჯერჯერობით“, რაც იმის მაუწყებელია, რომ დაკარგული ტერიტორიები „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანების შემდეგ დაგვიბრუნდება. ამასთან, მას რუსი პოლიტოლოგების და პოლიტიკოსების მოსაზრებებიც აიმედებს.
ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების თემა ბოლო დროს აქტუალური გახდა. შესაძლოა, ეს ფულადი დაინტერესებით ან უკრაინაში განვითარებული მოვლენებით აიხსნას, რამაც გამოავლინა, რომ რუსეთი არაფერზე უკან დამხევი არ არის, ამიტომ ზოგიერთები იმასაც უშვებენ, რომ საქმე რუსეთის აგრესიამდე არ უნდა მივიყვანოთ და ნებით უნდა შევყვეთ ამ თამაშში. არც ისაა გამორიცხული, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება რუსეთის მხრიდან სატყუარა იყოს, რათა მან ევრაზიულ კავშირში როგორმე შეგვათრიოს. თუმცა შემდგომში ეს დანაპირები არ შეასრულოს, ან თუნდაც შეასრულოს, თავისუფლებადაკარგული საქართველოსთვის რა ფასი ექნება ასეთ გამთლიანებას?! ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით მანიპულირება შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ნაციონალების დროს დაშინებული ადამიანები ვერ ბედავდნენ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიების საჯაროდ გახმიანებას, ახალი ხელისუფლების პირობებში კი მათ თავისუფალი არჩევანის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს...
ვერსიები მრავალგვარია, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩვენი ექსპერტები კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ მოლოდინზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების კონტექსტში.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ბატონ არჩილ ჭყოიძეს უკვე „სცოდნია“ ყველაფერი, თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. თუმცა ოცნებას კაცი არ მოუკლავს და ევრაზიული კავშირი ვისი ოცნებაც არის, დაე, იოცნებოს.
ექსპერტის აზრით, არც მოსკოვის სათამაშოა აფხაზეთი და არც თბილისის. აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების ნება-სურვილის გარეშე ვერც რუსეთის შემადგენლობაში შევა აფხაზეთი და ვერც საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება. ამიტომ აფხაზების მაგივრად ლაპარაკს აჯობებს, უშუალოდ მოვილაპარაკოთ აფხაზებთან.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, სოსო ცისკარიშვილი ამას უფრო ანეკდოტურ თემად მიიჩნევს. დიდი ალბათობით, ეს რეგიონი დარჩება რუსეთის გავლენის ქვეშ, რადგან ასეთი სამხედრო პლაცდარმი უფრო ძვირფასია რუსეთისთვის, ვიდრე აფხაზეთი, თავისი საკურორტო პოტენციალით.
„რასაკვირველია, ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით უფრო ფართომასშტაბიანი ზეწოლა იქნებოდა. ნაწილობრივ, ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალიცაა, რომელთაც ვერ აუხსნეს მოქალაქეებს, რით სჯობს ევროკავშირთან ასოცირება ევრაზიულ კონგლომერატს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიუღებელია საქართველოსთვის რუსულ ჩექმასთან დაბრუნება, საკუთარი ისტორიული გამოცდილებაა. რუსული მენტალიტეტი საუკუნიდან საუკუნემდე არ იცვლება, მათ საკუთარი იმპერიული ზრახვები აქვთ იდეალად. როდესაც 21-ე საუკუნეში მე-18 საუკუნის ტექნოლოგიით ამყარებენ თავიანთ ტერიტორიულ სიძლიერეს, რასაკვირველია, მხოლოდ ცხინვალი და სოხუმი კი არა, საქართველოს ტერიტორიის ასივე პროცენტი უნდათ, რომ კვლავ კრემლის ბრძანების შესასრულებლად სრული მორჩილების რეჟიმში ამყოფონ. ეს არის ჩვენს მიერ ამ კავშირის უარყოფის თავი და თავი და მხოლოდ უმეცრები ცდილობენ, რაიმე სხვა კუთხით სიტუაციის შეფასებას, ან პირადი ინტერესის მქონე ადამიანები, რომლებსაც არ ეთაკილებათ სიკეთის მიღება კრემლის ლიდერების პროექტებიდან“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
იგი თვლის, რომ უახლოეს ისტორიაში არაერთხელ შეგვისრულებია პირველი მერცხლის როლი ამა თუ იმ პროცესებში. ასე იყო 9 აპრილს, ასე იყო ლენინის პირველი ჩამოგდებული ძეგლის დროს თავისუფლების მოედანზე. ამიტომ მენტალურად უკვე განვსხვავდებით საბჭოთა სივრცის იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლებიც ახლა იწყებენ ლენინის ძეგლის დემონტაჟს. მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინისგან, სადაც ლენინის ძეგლების გამაოგნებლად დიდი რაოდენობა აღმოჩნდა. ამიტომ უნდა მივცეთ საშუალება კრემლის ლიდერთა იდეურ ფანებს, საკუთარ ეზოში, ბინასა და საძინებელში დადგან ლენინის ძეგლები თუ ბიუსტები და ვლადიმერ ილიჩზე ილოცონ.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რაც უფრო გაპიარდებიან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მოსურნე ადამიანები, უფრო მეტად შეიქმნება ილუზია, რომ საქართველოში მართლაც არსებობს სერიოზული ჯგუფი, რომელიც ამაზე ფიქრობს. თუმცა ეს არის საზოგადოების მცირე მარგინალი ნაწილი, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ გაპიარების მიზნით. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ მათ სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. ეს არ არის განსხვავებული აზრის დევნა, ამის გამო მათ თავში არავინ უნდა ურტყას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ადამიანები ოკუპანტ სახელმწიფოს აპიარებენ.
„შევხედოთ, რას წარმოადგენს ევრაზიის ინსტიტუტი, ეს ჭკუანაღრძობი ხალხი არც მალავს, რომ დუგინის ოფიციალური ფილიალია. ევრაზიული კავშირის წევრებს ძალიან უყვართ სენტიმენტები საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ. წარმოგიდგენიათ, მოსკოვში, კრემლში მეორე მსოფლიო ომის დროს რომ გახსნილიყო გებელსის ინსტიტუტის ფილიალი?! შულავერის კომიტეტი მეტი არაფერი იყო. მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, არც ოფისი მივაქირავოთ და არც დისკუსიაში შევიდეთ. ეს იგივეა, ჟირინოვსკისთან შევიდეთ კამათში. რომელ გამოკითხვაში შეიძლება ჰქონდეთ მათ მეტი მხარდაჭერა, რა მეთოდოლოგიით ტარდება ეს გამოკითხვები?! ზუსტად იმიტომ დებენ ევრაზიული კავშირის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას, რომ ვინც აქამდე არ იცოდა მათ შესახებ, მათაც გაიგონ“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.