ნატოში გაწევრიანება ეროვნულ პოზიციებზე მდგომი ქართველი პოლიტიკოსებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების, თვითდამკვიდრების, დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური აღორძინებისა და ლამის სოციალური კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენს. ამიტომ დიდი ხანია არავის უკვირს, რომ ევროატლანტიკურ სამხედრო ალიანსზე საქართველოსა და მის მთავარ პოლიტიკურ ორგანოში, პარლამენტში, ან კარგს ამბობენ, ან უკეთესს.
ასეთი „ნატომანია“, შესაძლოა, რომელიმე ევროპელ პოლიტიკოსს ყურს სჭრიდეს, მაგრამ საქართველოში ეს ნორმად იქცა და რაც უფრო ახლოვდება ნატოს სამიტი, მით უფრო ხშირდება საქართველოსათვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე საუბარი. ამ მგრძნობიარე საგარეოპოლიტიკური თემის მიმართ ქართველი პოლიტიკოსების ენთუზიაზმი, მართლაც, ამოუწურავია. თუმცა თავისი ზომიერებით ცნობილმა დავით უსუფაშვილმა გასულ კვირაში მაინც ყველას გადააჭარბა, როდესაც „ნატოს მფარველობის“ გარეშე „საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობაც“ არ გამორიცხა:
„რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეთა 80 %-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ასეთია არსებული ვითარება. და ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ღრმად აცნობიერებენ ნატოს ფუძემდებლური ფასეულობების მნიშვნელობას. ამას სრულიად გულწრფელად გეუბნებით. აქ უფრო სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ეს არის ღრმა შეგნება იმისა, რომ ნატოს მფარველობის გარეშე საქართველო, შესაძლოა, კვლავ გაქრეს პოლიტიკური რუკიდან და რომ ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს. შესაბამისად, ეს არის ყოფნა- არყოფნის საკითხი და არა არჩევანის საკითხი. და ამიტომ გამოვდივართ მოწოდებით, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რათასექტემბრის ნატოს სამიტზე კრეატიული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული“.
7 აპრილს ვილნიუსში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო ურთიერთობებში გაცნობიერებულმა დავით უსუფაშვილმა ჰიპერბოლიზების მეთოდს მიმართა და, სულ ცოტა, 20 პროცენტით გაზარდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი, რაც, IRI-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, 58 %-ს აღწევს.
შესაძლოა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისთვის ცალკე კეთდებოდეს ასეთი კვლევა და საქართველოს პარლამენტის სპიკერმა იმ ექსკლუზიური მომაცემებით იხელმძღვანელა, მაგრამ, ასეც რომ იყოს, დავით უსუფაშვილის ვილნიუსის გამოსვლაში არსებითი და დამაფიქრებელი სხვა მესიჯია.
შესაძლოა თუ არა, რომ საქართველო პოლიტიკური რუკიდან გაქრეს ნატოს მფარველობის გარეშე? და რა იგულისხმება ამ მფარველობაში?
ნატო, როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთი მიზეზი
ვილნიუსის მაღალ საერთაშორისო ტრიბუნაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეს იდეა აღარ განუვითარებია და მისი განსჯა უფრო აუდიტორიის, ევროკავშირისა და ნატოს იმ წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს მიანდო, რომლებმაც ნატოს უელსის სამიტზე უნდა გადაწყვიტონ, თუ როდის შესრულდება 6 წლის წინ საქართველოსათვის მიცემული დაპირება, რასაც მალე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ნიშანდობლივია, რომ 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშკარად მიანიშნა ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს, რომ საქართველოს „პოლიტიკური რუკიდან გაქრობის“ შემთხვევაში დამნაშავე იქნება არა მხოლოდ რუსეთის შეუფარავი აგრესია დასავლური უსაფრთხოების სისტემაში გაერთიანების მსურველი საქართველოს მიმართ, არამედ თავად ნატოს ალიანსიც, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ფიქრობს, თუ რა მოუხერხოს „დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“.
„2008 წლის აპრილში ნატოს წევრებმა, რომელთა შორისაც დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო, ძალიან რთულ კონსენსუსს მიაღწიეს მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც პერიოდში საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს იყო და ეს. არ თქმულა არაფერი არც მექანიზმებზე და არც ინსტრუმენტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იყო ერთ-ერთი ხელის შემწყობი 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედრო აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც არაფერი არ ახლავს თან, სწორედ ასეთი შედეგით მთავრდება. ახლა ჩვენ კიდევ უფრო რთულ მომენტში ვიმყოფებით,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა 7 აპრილს ვილნიუსში გამართულ კონფერენციაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ყურადღებითა და შეშფოთებით უსმენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები, რომლებსაც არ ეგონათ, თუ უსაფრთხოების გარემო საქართველოში ასეთი კატასტროფული იყო და რომ „საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობის საფრთხის არსებობაში“ ირიბად მათაც ედებათ ბრალი.
თუ რამდენად მიიტანენ გულთან ახლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ სიტყვებს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ეს სექტემბერში ნატოს მორიგ, უელსის სამიტზე გამოჩნდება. მაგრამ ალიანსის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დღევანდლამდე ჩატარებულ შეხვედრებს თუ გავიხსენებთ, ნატოში კვალავაც არ არის კონსენსუსი შემდგომი გაფართოების საკითხში და ალიანსის მფარველობა იმ სახით, რა სახითაც ეს საქართველოს ხელისუფლებას წარმოუდგენია, კვლავაც შორეულ პერსპექტივად მოჩანს.
საქართველოს გზა ბრიუსელიდან თბილისის ქუჩებამდე
და საერთოდაც, ღმერთმა დღეგრძელობა მისცეს ნატოს, მაგრამ ნებისმიერი ალიანსი იკვრება და იშლება, ქვეყნის არსებობას კი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი მარადიული ფასეულობები, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სიძლიერე და ხალხის ერთობა განაპირობებს. ასეთი ქვეყანა თავად არის თვითკმარი და ნებისმიერი პოლიტიკური კლუბი ხალისით გაუღებს მას კარს, როგორც მოხდა ეს აღმოსავლეთ ევროპისა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში.
მეორე მხრივ კი, რომელიმე ალიანსსა თუ კავშირზე ზედმეტი იმედების დამყარება, ნატოში გაწევრიანების მომხრეთა არარეალურად მაღალი რიცხვებით მანიპულირება და დასავლეთის პარტნიორების ყოყმანსა და გაუბედაობაში დადანაშაულება აშკარად აღიზიანებს ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას, რომლის პოლიტიკური ლიდერები და ელიტა ფიქრობენ, რომ ქართველები რაღაცას ეშმაკობენ და „სხვისი ხელით სურთ ცეცხლიდან ნაკვერჩხლის გამოღება“.
სხვათა შორის, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ესწრებოდა, საკმაოდ ცხადად მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, თუ რას მოელის მისგან ალიანსი:
„საქართველოს შეუძლია გახდეს სანიმუშო ქვეყანა რეგიონში - ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ახორციელებს ნამდვილ რეფორმებს, რასაც რეალური შედეგები მოსდევს. საქართველოს სწორი გეზი აქვს აღებული, რათა განახორციელოს თავისუფალი არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.
ნატოს გენერალური მდივნის ასეთი ფრაზეოლოგიის მიმართ საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს სრული იდიოსინკრაზია ახასიათებს. „ეს კაცი რა სულ ერთსა და იმავეს ლაპარაკობს? თუ ასეთი კარგები ვართ, ბარემ მიგვიღეთ ნატოში, სანამ წაიღო რუსეთმა დარჩენილი საქართველოც!“ - ასეთი შინაარსის ბევრი პოსტი გამოქვეყნდა ამ დღეებში სოციალურ მედიაში.
თავისი სათქმელი დავით უსუფაშვილმა უფრო დიპლომატიურად გამოხატა ვილნიუსში, თუმცა საქართველოს პარლამენტის სპიკერის პროგნოზი არსებულ რეალობაზე უფრო პირქუში, ხოლო კრიტიკა ზომაზე მეტად მწვავე გამოვიდა, რის გამოც თავისი 15 წუთიანი სიტყვის ბოლოს ის აუდიტორიის დამშვიდებას შეეცადა. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სახელით გპირდებით, რომ ჩვენ უფრო სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორები ვიქნებით, ვიდრე რამდენიმე ხნის წინ ვიყავითო, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„გამოსავალი მოიძებნება, საქართველო დაუახლოვდება ევროპას, გარკვეულ პერიოდში საქართველო გახდება ნატოს წევრი და რუსეთიც გახდება დემოკრატიული დროის გარკვეულ მონაკვეთში და ეს იქნება პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა“, - კოლეგების აპლოდისმენტების ქვეშ, ამ სიტყვებით დატოვა ტრიბუნა 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ვილნიუსიდან დაბრუნების შემდეგ მმართველი კოალიციის წევრებს და მათ მომხრეებსაც უნდა შეახსენოს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი და ნატოში გაწევრიანება წყდება არა მხოლოდ ბრიუსელში, ვაშინგტონსა თუ ბერლინში, არამედ თბილისის ქუჩებში, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს წინასაარჩევნო პერიოდში კვერცხებსა და ჯოხებს უშენენ... უსათუოდ უნდა შეახსენოს, რომ სამართლიანობის აღდგენის სახელით მონათლული ასეთი კამპანია ევროპელთა მიერ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქმება.