მოახლოებული ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პარალელურად, აქტიური ხდება ინფორმაცია ქვეყანაში ე.წ. მეხუთე კოლონის არსებობის შესახებ. პარალელურად, გააქტიურდნენ „ევრაზიული კავშირის“ მომხრეებიც. ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მეხუთე კოლონის არსებობა ქეყანაში გასაკვირი არ უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა გამომდინარე იმ რეალობიდან, როდესაც ჩვენი თანამემამულეები არ თაკილობენ საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეობის დატოვებას და იღწვიან რუსული პასპორტების მისაღებად.
For.ge. სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყანაში ე.წ. მეხუთე კოლონის არსებობას. თუმცა, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოში სოკოებივით მომრავლდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკის „გაპრავებას“ ცდილობენ. ფაქტია, რომ შეუზღუდავია ის გავლენები, რომელიც შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს საქართველოზე ზეწოლისთვის. ზეწოლის რა ფორმა შეიძლება რუსეთმა აამოქედოს?
სოსო ცისკარიშვილი: რუსეთის პოლიტიკა არახალია. ამ საკითხებში ყველაზე დიდი გამოცდილება ჩვენ გვაქვს. არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თოვლის ფანტელებივით ჩამოვარდნილი რულული პასპორტების ისტორია. სწორედ, ასეთი ქმედება გახდა იმ სეპარატიზმის გაღვივების საფუძველი, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვართ.
რუსეთს საომარი მოქმედების წარმოება არ ძალუძს, ამას არც მიზანშეწონილად თვლის. საქართველოს მიმართ რბილი ძალის გამოყენება გახლავთ მათი რამოდენიმე წლის წინანდელი სტრატეგია. ეს გახლავთ ის ნაზუქი, რომელსაც მათრახთან ერთად რიგ-რიგობით დაარიგებს- ხოლმე ის სისტემა, რომელიც ცდილობს ვინმეს გულის მოგებას, დამორჩილებას და დაშინებას. როგორც ჩანს, ასეთ ადამიანებად წარმოვუდგენივართ კრემლს. რა გასაკვირია, რომ კრემლის ინტერესში არეულობის უფრო მეტი აქტივობა. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი „მაღარიჩს“ გადაიხდის ოღონდ ეს ხელმოწერა არა შედგეს, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესები არ ჯდება ევროპული დემოკრატიის და თავისუფალების ჩარჩოებში. ამდენად, რბილი ძალის გამწვავება და საკმაოდ მყარ ძალად გადაქცევის საფრთხე, უფრო მაის-ივინსშია მოსალოდნელი.
რუსეთი მზად არის, ყირიმში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ზეწოლის მეორე ფრონტი გახსნას საქართველოში?
- საჭიროზე მეტი კადრები ჰყავს პუტინს იმისთვის, რომ სხავადასხვა მიმართულებით აწარმოოს თავისი ვერაგული გეგმების განხორციელება. დიდი ალბათობით, სამხედრო ძალის გამოყენებას ადგილი არ ექნება, მაგრამ თავად ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უფრო ადეკვატური შეფასება უნდა მივცეთ მოვლენას. ერთდროულად განახლდა რუსული პასპორტების თემა, საქართველოს მოქალაქეობის დატოვება. პარალელურად, საკმაოდ დესტრუქციული ინფორმატიული ომი მიდის არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაში მხოლოდ აქაური ოპოზიცია არაა ჩართული. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მონატრების ეტაპზეა ზოგიერთი საზღვარგარეთ მყოფი მაღალჩინოსანი იმ რეალობის, რაც ჩვენს ქვეყანაში ორიოდე წლის წინ არსებობდა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. საქართველოს სახვადასხვა ქალაქში რუსეთის დროშების გაშლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლების დამადასტურებელი ქმედება. სრულიად მკაფიოდ, ეს არის საქართველოსთან საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის ინტერესების დაცვა.
ასეთ ვითარებაში უფრო მკაცრი ტერმინოლოგია არსებობს. მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენი პარლამენტი ამ თემაზე დუმს, მსგავსად უკრაინისა და მოლდოვისა, რომლებმაც დაგვიანებით, მაგრამ ჩვენზე უფრო ადრე დაიწყეს კანონმდებლობის ჩამოყალიბება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რის შედეგადაც სეპარატიზმი აღიქმება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად და იგი შესაბამისი სასჯელის მქონე დანაშაულად არის აღიარებული.
საინტერესოა, როცა საუბარია მოსალოდნელ საფრთხეებზე, მაშინ რატომს დუმს საქართველოს პარლამენტი?
- უნდა მოხდეს კანონში ცვლილება რეფერენდუმის შესახებ. რეფერენდუმი არ გახლავთ ის ნუგბარი, რომლითაც პირი უნდა ჩაიგემრიელოს ნებისმერმა მოქალაქემ. მითუმეტეს იმათმა, რომელბსაც საკუთარი მიზნის მისაღწევად, ნებსით თუ უნებლიედ, გასავლელი აქვთ ანტიქართული გზა. მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ვის აქვს რეფერენდუმის ჩატარების უფლება, ვინ გასცემს ასეთ უფლებას და რა შედეგი დადგება უფლების გარეშე ჩასატარებელი რეფერენდუმის მომამზადებელ პირთა მიმართ.
ათი დღის წინ მოწმენი გავხდით, რა პასუხი გასცა ასეთ გამოწვევას იტალიის მთავრობამ. კერძოდ, ვენეტოს პროვინციას, რომელსაც ორ საუკუნეზე მეტია აღელვებს ის ფაქტი, რომ მან დაკარაგა დამოუკიდებლობა, მოქალაქეთა სოლიდურმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებინა რეფერენდუმი სწორედ იტალიიდან გამოყოფის კუთხით. მაგრამ, ამ რეფერენდუმის 50-მდე ორგანიზატორი დაპატიმრებული იქნა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი ამ ფაქტს დუმილით შეხვდა. არავითარი საუბარი დემოკრატიის დარღვევაზე არ ყოფილა.
არც ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკე გამოვჩნდეთ. იქნებ, ჩვენც მოვიფიქროთ, უკრაინელებს ან მოლდოველებს ვკითხოთ, რა ტიპის დანაშაულია სეპარატიზმი. ვფიქრობ, ასეთ მორევში ჩათრეულმა ადამიანმაც კარგად უნდა გააცნობიეროს რა ელის მას ქართული კანონმდებლობის მიხედვით. ეს კანონმდებლობა სასწრაფოდ უნდა შეიქმნას და შევიდეს ძალაში.
რუსეთის ინტერესი საქართველოს მიმართ იყო, არის და იქნება. ჩვენი უბედურებაც სწორედ მაგაშია, რომ საჭადრაკო დაფისგან განსხვავებით, მსოფლიო რუქაზე ქვეყნების გადაადგილება აქეთ-იქით არ ხდება. ამ რეალობიდან გამომდინარე მაინცდამაინც ხელისუფლების საყვედურად არ ვამბობ იმას, რაც გასაკეთებელია.
მინდა გკითხოთ, ვინ შეიძლება საქართველოში წარმოადგენდეს მეხუთე კოლონას, რომლის საშუალებით კრემლი ცდილობს რბილი ძალის ამოქმედებას?
- თვითლუსტრაცია დღეს აშკარად დაფიქსირებულია გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“. ნუ დაიზარებენ ჩვენი მკითხველები, შეიძინონ რამდენიმე ნომერი, თუ სადმე ერთ გადაკრულ ფრაზას მაინც ამოიკითხავენ რუსეთის კრიტიკის სახით, მაშინ ბოდიშს მოვუხდი ამ გაზეთს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ადეკვატური ურთიერთობის დამყარების შესახებ, ცხადია, ეს თემა იფარგლება ქართულ-რუსული ურთიერთობებით. მაგრამ, როდესაც ამის პარალელურად არის არსებული ხელისუფლების ლანძღვა-გინება, ისევე როგორც წინა ხელისუფლების იყო, მაშინ ჩნდება კითხვა, რა მიაქანებს ამ გაზეთს პირდაპირ კრემლისკენ და არა რუსეთისკენ?
მეხუთე კოლონა, ასე, შუბლზე დაწერილი ემბლემით ქუჩაში არ გამოდის. მაგრამ, საქართველო არაა იმხელა ქვეყანა, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს. ყველას თავისი სახელი და გვარი აქვს.
სხვათა შორის, არის ინფორმაცია, რომ მიხეილ ხუბუტიას აქვს გარკვეული ინტერესი ქართულ მედიაში, მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ ის აფინანსებს გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას...
- ფული ვისია ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ვინ წარმართავს მათ სტრატეგიას.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მკაფიო ამოცანაა საქართველოს დამკვიდრება ევრაზიულ კავშირში, არალეგალურად უკვე მოქმედებენ ქვეყანაში? რამდენად აქვთ მათ ლეგიტიმაცია?
- ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ ფურცელზე დაწერილი მიზნები ისე კეთილშობილად ჟღერს, რომ არც იქნება სწორი, რაიმე მიზნით ისინი არ დარეგისტრირდნენ. თუმცა, დარეგისტრირება ნიშნავს იმას, რომ გარდა ენთუზიაზმისა ამ სტრუქტურას უნდა გააჩნდეს საბანკო ანგარიში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტები ასეთი კონტროლისა, რამდენად არადემოკრატიული არ უნდა იყოს ასეთი ინტერესი.
დღევანდელი გადასახედიდან, ასეთი ორგანიზაციების მხარდამჭერი შეიძლება იყოს ამ ქვეყნის ღატაკი და ულუკმაპურო მოქალაქე. სამწუხაროდ, ვერც გავკიცხავთ და ვერც დავაჯერებთ იმაში, რომ ის თუ ახლა შიმშილობს, ოცი წლის მერე თუ შთამომავალი შემორჩა, ის აღარ იშიმშილებს. ამაზე ცოტა ადრე უნდა გვეფიქრა ყველას ერთად.
13 აპრილს კოალიცია „საქართველოს ეროვნული პლატფორის“ მიერ ევროპის მოედანზე დაგეგმილია აქცია-კონცერტი - „მე ვირჩევ ევროპას“. ხელისუფლების მიერ ღიად არის გაცხადებული, რომ ქვეყანა მიდის ევროპისკენ. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა აუცილებელი ამ სახელწოდების აქციის გამართვა? აქციის ორგანიზატორები არიან საზოგადოების წარმომადგნელები, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები.
- რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არ დაესწრო, ასეთი აქციები ჩატარებული იქნებოდა კრემლის დაფინანსებით. თუ ამ ორი სუბიექტის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ, უფრო თავმოყვარე ნაწილმა, უნდა გამიჯნოს თავი ასეთი დუეტიდან.