რუსეთში მიხეილ გორბაჩოვის გასამართლებას აპირებენ

რუსეთში მიხეილ გორბაჩოვის გასამართლებას აპირებენ

„თავის ქვიშაში ჩარგვისა და უკანალის გაბზეკის გარეშე საჭირო იყო თანმიმდევრული, დაჟინებითი და უშიშარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - ასე უპასუხა გასული წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა მისი მისამართით დასმულ შეკითხვას, რას გააკეთებდა, მიხეილ გორბაჩოვის ადგილზე რომ ყოფილიყო?!

დღეს პუტინის ხაზი რუსეთში ძლიერია. ახლანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმას ამუშავებს და მიხეილ გორბაჩოვის გასამართლებას აპირებს.

კერძოდ, რუსეთის დუმის თითქმის ყველა ფრაქციის, მათ შორის, პუტინის „ედინაია რასიას“ დეპუტატებმა რუსეთის მთავარ პროკურორს წერილით მიმართეს, რათა საბჭოთა კავშირის დაშლა უკანონოდ, ხოლო ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი დამნაშავედ გამოცხადდეს. მათი აზრით, გორბაჩოვი კრიმინალია, რომელიც უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედებდა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლაც არალეგიტიმური გამოდის და საქართველოს, უკრაინის და სხვა ყოფილი რესპუბლიკების სუვერენიტეტი უნდა გადაიხედოს. ასევე, უნდა მოხდეს ბელოვეჟის ხელშეკრულების დენონსაცია, რომლის საფუძველზეც საბჭოთა კავშირის დაშლა მოხდა.

საუბარია იმაზე, რომ 1991 წლის 8 დეკემბერს ბელორუსიაში, ბელოვეჟის ტევრში („პუშჩა“) საბჭოთა კავშირის დამაარსებელი სამი ქვეყნის-რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის ლიდერები სამთავრობო რეზიდენციაში საიდუმლოდ შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელსაც მსოფლიო ბელოვეჟის შეთანხმების სახელით იცნობს. ამ დოკუმენტით გაუქმდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი და შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. რამდენიმე დღეში კი მიხეილ გორბაჩოვმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ეს იყო წარსულში, დღესდღეობით კი მიხეილ გორბაჩოვი მის წინააღმდეგ სარჩელის აღმძვრელ რუსეთის დუმის ცალკეულ დეპუტატებს ავანტიურისტებს უწოდებს. იგი იხსენებს, რომ მაშინდელმა საკანონმდებლო ორგანომ თითქმის ერთხმად, სიხარულის ცრემლებით დაუჭირა მხარი ბელოვეჟის შეთანხმებას, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას გულისხმობდა, მხოლოდ სამი იყო წინააღმდეგი.

ამასთან, გორბაჩოვი ამტკიცებს, რომ მხოლოდ იგი იყო ერთადერთი, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას ეწინააღმდეგებოდა. „თითქოს ქვეყანაში მეტი პრობლემა არ იყოს, ვიდრე გორბაჩოვის ციხეში ჩასმაა“, - აცხადებს თანამემამულეების საქციელით განაწყენებული გორბაჩოვი.

თუმცა საინტერესოა, რუსი დეპუტატები, გორბაჩოვის პარალელურად, მოინდომებენ თუ არა შევარდნაძის სისხლის სამართლებრივ დევნასაც, რომლის სახელსაც საბჭოთა კავშირის დაშლა და გერმანიის გაერთიანება უკავშირდება?! ჩვენთან საუბრისას ექსპერტები აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა იურიდიულად შეუძლებელია და ეს უფრო კრემლის კუნთების თამაშს და საბჭოთა ნოსტალგიური ისტერიის დომინირებას წააგავს. მათი თქმით, საბჭოთა კავშირი თავად მისმა დამფუძნებელებმა დაშალეს, თანაც, სრულიად კანონიერად.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მშვიდობისთვის ნობელის პრემიის ლაურაეტის, მიხეილ გორბაჩოვის გასამართლება, პრინციპში, გამორიცხულია. მისი თქმით, გორბაჩოვ-შევარდნაძე-კრავჩუკისადმი აგრესია ახალი არ არის და პერიოდულად აქტიურდება ხოლმე. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იმ ფორმატით, რომელიც არსებობდა, დღეს რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს. მით უფრო, რომ მაშინ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ანატომია სხვაგვარი იყო, რუსეთი მატერიალურად ინახავდა მოძმე რესპუბლიკებს, გაზი 2 კაპიკი ღირდა, ელექტროენერგია-1 კაპიკი, ხე-ტყე მუქთად მოდიოდა პოლიტიკური ლოიალობის სანაცვლოდ. დღეს კი იაფ გაზს პუტინი არ მოგვემს. დღეს სულ სხვა ფორმატია. ახლა რუსეთისთვის მთავარია პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება, ოღონდ არანაირი ეკონომიკური ვალდებულებები და შეღავათები. ის, რაც იყო საბჭოთა კავშირში, მორჩა და ისტორიას ჩაბარდა, ეს რუსეთშიც კარგად ესმით.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შევარდნაძის პრეროგატივა არ ყოფილა. შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელსაც იმ გუნდში ერთ-ერთი საკვანძო პოზიცია ეკავა, თუმცა იდეოლოგიის თვალსაზრისით, გაცილებით წამყვან ფიგურას წარმოადგენდა იაკოვლევი, გორბაჩოვის მარჯვენა ხელი. საბჭოთა კავშირის დაშლა გორბაჩოვს არც უნდოდა, ეს გეგმად არ ჰქონია. საბჭოთა კავშირის დაშლისთვის თუ ვინმე უნდა გაასამართლონ, ეს აწ გარდაცვლილი ელცინია. გორბაჩოვს უნდოდა საბჭოთა კავშირის მოდერნიზირება. ის და მისი მრჩევლები მუშაობდნენ კონფედერაციის მსგავს პროექტზე, ერთიანი ეკონომიკური ცენტრით, სადაც პრეზიდენტი საყოველთაო ხმებით უნდა არჩეულიყო. მაშინ პრეზიდენტად გორბაჩოვი მოიაზრებოდა, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ელცინი, რომელსაც უნდოდა, რუსეთის დამოუკიდებლობა თავისი პრეზიდენტობის ქვეშ. ამიტომ, თუ ასე მიდგა საქმე, გორბაჩოვის დასჯის რიგი როდის მოვა, არავინ იცის. გორბაჩოვამდე არიან შახრაი, ბურბულისი, ელცინის დროინდელი სახელმწიფო მდივანი, კოზირევი, გარდაცვლილი გაიდარი, ანუ რეფორმატორთა გუნდი“, - განმარტავს სოსო ცინცაძე.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გამოჩენილმა პოლიტოლოგებმა, მათ შორის, რუსმა პოლიტოლოგებმა და სახელმწიფო მოღვაწეებმა თავის დროზე აღნიშნეს, რომ არც გორბაჩოვს და არც შევარდნაძეს საბჭოთა კავშირი არ დაუშლიათ. საბჭოთა იმპერია კატასროფულად იშლებოდა მასში არსებული ეკონომიკური და სხვა ვითარების გამო, ხოლო გორბაჩოვმა და შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთეს, რომ პროცესი ნაკლები ზარალითა და მსხვერპლით დასრულებულიყო.

„მოწმე ვარ იმის, რომ გამოჩენილი რუსი მოღვაწეები ამბობდნენ, რომ არა შევარდნაძე, ჩვენს ინტერესებს ასე ვერავინ დაიცავდა, ამდენ დაფინანსებას, რაც იმავე გერმანიის გაერთიანების დროს მიიღო კომპენსაციის სახით მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა, ქვეყანა ვერ მიიღებდა. სულ სხვა არის რევანშისტულად განწყობილ დეპუტატთა პოზიცია, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი პიარია და პრაქტიკულად, შეუძლებელია, რომ მოხდეს გორბაჩოვის გასამართლება. სხვათა შორის, ბელოვეჟის ტევრში გორბაჩოვი არც ყოფილა, იგი წასული იყო პოლიტიკური არენიდან. იქ იყო ელცინი და ბელორუსიის, უკრაინის მაშინდელი ხელმძღვანელები, ოთხი ადამიანი, ვინც ამ საკითხს წყვეტდა. პოლიტიკური შეფასების უფლება ყველას აქვს. არა მარტო რუსი დეპუტატები ფიქრობენ პუტინის მსგავსად, არამედ რუსი საზოგადოების ყველა ფენაში ასეთი განწყობაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. თავის ფანტაზიებში იქამდე მიდიან, რომ ამბობენ, გორბაჩოვი ცერეუ-მ მოისყიდაო, შეთქმულების თეორიებს ავითარებენ. თურმე, იმის გამო დაიშალა ეს ვეებერთელა ქვეყანა, რომ გორბაჩოვმა ქრთამი აიღო ამერიკელებისგან - ეს აბსურდია.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში რამდენჯერ მოგვისმენია რუსეთის დუმის მხრიდან, რომ რუსეთი უნდა აღდგეს ახალ ფედერალურ საწყისებზე და საქართველო უნდა შევიდეს ამ ახალ გაერთიანებაში არა როგორც ერთიანი, არამედ, სულ ცოტა, 6-7 დამოუკიდებელი სუბიექტის მქონე ქვეყანა. საუბარია ცხინვალის რეგიონზე, აფხაზეთზე, აჭარაზე, სამცხე-ჯავახეთზე, ქვემო ქართლსა და დანარჩენ საქართველოზე“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ამასთან, იხსენებს, რომ, როცა მამა ბუში ჩავიდა კიევში, გავიდა დიდ მიტინგზე და საოცრება თქვა, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დაიშალოს საბჭოთა კავშირი, რაც მთელი მსოფლიოსა და საბჭოთა კავშირში შემავალი ხალხებისთვის ძალზე ცუდი იქნებაო. მან პირდაპირ თხოვნით მიმართა უკრაინელ ხალხს, ეს არ დაუშვათო. მეტიც, შეერთებულმა შტატებმა, როგორც მაშინ ყველაზე დიდმა ძალამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინას, ბელორუსიას გადაეტანათ და ჩაებარებინათ სსრკ-ის კუთვნილი ატომური იარაღი რუსეთის ფედერაციისთვის. ამაზე დიდძალი თანხები დახარჯა შეერთებულმა შტატებმა, რომ მთელი ატომური იარაღი და ატომური ნარჩენები გადაზიდულიყო რუსეთში, რადგან ენდობოდნენ რუსეთის ხელმძღვანელობას.

უფრო მეტიც, პეტრე მამრაძის თქმით, გერმანიის გაერთიანებაც კი არ უნდოდა დასავლეთს. ფეხს ითრევდა საფრანგეთი და ინგლისი მარტივი მიზეზის გამო, მათ არ უნდოდათ, გაერთიანებული გერმანია გამხადრიყო უძლიერესი სახელმწიფო ევროპაში. მართლაც, მათი შიში ახდა, გაერთიანების შემდეგ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი აღემატება ინგლისის და საფრანგეთის შიდა პროდუქტების ჯამს. არადა, დასავლეთის აზრით, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ზეძლიერი გერმანიის დასუსტების გარანტია სწორედ გერმანიის დანაწევრება იყო.