მერია ძველ რეჟიმში: დაპირება შეუსრულებულია, გზები - გაუვალი

მერია ძველ რეჟიმში: დაპირება შეუსრულებულია, გზები - გაუვალი

მერიის დაპირებიდან 1 თვე გავიდა, მაგრამ თბილისის ქუჩები კვლავ მოუწესრიგებელია. ორმოებისა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ქალაქში გახშირდა საცობები. მძღოლები აღშფოთებას ვერ მალავენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დედაქალაქის მერიას დაზიანებული გზების გამო აკრიტიკებს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მთავრობას შეეძლო ზამთრის შემდეგ დაზიანებული გზების რეაბილიტაციისთვის საჭირო შესაბამისი სამუშაოების უფრო ადრე დაწყება, თუმცა ეს არ გააკეთა.

„მოსახლეობის გულისწყრომა მისაღებია და მას მეც ვიზიარებ, როგორც დედაქალაქის ერთ-ერთი მოქალაქე. დაიგვიანა თბილისში ზამთრის შემდეგ დაზიანებული გზების აღდგენის პროცესმა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბიუჯეტი მარტის ბოლოს დამტკიცდა, მერიას შეეძლო ერთი მეთორმეტედის პრინციპით სამუშაოები გაცილებით უფრო ადრე დაეწყო. ამისგან განსხვავებით, ჩვენ რეგიონებში უფრო ადრე დავიწყეთ ზამთრის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციის პროცესი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ დედაქალაქის მერია დროულად დაასრულებს გზების შეკეთების პროცესს და ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტი მოეხსნება.

სხვათა შორის, გზები ნარმანიას აქილევსის ქუსლიცაა. თავისი მინისტრობის განმავლობაში მან თითქმის ვერ მოახერხა ვერც ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალის და ვერც თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა. შესაბამისად, მინისტრს ამის გამო საყვედურების მოსმენა ხშირად უწევდა.

რაც შეეხება თბილისს, მართლაც, მერიის დაპირების მიუხედავად, თბილისის გზები ისევ სავალალო მდგომარეობაშია. ქუჩებზე ასფალტის საფარის დაზიანების გამო, განსაკუთრებით ავტომფლობელები არიან აღშფოთებულნი. მერიის დაპირებული 3 კვირა უკვე მიიწურა, მაგრამ ქალაქის ნახევარზე მეტი კვლავ მოუწესრიგებელია. უმრავლეს ადგილებში კი ეს იწვევს საცობებს, რადგან მძღოლები ფრთხილად და დაკვირვებით გადაადგილდებიან.

კერძო და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ადასტურებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მხოლოდ ნაწილში მიმდინარეობს. მაგალითად, ასფალტის საფარი განახლდა დიდუბის ხიდზე, დიდ დიღომში ამოავსეს „ორმოულები“, თუმცა ნაწილობრივ. ასევე დაახლოებით ერთი თვის წინ დაიგო მარშალ გელოვანის გამზირიდან გაგარინის მოედანზე ასასვლელი გზა და ისიც ნაწილობრივ. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის ქუჩაზე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე და ა.შ.

მიუხედავად ამისა, ქალაქის მასშტაბით ქუჩების უმრავლესობა დაზიანებულია. ყველაზე ხშირად გავრცელებულ პრობლემად რჩება დიდი ქუჩების ერთმანეთთან დამაკავშირებელი, შედარებით პატარა ქუჩები. მაგალითად ქუთაისის ქუჩა, სადაც სამუშაოები ძალიან გაიწელა, რადგან ერთი კვირის წინ ასფალტის ჩასასხმელად გამზადებული ადგილები ისევ ქვიშითა და ქვითაა სავსე, მუშაობა კი არ მიმდინარეობს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

როგორ მძღოლებმა „კომერსანტს“ განუცხადეს, გაუსაძლისი მდგომარეობაა ნაძალადევში, სანზონაში, გლდანში, ავლაბარში, ორთაჭალაში, ასევე ბარნოვის, იოსებიძისა და საბურთალოს ქუჩებზე, მეტროსადგურების - „დიდუბე“, „სარაჯიშვილი“ და „გურამიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიებზე.

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გიორგი ყოჩიშვილი კი ამკიცებს, რომ თბილისის ქუჩების რეაბილიტაცია, 24-საათიან რეჟიმში, თბილისის ყველა რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს.