თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ, ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ მიმართულ ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდენენ.
სტუდენტების ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ასევე, ვაკის პარკთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების კედლების მოხატვის აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა ანტინარკოტიკულ თემაზე საკუთარ ესკიზები კედლებზე გადაიტანეს და თანატოლებს მოუწოდეს უარი თქვან ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარებაზე.
აღნიშნულ კამპანიას ახალგაზრდები რეგიონებშიც გამოეხმაურნენ. კედლების მოხატვის აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში: რუსთავში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა გაიმართა. აქციებში მონაწილეობა როგორც სამხატვრო სასწავლებლების სტუდენტებმა, ასევე, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.